Facebook Twitter

№ას-813-771-2013 27 სექტემბერი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ე. დ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ. ო. ა. ჯ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. დ-მა, ვ. დ-მა და ი. ვ-მა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „მ. ო. ა. ჯ-ის“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ე. დ-ის, ვ. დ-ის და ი. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ე. დ-ის და ი. ვ-ის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო, რაზეც კერძო საჩივარი შეიტანა ე. დ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ვ. დ-ის განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, რაზეც კერძო საჩივარი შეიტანა ვ. დ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 მაისის განჩინებით ე. დ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 სექტემბრის განჩინება და საქმე ე. დ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 მაისის განჩინებით ვ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განჩინებით ე. დ-ს ხარვეზის შევსების მიზნით, 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 1049 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივლისის განჩინებით ე. დ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მხარეს ავალდებულებს იმ მისამართის მითითებას, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობს მხარე და სადაც შესაძლებელია მისთვის სასამართლოს კორესპონდენციების მიწოდება და ჩაბარება. განსახილველ შემთხვევაში ე. დ-ის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ძირითად მისამართად მითითებულია თბილისი, ი. ქ-ის ქ. N14. ხარვეზის შესახებ განჩინება ე. დ-ს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ზემოაღნიშნულ მისამართზე. სასამართლოს გზავნილი დაუბრუნდა უკან, საფოსტო უკუგზავნილზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია შემდეგი: „აღნიშნულ მისამართზე შენობა დანგრეულია, მოსახლეობა არ ცხოვრობს“. აპელანტს კიდევ გაეგზავნა ხარვეზის შესახებ განჩინება ზემოაღნიშნულ მისამართზე. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული მისამართი: თბილისი, ი. ქ-ის ქ. N14 წარმოადგენს ე. დ-ის საქმეში არსებულ ერთადერთ მისამართს, სადაც საქმის მასალების მიხედვით ხორციელდებოდა ამ უკანასკნელისათვის სასამართლო გზავნილების ჩაბარება. კონკრეტულ შემთხვევაში გზავნილი კვლავ ჩაუბარებელი სახით დაუბრუნდა უკან სააპელაციო სასამართლოს და საფოსტო უკუგზავნილზე ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულ იქნა, რომ მიმღებმა შეიცვალა მისამართი. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით და აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარებულად ითვლება აპელანტისათვის 2013 წლის 27 ივნისს, როდესაც ბოლო გზავნილი ჩაუბარებელი სახით დაუბრუნდა სასამართლოს (იხ. ტ I, ს.ფ 97). ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 28 ივნისიდან, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. აღნიშნული საპროცესო ვადა ამოიწურა 2013 წლის 4 ივლისს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი - არ გადაიხადა სახ. ბაჟი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. დ-მა. მისი მითითებით, აპელანტს მისამართი არ შეუცვლია, გარდა ამისა, სარჩელში მითითებული იყო როგორც თავად მხარის, ისე მისი წარმომადგენლის ტელეფონის ნომერი და მისამართი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეეძლო, განჩინება ადვოკატისათვის ჩაებარებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების საკითხი და მიიჩნევს, რომ ე. დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განჩინებით ე. დ-ს ხარვეზის შევსების მიზნით, 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 1049 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა. განჩინება გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა ადრესატს არ ჩაბარდა. საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილზე ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია ის გარემოება, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა დანგრეულია, მოსახლეობა არ ცხოვრობს (ტ. მე-2 ს.ფ. 95).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

სააპელაციო სასამართლომ დაიცვა ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნა და განჩინება განმეორებით გაუგზავნა ე. დ-ს მის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა განჩინების ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილზე აღნიშნულია, რომ მიმღებმა შეიცვალა მისამართი (ტ. მე-2, ს.ფ. 96-97).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტისათვის ჩაბარებულად ითვლება 2013 წლის 27 ივნისს, როდესაც ბოლო გზავნილი ჩაუბარებელი სახით დაუბრუნდა სასამართლოს (იხ. ტ I, ს.ფ 97). ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 28 ივნისიდან, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. აღნიშნული საპროცესო ვადა ამოიწურა 2013 წლის 4 ივლისს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მას მისამართი არ შეუცვლია, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. საყურადღებოა ის გარემოება, რომ საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, თბილისში, ქ-ის ქ. N14-ში მდებარე შენობა დანგრეულია და მოსახლეობა აღარ ცხოვრობს. ის გარემოებაც გასათვალისწინებელია, რომ საქმის წარმოების მანძილზე პირველად, ე. დ-ი კერძო საჩივარში ზემომითითებულის გარდა, ალტერნატიულ მისამართსაც უთითებს.

საკასაციო სასამართლო კასატორის ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ სარჩელში მითითებული იყო მისი წარმომდგენლის მისამართი და ტელეფონის ნომერი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეეძლო, განჩინება მისთვის ჩაებარებინა.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ, ჩვეულებრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო დოკუმენტები ეგზავნება თავად მხარეს ან მის წარმომადგენელს, სასამართლოს არჩევით. გარდა ამისა, იმავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარე ან წარმომადგენელი თუ სასამართლოს არ შეატყობინებს მისამართის შეცვლის თაობაზე, სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე გაგზავნილი კორესპონდენცია ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს აღარ აკისრია ვალდებულება, განმეორებით გაუგზავნოს განჩინება ან უწყება მხარეს ან მის წარმომადგენელს.

რაც შეეხება განსახილველ შემთხვევას, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელის წარმომადგენლად მართლაც მითითებულია დ. ა-ე, მაგრამ ე. დ-ის მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობის მოქმედების ვადა სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის განჩინების გამოტანის დროისათვის ამოწურული იყო (იხ. ტ. 1-ლი, ს.ფ. 185), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განჩინება დ. ა-ის ჩაებარებინა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და ე. დ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივლისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე