Facebook Twitter

№ას-645-613-2013 6 სექტემბერი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარეები (აპელანტი) – მ. კ-ე, შპს „ლ. და კ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ა-ი“

მესამე პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ა-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ლ. და კ-სა“ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირები რუსთავის საგადასახადო ინსპექცია, სს „ა-ი“ გირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, სს ”ა-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ლ. და კ-ას“ დამფუძნებელ ე. კ-სა და მ. კ-ეს შორის 2005 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულება (რეესტრში რეგისტრაციის #1-3118) შემდეგი მოძრავი ნივთების დაგირავების ნაწილში: მეტალის კარადა (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 6); კონდიციონერი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 7); სავარძელი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 8); ჯოჯგინა ამწე (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 12); ბეტონის ამრევი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 14); მეტალის ფორმა რიგელის (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 16); მეტალის ფორმა რიგელის გვერდული ქვის - 3 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 21-22-23); მეტალის ფორმა რიგელის გვერდული ქვის ორმაგი -3 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 25-26-27); მეტალის ფორმა გადახურვის ფილის - 3 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 30-31-32); მეტალის ფორმა გვერდული ქვის ერთმაგი - 10 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 33-34-35-36-37-38-39-40-41-42); მეტალის ფორმა კოლონის 14 მმ - 2 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 43-44); მეტალის ფორმა საკედლე ბლოკის - 4 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 48-49-50-51); მეტალის ფორმა ფუნდამენტის ბლოკის - 6 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 52-53-54-55-56-57); ლითონის კარადა - 2 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 62-63); საბეჭდი მანქანა იანტარი - 2 ცალი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 64-65); მაგიდა მისადგმელით (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 68); კომპრესორი (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 80); ბეტონის ბაიოკი 7,5 ტ. (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 105); ცემენტის სილოსი 30 ტ. (ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 108); ჩარხი ელპ 25-1 – 2 ცალი ((ხელშეკრულებაში მითითებული ნომერი - 124-125). გადაწყვეტილების მეორე პუნქტის შესაბამისად ცვლილება იქნა შეტანილი საჯარო რეესტრში შპს „ლ. და კ-ის“ მოძრავ ნივთებზე 2005 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების რეგისტრაციაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ და შპს „ლ. და კ-ამ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. კ-სა და შპს „ლ. და კ-ის“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „ა-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სს „ა-ს“ მ. კ-სა და შპს „ლ. და კ-ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 306 ლარის ოდენობით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 მაისის განჩინებით წარდგენილი საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური წარმოადგენს მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს სსსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ, გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტს, რის გამოც, წარდგენილი საჩივარი დაუშვებელია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა შემდეგი დასაბუთებით: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის, 5 ივნისისა და 31 ივლისის სხდომის ოქმებით, ასევე 2012 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური წარმოადგენს მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. აქედან გამომდინარე, სსკ-ის 88-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფლება აქვს გაასაჩივროს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. კ-სა და შპს „ლ. და კ-ის“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა შემოსავლების სამსახურმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 მაისის განჩინებით წარდგენილი საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ ფაქტს, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის წარდგენის უფლება ჰქონდა, ვინაიდან იგი მესამე პირია დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად. მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სარგებლობენ მოსარჩელის ყველა უფლებით და მათ ეკისრებათ მისი ყველა მოვალეობა. ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მიხედვით კი, მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აგრეთვე მოპასუხეს ამ კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეუძლიათ ასეთი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანონ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ.

საქმის მასალებით, მათ შორის, კერძო საჩივარში მითითებული სასამართლო დადგენილებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური მესამე პირია დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს: მესამე პირები სარგებლობენ მოსარჩელის ყველა საპროცესო უფლებით. იმის გამო, რომ დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის შესვლა პროცესში თავისი სამართლებრივი ბუნებით ნიშნავს ამ პირის მიერ სარჩელის აღძვრას, პროცესში შესვლის შემთხვევაში მესამე პირმა სარჩელი უნდა შეიტანოს საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის დაცვით. მესამე პირს აწევს სასამართლო ხარჯი, მასზე ვრცელდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ყველა მატერიალური და საპროცესო შედეგი. პროცესში მესამე პირის შესვლის შემთხვევაში სასამართლომ უნდა განიხილოს ორი სარჩელი: თავდაპირველი მოსარჩელისა და მესამე პირის სარჩელი და ამის შესაბამისად უნდა ჩამოყალიბდეს სასამართლოს გადაწყვეტილებაც. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში შემოსავლების სამასახური მითითებულია მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ამავე გადაწყვეტილებით არ დგინდება, რომ სასამართლომ განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტი არ არის, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ.თოდრია

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

ბ.ალავიძე