საქმე №ას-734-696-2013 30 სექტემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს „ვ. ს-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ. ჩ. ი. ს.თ-ეთ“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ნ. ჩ. ი. ს. თ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ვ. ს-ის“ მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ფასის – 16717 ევროს, მიუღებელი შემოსავლის – 3558,54 ევროს, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ზიანის: იურიდიული მომსახურების – 1500 ევროს, თარჯიმნისათვის და ნოტარიუსისათვის გადახდილი 866,72 ევროს, საქართველოში ჩამოსვლასთან და სასტუმროში განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების – 592,26 ევროს ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:
2011 წლის 3 ნოემბერს ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ნ. ჩ. ი. ს. თ-მა“ შპს „ვ. ს-ს“ მიაწოდა სამშენებლო მასალა. გამყიდველმა ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, დათქმულ დროსა და ადგილას გადასცა მყიდველს პროდუქცია. მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის ფასი აისახა 2011 წლის 2 ნოემბრის ანგარიშფაქტურაში, რომლის მიხედვითაც დარჩენილი გადასახდელი თანხა შეადგენდა 16717 ევროს.
გამყიდველმა თანხა არ გადაიხადა. მხარეებს შორის მსგავსი გარიგება პირველი არ ყოფილა და ტრანზაქციები ხორციელდებოდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა, მიემართა სასამართლოსათვის, რის გამოც მოუხდა მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად და საკუთარი უფლებების დასაცავად ხარჯების გაღება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, რადგან მოთხოვნილი თანხების წარმომავლობა და გადახდა სულ სხვა მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას, მისი წარმომავლობა და დასაბუთება აბსურდულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ვ. ს-ს“ შპს „ნ. ჩ. ი. ს. თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ნასყიდობის ფასის 16 717 ევროს, მიუღებელი შემოსავლის – 3 558,54 ევროს ეკვივალენტი ლარის, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული 750 ევროს ეკვივალენტი ლარის, მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯების 866,72 ევროს ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
შპს „ნ. ჩ. ი. ს. თ-მა” განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქართველოში არსებულ ბანკებში შპს „ვ. ს-ის“’ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის, კერძოდ, 21 892.26 ევროსა და 1303 ლარის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ შპს „ვ. ს-ს“ არც ერთ ბანკში არ აქვს ანგარიში ან ანგარიშზე არ გააჩნია შესაბამისი თანხა, ყადაღა დაედოს მოპასუხე შპს „ვ. ს-ის“ საკუთრებაში არსებულ 1280 კვ.მ მიწის ნაკვეთს (№01.72.14.000.432;) მდებარე: ქ. თბილისი, დ-ის სასწავლო საცდელი მეურნეობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის, 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. იმისათვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იქნეს გამოყენებული, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ასევე, მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობს ზემოთ მითითებული წინაპირობები.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს „ვ. ს-ს“ მოსარჩელე შპს „ნ. ჩ. ი. ს. თ-ის“ სასარგებლოდ დაკისრებული აქვს ჯამში 21 892.26 ევროს და 1303 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხეს უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი უძრავი ქონება არ გააჩნია. შპს „ვ. ს-ის“ საკუთრებაში არსებული 1280 კვ.მ მიწის ნაკვეთი ორჯერ არის იპოთეკით დატვირთული სს „ბ. ბ-ს“ სასარგებლოდ. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ გარემოებას შეუძლია, გამოიწვიოს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხება და მოსარჩელის უფლებების შელახვა, ვინაიდან აღსასრულებლად მიექცევა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი.
ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს, სადავო თანხის ფარგლებში უნდა დაედოს ყადაღა.
პალატა ასევე შენიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობა არ გულისხმობს მოპასუხის უფლებების უპირობოდ და ცალსახად შეზღუდვას, ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება თავისი სამართლებრივი ბუნებით, მოპასუხის უფლებისა თუ ინტერესების გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროვებას გულისხმობს. ამასთან, საკუთრების უფლება არაა აბსოლუტური ხასიათის და მთელ რიგ შემთხვევებში იგი შეზღუდვებს ექვემდებარება. სარჩელის უზრუნველყოფაც სწორედ ისეთი ღონისძიებაა, როდესაც შესაძლებელია საკუთრების უფლების მართლზომიერად შეზღუდვა დროებით, დავის გადაწყვეტამდე. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილების აღსრულება, გამოყენებულ უნდა იქნეს უზრუნველყოფის ისეთი სახის ღონისძიება, როგორიც არის საბანკო ანგარიშზე რიცხულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მოპასუხეს არ გააჩნია საბანკო ანგარიშები ან ფულადი სახსრები, კერძოდ, 21 892.26 ევროს და 1303 ლარის ფარგლებში, ამ ყადაღა უნდა დაედის მის საკუთრებაში არსებულ ზემოთ აღნიშნულ უძრავ ქონებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა შპს „ვ. ს-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
საჩივრის ავტორის მითითებით, საქმის ნორმალური შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით განხილვის შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული და, შესაბამისად, არ გახდებოდა საჭირო რაიმე სახის უზრუნველყოფის გამოყენება, მით უფრო, რომ მოსარჩელე მხარემ საერთოდ არ მიმართა სასამართლოს თავდაპირველად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, ვინაიდან თვითონაც იცოდა, რომ შპს „ვ. ს-ი“ სარგებლობს კარგი რეპუტაციით და არ წარმოადგენს თაღლით ან გადახდისუუნარო კომპანიას, ყოველთვის ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც მას აქვს შესასრულებელი. რეალურად არ იკვეთება ის საშიშროება, რომ თუნდაც სადავო გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, აღსრულებას რაიმე სახით შეექმნას პრობლემა, სასამართლოს მიერ მხოლოდ ვარაუდზე მიღებული გადაწყვეტილება რეალურად საფრთხეს უქმნის საწარმოს სხვა ვალდებულებების შესრულებას, იმ დროს, როდესაც ხდება თანხების დაყადაღება საბანკო დაწესებულებებში, მათ შორის სახელფასო გადახდებზე, სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებაზე.
საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ფულად სახსრებზე ყადაღის გამოყენების შემთხვევაში, მათ რეალურად ეზღუდებოდათ არა მარტო სადავო თანხაზე წვდომა და განკარგვა სხვა ვალდებულებების შესასრულებლად, არამედ სადავო თანხაზე მეტზე, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებით ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც გააჩნდათ ანგარიშები, მოხდებოდა ამ ღონისძიების განხორციელება, რითაც საწარმო მიიღებდა ზარალს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორმა მოითხოვა შპს „ვ. ს-ის“ საბანკო ანგარიშებზე და კომპანიის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნა ან მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის – 400000 ლარის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განჩინებით საჩივარი განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ ჩათვალა, რომ მითითებული განჩინება სრულ შესაბამისობაშია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე და 271-ე მუხლების მოთხოვნებთან, ხოლო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივ წინაპირობებს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია საჩივრის ავტორის მოთხოვნა მოსარჩელისათვის, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, გარანტიის სახით 400 000 ლარის შესაბამის დეპოზიტზე შეტანის ვალდებულების დაკისრების შესახებ, რადგან შპს „ვ. ს-ს“ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მას მიაყენებს ზარალს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მის ვალდებულებას წარმოადგენდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ვ. ს-ის“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ შპს „ნ. ჩ. ი. ს. თ-მა” თავისი სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში მოითხოვა მოპასუხის – შპს „ვ. ს-ის“ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლით და მიიჩნია, რომ შპს „ნ. ჩ. ი. ს. თ-მა” ფაქტობრივად მოითხოვა მის სასარგებლოდ მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების უზრუნველყოფა, რომლითაც შპს „ნ. ჩ. ი. ს. თ-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ვ. ს-ს“ შპს „ნ. ჩ. ი. ს. თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ნასყიდობის ფასის – 16 717 ევროს, მიუღებელი შემოსავლის – 3 558,54 ევროს ეკვივალენტი ლარის, იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული 750 ევროს ეკვივალენტი ლარის, მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯების – 866,72 ევროს ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო პალატის 2013 წლის 5 ივნისისა და 1 ივლისის განჩინებებს, რომელთა თანახმად შპს „ნ. ჩ. ი. ს.თ-ის” განცხადება დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო შპს „ვ. ს-ის“ საბანკო ანგარიშებს 21892.26 ევროსა და 1303 ლარის ფარგლებში შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის – მოსარჩელისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ნ. ჩ. ი. ს. თ-ის” სარჩელი 21892.26 ევროსა და 1303 ლარის ნაწილში დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სრულიად საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება როგორც განმცხადებლის, ისე სააპელაციო პალატის პოზიციას გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად ყადაღის უპირატესად შპს „ვ. ს-ის“ საბანკო ანგარიშებზე დადებასთან დაკავშირებით, რადგან მოპასუხის საკუთრებაში არსებული 1280 კვ.მ მიწის ნაკვეთი უკვე ორჯერ არის იპოთეკით დატვირთული სს „ბ. ბ-ის“ სასარგებლოდ, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში ხსენებული ნივთის რეალიზაციისას სავსებით შესაძლებელია, შპს „ნ. ჩ. ი. ს. თ-ის” მოთხოვნის დაკმაყოფილებას ხელი შეეშალოს და უძრავი ნივთის საფასურით მოხდეს პირველი იპოთეკარის დაკმაყოფილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის საბანკო ანგარიშებს სასარჩელო მოთხოვნის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულ ნაწილში ყადაღა მართლზომიერად დაედო.
დაუსაბუთებელია შპს „ვ. ს-ის“ პრეტენზია მის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების გამო მოსალოდნელი ზარალის 400 000 ლარის ოდენობით უზრუნველყოფის თაობაზე. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას, თუმცა ამისათვის სასამართლო უნდა დარწმუნდეს ასეთი ზარალის წარმოშობის რეალურობაში.
განსახილველ შემთხვევაში, მხარე შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ საბანკო ანგარიშების დაყადაღებით შპს-ს შეეზღუდებოდა წვდომა არა მხოლოდ სადავო თანხაზე, არამედ მის კუთვნილ ყველა საბანკო ანგარიშზე, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის ანგარიშებს ყადაღა დაედო მხოლოდ სადავო თანხის ფარგლებში, შესაბამისად, დანარჩენი სახსრების განკარგვაში მას ხელი არ შეეშლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა, კონკრეტულად რა გარემოებები უდევს საფუძვლად მის ზემოხსენებულ მოთხოვნას და რით დასტურდება მისთვის მოსალოდნელი ზიანის მიყენების ალბათობა. აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის თანახმად, მის მოვალეობას წარმოადგენდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს „ვ. ს-ის“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ვ. ს-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისისა და 1 ივლისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე