№ას-299-284-2013 28 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ. წ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – დ. დ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დ. წ-სა და მ. წ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისში, ა-ის ქუჩის შესახვევის 8-10-ში (საკადასტრო კოდი: ...) დ. დ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი და დ. დ-ს გადაეცა თავისუფალ მდგომარეობაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. და მ. წ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. წ-სა და მ. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტების გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ მ. წ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მ. წ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. წ-მა, დ. წ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა დ. წ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: ა) გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება; ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული; გ) სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა; დ) თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.
ამავე კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დ. წ-მა ჩაიბარა 2013 წლის 25 იანვარს (ტ.1, ს.ფ53). იმის გათვალისწინებით, რომ დ. წ-მა აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, მის ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 4 თებერვალს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დ. წ-ის ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში, მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. წ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია