Facebook Twitter

№ას-1028-982-2013 10 ოქტომბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – მ, გ. და ნ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა. კ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2013 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით მ. კ-ის, გ. და ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მ, გ. და ნ. კ-ი ცნობილი იქნენ უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ა-ის ქ. კორპ №3, ბინა №5-ის ¼ ნაწილის თანამესაკუთრეებად; ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 31 დეკემბერს ა. კ-ის სასარგებლოდ დადებული ჩუქების ხელშეკრულება 1/14 ნაწილში უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ა-ის ქ. №3, ბ. 5.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივლისს გადაწყვეტილებით ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ, გ. და ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მ, გ. და ნ. კ-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ., გ. და ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივლისის განჩინების ასლი 2013 წლის 27 აგვისტოს ჩაბარდა კასატორების წარმომადგენელ თ. რ-ის (იხ. მინდობილობა, ტ.1, ს.ფ. 22) ოჯახის წევრს (მეუღლეს - მ. ყ-ს), რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით (ტ.2, ს.ფ. 74),

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დენა კასატორებისათვის დაიწყო 2013 წლის 28 აგვისტოს და ამოიწურა 2013 წლის 17 სექტემბერს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი შეტანილია 2013 წლის 23 სექტემბერს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ტომი 2, ს.ფ. 76-84).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მ, ნ. და გ. კ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანეს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ამიტომ მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ, გ. და ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე