Facebook Twitter

№ას-1378-1300-2012 10 ოქტომბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ე. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. მ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ე. ქ-ემ მოპასუხე ზ. მ-ის მიმართ და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება მისი პატივისა და ღირსების შელახვის გამო.

სარჩელის თანახმად, 2009 წლის ზაფხულში მოპასუხემ გერმანიაში გამგზავრებისათვის დახმარება თხოვა მოსარჩელეს. ეს უკანასკნელი დაპირდა მოპასუხეს, რომ 10 დღით მიწვევას გაუკეთებდა, მგზავრობის საფასურს გადაუხდიდა და ბილეთებსაც თავად შეუძენდა, რისი ხარჯებიც მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა გერმანიაში ჩასვლის დროს. მოსარჩელემ თავისი დანაპირები შეასრულა. რაც შეეხება მოპასუხეს, იგი ბერლინში 2010 წლის 26 ივნისს ჩავიდა და იქ 10 დღე იცხოვრა. ამ დროის მანძილზე იგი გაეცნო მოსარჩელის კომპიუტერული მონაცემების ბაზას, კერძოდ, გაიგო სად სწავლობდა და ვისთან მუშაობდა იგი. ამის შემდეგ, მოპასუხემ მოსარჩელეს სთხოვა სამსახურის შოვნა, რაც ამ უკანასკნელის შესაძლებლობებს აღემატებოდა და შესაბამისად, მოპასუხემ თხოვნაზე უარი მიიღო. მოსარჩელის მტკიცებით, ამ დროიდან დაიწყო მოპასუხის მხრიდან მისი სახელისა და ღირსების შელახვა, კერძოდ, მოპასუხემ ინტერნეტში Youtub-ის გვერდზე განათავსა მოსარჩელის პასპორტის ის ადგილი, სადაც მისი ფოტო იყო განთავსებული და ზედ წითელი ასოებით დააწერა „შვაინ“, რაც ქართულად ნიშნავს „ღორს“. ამავდროულად, მოპასუხემ მოსარჩელის ხელმძღვანელს სამსახურში ინტერნეტით მისწერა წერილი, რომელიც ლახავდა მოსარჩელის პატივსა და ღირსებას, მოპასუხემ მას უწოდა კრიმინალი, არალეგალი და ღორი, ხოლო სამსახურიდან მოსარჩელის გაუთავისუფლებლობის შემთხვევაში მის ხელმძღვანელს ჩივილით და 50000 ევროს ოდენობით დაჯარიმებით დაემუქრა. შედეგად, მოსარჩელე სამსახურიდან გაათავისუფლეს (ტომი 1, ს.ფ. 1-10).

მოპასუხემ შესაგებელში განმარტა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტები მისი მხრიდან მოსარჩელის შეურაცხოფის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, პირიქითი, მოსარჩელე თავად უგზავნიდა მას შეურაცხმყოფელ წერილებს. მოპასუხემ აღნიშნა ასევე, რომ მოსარჩელემ მას მართლაც გაუგზავნა ვიზა და დაუჯავშნა ბილეთი, თუმცა აღნიშნული ხარჯები მოსარჩელისათვის ანაზღაურებული ჰქონდა (ტომი 1, ს.ფ. 47-54).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ე. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიწვევით მოპასუხე 2010 წლის 26 ივნისს ჩავიდა გერმანიაში და დაახლოებით ათი დღე ცხოვრობდა მასთან ბინაში. Youtub-ზე განთავსებული იყო მოსარჩელის პირადი პასპორტის ის ადგილი, სადაც დამაგრებული იყო ფოტო და ეწერა ,,შვაინ”, რაც გერმანულად ნიშნავს ღორს. Youtub-ზე განთავსებული იყო ასევე მოსარჩელის სამსახურის უფროსის მიმართ მუქარა, რომ სამსახურიდან მოსარჩელის გაუთავისუფლებლობის შემთხვევაში, მას დააჯარიმებდნენ 50000 ევროთი.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაცია ინტერნეტში მოპასუხემ გაავრცელა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელემ ვერ წარადგინა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია ცილისწამებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ე. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა აპელანტის (მოსარჩელის) მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შეურაცხმყოფელი განცხადება ინტერნეტში მოპასუხემ განათავსა, ვინაიდან, მოსარჩელე სათანადო მტკიცებულებებით ვერ ადასტურებდა მითითებულ გარემოებას. ასევე არ არსებობდა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ მოსარჩელის პატივის და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებას.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა, რომ ზიანის არსებობის დასადგენად საკმარისი არ იყო მხოლოდ იმ გარემოების არსებობა, რომ პირის მიმართ ადგილი ჰქონდა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელებას, ვინაიდან აღნიშნული სახის განცხადებას, შედეგად უნდა მოჰყოლოდა პირის პატივის, ღირსების ან/და საქმიანი რეპუტაცის შელახვა. ამასთან, ისინი საზოგადოებაში აღქმული უნდა ყოფილიყო, როგორც რეალური, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ ადასტურებდა, კერძოდ, მოსარჩელე ვერ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ინტერნეტში გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებები მოპასუხის მიერ იქნებოდა გავრცელებული, მისმა გავრცელებამ გამოიწვია საზოგადოებაში მოსარჩელის რეპუტაციის დისკრედიტაცია, საქმიანი რეპუტაცის შელახვა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტით დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ქ-ე სამუშაოდან გათავისუფლდა დროებით, პირადი განცხადების საფუძველზე. ამდენად, მის გათავისუფლებას საფუძვლად არ დადებია ინტერნეტის მეშვეობით სამსახურის უფროსისათვის მიწერილი განცხადება. გარდა ამისა, მოპასუხის ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებული განცხადებების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა თავად მოსარჩელის სატელეფონო საუბრებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის მოპასუხის მიერ გავრცელების ფაქტს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ქ-ემ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

კასატორის მოსაზრებით, მან სასამართლოს მიაწოდა მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც ნათლად მიუთითებდნენ, რომ მოპასუხის ბრალეული მოქმედებებით შეილახა მისი პატივი და ღირსება. მოპასუხემ, მადლიერების სანაცლოდ, მოსარჩელის მიმართ უამრავი არასწორი ინფორმაცია მოიგონა. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის დასთან სატელეფონო საუბარში გაჟღერებული მუქარა იმ მუქარის იდენტურია, რომელიც მოპასუხემ ინტერნეტით მიწერა მოსარჩელის უფროსს. ამასთან, ინტერნეტით გავრცელებული ყველა შეურაცხმყოფელი გზავნილი გაგზავნილია ქ.თბილისიდან. სასამართლომ არასწორად შეაფასა ასევე მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, რამდენადაც სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანებაში აღნიშნული მიზეზის მითითების შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ იგი აღიარებდა თავის დანაშაულს და დაჯარიმდებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ინტერნეტში Youtube-ზე განთავსებულია მოსარჩელის პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი, რომელზეც გაკეთებულია წარწერა ,,შვაინ“, რაც გერმანულად ნიშნავს ღორს. Youtube-ზე განთავსებულია ასევე წერილები მოსარჩელის სამსახურის უფროსის მიმართ, სადაც აღნიშნულია შემდეგი: „ქალბატონი ქ-ე (მოსარჩელე) მუშაობს უკვე 7 წელია სახელფასო გადასახადის გაანგარიშების ბარათის გარეშე, მას უფლება აქვს იმუშაოს მხოლოდ 90 დღის განმავლობაში, ის არის ღორი . . .“, „ქალბატონი ქ-ე არალეგალურად მუშაობს. კრიმინალი უცხოელი გავაგდოთ აფთიაქიდან. ის უკვე 7 წელია აქ მუშაობს. ეს ხომ უკვე კრიმინალია და თქვენ გადაიხდით ჯარიმას 50000 ევროს ოდენობით“.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინფორმაციის მოპასუხის მიერ ინტერნეტში გავრცელების ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, ვინაიდან მან ვერ წარადგინა აღნიშნული გარემოების დამასტურებელი მტკიცებულებები.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ დასკვნას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ მოპასუხის მიერ სადავო ინფორმაციის გავრცელების ფაქტს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განსახილველი დავის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე კერძო პირს წარმოადგენს მის მიმართ უნდა გავრცელდეს კერძო პირის ცილისწამების სტანდარტი. კერძო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი, რომლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.

მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული და არა მოპასუხე, ამტკიცოს შემდეგი:

ა) მოპასუხემ მოსარჩელის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება;

ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია;

გ) სადავო განცხადება ლახავს მის პატივსა და ღირსებას.

ცილისწამების იურიდიული შემადგენლობის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის მიერ სადავო განცხადების გავრცელება უშუალოდ მოსარჩელის შესახებ. თუ სადავო განცხადება არ არსებობს, მაშინ ცილისწამებაც არ არსებობს. ამდენად, მოსარჩელემ, უპირველესად, სწორედ ის უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება.

მოცემულ შემთხვევაში კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო განცხადებების მოპასუხის მიერ გავრცელების ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონარიდებით ინტერნეტის ვებგვერდიდან, ასევე მოპასუხის სატელეფონო საუბრის ჩანაწერით.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან მის მიერ მითითებული მტკიცებულებებით მხოლოდ ის ფაქტი დასტურდება, რომ ინტერნეტის შესაბამის ვებ-გვერდზე ნამდვილად არის გამოქვეყნებული სადავო ინფორმაცია, მაგრამ ამ მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ეს ინფორმაცია მოპასუხემ გაავრცელა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ასეთი ფაქტის არსებობას უარყოფს, ხოლო ინტერნეტში სადავო განცხადების განთავსების შესაძლებლობა გააჩნდა არა მხოლოდ მოპასუხეს, არამედ შესაბამის ვებ-გვერდზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ პირს. რაც შეეხება მოპასუხის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს მოსარჩელის დასთან, არც აღნიშნული მტკიცებულება შეიცავს პირდაპირ ან არაპირდაპირ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სადავო განცხადებები მოპასუხემ გაავრცელა. ასევე უსაფუძვლოა კასატორის მითითება სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ ცნობაზე, ვინაიდან სადავო გარემოება არც ამ მტკიცებულებით დასტურდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე