№ ას-299-284-2013 20 სექტემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. წ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – დ. დ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. წ-სა და მ. წ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ქ.თბილისში, ა-ის ქუჩის, 8-10 შესახვევში (საკადასტრო კოდი: ...) მდებარე თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მხარეებს შორის რეალურად დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად, მხარეთა შეთანხმებით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ეკონომიური მდგომარეობის გამო სესხის სახით მიღებული თანხა არ გადაუხდიათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დ. წ-სა და მ. წ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა დ. დ-ის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ა-ის ქუჩის, 8-10 შესახვევში (საკადასტრო კოდი: ...) მდებარე უძრავი ნივთი და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და დ. წ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახლი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე, რომელიც დანიშნული იყო 2013 წლის 23 იანვარს 15:00 საათზე, არ გამოცხადდნენ აპელანტები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საქმის განხილვაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამასთან, სასამართლოში წარდგენილ იქნა აპელანტ მ. წ-ის განცხადება საქმის განხილვის გადადების შესახებ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. აპელანტის ეს შუამდგომლობა პალატამ 2013 წლის 23 იანვრის საოქმო განჩინებით არ დააკმაყოფილა (იხ. 2013 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი).
მოწინააღმდეგე მხარის, დ. დ-ის წარმომადგენლმა გ. თ-ემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა – აპელანტების გამოუცხადებლობის გამო მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა დ. და მ. წ-ის სააპელაციო საჩივარი.
2013 წლის 4 თებერვალს მ. წ-მა საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატას და მოითხოვა 2013 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გაადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. აპელანტ დ. წ-ს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და მის ნაწილში დ/გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მ. წ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მასზე, რომ მან ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და განმარტა, რომ აპელანტის მიერ მითითებული ცნობა არ შეესაბამებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოედქსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სტანდარტს, ვინაიდან მის მიერ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტი არ იყო ხელმოწერილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და ასევე არ შეიცავდა მითითებას 2013 წლის 23 იანვარს დანიშნულ სხდმაზე აპელნატ მ. წ-ის გამოცხადების შეუძლებლობაზე, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.
გარდა ამისა, პალატამ მიიჩნია, რომ მ. წ-მა ვერც საჩივრით დაამტკიცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული იმ გარემოებების არსებობა, რაც შეიძლება საფუძვლად დასდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის განხილვის განახლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. წ-ის საჩივარი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. წ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის იმ საფუზვლით, რომ სასამარტლომ არასწორად შეაფასა მ. წ-ის მიერ წარდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე და უკანონოდ დაასკვნა, რომ არ არსებობდა სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 აპრილის განჩინებით მ. წ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. წ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. წ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ მ. წ-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 8 აპრილს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე