№ას-1024-978-2013 15 ოქტომბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის (განცხადების) ავტორი – მ. ზ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ე. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ე. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ც. კ-ას და მ. ზ-ეს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, წყნეთი ,,შავშავების’’ ტერიტორია, გ-ის ქ. №57, სართული 1, ბინა 56 (69,14 კვ.მ.) მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №… და გამოთავისუფლებულ მდგომრეობაში გადაეცა ე. კ-ს. ც. კ-ას და მ. ზ-ეს, ე. კ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2012 წლის 20 აპრილიდან, ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა - ქ. თბილისი, წყნეთი ,,შავშავების’’ ტერიტორია, გ-ის ქ. №57, სართული 1, ბინა 56-ზე ც. კ-ას და მ. ზ-ის მიერ მფლობელობის შეწყვეტამდე. ე. კ-ს უარი ეთქვა მოპასუხეთათვის დამატებით ყოველთვიურად 100 ლარის დაკისრების მოთხოვნაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ზ-ემ, ც. კ-ამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრის განჩინებით მ. ზ-სა და ც. კ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზა კერძო საჩივარი (განცხადება) შეიტანა მ. ზ-ემ და მოითხოვა საქმის წაროების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ზ-ის კერძო საჩივარი (განცხადება) განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრის ავტორს პირადად ჩაბარდა 2013 წლის 7 სექტემბერს (ტ.2, ს.ფ.14). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 8 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 19 სექტემბერს, ხოლო კერძო საჩივარი (განცხადება) მ. ზ-ემ შეიტანა 2013 წლის 25 სექტემბერს (ტ.2, ს.ფ.17-18), ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ზ-ის კერძო საჩივარი (განცხადება) განუხილველად უნდა დარჩეს საპროცესო ვადის გაშვების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ზ-ის კერძო საჩივარი (განცხადება) დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია