საქმე №ას-775-736-2013 30 სექტემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. კ-ა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ლ-ა (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელზე – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხის დაბრუნება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია (სარჩელში), გარიგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ლ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. კ-ას მიმართ, 2009 წლის 25 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სასესხო დავალიანების – 31500 აშშ დოლარის, პროცენტის – 1 575 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 15 985 აშშ დოლარის დაკისრების, ასევე თანხის გადახდევინების მიზნით იპოთეკით დატვირთული, ქ.თბილისში, თ-ის ქ. №17ა-ში მდებარე თ. კ-ას საკუთრებაში არსებული №39 ბინის (საკადასტრო კოდი №....) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
2009 წლის 25 სექტემბერს ლ. ლ-სა და თ. კ-ას შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ. ლ-ამ თ. კ-ას ასესხა 31 500 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით, ყოველთვიური 5%-ის დარიცხვით. მხარეთა მიერ ასევე შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3%-ს ოდენობით. კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა თ. კ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ დააბრუნა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. კ-ას ლ. ლ-ას სასარგებლოდ დაეკისრა, 2009 წლის 25 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის დავალიანების – 31 500 აშშ დოლარის, პროცენტის – 1 575 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს სახით 3 000 აშშ დოლარის გადახდა, გადაწყვეტილებით მოპასუხე თ. კ-ის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, დადგინდა თ. კ-ას საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 12 985 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებაზე, თ. კ-ას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. კ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის განჩინებით თ. კ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, თ. კ-ას სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა, სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 1443 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენა. მასვე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
2013 წლის 24 ივნისს პალატას განცხადებით მიმართა თ. კ-ამ, რომელმაც ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის 1000 ლარამდე შემცირების შესახებ. შუამდგომლობა აპელანტმა დააფუძნა იმ გარემოებას, რომ ოჯახში მუშაობს მხოლოდ მისი მეუღლე, რომლის კმაყოფაზეც არიან თავად, მისი მცირეწლოვანი ბავშვები და მეუღლის მამა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან მათი ოდენობის შემცირების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. ამდენად, აღნიშნული გარემოების უტყუარად დადასტურების ტვირთი ეკისრება მხარეს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებას ან მათი ოდენობის შემცირებას.
პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, აპელანტს სასამართლოსათვის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შეეფასებინა მტკიცებულებები და ემსჯელა მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და მის თანმდევ შედეგებზე სასამართლო ხარჯების ოდენობის შემცირებასთან მიმართებით. პალატამ განმარტა, რომ უტყუარი მტკიცებულებებით ქონებრივი მდგომარეობის დადასტურება კანონისმიერი პირობაა და სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, დააკმაყოფილოს ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე წარმოდგენილი შუამდგომლობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. კ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ მოცემული დავა ეხება თ.კ-ას ერთადერთ საცხოვრებელ ფართს, სადაც მასთან ერთად ცხოვრებენ მისი მეუღლე, მეუღლის ავადმყოფი მამა და ორი არასრულწლოვანი შვილი. შეგებებული სარჩელის მიმართ მხარის ინტერესი ძალიან დიდია. ამგვარად, აპელანტს შესაძლებლობა უნდა მისცემოდა, არსებული საპროცესო საშუალებებით დაეცვა საკუთარი ინტერესები და სახელმწიფო ბაჟის გადახდა მთლიანად ან ნაწილობრივ უნდა გადავადებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, მხარემ წარადგინა საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, ცნობა, რომ აპელანტი უმუშევარია, მეუღლის მამა შრომისუუნაროა, შვილები სწავლობენ სკოლაში და ოჯახის შემოსავალს შეადგენს მხოლოდ თ.კ-ას მეუღლის შემოსავალი – 1000 ლარი თვეში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. კ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ თ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სახელმწიფო ბაჟის – 1443 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადაუხდელობის გამო.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თ. კ-ამ როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისა და მისი გადახდის გადავადების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ გაიზიარა მხარის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ. სააპელაციო პალატამ კი იხელმძღვანელა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით, შემოიფარგლა მხოლოდ მითითებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, აპელანტს სასამართლოსათვის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შეაფასოს მტკიცებულებები და იმსჯელოს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და მის თანმდევ შედეგებზე სასამართლო ხარჯების ოდენობის შემცირებასთან მიმართებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას არ გამოუკვლევია აპელანტ თ.კ-ას მიერ ზემოხსენებული შუამდგომლობის დასასაბუთებლად წარდგენილი მტკიცებულებები და გასაჩივრებული განჩინებით სათანადოდ არ დაუსაბუთებია, მხარის მიერ მითითებული გარემოებანი ქმნიდა თუ არა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების სამართლებრივ წინაპირობებს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, აპელანტმა თ.კ-ამ იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს წინაშე სახელმწიფოს ბაჟის ოდენობის 1000 ლარამდე შემცირებასა და მისი გადახდის გადავადების შესახებ, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის დანაწესი.
ხსენებული ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
ამდენად, სასამართლო ხარჯების ოდენობის შემცირებისა და გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია კონკრეტული დროისათვის ან გარკვეული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საკუთარი მოთხოვნის დასასაბუთებლად აპელანტმა მიუთითა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც დასტურდება, რომ აპელანტის ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყაროა მისი მეუღლის ხელფასი, თავად თ.კ-ა უმუშევარია, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და ცხოვრობს მეუღლის მამასთან ერთად, რომელსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს.
საქმის მასალებში, კერძოდ, თ. კ-ას შეგებებულ სარჩელთან ერთად მხარის მიერ წარმოდგენილია ცნობა, რომ თ. კ-ას მეუღლის – ლ. ჯ-ას ყოველთვიური ხელფასია 1100 ლარი, სამედიცინო დოკუმენტაცია მამამის ჯ. ჯ-ას ავადმყოფობის შესახებ, მხარის არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები, ასევე ცნობა სს „თ. ბ-ან“, რომ ლ. ჯ-ას 2012 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა სასესხო დავალიანებები საკრედიტო ბარათსა და სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებით (ტომი 1, ს.ფ. 200-210).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულებები საერთოდ არ შეუფასებია იმის მიუხედავად, რომ აპელანტი თავის შუამდგომლობაში მათზე უთითებდა და აპელირებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. კ-ას კერძო საჩივარი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესახებ საფუძვლიანია და საქმე უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას, რომელმაც საქმის მასალების სრულყოფილად შესწავლის შედეგად უნდა გამოარკვიოს, არსებობს თუ არა თ. კ-ას მიმართ სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით არსებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების წინაპირობები და ხელახლა იმსჯელოს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. კ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე