Facebook Twitter

¹¹ბს-624-210-კ-05 16 ივნისი, 2005წ. ქ. თბილისი,

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ი. ლეგაშვილი,

ჯ. გახოკიძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ც. შ-ი-ა-ის საკასაციო საჩივარი, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 მარტის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

ც. შ-მა-ა-ემ სარჩელი აღძრა ტყიბულის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ა. შ-ის (მამის) პოლიტიკური რეპრესირების მსხვერპლად აღიარება, შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელის მამა ა. შ-ი დაბადებული ..... წელს, საჩხერის რაიონში, გასამართლებულ იქნა 1951წ. 28 ივლისს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 58-1 “ბ” /სამშობლოს ღალატი/ მუხლით და მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. პატიმრობიდან განთავისუფლდა 1955წ. 3 ოქტომბერს, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1955წ. 17 სექტემბრის “ამნისტიის შესახებ” ბრძანებულების შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიუთითა სსსკ-ის 310-316-ე მუხლები და “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესირების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-6 და მე-7 მუხლები და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფლება.

მოპასუხე _ სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა რაიონულ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, იმ საფუძვლით, რომ საქართველოს უშიშროების სამინისტროდან წარმოდგენილი ცნობით ირკვევა, რომ ა. შ-ი ჩადენილი დანაშაულისათვის არ იყო რეაბილიტირებული.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. შ-ი-ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

ა. შ-ი გასამართლებულ იქნა 1951წ. 28 ივლისს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის მიერ, სისხლის სამართლის კოდექსისს 58-1 “ბ” მუხლით (სამშობლოს ღალატი) და მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც განთავისუფლდა 1955წ. 3 ოქტომბერს სსრკ-ს უმარლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1955წ. 17 სექტმებრის “ამნისტიციის შესახებ” ბრძანებულების თანახმად. აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურებული იქნა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს 2004წ. 20 აპრილის ¹6/9/21-შ-14 ცნობით.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. შ-ი გასამართლებულ იყო კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რისთვისაც წაყენებული ბრალის საფუძველზე მიესაჯა სასჯელი, შემდეგ მას შეეხო ამნისტია, მაგრამ იგი არ ყოფილა გამართლებული ჩადენილი კონკრეტული ქმედებისათვის.

რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესირების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-4 და მე-3 მუხლები და განმარტა, რომ მოსარჩელის მამა ა. შ-ი გასამართლებულ იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის მიერ, რაც მითითებული კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული არ არის, ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა პენსიის დანიშვნის შესახებ მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ, რადგან პენსიის დანიშვნა ხდება პირის პოლიტიკური რეპრესირების მსხვერპლად აღიარების შემდეგ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. შ-მა-ა-ემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი მოტივით:

ა. შ-ი დაბადებული ... წელს, საჩხერის რაიონში, გასამართლებულ იქნა 1951წ. 28 ივლისს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 58-1 “ბ” /სამშობლოს ღალატი/ მუხლით და მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. პატიმრობიდან განთავისუფლდა 1955წ. 3 ოქტომბერს, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1955წ. 17 სექტემბრის “ამნისტიის შესახებ” ბრძანებულების შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა მამის პოლიტიკური რეპრესირების მსხვერპლად აღიარება და პენსიის დანიშვნა.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 15 მარტის განჩინებით ც. შ-ი-ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა ტყიბულის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

ა. შ-ი გასამართლებულ იქნა 1951წ. 28 ივლისს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ტრიბუნალის მიერ, სსკ-ის 58-ე მუხლის “ბ” პუქნტით (სამშობლოს ღალატი) დამიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, შემდგომი 5 წლით პოლიტიკური უფლებების ჩამორთმევით.

საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1995წ. 19 აპრილის ¹16-03221 განჩინებაზე ვადა შეუმცირდა 7 წლამდე. პატიმრობიდან განთავისუფლდა 1955წ. 3 ოქტომბერს სსრკ 17 სექტმებრის “ამნისტიის შესახებ” ბრძანებულების საფუძველზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნია, რომ ა. შ-ი, რომელიც გასამართლებული იყო კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის, შემდეგში არ ყოფილა გამართლებული და რეაბილიტირებული, რის გამოც “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესირების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-3 და მე-4 მუხლების თანახმად იგი არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. შ-მა-ა-ემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, შემდეგი მოტივით:

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2005წ. 1 მარტის ¹7/10-6-140 ცნობით დასტურდება, რომ კასატორის მამა ა. შ-ი გაწვეულ იქნა საბჭოთა არმიის რიგებში საჩხერის რაიონის კომისარიატის მიერ და 1942წ. 20 მაისს ქ. ქერჩის მიდამოებში ჩავარდა ტყვედ. 1942წ. 20 მაისიდან 1949წ. დასაწყისამდე იმყოფებოდა ქ. ფეოდოსიის, ჯანკოის, სტალინოს, სლაუტის და შეპეტოვკას ტყვეთა ბანაკებში, ხოლო შემდეგ გადაყვანილ იქნა ქ. ნოიგამერის (გერმანია) ტყვეთა ბანაკში, სადაც ჩარიცხული იყო გერმანიის არმიის ქართულ ნაციონალურ ლეგიონში, რომლის შემადგენლობაშიც გამოიყენებოდა სამხედრო ობიექტების დაცვაში, ცხენების მოვლაში და ასევე სხვადასხვა სამუშაოებზე საფრანგეთის ტერიტორიაზე, ხოლო 1945წ. 3 დეკემბრიდან 1947წ. 2 ივლისამდე იმყოფებოდა კომის ასს-ში ფილტრაციის ბანაკში, ცნობა ¹6528 ¹აა-1. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 1951წ. 23 ივლისის განჩინებით ა. შეყლაშვიოლი გასამართლებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 58-1 “ბ” (სამშობლოს ღალატი) მუხლით და მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, შემდგომი 5 წლით პოლიტიკური უფლებების ჩამორთმევით. საბჭოთა კავშირის უმარლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგის 1955წ. 29 აპრილის ¹16-03221 განჩინებით სასჯელის ვადა შეუმცირდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთამდე და პატიმრობიდან განთავისუფლდა 1955წ. 3 ოქტომბერს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1955წ. 17 სექტემბრის “ამნისტიის შესახებ” ბრძანებულების თანახმად, ხოლო 1955წ. 5 ოქტომბრის სსრკ შს ცნობა ად¹000716 თანახმად, ა. შ-ი გათვისუფლდა სასჯელისაგან, მოეხსნა ნასამართლობა და აღუდგა პოლიტიკური უფლებები.

კასატორი “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესირების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-2, მე-4, მე-6 და მე-7 მუხლების საფუძველზე მოითხოვს მამის ა. შ-ის პოლიტიკური რეპრესირების მსხვერპლად აღიარებას, რათა მას, როგორც მის შვილს მიეცეს საშუალება კანონით დადგენილი პენსიის დანიშვნის.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების დასაბუთებულობა _ საფუძვლიანობის და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ც. შ-ი-ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, ადგილი არ ჰქონია საპროცესო ნორმების დარღვევას, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას დარღვეული არ ყოფილა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სწორად იქნა საქმის მასალები გამოკვლეული და დადგენილი ფაქტები. სადაო სამართალურთიერთობას სწორად შეუფარდა კანონის ნორმები.

სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. შ-ი გასამართლებულ იქნა 1951წ. 28 ივლისს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ტრიბუნალის მიერ, სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის “ბ” ბუნქტით (სამშობლოს ღალატი) და მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, შემდგომი 5 წლით პოლიტიკური უფლებების ჩამორთმევით. საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1955 19 აპრილის ¹16-03221 განჩინებით სასჯელის ვადა შეუმცირდა 7 წლამდე. პატიმრობიდან განთავისუფლდა 1955წ. 3 ოქტომბერს სსრკ 17 სექტემბრის “ამნისტიის შესახებ” ბრძანებულების საფუძველზე.

“საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესირების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-4 მუხლი შეიცავს ჩამონათვალს გარემოებებისა, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რათა მიჩნეულ იქნეს პოლიტიკური რეპრესირების მსხევრპლად. მითითებული ნორმის მესამე ნაწილი შეიცავს ჩამონათვალს ორგანოებისა, რომლების შესაბამისად მსჯავრდებული პირი ჩაითვლება პოლიტიკური რეპრესირების მსხვერპლად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. შ-ი არ აკმაყოფილებს მითითებული ნორმით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, ის მსჯავრდებულ იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის მიერ, რაც მითითებულ მუხლში ჩამოთვლილ ორგანოთა ჩამონათვალში არ შედის.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესირების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-2 მუხლი, რომლითაც განმარტებულია პოლიტიკური რეპრესიად მიჩნევის იძულების სხვადასხვა ფორმები, კერძოდ, მათ შორის კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს მეშვეობით ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო ყალბ ბრალდებასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, კი ა. შ-ის მსჯავრდების სიყალბე დადგენილი არ არის, რის გამოც ის არ აკმაყოფილებს მითითებული ნორმით დადგენილ მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილია არსებითად სწორი გადაწყვეტილება, რის გამოც სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით არ არსებობს ც. ა-ე-შ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. ა-ე-შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.