საქმე №ა-405-შ-5-2013 6 სექტემბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობების ავტორები – უკრაინის ყირიმის ა/რ ბახჩისარაისკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსი ე.გ-ი, ო. რ-ა და მოსამართლე ო.მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის ყირიმის ა/რ ბახჩისარაისკის სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
უკრაინის ყირიმის ა/რ ბახჩისარაისკის სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ო. რ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ა. გ-ას ო. რ-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – ... წლის ... ივლისს დაბადებული ლ. გ-ას სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ყველა სახის შემოსავლის ¼-ის, მაგრამ შესაბამისი ასაკის ბავშვისათვის განკუთვნილი საარსებო მინიმუმის არანაკლებ 30%-ის გადახდა 2010 წლის 17 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ა. გ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო მოსაკრებელი 51 გრივნას ოდენობით და სასამართლო პროცესის საინფორმაციო-ტექნიკური უზრნუველყოფისათვის გაწეული ხარჯები 120 გრივნას ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 17 ივნისს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
უკრაინის ყირიმის ა/რ ბახჩისარაისკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსმა ე.გ-მა, ო. რ-ამ და მოსამართლე ო.მ-მა შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის ყირიმის ა/რ ბახჩისარაისკის სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
2013 წლის 3 ივნისს ა. გ-ამ წარმოადგინა შუამდგომლობის ავტორის – ო. რ-ას ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც იგი მიმართვას საქართველოს უზენაეს სასამრთლოს და აღნიშნავს, რომ 2013 წლის მდგომარეობით ა. გ-ამ სრულად აუნაზღაურა ალიმენტის თანხა და მას არანაირი ფინანსური პრეტენზია ა. გ-ას მიმართ არ გააჩნია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ უკრაინის ყირიმის ა/რ ბახჩისარაისკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსის – ე.გ-ის და მოსამართლე ო.მ-ის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ო. რ-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ უკრაინის ყირიმის ა/რ ბახჩისარაისკის სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ო. რ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ა. გ-ას ო. რ-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – ... წლის ... ივლისს დაბადებული ლ. გ-ას სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ყველა სახის შემოსავლის ¼-ის, მაგრამ შესაბამისი ასაკის ბავშვისათვის განკუთვნილი საარსებო მინიმუმის არანაკლებ 30%-ის გადახდა 2010 წლის 17 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ა. გ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო მოსაკრებელი 51 გრივნას ოდენობით და სასამართლო პროცესის საინფორმაციო-ტექნიკური უზრნუველყოფისათვის გაწეული ხარჯები 120 გრივნას ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 17 ივნისს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
2013 წლის 3 ივნისს ა. გ-ამ წარმოადგინა შუამდგომლობის ავტორის – ო. რ-ას ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც იგი მიმართვას საქართველოს უზენაეს სასამრთლოს და აღნიშნავს, რომ 2013 წლის მდგომარეობით ა. გ-ამ სრულად აუნაზღაურა ალიმენტის თანხა და მას არანაირი ფინანსური პრეტენზია ა. გ-ას მიმართ არ გააჩნია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ყირიმის ა/რ ბახჩისარაისკის სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ა. გ-ას ო. რ-ას სასარგებლოდ ალიმენტი დაეკისრა 2010 წლის 17 მაისიდან ბავშვის სრულწლოანებამდე. ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ აღსრულდა (2013 წლის ბოლომდე), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი უნდა აღსრულდეს 2014 წლის 1 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, უკრაინის ყირიმის ა/რ ბახჩისარაისკის სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე 2014 წლის 1 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უკრაინის ყირიმის ა/რ ბახჩისარაისკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსის – ე.გ-ის და მოსამართლე ო.მ-ის შუამდგომლობები უკრაინის ყირიმის ა/რ ბახჩისარაისკის სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს, ხოლო ო. რ-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ყირიმის ა/რ ბახჩისარაისკის სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ო. რ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ა. გ-ას ო. რ-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – 1999 წლის 22 ივლისს დაბადებული ლ. გ-ას სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ყველა სახის შემოსავლის ¼-ის, მაგრამ შესაბამისი ასაკის ბავშვისათვის განკუთვნილი საარსებო მინიმუმის არანაკლებ 30%-ის გადახდა 2014 წლის 1 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აგრეთვე ა. გ-ას სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო მოსაკრებელი 51 გრივნას ოდენობით და სასამართლო პროცესის საინფორმაციო-ტექნიკური უზრნუველყოფისათვის გაწეული ხარჯები 120 გრივნას ოდენობით.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე