საქმე №ას-737-699-2013 30 სექტემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. კ-ე, ზ. ს-ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ. ო. ჯ. კ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხის დაბრუნება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „მ. ო. ჯ. კ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. კ-სა და ზ. ს-ის მიმართ და მოითხოვა 2011 წლის 16 აგვისტოს №0279 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან, №0279-1 და №0279-2 დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 24 956.14 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 21 787.99 აშშ დოლარი, პროცენტი – 2 462.12 აშშ დოლარი, 2012 წლის 25 ივლისამდე პირგასამტეხლო – 706.03 აშშ დოლარი, მათვე დაეკისროთ 2012 წლის 25 ივლისიდან ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.1% – დღეში 21.78 აშშ დოლარის ოდენობით, თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვროს 31 250 აშშ დოლარით, 2011 წლის 26 დეკემბრის №0364 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 10 197.19 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 8 812.16 აშშ დოლარი, პროცენტი – 906.53 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2012 წლის 25 ივლისამდე – 478.48 აშშ დოლარი, მათვე დაეკისროთ პირგასამტეხლო 2012 წლის 25 ივლისიდან ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.1% – დღეში 8.81 აშშ დოლარის ოდენობით, თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვროს 1 000 აშშ დოლარით, მოპასუხე ა. კ-ეს 2011 წლის 26 დეკემბრის №0364 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 5 000 ლარის ოდენობით, დავალიანების დაფარვის მიზნით, მოხდეს მოპასუხე ა. კ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.
მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელის მიერ ნაწარმოები გამოანგარიშებები არასწორია, ასევე უკანონოდაა დაანგარიშებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ დიდი ოდენობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 მაისის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აპელანტებს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ 10 დღის ვადა და დაევალათ, მიეთითებინათ გადაწყვეტილების რა ნაწილია მათ მიერ გასაჩივრებული, რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა, გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, ზუსტად განესაზღვრათ სააპელაციო საჩივრის ღირებულება, გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი მათ მიერ განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის ოდენობით და ამ განჩინებით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოედგინათ შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 მაისის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელ გ. ჯ-ეს. საფოსტო გზავნილებისა და კორესპონდენციების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ გზავნილი 2013 წლის 5 ივნისს ჩაბარდა გ. ჯ-ის ოჯახის წევრს, მეუღლე ნ. მ-ეს (ტ.2, ს.ფ. 7).
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 74-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აპელანტებისათვის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 6 ივნისს და, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ამოიწურა ვადის უკანასკნელი დღის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს – 2013 წლის 17 ივნისს.
განსაზღვრულ ვადაში აპელანტებმა არ შეავსეს დადგენილი ხარვეზი და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში დადგენილი ხარვეზი არ შეავსეს, მათ მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. კ-ემ და ზ. ს-მა შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ მხარეს სათანადოდ არ ჩაბარებია. საქმის მასალების მიხედვით, იგი გაეგზავნა და ჩაბარდა აპელანტთა წარმომადგენელ გ. ჯ-ეს, რომელსაც სააპელაციო ინსტანციაში მარწმუნებელთა ინტერესების დაცვის უფლება არ გააჩნდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-სა და ზ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ ა. კ-სა და ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის – სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობისა და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობის გამო.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და 2013 წლის 30 მაისის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ამავდროულად, აპელანტებს დაუდგინათ ხარვეზი, რომლითაც დაევალათ 10 დღის ვადაში მიეთითებინათ, გადაწყვეტილების რა ნაწილია მათ მიერ გასაჩივრებული, რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა, გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, ზუსტად განესაზღვრათ სააპელაციო საჩივრის ღირებულება, გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი მათ მიერ განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის ოდენობით და ამ განჩინებით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოედგინათ შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ამავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად, თუმცა აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.
საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას ა. კ-სა და ზ. ს-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 30 მაისის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელ გ. ჯ-ეს. განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად მხარეს დაუდგინდა 10-დღიანი ვადა.
საფოსტო გზავნილებისა და კორესპონდენციების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ გზავნილი 2013 წლის 5 ივნისს ჩაბარდა გ. ჯ-ის ოჯახის წევრს, მეუღლე ნ. მ-ეს (ტომი 2, ს.ფ. 7).
წარმოდგენილი კერძო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ არც ერთ აპელანტს სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე არ ჩაბარებია, ვინაიდან გ. ჯ-ეს სააპელაციო ინსტანციაში მათი სახელით მოქმედების უფლებამოსილება არ გააჩნდა.
საკასაციო სასამართლო ზემოხსენებულ არგუმენტს ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილი რწმუნებულებების მიხედვით (ტომი 1, ს.ფ. 193), ა. კ-ემ და ზ. ს-მა გ. ჯ-ეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად განუსაზღვრელი ვადით მიანიჭეს უფლება, მათი სახელით წარედგინა სააპელაციო საჩივარი და ეწარმოებინა საქმე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში. აღნიშნული რწმუნებულების გაუქმების ფაქტზე აპელანტებს არ მიუთითებიათ, მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში გ. ჯ. კვლავინდებურად დაფიქსირებულია, როგორც აპელანტთა წარმომადგენელი (ტომი 1, ს.ფ. 222).
ამდენად, ზემოხსენებული სასამართლო განჩინების მიღებისას გ. ჯ. უდავოდ სარგებლობდა ა. კ-სა და ზ. ს-ის წარმომადგენლის სტატუსით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
მითითებული ნორმა ადგენს, რომ სასამართლო გზავნილის წარმომადგენლისათვის ჩაბარება მისი თავად მხარისათვის ჩაბარების ტოლფასია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამდენად, ა. კ-სა და ზ. ს-ის მიცემული 10-დღიანი ვადის დენა დაიყო 2013 წლის 5 ივნისის შემდგომ დღეს – 2013 წლის 6 ივნისს.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
კანონის ხსენებული დანაწესიდან გამომდინარე, აპელანტს ხარვეზის შევსება შეეძლო 2013 წლის 17 ივნისის ჩათვლით (2013 წლის 15-16 ივნისი იყო არასამუშაო დღეები, შესაბამისად, ხარვეზის შევსების დრო ამოიწურა მათ შემდგომ პირველ სამუშაო დღეს), რაც მას არც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და არც შემდეგ არ განუხორციელებია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება ცალსახად წარმოადგენდა ა. კ-სა და ზ. ს-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო ა. კ-სა და ზ. ს-ის კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. კ-სა და ზ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე