Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-796-755-2013 30 სექტემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. ო-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ო-ას მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილი თ. შ-ას მემკვიდრედ, ხოლო მისი დანაშთი სამკვიდროს მესაკუთრედ ცნობა. მოსარჩელის მითითებით, იგი მამკვიდრებლის მე-5 რიგის მემკვიდრეა, ხოლო მოპასუხემ თ.შ-ას სამკვიდრო მიიღო უკანონოდ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ქონებას მას ანდერძის საფუძველზე გადაეცა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით ე. ო-ას დაევალა, ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ უძრავი ქონების 48/355 ნაწილის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი.

ხსენებული განჩინება 2013 წლის 18 აპრილს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა აპელანტს.

2013 წლის 25 აპრილს აპელანტმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გადავადება 15 დღით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აპრილის განჩინებით აპელანტ ე. ო-ას შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მას დაევალა, ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში შეევსო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზი.

ხსენებული განჩინება 2013 წლის 10 მაისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა აპელანტს.

2013 წლის 20 მაისს აპელანტმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი, იმავდროულად, კვლავ მიმართა განცხადებით სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მტკიცების ტვირთი სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობის თაობაზე ეკისრება თავად აპელანტს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია ისეთი სახის მტკიცებულება, რაც საფუძვლად დაედებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართვამდე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა. ბუნებრივია, როდესაც არ კმაყოფილდება შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, მით უფრო წინასწარ სავარაუდოა, რომ არ დაკმაყოფილდება შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვინაიდან ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2013 წლის 10 მაისს, მისთვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 11 მაისს და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 2013 წლის 20 მაისს, ამდენად, აპელანტს ხარვეზი უნდა შეევსო 2013 წლის 20 მაისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი სრულად არ შეუვსია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლის საფუძველზე, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, აპელანტმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. ო-ამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტმა ვერ წარადგინა ისეთი მტკიცებულება, რის საფუძველზეც მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდებოდა. ფაქტობრივად, ე.ო-ამ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ თავად და მისი მეუღლე უმუშევრები არიან, არ გააჩნიათ არანაირი შემოსავალი და უძრავი ქონება. პალატას არ გაუბათილებია აღნიშნული მტკიცებულებები.

არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სავარაუდოა, რომ მით უფრო არ დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება და გათავისუფლება სხვადასხვა ცნებებია. ისინი ერთმანეთს არ გამორიცხავენ და არც ენაცვლებიან.

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით სასამართლომ აშკარად დაარღვია ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი და მე-13 მუხლი. უგულებელყო მხარის უფლება დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების მიღების, საქმის სამართლიანი, მიუკერძოებელი სასამართლოს განხილვის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ო-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ ე. ო-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის – სახელმწიფო ბაჟის სრულად გადაუხდელობის გამო.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და აპელანტს დაუდგინა ხარვეზი, რომლითაც დაავალა 7 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრა და შესაბამისი ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე კი, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

ე. ო-ამ მოითხოვა ხარვეზის გამოსასწორებელი ვადის 15 დღით გაგრძელება, რაც სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 აპრილის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შესავსები დრო 7 დღით განესაზღვრა. მასვე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

აპელანტმა წარადგინა მხოლოდ 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და იშუამდგომლა დარჩენილი თანხის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ.

საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას ე. ო-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტ ე. ო-ას დაუდგინდა ხარვეზი, მიეცა 7 დღე მის გამოსასწორებლად და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მხარის თხოვნით აღნიშნული ვადა კიდევ 7 დღით გაგრძელდა.

ასევე დადგენილია და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის გაგრძელების შესახებ ე. ო-ას 2013 წლის 10 მაისს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა. შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან – 2013 წლის 11 მაისიდან და ამოიწურა 2013 წლის 17 მაისს, თუმცა აპელანტს ხარვეზი სრული მოცულობით არ გამოუსწორებია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება ცალსახად წარმოადგენდა ე. ო-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ე.ო-ას მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ თავად აპელანტი და მისი მეუღლე უმუშევრები არიან, არ გააჩნიათ არანაირი შემოსავალი და უძრავი ქონება. პალატამ კი აღნიშნული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისა და მისი გადავადების საკმარის წინაპირობად არ ჩათვალა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

ხსენებული ნორმების ანალიზი მეტყველებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გაათავისუფლოს ან მისი გადახდა გადაუვადოს მხარეს, რომელიც დაარწმუნებს მას, საკუთარი მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთის გადახდის ობიექტურ შეუძლებლობაში, რაც დადასტურდება სათანადო მტკიცებულებების წარდგენით. ასეთი მტკიცებულებები აპელანტს სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად წარადგინა 2013 წლის 8 მაისის ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ თბილისის სარეგისტრაციო ზონაში მიმდინარე პერიოდზე ე. ო-სა და მის მეუღლე თ. წ-ის სახელზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება თ.წ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.

საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო პალატის პოზიციას, რომ მითითებული მტკიცებულებები მხარის გადახდისუუნარობას სარწმუნოდ ვერ ადასტურებს, შესაბამისად, აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გათავისუფლებაზე უარი მართებულად ეთქვა.

სავსებით დასაბუთებულია სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებითაც, რომ აპელანტს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე, რაც უფრო მეტად სავარაუდოს ხდის სასამართლოს უარს იმავე წინაპირობების წარდგენის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული იმითაა განპირობებული, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისას მხარეს შეღავათი ეძლევა მხოლოდ გარკვეული ვადით, შესაბამისად, მითითებული შეღავათის გამოსაყენებლად მხარეს უწევს მხოლოდ იმ გარემოების მტკიცება, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების მომენტისათვის არ შეუძლია თანხის გადახდა, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისას მხარეს თავისი გადახდისუუნარობის მტკიცების გაცილებით უფრო მეტი ტვირთი აკისრია.

ამდენად, როდესაც აპელანტმა ვერ დაარწმუნა სასამართლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების სამართლებრივი წინაპირობების არსებობაში, იგი, მით უმეტეს, ვერ დაარწმუნებს სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაში, თუ ამ უკანასკნელს არ წარუდგენს ისეთ მტკიცებულებებს, რომელთა შეფასების შედეგად დიდი ალბათობით შეექმნება სასამართლოს რწმენა მხარის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო, მხარეს ელახება ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველის პუნქტითა და მე-13 მუხლით გარანტირებული დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების მიღების, საქმის სამართლიანი, მიუკერძოებელი სასამართლოს განხილვის უფლება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ე. ო-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით. მხარის საპროცესო მოვალეობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობის თაობაზე კი დადგენილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, რაც სასამართლოსათვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელ წესს წარმოადგენს. შესაბამისად, მხარის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მხარის კანონიერი უფლებების ხელყოფად ვერ შეფასდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო ე. ო-ას კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ო-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე