საქმე №ას-1058-1009-2013 30 ოქტომბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი _ ა. რ.კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ა. ჯ-ი“
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 სექტემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 აგვისტოს განჩინებით შპს „ა. ჯ-ის“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მოპასუხე ა. რ. კ-ის წილს შპს მ. ო. „ს. კ-ი“.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ა. რ. კ-იმ და მოითხოვა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხემ მოითხოვა, რომ მოსარჩელეს დავალებოდა უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 აგვისტოს განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. ასევე არ დაკმაყოფილდა განცხადება უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ა. რ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 აგვისტოს განჩინება.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ა. რ. კ-იმ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ ა. რ. კ-ის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ განჩინებაზე მოპასუხეს შეუძლია შეიტანოს საჩივარი.
ამავე კოდექსის 1971 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საჩივრის თაობაზე საბოლოოა და მისი გასაჩივრება არ დაიშვება.
მოცემულ შემთხვევაში, ა. რ. კ-იმ საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინებაზე, რომლითაც მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება წარმოადგენს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას საჩივრის თაობაზე, შესაბამისად, მისი გასაჩივრება დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. რ. კ-ის საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: B
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. რ. კ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.მოსამართლე პ. ქათამაძე