საქმე №ა-2125-ბ-9-2013 11 სექტემბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე სს „ი-ის“, რ. ბ-ის, ნ. ლ-სა და ბ. კ-ის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე საქმეზე – ვ.ხ-ის, ა. ს-ის, ა. ს-სა და ე. კ-ის სარჩელის გამო, სს „ი-ის“, რ. ბ-ის, ბ. კ-ის, ს. ბ-ის, კ. დ-სა და სხვათა მიმართ, 2006 წლის 31 მაისის სს „ი-ის“ აქციონერთა კრების ოქმის ბათილად ცნობისა და ვ.ხ-ის, ა. ს-სა და ა. ს-ის საკუთრებაში სადაო აქციების აღრიცხვის თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
სს „ი-ის“, რ. ბ-ის, ნ. ლ-სა და ბ. კ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სს „ი-ის“, რ. ბ-ის, ნ. ლ-სა და ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2013 წლის 25 ივნისს კასატორებმა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტეს რომ სასამართლოს არ უცნობებია მათთვის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის 2012 წლის 3 დეკემბერს განხილვის შესახებ. გამომდინარე აქედან, განმცხადებლებმა მოითხოვეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა.
განმცხადებლების განმარტებით, საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობის საფძვლის შესახებ ცნობილი გახდა 2013 წლის 28 მაისს, როცა სს „ი-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნ. ლ-ემ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმის გაცნობა.
აღნიშნული განცხადების საფუძველზე საკასაციო პალატამ გამოითხოვა სამოქალაქო საქმე, რომელიც სასამართლოს გადმოეცა 2013 წლის 3 ივლისს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ აღნიშნული განცხადება შინაარსობრივად საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებაა, რადგანაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე დასრულდა წარმოება თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
დასრულებული საქმის წარმოების განახლების მიმართ საპროცესო კანონმდებლობა მე-11 კარით ადგენს სპეციალური წარმოების სახეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, განსაზღვრულია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია განცხადების შეტანის ვადა და განსაზღვრულია, რომ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო პალატა ამ მიმართებით ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: განმცხადებლები, მართალია განმარტავენ, რომ საქართველოს უზენაესი სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლის თაობაზე მათთვის ცნობილი გახდა 2013 წლის 28 მაისს, როცა ნ. ლ-ე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაეცნო საქმის მასალებს და რის დასადასტურებლადაც წარმოდგენილი აქვს სასამართლოდან მასალების ჩაბარების ბარათი, მაგრამ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს „ი-ის“, რ. ბ-ის, ნ. ლ-სა და ბ. კ-ის წარმომდგენელ დ. შ-ეს (იხ.რწმუნებულებები ტ.III, ს.ფ.119-123) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინიბის შესახებ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე ეცნობა 2013 წლის 11 იანვარს (ტ.III, ს.ფ.252). გამომდინარე აქედან, პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლები 2013 წლის 11 იანვარს იყვნენ ინფორმირებულნი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვისა და შედეგის თაობაზე და შესაბამისად, აქედან უნდა აითვალოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების ერთთვიანი ვადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის დანაწესის გათვალისწინებით, განცხადების შემოტანის ერთთვიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 12 იანვარს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2013 წლის 12 თებერვალს, განცხადება კი წარმოდგენილია 2013 წლის 25 ივნისს. აღნიშნული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია, ვინაიდან, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამასთან, ამავე კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეს დარღვეული აქვს საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებით სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს მოცემული განცხადების დაშვების წინაპირობები.
ამასთან, სს „ი-ს“, რ. ბ-ეს, ნ. ლ-სა და ბ. კ-ს უნდა დაუბრუნდეთ სს „ი-ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2013 წლის 24 ივნისის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.
მიუხედავად განცხადების განსახილველად დაშვების წინაპირობების არარსებობისა, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სს „ი-ის“, რ. ბ-ის, ნ. ლ-სა და ბ. კ-ის განცხადების ძირითად არგუმენტზე, რომელიც შეეხება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვას მხარეთა შეუტყობინებლად.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია, აღნიშნული საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე. დასაშვებობის შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. ამდენად, საკასაციო სასამართლო, კანონის ზემოაღნიშნული დათქმის შესაბამისად, უფლებამოსილია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი გადაწყვიტოს, როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე მხარეთა დაუსწრებლად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს უზენაესი სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 თებერვლის განჩინება, რომლითაც სს „ი-ის“, რ. ბ-ის, ნ. ლ-სა და ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით განსაზღვრულია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის ფორმა. საქმეში წარმოდგენილია უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილი მოხელის აქტი (სსსკ 73-ე მუხლი), რომლის თანახმადაც სს „ი-ის“, რ. ბ-ის, ნ. ლ-სა და ბ. კ-ის უფლებამოსილ წარმომადგენელ დ. შ-ეს ეცნობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის ფორმის თაობაზე. აღნიშნული უტყუარად ადასტურებს მხარეთა ჯეროვანი წესით ინფორმირებას, რაც თავის მხრივ, უალტერნატივოდ გამორიცხავს სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ი-ის“, რ. ბ-ის, ნ. ლ-სა და ბ. კ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. სს „ი-ს“, რ. ბ-ეს, ნ. ლ-სა და ბ. კ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით სს „ი-ის“ მიერ 2013 წლის 24 ივნისის №... საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე