Facebook Twitter

საქმე №ა-2514-შ-57-2013 18 ოქტომბერი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი. მ-ი

წარმომადგენელი – თ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შ. მ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ბელფორის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 5 სექტემბრის (10 ოქტომბერი) გადაწყვეტილება (განაჩენი)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბელფორის პირველი ინსტანციის სასამართლომ 2006 წლის 5 სექტემბერს დახურულ სხდომაზე განიხილა ი. ა. ასული ტ-ის (მეუღლის გვარი მ-ი) სარჩელი შ. ა. ძე მ-ის მიმართ და 2006 წლის 10 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით მხარეთა მოთხოვნა განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. მ-ის წარმომადგენელმა ზ. ა-ამ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის იურიდიული ინტერესი ქორწინების შეწყვეტის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში აღრიცხვაა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული ბეზანსონის სააპელაციო სასამართლოს უფროსი მდივნის ცნობის თანახმად, ბელფორის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, თავად გადაწყვეტილების აპოსტილით დამოწმებული ქართული თარგმანის შესაბამისად, ასევე ირკვევა საქმის განხილვის თაობაზე მხარეთა ინფორმირების ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის განჩინებით ი. მ-ის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში ბელფორის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 5 სექტემბრის (10 ოქტომბერი) აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ზ. ა-ას ადვოკატის მოწმობის ასლის ან უშუალოდ მხარის ან სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის (რომელიც დაადასტურებს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას) მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობის წარმოდგენა.

2013 წლის 6 აგვისტოს სასამართლოს განცხადებით მომართა ი.მ-ის წარმომადგენელმა ზ. ა-ამ და იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძების თაობაზე იმ საფუძვლით რომ საბუთები მისაღები აქვს სხვა ქვეყნიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ი. მ-ის წარმომადგენელ ზ. ა-ას შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა, შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 (ხუთი) დღით და დაევალა ბელფორის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 5 სექტემბრის აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებისა და ზ. ა-ას ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენეა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ზ.ა-ა ვერ დაადასტურებდა უფლებამოსილებას, მაშინ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო უშუალოდ მხარის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა.

2013 წლის 26 სექტემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა ი. მ-ის წარმომადგენელმა თ. ბ-მა, რომელმაც წარმოადგინა მის სახელზე გაცემული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი მინდობილობა და ადვოკატის მოწმობის ასლი, ამასთან იშუამდგომლა საპროცესო ვადის გონივრული დროით გაგრძელებაზე იმ საფუძვლით რომ არის ახალი წარმომადგენელი და ჯერჯერობით მისთვის უცნობია საქმის მასალები, შესაბამისად, მოითხოვა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება.

2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით, ი. მ-ის წარმომადგენელ თ. ბ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე კიდევ ერთხელ დაკმაყოფილდა, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 (ხუთი) დღით და დაევალა ბელფორის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 5 სექტემბრის აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების წარმოდგენა.

2013 წლის 15 ოქტომბერს სასამართლოს განცხადებით მომართა ი. მ-ის წარმომადგენელმა თ.ბ-მა, რომელმაც მიუთითა რომ, ვერ ახერხებს ხარვეზის შევსებას დადგენილ ვადაში და იშუამდგომლა შუამდგომლობის განუხილველად დატოვების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ი. მ-ის შუამდგომლობა ბელფორის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 5 სექტემბრის (10 ოქტომბერი) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ი. მ-ის წარმომადგენელმა ზ. ა-ამ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის განჩინებით ი. მ-ის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში ბელფორის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 5 სექტემბრის (10 ოქტომბერი) აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ზ. ა-ას ადვოკატის მოწმობის ასლის ან უშუალოდ მხარის ან სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის (რომელიც დაადასტურებს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას) მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობის წარმოდგენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ი. მ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში ბელფორის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 5 სექტემბრის (10 ოქტომბერი) აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ზ. ა-ას ადვოკატის მოწმობის ასლის ან უშუალოდ მხარის ან სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის (რომელიც დაადასტურებს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას) მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობის წარმოდგენა.

2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით კი, ი. მ-ის წარმომადგენელ თ. ბ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე კიდევ ერთხელ დაკმაყოფილდა, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 (ხუთი) დღით და დაევალა ბელფორის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 5 სექტემბრის აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების წარმოდგენა.

საპროცესო ვადის გაგარძელების შესახებ განჩინება თ. ბ-ს გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 2013 წლის 9 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, მან განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და განმარტა რომ ვერ ახერხებს ხარვეზის შევსებას და სურს შუამდგომლობის განუხილველად დატოვება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შუვსია, ამასთან სურს შუამდგომლობის განუხილველად დატოვება, პალატა მიიჩნევს, რომ ი. მ-ის შაუმდგომლობა ბელფორის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 5 სექტემბრის (10 ოქტომბერი) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. მ-ის შუამდგომლობა ბელფორის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 5 სექტემბრის (10 ოქტომბერი) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე