Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-798-757-2013 10 სექტემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. რ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. შ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით ზ. რ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ნოემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განჩინებით ზ. რ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. რ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. რ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის განჩინებით ზ. რ-ს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ, მას დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში ვადაში საკასაციო სასამართლოში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2013 წლის 31 ივლისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორს ზ. რ-ს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 1 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 5 აგვისტოს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი უფლებამოსილი იყო ხარვეზი შეევსო 2013 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება სასამართლოში წარმოადგინა 2013 წლის 7 აგვისტოს, ანუ ხარვეზის შევსების გადის გასვლის შემდეგ,

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ზ. რ-მა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 374.3 მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. რ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. ზ. რ-ს დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (გადახდის თარიღი – 2013 წლის 5 აგვისტო, საგადახდო დავალება №...);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე