№ას-1649-1546-2012 7 ოქტომბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – დ. მ-ე, უ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ა. ს. ბ. ს-ო“
კასატორი – სს „ა. ს. ბ. ს-ო“
მოწინააღმდეგე მხარე – დ. მ-ე, უ. მ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორების დ. და უ. მ-ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გააწყვეტილების გაუქმება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
კასატორ სს „ა. ს. ბ. ს-ს“ მოთხოვნა – გასაჩივრებული გააწყვეტილების გაუქმება პირგასამტეხლოს სრულად დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს „ა. ს. ბ. ს-ომ“ მოპასუხეების – დ. და უ. მ-ის მიმართ და მოითხოვა:
ა. მოპასუხე დ. მ-ის მის სასარგებლოდ მასა და დასახელებულ მოპასუხეს შორის 2007 წლის 9 აგვისტოს გაფორმებული №09.08/1 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 859007.04 ლარის გადახდა (მათ შორის: 323332 ლარის – ძირი თანხა; 12487.02 ლარი – გადაუხდელი დარიცხული პროცენტი; 523188.02 ლარი – გადაუხდელი დარიცხული პირგასამტეხლო (ჯარიმა) ვადაგადაცილების გამო;
ბ. სარჩელის დაკმაყოფილების მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების – ნ. გ-ის კუთვნილი ქონების იძულებით სარეალიზაციოდ მიქცევა;
გ. ზემომითითებული ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით სარჩელის მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის პირობებში, დ. მ-ის მთელი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ა. ს. ბ. ს-ოს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
დ. მ-ეს სს ,,ა. ს. ბ. ს-ოს” სასარგებლოდ 2007 წლის 9 აგვისტოს №09.08/1 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 323332 ლარის, პროცენტის – 12487.02 ლარის და პირგასამტეხლოს – სარჩელით მოთხოვნილი 523188.02 ლარის ნაცვლად 5000 ლარის, მთლიანობაში 340819.02 ლარის გადახდა;
გადაწყდა დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიქცეულიყო საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ნ. გ-ის უფლებამონაცვლე უ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობდა ქ.თბილისში, კ-ას ქ.№47/57-ში, ფართით 140 კვ.მ.;
ასევე გადაწყდა, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად მოსარჩელე სს ,,ა. ს. ბ. ს-ოს” მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეოდა დ. მ-ის მთელი ქონება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
დ. და უ. მ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს დასახელებული გადაწყვეტილების გაუქმება დ. მ-ის პირგასამტეხლოს სახით 5000 ლარის დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სს ,,ა. ს. ბ. ს-ომ” სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადა გადაწყვეტილების ასევე ის ნაწილი, რომლითაც დ. მ-ეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ა. ს. ბ. ს-ოს“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ. მ-სა და ნ. გ-ის უფლებამონაცვლე უ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე დ. მ-ეს მოსარჩელე სს „ა. ს. ბ. ს-ოს“ სასარგებლოდ 2007 წლის 9 აგვისტოს N09.08/01 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა პირგასამტეხლო, ნაცვლად სარჩელით მოთხოვნილი – 523188.02 ლარისა 5000 ლარი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:
დ. მ-ეს სს „ა. ს. ბ. ს-ოს“ სასარგებლოდ 2007 წლის 9 აგვისტოს N09.08/01 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა პირგასამტეხლო, ნაცვლად სარჩელით მოთხოვნილი – 523188.02 ლარისა 25000 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრით მხარეებმა სადავოდ გახადეს პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე დ. მ-ეს მოსარჩელე სს ,,ა. ს. ბ. ს-ოს” სასარგებლოდ 2007 წლის 9 აგვისტოს №09.08/1 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა პირგასამტეხლო, ნაცვლად სარჩელით მოთხოვნილი 523188.02 ლარისა, 5000 (ხუთიათასი) ლარი. კერძოდ, აპელანტი სს „ა. ს. ბ. ს-ო“ დ. მ-ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნევდა 523188.02 ლარს, ხოლო, აპელანტი დ. მ-ე მოითხოვდა სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობისაგან სრულად გათავისუფლებას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რიმლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ 2007 წლის 9 აგვისტოს №09.08/1 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,ა. ს. ბ. ს-ომ” დ. მ-ის სახელზე სესხის სახით გასცა 500000 ლარი, 24 თვის ვადით, ყოველწლიურად 18%-ის ოდენობით სარგებლის დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ძირითადი თანხის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საერთო თანხის 0.2%-ის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს არსებითად ორი ფუნქცია აქვს: ვიდრე ვალდებულება უნდა ირღვეოდეს, იგი ემსახურება მისი შესრულების სტიმულირებას. მოვალემ წინასწარვე იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში იგი ვერ აცდება გარკვეული საზღაურის გადახდევინებას, მაშინ როცა სხვა დროს, შეიძლება მას ამის „იმედი“ ჰქონდეს. მთავარი მაინც ის არის, რომ პირგასამტეხლო ესაა ზიანის ანაზღაურების საშუალება, იმ ზიანისა, რომელიც შეიძლება განიცადოს კრედიტორმა. კრედიტორი პირგასამტეხლოს დაწესებით ვალდებულების დარღვევის შემთხვევისათვის იადვილებს და დაზღვეულს ხდის ზიანის ანაზღაურების მოხოვნას. პირგასამტეხლოს დაწესებით კრედიტორის გარანტიები გაზრდილია. პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, სულერთია, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. ვალდებულების დარღვევის ფაქტი საკმარისი მტკიცებულებაა საამისოდ, მაშინ როცა ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი საჭიროებს იმის მტკიცებულებას, კრედიტორმა ნამდვილად განიცადა თუ არა ზიანი, თუ განიცადა, მაშინ რა ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში. ამასთან, ეს თავისუფლება გარკვეული ფასეულობებითაა შეზღუდული, რომლის მიზანიცაა სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა. პირგასამტეხლოს მიზანს არ წარმოადგენს კრედიტორის გამდიდრება, მისი ოდენობა უნდა იყოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობის ადეკვატური. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია მხარეები იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. ამიტომაც განსაზღვრავს კანონი სასამართლოს უფლებამოსილებას, სამართლიანად შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი).
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, 0.2% მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ, მაგრამ ამავდროულად დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო 523188.02 ლარიდან 5000 ლარამდე.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოპასუხე დ. მ-ის სს „ა. ს. ბ. ს-ოს“ სასარგებლოდ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა შეადგენდა 25000 ლარს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე დ. მ-ეს მოსარჩელე სს „ა. ს. ბ. ს-ოს“ სასარგებლოდ 2007 წლის 9 აგვისტოს N09.08/01 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო, ნაცვლად სარჩელით მოთხოვნილი – 523188.02 ლარისა 25000 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტ დ. მ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამოიწვია იმგვარმა ფორს-მაჟორულმა ვითარებამ, როგორიც იყო 2008 წლის აგვისტოს ომი.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, 2008 წლის 8 აგვისტოს განვითარებული საომარი მოქმედებები, თავისთავად თავსდებოდა მოვლენის საგანგებო ხასიათში, თუმცა არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი ამ მოვლენასა და ვალდებულების შეუსრულებლობას შორის. მართალია, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს №402 ბრძანებულებით (ძალადაკარგულ იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 სექტემბრის №425 ბრძანებულებით) საომარი მდგომარეობა გამოცხადდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდა იმ ტერიტორიაზე, სადაც სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე უნდა განხორციელებულიყო ვალდებულების შესრულება. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 19 აგვისტოს №1-1/17/20 ბრძანებით, საომარი მდგომარეობის გამო საპატიოდ ჩაითვალა მხოლოდ 2008 წლის 9 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე, ანუ საომარი მდგომარეობის დასრულებამდე პერიოდში სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საგულისხმოდ ჩათვალა ის ფაქტიც, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა და ბანკის მიერ პირგასამტეხლოს დარიცხვა მოპასუხის სახელზე დაიწყო 2008 წლის 9 იანვრიდან, 2008 წლის 8 აგვისტოს განვითარებულ საომარ მოქმედებებამდე, მაგრამ 2009 წლის 30 ივნისისათვის პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლო ბანკს ნაპატიები ჰქონდა მსესხებლისათვის. ბანკმა პირგასამტეხლოს დარიცხვა დაიწყო 2009 წლის 30 ივნისიდან, რაც გაგრძელდა 2011 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დ. და უ. მ-ის სააპელაციო საჩივარში მითითებული მოსაზრება ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზთან და გარემოებებთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით კვლავ ორივე მხარემ გაასაჩივრა.
დ. და უ. მ-ი საკასაციო საჩივრით მოითხოვენ მითითებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 25000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
კასატორები აღნიშნავენ, რომ მოწინააღმდეგე მხარემ საერთოდ არ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი ფორს-მაჟორული ვითარება, რომელიც ხელშეკრულების თანახმად ათავისუფლებდა მოპასუხეებს ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძო მათთვის პირგასამტეხლოებისა და საურავების დარიცხვა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდგომ მნიშვნელოვნად შემცირდა საბანკო დაწესებულებებში სესხის საბაზრო განაკვეთები, განსაკუთრებით იპოთეკურ სესხებზე. 2007 წლის 9 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების 10.1 პუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, თუ ამის მიზეზი გახდა საგანგებო გადაულახავი ძალა, რომლის წარმოშობა ხელშეკრულების დადების მომენტში ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს არ შეეძლოთ წინასწარ განესაზღვრათ და თავიდან აეცილებინათ, ხოლო 10.2 პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი საომარი მოქმედება მიიჩნევა გადაულახავ ძალად.
კასატორები არასწორად მიიჩნევენ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებსა და ვალდებულების შეუსრულებლობას შორის, ვინაიდან როდესაც ქვეყანაში არასტაბილური სიტუაციია, საომარი მოქმედებები ხორციელდება და ეკონომიკური კრიზისია, ეს პირდაპირ აისახება ბიზნეს გარემოზე და შესაბამისად, ართულებს ან შეუძლებელს ხდის გარკვეული ვალდებულებების შესრულებას.
კასატორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლი. დ. მ-ეს არ შეეძლო ხელშეკრულების დადების მომენტში გაეთვალისწინებინა ისეთი მოვლენების განვითარება, როგორიცაა ომი და ეკონომიკური კრიზისი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ამ ხელშეკრულებას არ დადებდა.
სს „ა. ს. ბ. ს-ოს“ საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა ზემოხსენებულ (ე.ი. პირგასამტეხლოს დაკისრების) ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოპასუხე დ. მ-ეს მის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო, ჯამში 523188.02 ლარის ოდენობით.
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგნაირად:
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის საშუალებას ანიჭებს, ამასთან, კოდექსი არ შეიცავს რაიმე სახის აკრძალვას, რა ვადის განმავლობაში უნდა ერიცხებოდეს პირგასამტეხლო ვალდებულების დამრღვევ მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა თითქმის 21-ჯერ, მაშინ როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა (გადაუხდელი თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) შეთანხმებული იყო მხარეებს შორის საკრედიტო ხელშეკრულების 5.3.4 პუნქტით. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა ბანკმა დაიწყო მსესხებლის მიერ პირველივე ვადაგადაცილებიდან – 2008 წლის 9 იანვრიდან, თუმცა მითითებულ პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლო 2009 წლის 30 ივნისს ბანკმა მსესხებელს აპატია. ამდენად, ბანკმა მსესხებელს აპატია 2008 წლის 9 იანვრიდან 2009 წლის 30 ივნისამდე დარიცხული პირგასამტეხლო. სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დარიცხვა დაიწყო 2009 წლის 30 ივნისიდან და გაგრძელდა 2011 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით (პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მიმართვამდე).
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, თუ რა პრინციპით იხელმძღვანელა სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს დაკისრებისას, კერძოდ, დ. მ-ეს პირგასამტეხლო დაარიცხა კონკრეტული პერიოდისათვის, თუ კონკრეტული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით. სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ პირგასამტეხლოს მიზანს არ წარმოადგენს კრედიტორის გამდიდრება. ბანკის მიზანი რომ პირგასამტეხლოს ხარჯზე გამდიდრება ყოფილიყო, ის მსესხებელს არ აპატიებდა 18 თვის განმავლობაში დარიცხულ პირგასამტეხლოს, არ შეწყვეტდა მის დარიცხვას სასამართლოში მიმართვისთანავე და მოითხოვდა პირგასამტეხლოს დაკისრებას სასამართლოსათვის მიმართვის შემდგომ პერიოდზეც. სასამართლოს მსჯელობით გამოდის, რომ ბანკმა კრედიტის გადაუხდელი ძირი თანხიდან – 323332 ლარიდან მთელი ვადაგადაცილების განმავლობაში ვერანაირი შემოსავალი ვერ მიიღო, მაშინ როდესაც სს „ა. ს. ბ. ს-ოს“ შეეძლო აღნიშნული თანხის სხვა მსესხებელზე კრედიტის სახით გაცემულ თანხაზე პროცენტის მეშვეობით გარკვეული სარგებლის მიღება. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, 25000 ლარი, არის შეუსაბამოდ დაბალი პირგასამტეხლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. და უ. მ-ეის, აგრეთვე, სს „ა. ს. ბ. ს-ოს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. და უ. მ-ის, აგრეთვე, სს „ა. ს. ბ. ს-ოს“ საკასაციო საჩივრეები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს: დ. და უ. მ-ს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე უ. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1250 ლარი) 70% – 875 ლარი, ხოლო სს „ა. ს. ბ. ს-ოს“ მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. და უ. მ-ის, აგრეთვე, სს „ა. ს. ბ. ს-ოს“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს: დ. და უ. მ-ს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე უ. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1250 ლარი) 70% – 875 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 17 დეკემბერი, საგადახდო დავალება № 4595.120.1) 70% – 875 ლარი;
3. კასატორს – სს „ა. ს. ბ. ს-ოს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% – 5600 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 19 დეკემბერი, საგადახდო დავალება №1) 70% – 5600 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე