Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-783-743-2013 30 სექტემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. მ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. მ-ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:

2011 წლის 28 მარტს მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 20 წლის ვადით, რა დროსაც მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 1500000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სარგებელი ყოველთვიურად 4.5%-ის ოდენობით.

ამასთან, პირველი გადახდა 67500 აშშ დოლარის ოდენობით უნდა განხორციელებულიყო 2012 წლის 28 მარტს. მოპასუხემ, არაერთგზის წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, ე.ი. 2012 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით, მოპასუხეს გადასახდელი აქვს 1 606 875 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის სახით მიღებული თანხის ოდენობა შეადგენს 1500000 აშშ დოლარს, ხოლო 19 თვის მიუღებელი პროცენტი – 106 875 დოლარს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი ჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, კერძოდ, პროცენტის სახით 100000 აშშ დოლარი გადასცა მოსარჩელის ნდობით აღჭურვილ პირს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. მ-ეს მ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 606 875 აშშ დოლარის ანაზღაურება, გადაწყვეტილების გამოტანიდან მის აღსრულებამდე კი, ყოველთვიურად 5625 აშშ დოლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განჩინებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს დაევალა 10 დღის ვადაში 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია თავისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შეეფასებინა მტკიცებულებები და ემსჯელა მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებაზე. სასამართლომ განმარტა, რომ უტყუარი მტკიცებულებებით ქონებრივი მდგომარეობის დადასტურება კანონისმიერი პირობაა და სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, დააკმაყოფილოს ბაჟის გადახდის გადავადების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე სააპელაციო საჩივარში წარდგენილი შუამდგომლობა.

აპელანტმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელება, რაც სააპელაციო პალატის 2013 წლის 17 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა. მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

სასამართლომ დაადგინა, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლო განჩინება ა. მ-ეს ჩაბარდა 2013 წლის 18 ივნისს. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 19 ივნისიდან და ამოიწურა 2013 წლის 28 ივნისს, პარასკევს, სამუშაო დღეს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე, 65-ე, 59-ე, 63-ე მუხლებით, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი დათქმულ დროს არ გამოასწორა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. მ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აპელანტი არის დევნილი, არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. რაც შეეხება სადავო თანხას, მან იგი მოსარჩელეს უკვე დაუბრუნა. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შედეგად მხარეს ესპობა შესაძლებლობა, დაამტკიცოს თავისი პოზიცია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის – სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

სააპელაციო პალატამ იმსჯელა ა. მ-ის სააპელაციო საჩივარში წარდგენილ შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ და მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია თავისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, უტყუარი მტკიცებულებებით ქონებრივი მდგომარეობის დადასტურება კი კანონისმიერი პირობაა და სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, დააკმაყოფილოს ბაჟის გადახდის გადავადების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე სააპელაციო საჩივარში წარდგენილი შუამდგომლობა.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და 2013 წლის 15 აპრილის განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად განუსაზღვრა 10-დღიანი ვადა. აპელანტის მოთხოვნის საფუძველზე აღნიშნული ვადა კიდევ 10 დღით გაგრძელდა. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ სასამართლოს განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე ჩაბარდა თავად აპელანტ ა. მ-ეს (ტომი 2, ს.ფ. 16).

აღნიშნულის მიუხედავად, მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებას ა. მ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ა. მ-ის ხარვეზის დადგენისას და მისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდის დაკისრებისას გაიზიარა მხარის მოთხოვნა და ხარვეზის გამოსასწორებლად დანიშნული 10-დღიანი ვადა დამატებით 10 დღით გაუგრძელა, თუმცა აპელანტს ხარვეზი მაინც არ გამოუსწორებია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ა. მ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისა და მისი გადახდის გადავადების სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა, ვინაიდან აპელანტს თავისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე სარწმუნო მტკიცებულებით არ დაუსაბუთებია, არამედ შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ დავნილია და მძიმე ეკონომიკურ მდგომაროებაში იმყოფება. აღნიშნული გარემოება კი ზემოხსენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება.

სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო, მხარეს შეეზღუდა საკუთარი კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით დაცვის უფლება.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემული სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით. მხარის საპროცესო მოვალეობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობის თაობაზე კი, დადგენილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, რაც სასამართლოსათვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელ წესს წარმოადგენს. შესაბამისად, მხარის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მხარის კანონიერი უფლებების ხელყოფად ვერ შეფასდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც ა. მ-ეს უარი უნდა ეთქვას კერძო საჩივარს დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

თ. თოდრია