Facebook Twitter

¹ ბს-62-44-კ-05 23 ივნისი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ჯ. გახოკიძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ.04.10 განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შპს “ბ.” სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში, მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ფინანსთა სამინისტროს 2002წ. 25.09 ¹478 ბრძანების (შპს “ბ.” ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების შესახებ”) ბათილად ცნობა, შემდეგი საფუძვლით:

10.10.2002წ. დაფუძნდა და რეგისტრაციაში გატარდა შპს “ბ.”, რომლის საქმიანობის ერთ-ერთ სფეროს წარმოადგენს სათამაშო ბიზნესი, კერძოდ, ტოტალიზატორის მოწყობა. ფინანსთა სამინისტროს მიერ 2002წ. 07.12. გაიცა შპს “ბ.” შესაბამისი ლიცენზია ¹01-7/942, სხვადასხვა, მათ შორის ფინანსური სიძნელეების გამო ვერ მოხერხდა ტოტალიზატორის ამუშავება 2003 წელს. 2004წ. თებერვალში მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს 2003წ. 25.09 ¹479 ბრძანებით გაუქმებულ იქნა ლიცენზია.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს მითითებული ბრძანება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, რადგან ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შპს “ბ.” ლიცენზია უქმდება “სამეწარმეო საქმიანობისა ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის II პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე. ფინანსთა სამინისტრომ ლიცენზიის შეჩერების შესახებ არ აცნობა მოსარჩელეს, შესაბამისად, მისარჩელეს არ მიეცა ვადა შეჩერების საფუძვლების აღმოსაფხვრელად, ამასთან, უცნობია თუ რა დაედო ლიცენზიის შეჩერებას საფუძვლად.

მოპასუხე ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ დაუშვა დარღვევები, რის გამოც 2003წ. 25.09 გაუქმდა ლიცენზიის მოქმედება და შეტყობინებები ლიცენზიის შეჩერებისა და გაუქმების შესახებ გაეგზავნა მას.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ.04.10 განჩინებით შპს “ბ.” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს 2003წ. 25.09 ბრძანება ¹478 (ლიცენზიის გაუქმების შესახებ) და ფინანსთა სამინისტროს დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ბრძანების გამოცემა, რაც სასამართლო კოლეგიამ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სასამართლომ მიუთითა “ლიცენზირებისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ გასაჩივრებულ ბრძანებაში ლიცენზიის გაუქმების საფუძვლად მითითებული ნორმა არეგულირებს არა ლიცენზიის, არამედ, ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადებას, ხოლო ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლის შემთხვევებს არეგულირებს ამავე კანონის 16.1 მუხლის “გ” პუნქტი.

სასამართლო კოლეგიამ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და განმარტა, რომ დაუშვებელია, ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ის ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ასევე, სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლზე და განმარტა, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ შპს “ბ.” ჩაბარდა ლიცენზიის შეჩერების შესახებ 2003წ. 08.05 ბრძანება, რომლის თანახმად შპს “ბ.” უნდა აღმოეფხვრა ამ ბრძანებაში მითითებული ლიცენზიის შეჩერების საფუძვლები.

სასამართლო კოლეგიამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი და განმარტა, რომ შპს “ბ.” ლიცენზიის გაუქმების შესახებ 2003წ. 25.09 ¹478 ბრძანება გამოიცა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, კერძოდ, მოპასუხემ არ გაარკვია, ლიცენზიის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება წერილობით ეცნობა თუ არა მის მფლობელს, ჰქონდა თუU არა მას საშუალება, აღმოეფხვრა ლიცენზიის შეჩერების სფუძვლები, გადაწყვეტილება ლიცენზიის შეჩერების თაობაზე აღირიცხა თუ არა სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში და გამოქვეყნდა თუ არა “საკანონმდებლო მაცნეში”, ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს აქვს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რადგან, მოპასუხემ მიუხედავად მისი კანონისმიერი ვალდებულებისა ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა კანონით მინიჭებული უფლება და შესაძლებლობა აღმოეფხვრა ლიცენზიის შეჩერების საფუძვლები და რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელე თავისი ბრალის გარეშე ვერ ახორციელებს ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას.

თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი მოტივით:

კასატორმა მიუთითა “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ლ” ქვეპუნქტი და აღნიშნა, რომ სასამართლოს მოტივაცია არ არის საკმარისი ფინანსთა სამინისტროს ბრძანების ბათილად ცნობისათვის, რადგან ზემოაღნიშნული კანონის არც მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის გამოყენება არ გამოიწვევდა სხვაგვარ შედეგს.

კასატორმა განმარტა, რომ შპს “ბ.” ლიცენზიის მოქმედება შეუჩერდა ფინანსთა სამინისტროს 2003წ. 08.05 ¹219 “ლატარიების, კაზინოების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობისა და ლიცენზირების წესის შესახებ” ბრძანების საფუძველზე, პრეზიდენტის 1999წ. ¹704 ბრძანებულების მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნათა შეუსრულებლობისთვის. აღნიშნულის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეცნობა სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში დასაფიქსირებლად, “საკანონმდებლო მაცნეს” რედაქციას, აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას და თვით შპს “ბ.”, შესაბამისად, შპს “ბ.” ცნობილი იყო ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ, ხოლო შეტყობინებიდან 3 თვის გასვლის შემდეგ სალიცენზიო პირობების დარღვევის ფაქტის გამოუსწორებლების გამო გაუუქმდა ლიცენზია.

აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს სადავო ადმინისტრაციული აქტი არ გამოუცია საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების გარეშე, ამასთან, მათ მიერ დაცული იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნა, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლები.

სამოტივაციო ნაწილი:L

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების დასაბუთებულობა _ საფუძვლიანობის და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების, კერძოდ, სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, დაირღვა საპროცესო ნორმები, სწორი შეფასება არ მიეცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, სწორად არ იქნა საქმის მასალები გამოკვლეული და დადგენილი ფაქტები. სადავო სამართალურთიერთობას სწორად არ შეეფარდა კანონის ნორმები.

სსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიისან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, რამდენადაც საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს “ბ.” ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ შეტყობინება გაეგზავნა იუსტიციის სამინისტროს, ასევე, “საკანონმდებლო მაცნეს” რედაქციას და შპს “ბ.”, მაგრამ დადასტურება, რომ ამ უკანასკნელს ჩაბარდა შეტყობინება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ, საქმეში არ მოიპოვება, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს შპს “ ფ.” ფილიალის “თ. ფ.” წერილი, რომლითაც განმარტებულია, რომ “საფოსტო წესების” ¹745 მუხლის შესაბამისად, მოქ.ეთა განცხადებები და წარმოება-დაწესებულებების პრეტენზიები საფოსტო გზავნილებების შესახებ განიხილება საფოსტო გზავნილების გაგზავნიდან ექვსი თვის განმავლობაში, დღიდან საფოსტო გზავნილების კავშირგაბმულობის საწარმოში ჩაბარებისა, ხოლო 2004წ. 12 ივლისის მდგომარეობით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ პრეტენზიის მიღების ვადები დიდი ხნის ამოწურული იყო, შპს “ბ.” აღნიშნული წერილის გაგზავნის და ჩაბარების ან ჩაუბარებლობის დამადასტურებელი საბუთები მათ არ მოეპოვება, შესაბამისად, ადრესატისათვის მისი ჩაბარების შემოწმების და დადასტურების შესაძლებლობა არ გააჩნიათ.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ განჩინებაში, რომლითაც გამოთხოვილი იქნა მტკიცებულებები სასამართლო კოლეგიისმიერ 2004წ. 29 ივნისს, არ იყო მითითებული მათთვის აუცილებელი მონაცემები, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მიერ შპს “ბ.” შეტყობინების წერილის გაგზავნის საფოსტო ნომ.და ამ წერილის შესახებ თბილისის ფოსტამტისთვის ფინანსთა სამინისტროს მიმართვის რეკვიზიტები (წერილის ნომ.და გაგზავნის თარიღი, ასევე, შპს “ბ.” მისამართი).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებების შეფასების და გამოკვლევის გარეშე შეუძლებელი იყო, სასამართლოს კოლეგიას მიეჩნია, რომ შპს “ბ.” ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ არ ეცნობა, რადგან განჩინებაში, რომლითაც გამოთხოვილ იქნა მტკიცებულებები, მითითებული არ იყო გამოთხოვილი მტკიცებულებების ზუსტი მონაცემები, ხოლო ზემოაღნიშნულ წერილს სასამართლო კოლეგიამ შეფასება არ მისცა და ისე მიიჩნია, რომ ადრესატისათვის აქტი ჩაუბარებელია.

საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და 19-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, შესაბამისად, შეაგროვოს მტკიცებულებები და გამოიკვლიოს ის გარემოება, შპს “ბ.” ცნობილი იყო თუ არა ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ, რადგან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით დადგენილი არ არის, ხოლო, რაკი აღნიშნული გარემობის დადასტურება ვერ იქნა უზრუნველყოფილი შესაბამისი მტკიცებულებებით, მოკლებულია დასაბუთებას, მით უფრო, რომ დადასტურებულია, რომ შპს “ბ.” აღნიშნული აქტი გაეგზავნა ფინანსთა სამინისტროს მიერ 2003წ. 20 მაისს, სასამართლო კოლეგიამ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, კერძოდ, თუ შპს “ბ.” ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ როდის ჩაბარდა შეტყობინება იუსტიციის სამინისტროს, ასევე, “საკანონმდებლო მაცნეს” რედაქციას და შესაბამისად, შეფასება მისცეს მოპოვებულ მტკიცებულებებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, მაგრამ, კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო რა მტკიცებულებების მოპოვება, მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ, ხოლო სასამართლოს მიერ მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ 2004წ. 29 ივნისის განჩინებაში გამოსათხოვი მტკიცებულებების მონაცემები მითითებულ იქნა არასრული სახით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოიკვლიოს ყველა გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს და მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება, ამასთან, მითითებული ნორმით იმპერატიულად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძვლად ისეთი ფაქტის მითითების დაუშვებლობა, რომელიც გამოკვლეული არ ყოფილა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის საფუძვლების შესახებ” კანონის 16-ე მუხლით მოწესრიგებულია რა ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები, მითითებული ნორმის I ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ ლიცენზიის გაუქმება ნიშნავს ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ან ბათილად გამოცხადებას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ეცნობებინა შპს “ბ.” ლიცენზიის შეჩერების შესახებ, განესაზღვრა მისთვის ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება საწარმოსათვის ლიცენზიის გაუქმების შესახებ, ამასთან, ის გარემოება, რომ შპს “ბ.” არ ჩაბარდა ლიცენზიის შეჩერების შესახებ ბრძანება, _ რომელიც გადაგზავნილი იქნა ფინანსთა სამინისტროს მიერ საქმის მასალებით დადასტურებული არ არის, შესაბამისად, საქმეზე სასამართლო კოლეგიის მიერ ფაქტობრივი გარემოებები არ იქნა გამოკვლეული სრულყოფილად.

ბრძანებაში მითითებული ნორმით მოწესრიგებულია ნებართვების ძალადაკარგულად გამოცხადება, ხოლო ლიცენზიის გაუქმებას არეგულირებს ამავე კანონის 16.2 გ პუნქტი. მითითებული ნორმით დადგენილია, რომ ლიცენზიის გაუქმება შესაძლებელია ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძვლები, ხოლო ლიცენზიის შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარისათვის ცნობილია აღნიშნულის შესახებ, შესაბამისად, იმ გარემოების გამოკვლევის გარეშე, თუ როდის ეცნობა შპს “ბ.” ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, შეუძლებელია საქმის ობიექტურად და კანონიერად გადაწყვეტა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ არამართებულად ისარგებლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით, რამდენადაც დადგენილი არ არის ის გარემოება, რომ შპს “ბ.” ლიცენზიის გაუქმების შესახებ 2003წ. 25 სექტემბრის ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშნელობის მქონე გარემოებების შეფასების და გამოკვლევის გარეშე, მით უფრო, რომ ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ შპს “ბ.” უცნობი იყო ლიცენზიის შეჩერების შესახებ ბრძანებაში მითითებული საფუძვლების შესახებ და მას არ ჰქონდა ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა არსებით განხილვას, რა დროსაც სასამართლო კოლეგიამ უნდა გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული მითითებები საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით; სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წ.04.10 განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.