№ას-691-657-2013 9 სექტემბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ-ო“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება (თავდაპირველ სარჩელში); ფულადი ვალებულების შესრულება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოპასუხე შპს „ტ-ოს“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2012 წლის 6 თებერვლის №64 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების (ვადის დარღვევის) გამო, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 97911.15 ლარის დაკისრება;
2. შპს „ტ-ის“ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, მხარეებს შორის 2012 წლის 6 თებერვალს გაფორმებული №64 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 5 თანამშრომლისათვის ლაზერული სკანერის ორდღიანი ტრენინგის ჩატარება.
მოგვიანებით, იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი შეიტანა შპს „ტ-ომ“, რომელმაც მოითხოვა:
1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის მის სასარგებლოდ 47777 ლარის დაკისრება;
2. მოწინააღმდეგე მხარისათვის მისავე სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 30438.5 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 14568.81 ლარის ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა 131119.34 ლარისა და ვალდებულების შესრულების ნაწილში.
ამავე გადაწყვეტილებით შპს „ტ-ოს“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 50820.85 ლარის ნაწილში, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა 27394.65 ლარის ნაწილში.
გარდა ამისა, დადგინდა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2012 წლის 6 თებერვლის №64 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შპს „ტ-ოს“ ურთიერთმოთხოვნების გაქვითვა:
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შპს „ტ-ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა 36252.04 ლარის გადახდა;
მასვე დაეკისრა შპს „ტ-ოს“ სასარგებლოდ 1087.56 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და 2000 ლარის გადახდა შპს „ტ-ოს“ მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ. აპელანტმა მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების გაუქმება როგორც სარჩელის (იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა 131119.34 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე), ისე შეგებებული სარჩელის (იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაეკისრა 50880.85 ლარის, 36252.04 ლარის, 1087.56 ლარისა და 2000 ლარის ნაწილში) დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება კიდევ იმგვარად, რომ: 1. შპს „ტ-ოს“ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ დაკისრებოდა 131119.34 ლარის გადახდა; 2. შპს „ტ-ოს“ დავალებოდა, საკუთარი სახსრებით უზრუნველეყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში იმ ვალდებულების სრულად შესრულება, რომელიც გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის გაფორმებული 2012 წლის 6 თებერვლის №64 ხელშეკრულებით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, კერძოდ, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 5 თანამშრომელს ჩატარებოდა ლაზერული სკანერის ორდღიანი ტრენინგი, რომლის ღირებულებაც ხელშეკრულებით შეადგენდა 14008 ლარს.
აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში განმარტა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო თავის ფულად ვალდებულებას ცნობდა შპს „ტ-ოს“ მიმართ მხოლოდ 47777 ლარის გადახდის ნაწილში. იგი თანახმა იყო, ამ ნაწილში მომხდარიყო ფულადი ვალდებულებების ურთიერთგაქვითვა მხარეთა შეთანხმებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ტ-ოს“ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ დაეკისრა 14568.80 ლარის გადახდა.
ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ტ-ოს“ შეგებებული სარჩელიც, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შპს „ტ-ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა 47777 ლარის გადახდა, ურთიერთმოთხოვნები გაიქვითა და საბოლოოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შპს „ტ-ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა 33208.20 ლარის გადახდა.
ამავდროულად, აპელანტს შპს „ტ-ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 996.30 ლარის, მის მიერ ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ნაწილის – 1753.30 ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 121.68 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სამგანზომილებიანი ლაზერული სკანერების სისტემის შესყიდვის მიზნით 2012 წლის 6 იანვარს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან – შპს „ტ-ან”, 2012 წლის 6 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N64 ხელშეკრულება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 434890 ლარით, დღგ-ს ჩათვლით.
ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2 და 2.3 პუნქტების შესაბამისად, შპს „ტ-ომ” ვალდებულება აიღო, ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლაზერული 3 სკანერი, Leica C10, ფასების ცხრილში მითითებული სპეციფიკაციის შესაბამისად. ამავე ვადაში, მიმწოდებელს საქონლის მიწოდებიდან 15 დღის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა ბიუროს 5 თანამშრომლის 5-დღიანი ტრენინგი, ხოლო საქონლის მიწოდებიდან არა უგვიანეს 30 დღის ვადაში – ბიუროს 5 თანამშრომლის 2-დღიანი ტრენინგი.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე დანართი 1 ფასების ცხრილის მიხედვით, განისაზღვრა ორი ხუთდღიანი ტრენინგის ჩატარება 45 დღის ვადაში და 55 დღეში ორდღიანი ტრენინგის ჩატარება.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებისა და ტრენინგის ჩატარების ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს (შპს „ტ-ოს”) ყოველი დაგვიანებული დღისათვის ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.5 პროცენტის ოდენობით.
ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.2 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველის მიერ მისაწოდებელი საქონლის საფასურის ანაზღაურების ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისათვის მას ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.5%-ის ოდენობით. აღსანიშნავი იყო ის ფაქტი, რომ 10.1 პუნქტისგან განსხვავებით, 10.2 პუნქტით არ დგინდებოდა, თუ საიდან უნდა მომხდარიყო ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაანგარიშება – ხელშეკრულების ღირებულებიდან თუ შეუსრულებელი ვალდებულებიდან.
საქმის მასალებით დადგინდა, რომ შპს „ტ-ომ” ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში მიაწოდა ექსპერტიზის ბიუროს ლაზერული სკანერი და ასევე ვადის დაცვით ჩაატარა ერთი ხუთდღიანი ტრენინგი. სკანერის ღირებულება 353344 ლარი, ისევე როგორც ტრენინგის საფასური 33769 ლარი, ექსპერტიზის ბიურომ შპს „ტ-ოს“ აუნაზღაურა დადგენილ ვადებში და ეს გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
ამასთან, საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2-დღიანი ტრენინგი (ღირებულებით 14008 ლარი) 2012 წლის 6 აპრილის ნაცვლად, დასრულდა 2012 წლის 25 მაისს, მაშინ როდესაც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N64 ხელშეკრულების 2.3 პუქტის თანახმად, საქონლის მიწოდება და თანამშრომელთა სწავლება-ტრენინგი უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან (2012 წლის 6 თებერვალი) არა უგვიანეს 60 კალენდარული დღისა, ანუ 2012 წლის 6 აპრილის ჩათვლით. მითითებულ ვადაში ჩატარებული არ იყო მეორე ხუთდღიანი ტრენინგიც, ღირებულებით 33769 ლარი. შესაბამისად, მოქმედება დაიწყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 10.1 პუნქტმა, რომლის საფუძველზე, შპს „ტ-ის“ დაკისრებული ყოველდღიური პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 2174.45 ლარს (ხელშეკრულების ღირებულების 434890 ლარის 0.5%).
ექსპერტიზის ბიუროს მითითებით, იგი შპს „ტ-ან“ საპასუხო მოქმედების (მეორე ხუთდღიანი ტრენინგის ჩატარება – ღირებულებით 33769 ლარი) განხორციელებამდე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ 2-დღიანი ტრენინგი ჩატარდა უხარისხოდ და ამ გარემოებების გამო, „ტ-ოს“ ეკისრებოდა პირგასამტეხლო, თავს იკავებდა მომსახურების ღირებულების – 14008 ლარის შპს „ტ-ის“ გადახდაზე.
2012 წლის 13 ივნისს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ტ-ოს“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 145688.15 ლარის დაკისრება, აგრთვე, მისი დავალდებულება მოსარჩელის თანამშრომლებისთვის ჩაეტარებინა ერთი 2-დღიანი ტრენინგი (ღირებულებით 14008 ლარი) და ერთი 5-დღიანი ტრენინგი (ღირებულებით 33768 ლარი). ამავე სარჩელით ექსპერტიზის ბიურო შუამდგომლობდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვაზე და მოპასუხისგან ამ მომსახურების მიღების შემდეგ, თანხმობას აცხადებდა, რომ, ამ მომსახურების ჯამური ღირებულება 47777 ლარი გამოქვითულიყო მოპასუხეზე დაკისრებული 145 688.15 ლარიდან (145 688.15–47 777 =97 911.15).
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ შპს „ტ-ომ“ მეორე ხუთდღიანი ტრენინგი ჩაატარა ექსპერტიზის ბიუროს მხრიდან განსახილველი სარჩელის აღძვრის შემდეგ, 2012 წლის 16-20 ივლისს, რის შემდეგაც, 2012 წლის 9 ნოემბერს შპს „ტ-ომ“ შეგებებული სარჩელი აღძრა ექსპერტიზის ბიუროს წინააღმდეგ და მოითხოვა ჩატარებული ორი ტრენინგის (ერთი ორდღიანი, მეორე ხუთდღიანი) ჯამური ღირებულების 47777 ლარის და ამ თანხის გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს სახით 30435.5 ლარის დაკისრება მოპასუხისთვის.
სააპელაციო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ყურადღების გამახვილება იმ ფაქტზეც, რომ ექსპერტიზის ბიუროს სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით შპს „ტ-ო“ ეთანხმებოდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს რაოდენობას 145688.15 ლარის ოდენობით, თუმცა მიიჩნევდა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება იყო არამართლზომიერი, რადგან მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება მეორე ხუთდღიანი ტრენინგის მოგვიანებით ჩატარებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხე შპს „ტ-ოს“ ეს მოსაზრება საფუძვლიანად არ იქნა გაზიარებული და იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილება შპს „ტ-ოს“ სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, ამ საკითხზე სასამართლომ აღარ იმსჯელა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება შპს „ტ-ოს“ მიერ ორდღიანი ტრენინგის უხარისხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის ეს არგუმენტი დასაბუთებულად უარყო.
მოცემულ შემთხვევაში, შპს „ტ-ოს” მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შესახებ სარჩელში მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ეკისრებოდა, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო მათი დადასტურება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ფაქტის დადგენისას, საქალაქო სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამი ტრენინგის ჩატარებას. ხუთდღიანი ტრენინგები მოიცავდა სისტემების ფუნქციონირებისა და სამუშაო პროცესის შესწავლას, საველე ცდებს, მეორე ხუთდღიანი ტრენინგის მიზანი იყო გამოცდილების დაგროვების შემდეგ პრობლემური საკითხების გარკვევა. აღნიშნული ორი ხუთდღიანი ტრენინგიც იმავე კომპიუტერების გამოყენებით ჩატარდა და ამ შემთხვევაში ტექნიკურ ხარვეზებს ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული გარემოებები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სადავოდ არ გაუხდია. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ვერ ადასტურებდა, სათანადო სიმძლავრის კომპიუტერების არარსებობის პირობებში, როგორ გახდა შესაძლებელი ტექნიკური ხარვეზის გარეშე სხვა ტრენინგების ჩატარება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დადგენილად ჩათვალა ის გარემოება, რომ ადგილი არ ჰქონია შპს „ტ-ოს” მიერ ორდღიანი ტრენინგის უხარისხოდ ჩატარების ფაქტს.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის პრეტენზია საქალაქო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის არასწორად გამოყენების შესახებ, რაც გამოიხატა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს (145688.15 ლარი) ათჯერ შემცირებაში.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო 420-ე მუხლის დანაწესით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, მხარეები თავისუფალი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, მაგრამ ეს თავისუფლება გარკვეული ფასეულობებითაა შეზღუდული, რომლის მიზანიცაა სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა. პირგასამტეხლოს მიზანს არ წარმოადგენს კრედიტორის გამდიდრება, მისი ოდენობა ადეკვატური უნდა იყოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის. აღნიშნულის მიუხედავად, შესაძლებელია მხარეები იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. ამიტომაც განსაზღვრავს კანონი სასამართლოს უფლებამოსილებას – სამართლიანად შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგნის ჯამური ღირებულება შეადგენდა 434890 ლარს. საქმის მასალებით დადგინდა, რომ მოპასუხე შპს „ტ-ომ“ 387113 ლარის ღირებულების საქონლის და მომსახურების მიწოდება კონტრაგენტისათვის განახორციელა ხელშეკრულების პირობების დაცვით. შპს „ტ-ოს“ მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამოიხატა ერთი ორდღიანი და ერთი ხუთდღიანი ტრენინგის ვადის დარღვევით ჩატარებაში. ამ მომსახურების ჯამური ღირებულების (47777 ლარი), ვადის გადაცილების პერიოდისა და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა , რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (145688.15 ლარი) დასაბუთებულად შეამცირა ათჯერ – 14568.81 ლარამდე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირგასამტეხლოს ამ ოდენობის გაზრდის რაიმე წინაპირობა.
ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა აპელანტის – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობდა მათთვის შპს „ტ-ოს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 3043.85 ლარის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
როგორც დადგინდა, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები პირველმა დაარღვია შპს „ტ-ომ“, რაც გამოიხატა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრენინგების შეთანხმებულ ვადებში ჩაუტარებლობით. ამასთან, 2013 წლის 13 ივნისს, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მოთხოვნით, თავდაპირველი სარჩელით სასამართლოს მიმართა ექსპერტიზის ბიურომ. ამ დროისათვის მოპასუხე შპს „ტ-ოს“ მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ჰქონდა მეორე ხუთდღიანი ტრენინგის ჩატარების ვალდებულება (ღირებულებით 33769 ლარი), ხოლო ერთი ორდღიანი ტრენინგი (ღირებულებით 14008 ლარი) მოპასუხეს ჩატარებული ჰქონდა ვადის დარღვევით. ამ გარემოებების გათვალისწინებით და ხელშეკრულების 10.1 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მოპასუხისგან ითხოვდა პირგასამტეხლოს 145688.15 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის მოსაზრება და მიიჩნია, რომ ექსპერტიზის ბიურო უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა შპს „ტ-ის“ ვადის დარღვევით ჩატარებული ორდღიანი ტრენინგის ღირებულების – 14008 ლარის – ანაზღაურებაზე მანამ, სანამ მოპასუხე არ განახორციელებდა საპასუხო ქმედებას და არ ჩაუტარებდა მეორე ხუთდღიან ტრენინგს (ღირებულებით 33769 ლარი). ამასთან, შპს „ტ-ოს“ მხრიდან დაუსაბუთებელი იყო პირგასამტეხლოს მოთხოვნა ვადის დარღვევით ჩატარებული მეორე ხუთდღიანი ტრენინგის ღირებულების გადაუხდელობის გამოც, რადგან, როგორც აღინიშნა, ეს ტრენინგი ჩატარდა ექსპერტიზის ბიუროს მხრიდან მოცემული სარჩელის აღძვრის შემდეგ, რომლითაც ასევე მოთხოვნილი იყო მხარეთა ფულადი ვალდებულებების დადგენა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. ექსპერტზის ბიუროს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც ემყარებოდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 10.1 პუნქტს (ეს გარემოება შესაგებლით არც შპს „ტ-ოს“ გაუხდია სადავიდ), გაცილებით აღემატებოდა მის სამომავლო ვალდებულებას შპს „ტ-ოს“ მიმართ. ასეთ პირობებში, როცა სახეზე იყო მხარის (ექსპერტიზის ბიუროს) მართლზომიერი ქმედება, რაც გამოიხატა ვალდებულების შესრულებისაგან დროებით თავის შეკავებაში კონტრაგენტის მხრიდან საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე და სასამართლოს მიერ მხარეთა ურთიერთვალდებულებების ზუსტი ოდენობის დადგენამდე, საუბარი ამ მხარისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე კანონსაწინააღმდეგო იყო.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის შპს ,,ტ-ოს’’ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 3043.85 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
მიუხედავად ამისა, უდავო იყო ის, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შპს „ტ-ის“ ასანაზღაურებელი ჰქონდა გაწეული მომსახურების (ორი ტრენინგის) ღირებულება 47777 ლარის ოდენობით. ხსენებული საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და ამავე კოდექსის 317-ე მუხლის დანაწესებით. მოხმობილი ნორმების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სწორედ სახელშეკრულებო ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობდა მხარეთა შორის 2012 წლის 6 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N64 შერეული ხელშეკრულებიდან (სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლი).
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, ერთი მხრივ შპს „ტ-ოს“ ვალდებულება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ 14568.80 ლარის ოდენობით, მეორე მხრივ, ექსპერტიზის ბიუროს საპასუხო ფულადი ვალდებულება შპს ,,ტ-ოს’’ მიმართ 47777 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ამავე კოდექსის 444-ე მუხლის თანახმად, თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე.
რამდენადაც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და შპს „ტ-ოს” გააჩნდათ ურთიერთმოთხოვნები, ამასთან, მხარეთა გასაქვითი მოთხოვნები სრულად ვერ ფარავდნენ ერთმანეთს, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მოთხოვნა შეადგენდა 14568.80 ლარს, ხოლო შპს „ტ-ოს” მოთხოვნის მოცულობა იყო 47777 ლარი, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გასაქვითი მოთხოვნებიდან თავდაპირველი მოსარჩელის მოთხოვნის ოდენობა ნაკლები იყო შპს „ტ-ოს” მოთხოვნაზე, რის გამოც მხარეთა ურთიერთმოთხოვნები უნდა გაქვითულიყო 14568.80 ლარის ნაწილში და საბოლოოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შპს „ტ-ოს” სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაკისრებოდა დარჩენილი თანხა 33208.20 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლას, სახელდობრ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 და მე-7 პუნქტების შემდეგნაირად ჩამოყალიბებას: ა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შპს „ტ-ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს 33769 ლარი (მე-6 პუნქტი); ბ. მხარეთა ურთიერთმოთხოვნები გაიქვითოს და საბოლოოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შპს „ტ-ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს 19200.2 ლარი.
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასაკმარისადაა დასაბუთებული იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა, რომ შპს „ტ-ომ“ ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ორდღიანი ტრენინგის ჩატარების თაობაზე და რომ თითქოს ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ვერ დაადასტურა ორდღიანი ტრენინგის უხარისხოდ ჩჶატარების ფაქტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მითითებული გარემოება წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას კასატორის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უნდა ჩაეტარებინა 3 ტრენინგი, მათ შორის, 2 ხუთდღიანი და 1 ორდღიანი ტრენინგი. 1 ხუთდღიანი ტრენინგი ჩატარდა ჯეროვნად, დათქმულ ვადაში, ხოლო მე-2 – ვადის დარღვევით. დაგვიანებით ჩატარებული ტრენინგის საფასურს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გადაიხდის სრულად, ნებაყოფლობით (ამ ნაწილში შპს „ტ-ოს“ შეგებებული სარჩელი ცნო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ). პრობლემურია მხოლოდ ორდღიანი ტრენინგის უხარისხოდ და არაჯეროვნად ჩატარების საკითხი. ამ შემთხვევაში, ბიუროს თანამშრომლებმა ვერ მიიღეს ის საჭირო ინფორმაცია, რასაც მიზნად ისახავდა შესაბამისი სწავლება;
მოდავე მხარეებს შორის 2012 წლის 6 თებერვალს დადებული №64 ხელშეკრულების №1 დანართში მითითებული დებულებებიდან გამომდინარე, სწავლება უნდა ჩაეტარებინა შპს „ტ-ოს“ უზრუნველყოფით სათანადო გამოცდილების მქონე პოლიციის ექსპერტს. ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად. აღნიშნული ურთიერთობის მოწესრიგებისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლითაც დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მითითებული ორდღიანი ტრენინგის საერთო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 14008 ლარს. 2012 წლის 24-25 მაისს, შპს „ტ-ოს“ მიერ არ ყოფილა უზრუნველყოფილი უცხოელი გამოცდილი ექსპერტის მონაწილეობით ორდღიანი ტრენინგის ჩატარება. შესაბამისი კონფიგურაციის კომპიუტერული პროგრამის არარსებობის გამო, ვერ მოხერხდა სწავლების პროცესში დასკანერებული მასალის შემდგომი პროგრამული დამუშავება და ვერ განხორციელდა 3C სკანერის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ნაწილის ბიუროს ექსპერტებისათვის ჯეროვნად სწავლება. ტრენინგის ჩატარების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი იყო შპს „ტ-ო“, მას უნდა უზრუნველეყო სწავლების ტექნიკური მხარის მომზადება. ბიუროს ექსპერტებმა სრულყოფილად ვერ აითვისეს 3C სკანერის საშუალებით დასკანერებული მასალის შემდგომი პროგრამული დამუშავება და დასრულებული ციფრული მასალის შექმნა. დასახელებული მიზეზის გათვალისწინებით კასატორს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მას არ უნდა დაეკისროს 14008 ლარის გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (700.40 ლარი) 70% – 490.28 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (700.40 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 25 ივნისი, საგადახდო დავალება №...) 70% – 490.28 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე