Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-738-700-2013 6 სექტემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ი. ი-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ფ. ბ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ფ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპსუხე ი. ი-ს აეკრძალა მოსარჩელის ოჯახისათვის თანასაკუთრებაში არსებული ნაკვეთით, საკადასტრო კოდი .... სარგებლობის ხელშეშლა – მოპსუხის ნაჯვეთის მხრიდან ანუ მოპასუხის ნაკვეთის მომიჯნავედ სიგრძით 20 და სიგანით 60 მეტრის მანძილზე არსებული ფართობის ფლობა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ი-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინებით ი. ი-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით ი. ი-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება გაეგზავნა ი. ი-ს მის მიერ მითითებულ მისამართზე. ფოსტიდან დაბრუნებული შეტყობინებიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. უ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა ი. ი-ს მის მიერ მითითებულ მისამართზე. ფოსტიდან დაბრუნებული შეტყობინებიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე (ს.ფ.101-103). ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღნიშნული განჩინება ჩაბარებულად ითვლება 2013 წლის 1 აგვისტოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 2 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 6 აგვისტოს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 420-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ი-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეიმურაზ თოდრია