Facebook Twitter

№ას-747-709-2013 16 სექტემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ქ-ე

წარმომადგენელი – გ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ფ-ე, ჯ. ფ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილის განჩინება

დავის საგანი – სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმის ბათილად ცნობა და რეალური წილის გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ჯ.და შ. ფ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სს “პ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს 2009 წლის 13 დეკემბრის №11 კრების ოქმი. მოსარჩელეებს მოპასუხე სს’’ პ-ის’’ დავალდებულებაზე შეესრულებია 2009 წლის 10 ოქტომბრის აქციონერთა საერთო კრების საოქმო გადაწყვეტილება საწარმოთა ნატურით გაყოფის თაობაზე უარი ეთქვათ დაუსაბუთებლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრეს შ. ფ-ემ, ჯ. ფ-ემ, სს ,,პ-მა.”

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შ. ფ-ის, ჯ. ფ-ის და შპს ,,მ-ის" სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; სს ,,პ-ის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მოპასუხე სს ,,პ-ს" დავალდებულებაზე შეასრულოს 2009 წლის 10 ოქტომბრის აქციონერთა საერთო კრების საოქმო გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა შ. ფ-ის, და ჯ. ფ-ის სარჩელი და დავალდებულიდა სს ,,პ-ი" შეასრულოს აქციონერთა საერთო კრების 2009 წლის 10 ოქტომბრის საოქმო გადაწყვეტილება - გაიყოს საწარმო ნატურით აქციათა პროპორციულად 64, 999494% და 35, 000506% რეალური წილის მიხედვით; დაეკისრა მოწინააღმდეგე მხარეს სს ,,პ-ს" აპელანტების მიერ გაწეული საპროცესო ხარჯები 6000 ლარის (აუდიტის ხარჯი), 150 ლარის (სააპელაციო სასამართლოს სახ. ბაჟი) და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სახით 800 ლარის ოდენობით თანხა, სულ 6 950 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.

2013 წლის 12 და 22 მარტს სს „პ-ის“ აქციონერებმა – ლ. ქ-ემ, ე. ზ-ემ და ა. ა-მა განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილის განჩინებით ლ. ქ-ის, ე. ზ-სა და ა. ა-ის განცხადებები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ქ-ემ, მისმა წარმომადგენელმა გ. ს-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ქ-სა და მისი წარმომადგენელ გ. ს-ის კერძო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილის განჩინება კერძო საჩივრის ავტორ ლ. ქ-ის წარმომადგენელმა გ. ს-ემ პირადად ჩაიბარა 2013 წლის 10 მაისს (ს.ფ.280). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 11 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 22 მაისს, ხოლო კერძო საჩივრები ლ. ქ-ემ ფოსტას ჩააბარა 2013 წლის 28 მაისს (ტ.7, ს.ფ.280), ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. ქ-სა და მისი წარმომადგენელ გ. ს-ის კერძო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს საპროცესო ვადის გაშვების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ქ-სა და მისი წარმომადგენელ გ. ს-ის კერძო საჩივრები დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეიმურაზ თოდრია