საქმე №ა-1300-შ-28-2013 11 სექტემბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - მ. ბ-ი
წარმომადგენელი - მ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ე. პ-უ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ბ-სა და ე. პ-ის ერთობლივი განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა მათ შორის 1996 წლის 31 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება. აღიარებულ იქნა განმცხადებლების 2009 წლის 1 სექტემბრის წერილობით შეთანხმება, რომლითაც დარეგულირდა არასრულწლოვანი შვილების მეურვეობისა და მათთან ურთიერთობის საკითხი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ბ-ის წარმომადგენელმა ნ. დ-ემ და მოითხოვა წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების თანახმად, საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით, მხარეები საქმის განხილვაში წარმომადგენილის მეშვეობით მონაწილეობდნენ და მათ შორის სამოქალაქო ქორწინება შედგა საქართველოში, ქ.ბათუმში 1996 წლის 31 ივლისს, ასევე წარმოდგენილია სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილის განჩინებით მ. ბ-ის შუამდგოლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა: საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის ლეგალიზებული გადაწყვეტილებისა და №3945 მოწმობის, ასევე ნ.დ-ის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა, ამასთან იმის დადასტურება საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება აღსრულებულია თუ არა მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე. ამავე პალატის 2013 წლის 13 ივნისის განჩინებით კი, შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა და დაევალა დადგენილი ხარვეზის გამოსწორება.
საპროცესო ვადის დაცვით მ.ბ-ის წარმომადგენელმა ნ. დ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ მან ხარვეზი სრულყოფილად გამოასწორა, ამასთან, წარმოადგინა საბერძნეთის თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების, N3945 მოწმობისა და მ.ბ-სა და ე.პ-ოს ქორწინების მოწმობის ასლი, თუმცა მხარეს 2013 წლის 25 აპრილის განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ გამოუსწორებია.
საქართველოს უზენაესი სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივლისის განჩინებით ნ. დ-ეს უარი ეთქვა მ. ბ-ის წარმომადგენელად დაშვებაზე, ხოლო, მ. ბ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება მ.ბ-ის წარმომადგენელ მ. ს-ეს (რწმუნებულება საქმეშია) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე: ხობი, სოფელი ს-ო და 2013 წლის 12 აგვისტოს ჩაბრადა მამას, მ.ს-ეს. მ.ს-ემ სასამართლოს განცხადებით მომართა საპროცესო ვადის დარღვევით 2013 წლის 3 სექტემბერს და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელებისა და გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ მ. ბ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ბ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივლისის განჩინებით მ. ბ-ის შუამდგომლობას ისევ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და მის ავტორს დაევალა 10 დღის ვადაში საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის ლეგალიზებული გადაწყვეტილებისა და №3945 მოწმობის წარმოდგენა, ასევე დაევალა მტკიცებულების წარმოდგენა იმის შესახებ, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული საბერძნეთის ტერიტორიაზე.
ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე: ხობი, სოფელი ს-ო და 2013 წლის 12 აგისტოს ჩაბარდა მამას – მ. ს-ეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 13 აგვისტოს და ამოიწურა 22 აგვისტოს.
მ.ბ-ის წარმომადგენელმა სასამართლოს განცხადებით მომართა საპროცესო ვადის დარღვევით, 2013 წლის 3 სექტემბერს და საპროცესო ვადის გაგრძელება და გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევა მოითხოვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და განცხადებით სასასმართლოს მომართა საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, პალატა თვლის, რომ მ.ბ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
რაც შეეხება მ.ბ-ის წარმომადგენელ მ. ს-ის შუამდგომლობას გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევის შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. განსახილველ შემთხვევაში, მართალია მ. ს-ე შუამდგომლობს გასვებული ვადის საპატიოდ მიჩნევის შესახებ, მაგრამ მას არ წარმოუდგენია დასაბუთებული განცხადება, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. გამომდინარე აქედან, მ.ბ-ის წარმომადგენელს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. მ. ბ-ის წარმომადგენელ მ. ს-ის შუამდგომლობა საპროცეო ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის შესახებ არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე