№ას-1409-1328-2012 25 ოქტომბერი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ. ბ-ი
წარმომადგენელი - გ. ჯ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ბ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ლ. მ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა ლ. მ-ის ნ. ბ-ის ქ. თბილისში, რ-ის გამზირის N18-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის საერთო საკუთრებაში არსებული დერეფნით სარგებლობაში ხელშეშლის აკრძალვა და ლ. მ-ის მიერ რკინის კარის გასაღების ასლის გადაცემა, ასევე ლ. მ-ის მიერ უნებართვოდ დამონტაჟებული საკანალიზაციო (წყალგაყვანილობის) მილის მოშლა.
მოსარჩელის მითითებით, ლ. მ-ემ უკანონოდ, ტექნიკური ნორმების დარღვევით დაამონტაჟა საკანალიზაციო მილი, რომელიც მისი საძინებლის კედელზე გადის. წყლის ხმაური ხელს უშლის ნორმალურ ყოფა-ცხოვრებაში და აუარესებს საბინაო პირობებს, ასევე, მოპასუხეს უნებართვოდ ჩაკეტა რკინის კარით მის კუთვნილ სხვენამდე მისასვლელი დერეფანი, რომელიც საერთო საკუთრების ფართია და ხელს უშლის საერთო საკუთრებით სარგებლობაში.
მოპასუხე ლ. მ-ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საკანალიზაციო მილი დამონტაჟებული იქნა საცხოვრებელი ბინის ყველა თანამესაკუთრესთან და მათ შორის მოსარჩელესთან შეთანხმებით, რაც შეეხება სხვენს, მართალია, სადავო ფართი არ არის მისი ინდივიდუალური საკუთრება, მაგრამ წლების განმავლობაში არის მის მფლობელობაში და რკინის კარის დამონტაჟებით დაიცვა აღნიშნული ფართი უცხო პირების სარგებლობისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. მ-ეს აეკრძალა ნ. ბ-ის ქ.თბილისში, რ-ის გამზირი 18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 44,46 კვ.მ სხვენამდე მისასვლელი დერეფნით სარგებლობის ხელშეშლა და ლ. მ-ეს დაევალა გადასცეს ნ. ბ-ს რკინის კარის გასაღების ასლი; ნ. ბ-ის სარჩელი საკანალიზაციო მილის მოშლის შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. ქ. თბილისში, რ-ის გამზირი #18-ში მდებარე 26,26 კვ.მ, საკადასტრო კოდით #..., საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლ. მ-ის სახელზე (ტ.I, ს.ფ. 19,20). ამავე მისამართზე მდებარე 44 კვ.მ უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით #..., რეგისტრირებულია ნ. ჯ-ის და ბ. ჯ-ის საკუთრებად, ხოლო 20,72 კვ.მ - ნ. ბ-ის საკუთრებად, ნ. ბ-ის სახელზე ირიცხება ასევე 21,80 კვ.მ ანტრესოლი (ტ. I, ს.ფ. 16,17);
2. მოსარჩელე ნ. ბ-ი ცხოვრობს მესამე სართულზე, ხოლო ანტრესოლში განთავსებულია საძინებელი ოთახი, რომელიც მესამე სართულთან დაკავშირებულია შიდა კიბით. მოსარჩელის კუთვნილი საძინებელი ოთახის მომიჯნავედ, მანსარდის სართულში მდებარეობს მოპასუხის ერთოთახიანი ბინა. მოსარჩელის საძინებელი და მოპასუხის ბინა განთავსებულია სხვადასხვა სიმაღლეზე ისე, რომ ჭერიდან დაახლოებით ერთი მეტრით დაბლა, კედლის მეორე მხარეს მდებარეობს მოპასუხის ბინის იატაკი. მოპასუხის ბინაში საშხაპე ტუალეტი განთავსებულია მოსარჩელის კუთვნილ, ანტრესოლში მდებარე საძინებელი ოთახის მომიჯნავე კედელზე, ხოლო სანტექნიკური მოწყობილობების საკანალიზაციო ქსელი მოწყობილია საშხაპე ტუალეტის იატაკზე, რომელიც გადის მოსარჩელის კუთვნილი საძინებელი ოთახის მომიჯნავე კედელზე და შემდეგ მიემართება დგარისაკენ (იხ.: ექსპერტიზის დასკვნა, ტ.I, ს.ფ. 124);
3. მოსარჩელე ითხოვს საკანალიზაციო მილის მოშლას, ხელშეშლად კი უთითებს მილიდან მომდინარე ხმაურს (იხ.: სარჩელი, ტ.I, ს.ფ.3);
4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.01.2011წ. დასკვნის მიხედვით „ლ. მ-ის კუთვნილი საშხაპე-ტუალეტის სანტექნიკური მოწყობილობა და მათი საკანალიზაციო ქსელი, მოწყობილია ,,სამშენებლო ნორმებისა და წესების“ 2.6 პუნქტის დარღვევით. მოპასუხის კუთვნილი საშხაპე-ტუალეტში განთავსებული სანტექნიკური მოწყობილობებისა და მილგაყვანილობის ტექნიკური ნორმების დაცვით მოწყობა, მოსარჩელისა და სახლის სხვა მობინადრეთა მიმართ - შეუძლებელია (ტ. I, ს.ფ. 121-126)“;
5. ლ. მ-ის კუთვნილი საშხაპე-ტუალეტის სანტექნიკური მოწყობილობა და მათი საკანალიზაციო ქსელი მოწყობილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,რ. 18-ის“ წევრების, მათ შორის მოსარჩელე ნ. ბ-ის, თანხმობით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილია 2009 წლის 15 იანვარს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,რ. 18“-ის წევრების, მათ შორის მოსარჩელე ნ. ბ-ის, მიერ გაცემული თანხმობა მასზედ, რომ ამხანაგობის წევრ ლ. მ-ეს მის კუთვნილ საცხოვრებელ ფართში გაეკეთებინა სველი წერტილები (ტ.I, ს.ფ.189). რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას რომ მან, მართალია, მოპასუხეს თანხმობა მისცა სველი წერტილის მოწყობასთან დაკავშირებით, მაგრამ მისთვის უცნობი იყო თუ სად აკეთებდა ლ. მ-ე სველ წერტილს, პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული თანხმობა გაცემულია ზოგადი ფორმით და არ შეიცავს დათქმას იმის შესახებ, რომ ამხანაგობის წევრები სველი წერტილების მხოლოდ რაიმე ერთი ფორმით მოწყობაზე გამოთქვამდნენ თანხმობას. შესაბამისად, ნ. ბ-ს ეკისრება მეზობელი ბინიდან მომდინარე ზემოქმედების (ხმაურის) თმენა.
სასამართლოს მითითებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ როგორც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.01.2011წ. დასკვნით დგინდება, მოპასუხის კუთვნილი საშხაპე-ტუალეტში განთავსებული სანტექნიკური მოწყობილობებისა და მილგაყვანილობის ტექნიკური ნორმების დაცვით მოწყობა მოსარჩელისა და სახლის სხვა მობინადრეთა მიმართ - შეუძლებელია. ასეთ პირობებში, ტექნიკური ნორმების დაცვით ვერც სველი წერტილის გადატანა მოხერხდება. სველი წერტილის მოწყობაზე თანხმობის გაცემით მოსარჩელემ იკისრა სველი წერტილიდან მომდინარე ზემოქმედების თმენის ვალდებულებაც.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ვალდებულია ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალური საკუთრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება, რომ ამით სხვა მესაკუთრეს არ მიადგეს ზიანი და იმოქმედოს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების ფარგლებში; ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ვალდებულია ითმინოს ზემოქმედება მის ბინაში არსებულ სახლის ნაწილსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე (საერთო საკუთრებაზე), თუ ეს ზემოქმედება შეესაბამება ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებულ პირობებს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. მ-ის კუთვნილი საშხაპე-ტუალეტის სანტექნიკური მოწყობილობა და მათი საკანალიზაციო ქსელი მოწყობილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,რ.ს 18-ის“ წევრების, მათ შორის მოსარჩელე ნ. ბ-ის, თანხმობით. მოსარჩელეს ეკისრება მოპასუხის სველი წერტილიდან (საკანალიზაციო მილიდან) მომდინარე ხელშეშლის - ხმაურის თმენის ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ბ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:
1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება. მოცემულ შემთხვევაში, სველი წერტილების მოწყობასთან დაკავშირებით გაცემული თანხმობა ზოგადი ხასიათის იყო. ნ. ბ-ს თანხმობა არ გამოუთქვამს სველი წერტილების არსებული სახით მოწყობაზე;
2. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სველი წერტილების გადატანა სამშენებლო-ტექნიკური ნორმის დაცვით შეუძლებელი იყო, მაშინ როდესაც, მოსარჩელე ითხოვდა არა გადატანას, არამედ დემონტაჟს. სადავო არ ყოფილა ის საკითხი, შესაძლებელია თუ არა, მოპასუხის ბინაში სხვა ადგილას სველი წერტილების მოწყობა;
3. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, რადგანაც „გ“ ქვეპუნქტი არ ითვალისწინებს თმენის ვალდებულებას, თუ დარღვეულია იმავე მუხლის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები;
4. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სველი წერტილები სამშენებლო-ტექნიკური ნორმების დარღვევითაა აშენებული, რაც მოსარჩელის ინტერესს წარმოშობს მათი დემონტაჟის თაობაზე. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ამხანაგობის წევრმა უნდა დაიცვას სამშენებლო-ტექნიკური და სხვა ნორმები;
5. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლოს არ გამოურკვევია ზემოქმედების ხარისხი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, შესაბამისად, ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (გადახდის თარიღი – 2012 წლის 6 ნოემბერი, საგადახდო დავალება № 1), 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე