Facebook Twitter

№ას-845-803-2013 17 სექტემბერი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სს „ბ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „პ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ბ-მა“ საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შპს „საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ 2003 წლის 20 ნოემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „პ-ის“ საარბიტრაჟო პრეტენზია და შპს „პ-ი“ ცნობილ იქნა ქ. ბორჯომში, ბ-ის ქ. #1-ში მდებარე სასტუმრო „ბორჯომის“ დარჩენილი ნაწილის შენობა-ნაგებობების და მის ქვეშ მდებარე მიწისქვეშა კომუნიკაციების მესაკუთრედ; ქ. ბორჯომში, ბ-ის ქ. #1-ში მდებარე სასტუმრო „ბორჯომი“ გამოთხოვილ იქნა სს „ბ-ის“ მფლობელობიდან და მფლობელობაში გადაეცა შპს „პ-ს“; აღნიშნულის შესახებ ეცნობა საჯარო რეესტრსა და ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს და ეთხოვა განეხორციელებინათ შესაბამისი ცვლილებები; დაეკისრა პრეტენდენტ შპს „პ-ს“ შპს „საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ სასარგებლოდ საარბიტრაჟო მოსაკრებლის 1000 (ათასი) ლარის გადახდა; დაეკისრა მოპასუხე სს „ბ-ს“ პრეტენდენტის შპს „პ-ის“ სასარგებლოდ საარბიტრაჟო მოსაკრებლის 1000 (ათასი) ლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განჩინებით სს „ბ-ის“ საჩივარი შპს „საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ 20.11.2003წ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველად საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის წარდგენის 90-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს „ბ-მა“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ბ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული.

დასახელებული კანონის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ არბიტრაჟში საქმის წარმოება მიმდინარეობს დამოუკიდებლად და სასამართლოს უფლება არ გააჩნია, ჩაერიოს ან ნებისმიერი გზით ზეგავლენა მოახდინოს მასზე. ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც სასამართლო არეგულირებს საარბიტრაჟო წარმოების კონკრეტულ ეტაპებს, ზემოხსენებულ კანონში ზუსტად და ამომწურავადაა მითითებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV3, XLIV4, XLIV5 თავები შეიცავს სპეციალურ ნორმებს, რომლებიც არეგულირებს სასამართლოს მონაწილეობას საარბიტრაჟო განხილვასა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებაში. ამავე კოდექსის 35613 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო განიხილავს საქმეებს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობის, აღსრულებისა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების შესახებ, ხოლო 35613 მუხლის მეოთხე ნაწილი განსაზღვრავს არბიტრაჟთან დაკავშირებულ იმ საქმეთა კატეგორიას, რომლებსაც იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ასეთად კანონმდებელი მიიჩნევს ამავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეებს საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინტანციის სასამართლოებისათვის აწესებს არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის კონკრეტულ ფარგლებს და ცალსახად ადგენს, რომ დავები საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით განიხილება სააპელაციო სასამართლოებში, ხოლო საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს მხოლოდ სხვა ქვეყნების არბიტრაჟთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამასთან, ხსენებული ტიპის დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და პირობებს კანონი არ ითვალისწინებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მოცემულ შემთხვევაში სს „ბ-ის“ კერძო საჩივარი ეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს „საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ 2003 წლის 20 ნოემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სს „ბ-ის“ საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინების კანონიერებას, რაც საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოველგვარი დავა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით შედის მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციაში და ამ სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ბ-ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი