№ა-2617-შ-60-2013 24 ოქტომბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ფ. კ-ბ-ე
წარმომადგენელი – რ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება (განაჩენი)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (განაჩენი) ფ. კ-ბ-სა და თ. ბ-ეს შორის თბილისის ქორწინების სასახლეში 1999 წლის 6 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება ბათილად იქნა მიჩნეული, ვინაიდან ქორწინებას მოპასუხის მიერ მიადგა გამოუსწორებელი ზიანი, რის გამოც, სასამართლომ განაჩენი მიიჩნია განქორწინების განაჩენად.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ფ. კ-ბ-ის წარმომადგენელმა რ.ბ-ემ და მოთხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოპასუხე თ.ბ-ე, მიუხედავად ჯეროვანი ინფორმირებისა, საქმის განხილვაზე არ გამოცხადებულა, საოჯახო სასამართლოს განაჩენი არ გასაჩივრებულა და ძალაშია შესული. საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ ლეგალიზებული ცენტრალური მაკედონიის პერიფერიის გენერალური მდივნის გადაწყვეტილების თანახმად, ფ. კ-ამ მიიღო საბერძნეთის მოქალაქეობა და მისი სახელი და გვარი შეიცვალა ფ. კ-ი, საბოლოოდ განისაზღვრა ფ. კ-ბ-ი. საქმეზე დართული, აპოსტილით დამოწმებული განქორწინების მოწმობის თანახმად, N399/2012 განაცხადის შემთხვევაში, საოჯახო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და განქორწინების ბრძანება არ საჭიროებს ლეგალიზაცისა და სხვა პროცედურებს, ანალოგიური ვითარებაა გადმოცემული ადვოკატ ი. გ-ეს წერილობით განმარტებაში. შუამდგომლობას ასევე ერთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის გადაწყვეტილების ასლი ფ.ა გ-ბ-ის დაბადებისა და ქოწრინების აქტის ჩანაწერებში შესწორების თაობაზე, 1999 წლის 6 ნოემბერს გაცემული ქორწინების მოწმობისა და მისი ბერძნულენოვანი თარგმანის ასლი, ასევე ფ.ა კ-ას ქორწინებისა და დაბადების სააქტო ჩანაწერები (მოწმობები).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ფ. კ-ბ-ის შუამდგომლობა ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ფ. კ-ბ-ის შუამდგომლობა ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (განაჩენი) ფ. კ-ბ-სა და თ. ბ-ეს შორის თბილისის ქორწინების სასახლეში 1999 წლის 6 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება ბათილად იქნა მიჩნეული, ვინაიდან ქორწინებას მოპასუხის მიერ მიადგა გამოუსწორებელი ზიანი, რის გამოც, სასამართლომ განაჩენი მიიჩნია განქორწინების განაჩენად.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ფ. კ-ბ-ის წარმომადგენელმა რ.ბ-ემ და მოთხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოპასუხე თ.ბ-ე, მიუხედავად ჯეროვანი ინფორმირებისა, საქმის განხილვაზე არ გამოცხადებულა, საოჯახო სასამართლოს განაჩენი არ გასაჩივრებულა და ძალაშია შესული. საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ ლეგალიზებული ცენტრალური მაკედონიის პერიფერიის გენერალური მდივნის გადაწყვეტილების თანახმად, ფ. კ-ამ მიიღო საბერძნეთის მოქალაქეობა და მისი სახელი და გვარი შეიცვალა ფ. კ-ი, საბოლოოდ განისაზღვრა ფ. კ-ბ-ი. საქმეზე დართული, აპოსტილით დამოწმებული განქორწინების მოწმობის თანახმად, N399/2012 განაცხადის შემთხვევაში, საოჯახო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და განქორწინების ბრძანება არ საჭიროებს ლეგალიზაცისა და სხვა პროცედურებს, ანალოგიური ვითარებაა გადმოცემული ადვოკატ ი. გ-ეს წერილობით განმარტებაში. შუამდგომლობას ასევე ერთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის გადაწყვეტილების ასლი ფ.ა გ-ბ-ის დაბადებისა და ქოწრინების აქტის ჩანაწერებში შესწორების თაობაზე, 1999 წლის 6 ნოემბერს გაცემული ქორწინების მოწმობისა და მისი ბერძნულენოვანი თარგმანის ასლი, ასევე ფ.ა კ-ას ქორწინებისა და დაბადების სააქტო ჩანაწერები (მოწმობები).
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ კვიპროსის რესპუბლიკის იურიდიული სამსახურის მიერ 2013 წლის 8 ივლისს გაცემულ დოკუმენტზე - განქორწინების მოწმობაზე და აღნიშნავს, რომ ამ მტკიცებულებით დასტურდება ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების (განაჩენის) მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულების ფაქტი. ამ კუთხით სასამართლო მიუთითებს ასევე რ.ბ-ის განცხადებაზე, სადაც მხარის წარმომადგენელმა განსაზღვრა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების იურიდიული ინტერესი, კერძოდ, ამ განმარტების თანახმად, შუამდგომლობის აღძვრის მიზანი სამოქალაქო რეესტრში განქორწინების პროცედურების დასრულებაა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტის ყველა ეტაპზე საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის შესახებ მხარის შუამდგომლობა, პროცესუალური თვალსაზრისით, აღიარებითი სარჩელია, რომლის დაკმაყოფილებისათვის გადამწყვეტი მოთხოვნის ნამდვილი იურიდიული ინტერესია, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლისა. მოცემულ შემთხვევაში კი, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების განმაპირობებლად ვერ იქნება მიჩნეული რ.ბ-ის მტკიცება იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით, რადგანაც გადაწყვეტილება (განაჩენი), რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, უკვე აღსრულებულია მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე და აღარ არსებობს მისი განმეორებით აღსასრულებლად მიქცევის წინაპირობა, ამასთანავე, პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მხარის მიერ დასახული მიზნის მიღწევისათვის საკმარისი საფუძველია, რადგანაც, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ფ. კ-ბ-ის შუამდგომლობა ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ამავე გადაწყვეტილების (განაჩენის) აღსასრულებლად მიქცევაზე მხარეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ფ. კ-ბ-ის შუამდგომლობა ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება (განაჩენი), რომლითაც ფ. კ-ბ-სა და თ. ბ-ეს შორის თბილისის ქორწინების სასახლეში 1999 წლის 6 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება ბათილად იქნა მიჩნეული.
3. ფ. კ-ბ-ის შუამდგომლობა ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ.როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე