Facebook Twitter

№ას-674-640-2013 20 სექტემბერი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ თ. ნ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ნ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ნ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ნ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

თ.ნ-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ს. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე თ. ნ-ს მოსარჩელე ს. ნ-ის სასარგებლოდ ზიანის ასანაზღაურებლად 306 ლარის გადახდა დაეკისრა; მოპასუხე თ. ნ-ს მოსარჩელე ს. ნ-ის სასარგებლოდ ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადახდილი 450 ლარის გადახდა დაეკისრა; მოპასუხე თ. ნ-ს მოსარჩელე ს. ნ-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 მაისის განჩინებით თ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: აპელანტი ასაჩივრებდა გადაწყვეტილებას მისთვის 306 ლარის დაკისრების ნაწილში. ამდენად, დავის საგნის ფასი უნდა განისაზღვროს 306 ლარით. სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების (დასაშვებად ცნობის) ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს დავის საგნის ღირებულების (სააპელაციო საჩივრის მიხედვით) განსაზღვრა, რაც უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, პალატამ სსსკ 365-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ თ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ.ნ-მა შემდეგი დასაბუთებით: პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა ექსპერტიზის დასკვნა და არასწორად დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოება იმის შესახებ, რომ ტექნიკური ნორმების დარღვევით გაკეთებულმა წყალგაყვანილობის მილებმა მოსარჩელის ბინის დასველება გამოიწვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ნ-მა ვერ წარადგინა დასაბუთებული პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა გახდებოდა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას შემდეგი სამართლებრივი დასაბუთებით:

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების მიზნით 306 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივსამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი ადგენს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას - სააპელაციო საჩივრის ღირებულებას, რომელიც განისაზღვრება სარჩელის (დავის) საგნის ღირებულებითა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ფარგლებით. ამდენად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება უნდა განისაზღვროს იმით, თუ აპელანტი რა ნაწილში არ ეთანხმება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და რა ზომით ითხოვს მის შეცვლას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 40-42-ე და 365-ე მუხლების ერთობლივი ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ დავის საგანში იგულისხმება სასამართლო წესით სადავოდ გამხდარი მხარის უფლების ფულადი შეფასება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, რაც გამორიცხავს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ.თოდრია

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

ბ.ალავიძე