საქმე №ას-1673-1569-2012 9 ოქტომბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს. რ-ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნარდობის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ს. რ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ო-ის“ მიმართ და მოითხოვა შპს „ო-ის“: ა) 2008 წლის 25 ივნისის №შს/08-321 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის - 919 461,26 ლარის; ბ) 2008 წლის 2 აპრილის №შს/08-146 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის - 126 128,05 ლარის; გ) 2008 წლის 6 მაისის №შს/08-220 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის - 17 927, 91 ლარისა და დ) 2008 წლის 13 თებერვლის №შს/06-016 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო მიყენებული ზიანის – 65 012 ლარის, სულ - 1 128 529,62 ლარის ანაზღაურება შემდეგი გარემოებების გამო:
შპს „ს. რ-სა“ და შპს „ო-ს“ შორის დაიდო რამდენიმე ხელშეკრულება, კერძოდ, 2008 წლის 25 ივნისს გაფორმებული №შს/08-321 ხელშეკრულებით შპს „ო-ს“ უნდა ეწარმოებინა მახინჯაური-ჩაქვის სარკინიგზო გადასარბენზე მწვანე კონცხის რეგიონში ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება. შპს „ო-მა“ ვალდებულება არ შეასრულა, შეუსრულებელი სამუშაოები კი, 2009 წლის 19 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების №შს/09-323 საფუძველზე გააგრძელა შპს „ხ-მა“, შპს „ო-ის“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შპს „ს. რ-ას“ მიადგა მატერიალური ზიანი - 919 461, 26 ლარი. მხარეებს შორის 2008 წლის 2 აპრილს გაფორმებული №შს/08-146 ხელშეკრულებით, შპს „ო-ი“ იღებდა 2008 წლის 25 სექტემბრამდე ბათუმის წევის ქვესადგურის საფიდერო ხაზების რეკონსტრუქციის ვალდებულებას, თუმცა სამუშაოები დასრულდა 127 დღის დაგვიანებით, რის გამოც პირგასამტეხლომ შეადგინა 53422,55 ლარი. შპს „ო-ის“ მიერ შუსრულებელი სამუშაოები გააგრძელა შპს „ტ. ი. ჯ-ამ“ 2009 წლის 7 სექტემბრის №შს/09-278 ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2008 წლის 6 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით შპს „ო-ს“ უნდა ეწარმოებინა წყალმოცილება ბათუმი-სამტრედიის უბნის მე-19 კმ-ზე, არა უგვიანეს 2008 წლის 25 ნოემბრისა. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს მიადგა ზიანი - 17 927,91 ლარი. შპს „ო-ის“ მიერ შესასრულებელი აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება კი, 2009 წლის 21 ივლისის №შს/09-228 ხელშეკრულებით გააგრძელა შპს „ხ-მა“. გარდა ამისა, 2006 წლის 13 თებერვალს მხარეებს შორის დაიდო №შს/06-016 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მიმწოდებელს უნდა უზრუნველეყო ბათუმის ხაზის მე-19 კმ-ზე პკ 4-10-ზე გზაგამტარის მოწყობა და მრუდეების გასწორება. აღნიშნული ხელოვნური ნაგებობის შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ის იყო დეფექტიანი, რაც თავად მოსარჩელის მიერ იქნა გამოსწორებული. დეფექტის გამოსწორებასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა კი შეადგინა – 65 012 ლარი ( დღგ-ს ჩათვლით ).
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ასევე გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. ვალდებულების დროულად შეუსრულებლობა გამოწვეული იყო 2008 წელს საქართველოში შექმნილი საომარი მდგომარეობის გამო. №შს/08-321 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება უკავშირდებოდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ლიცენზიის გაცემას, აგვისტოს მოვლენების გამო კი, სამინისტრომ ლიცენზიის გაცემა შეაჩერა. გარდა ამისა, მოპასუხემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებულ დამატებით ვადაზე და განმარტა, რომ მოსარჩელეს შპს „ო-ის“ უნდა მიეცა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, ხოლო, თუ ვალდებულება დამატებით ვადაში არ შესრულდებოდა, ამის მერე შეეძლო, მას უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე, თუ შესრულება მისთვის ინტერესს დაკარგავდა. ამ შემთხვევაში კი, შესრულებას მისთვის ინტერესი არ დაუკარგავს, რადგან იმავე სამუშაოს შესრულებაზე ხელშეკრულება გააფორმა სხვა კომპანიასთან. მოსარჩელემ ხელშეკრულებების შეწყვეტით ზიანი მიაყენა თავად შპს „ო-ს“. №შს/06-106 ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო და, შესაბამისად, არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ს. რ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ს. რ-ას“ უარი ეთქვა შპს „ო-ის“ 2008 წლის 25 ივნისის №შს/08-321 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 919 461,26 ლარის დაკისრებაზე. შპს „ო-ს“ შპს „ს. რ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 2 აპრილის №შს/08-146 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო - 32 390,05 ლარი, ხოლო ზიანის ასანაზღაურებლად 93 738 ლარის დაკისრებაზე ეთქვა უარი. შპს „ო-ს” შპს „ს. რ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 6 მაისის №შს/08-220 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა 2617.01 ლარი, ხოლო ზიანის ასანაზღაურებლად 15 310.9 ლარის დაკისრებაზე ეთქვა უარი. შპს „ო-ს“ შპს „ს. რ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 13 თებერვლის №შს/06-016 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 65 012 ლარის გადახდა, შპს „ო-ს“ შპს „ს. რ-ის“ სასარგებლოდ სულ დაეკისრა 100 019.06 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლე სს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 25 ივნისს შპს „ს. რ-სა“ და შპს „ო-ს“ შორის დაიდო №შს/08-321 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს „ო-ს“ მახინჯაური-ჩაქვის სარკინიგზო გადასარბენზე მწვანე კონცხის რეგიონში უნდა ეწარმოებინა ნაპირსამაგრი სამუშაოები, ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენდა 2 485 000 ლარს. სამუშაოების შესრულების ვადა შეადგენდა 2008 წლის 5 ივლისიდან 2008 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდს. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად განისაზღვრა უპირობო საბანკო გარანტიის გამოყენება. ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხემ წარადგინა საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით - 125 000 ლარზე. ამავე დროს წარდგენილ იქნა ასევე სს „ს. ბ-ის“ მიერ საავანსო გადახდის გარანტია 2 237 000 ლარზე.
2009 წლის 19 ოქტომბერს შპს „ს. რ-სა“ და სს „ხ-ს“ შორის დაიდო №შს/09-323 სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სს „ხ-ს“ მახინჯაური-ჩაქვის სარკინიგზო გადასარბენზე მწვანე კონცხის რეგიონში უნდა ეწარმოებინა ნაპირდამცავი ნაგებობების მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენდა 3 399 461,26 ლარს.
მოსარჩელემ მოპასუხესთან შეწყვიტა №შს/08-321 ხელშეკრულება, რომლის ღირებულება შეადგენდა 2 485 000 ლარს და იმავე სამუშაოს შესრულებაზე ხელშეკრულება გააფორმა სს „ხ-ან“ 3 399 461,26 ლარზე. მოსარჩელის განმარტებით, დასახელებულ ხელშეკრულებებს შორის ფასის სხვაობა - 919 461,26 ლარი, მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანია.
მოპასუხემ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შეასრულა გარკვეული სამუშაოები, ანუ ხელშეკრულების პირობები შეასრულა ნაწილობრივ.
საქმეში არსებული მასალების თანახმად, 2008 წლის 22 დეკემბერს მხარეებმა გააფორმეს ხელშეკრულება, რომლითაც ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №შს/08-321 ხელშეკრულებაში, კერძოდ, მოსარჩელემ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი საომარი და საგანგებო მდგომარეობა და 2008 წლის 9 აგვისტოს შემდეგ დამდგარი ვალდებულების შესრულების ვადები გააგრძელა 60 დღით.
შპს „ო-მა“ გაგრძელებულ ვადაშიც ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სს „ს. რ-ამ“ 2009 წლის 31 მარტს მოპასუხესთან შეწყვიტა ხელშეკრულება.
მოსარჩელემ შპს „ო-ის“ მიერ შესასრულებელი სამუშაოების შესრულებაზე გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც გამარჯვებულად გამოვლინდა სს „ხ-ი“ და მასთან გააფორმა ხელშეკრულება 3 399 461,26 ლარზე.
2008 წლის 2 აპრილს შპს „ს. რ-სა“ და შპს „ო-ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №შს/08-146 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს „ო-ს“ უნდა ეწარმოებინა ბათუმის წევის ქვესადგურის საფიდერო ხაზების რეკონსტრუქცია. ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენდა 420 650 ლარს. სამუშაოები უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 15 დღისა და უნდა დასრულებულიყო არა უგვიანეს 2008 წლის 25 სექტემბრისა. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად განისაზღვრა უპირობო საბანკო გარანტიის გამოყენება. ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.
2009 წლის 7 სექტემბერს შპს „ს. რ-სა“ და შპს „ტ. ი. ჯ-ას“ შორის დაიდო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების შესახებ №შს/09-278 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს „ტ. ი. ჯ-ას“ უნდა ეწარმოებინა ბათუმის წევის ქვესადგურის საფიდერო ხაზის სარეკონსტრუქცი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენდა 93 738 ლარს.
შპს „ო-ს“ №შს/08-146 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა არა უგვიანეს 2008 წლის 25 სექტემბრისა. მოპასუხემ სამუშაოები დაასრულა 127 დღის დაგვიანებით.
მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ვალდებულება არ შეასრულა დადგენილ დროში. პირგასამტეხლომ ვადაგადაცილებისათვის შეადგინა 53 422,55 ლარი, საბანკო გარანტიით ანაზღაურებულ იქნა პირგასამტეხლოს ნაწილი - 21 032,50 ლარი, რომელიც სრულად ვერ ფარავდა ვადაგადაცილებული 127 დღის პირგასამტეხლოს. ასანაზღაურებელი პირგასამტეხლო შეადგენს - 32 390,05 ლარს.
2008 წლის 6 მაისს შპს „ს. რ-სა“ და შპს „ო-ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №შს/08-220 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს „ო-ს“ უნდა ეწარმოებინა წყალმოცილება ბათუმის სამტრედიის უბნის მე-19 კმ-ზე. ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენდა 163 591 ლარს. სამუშაოს შესრულების პერიოდი განისაზღვრა 2008 წლის 15 მაისიდან 2008 წლის 25 ნოემბრამდე. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად განისაზღვრა უპირობო საბანკო გარანტიის გამოყენება. ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.
2009 წლის 21 ივლისის შპს „ს. რ-სა“ და სს „ხ-ს“ შორის დაიდო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების შესახებ №შს/09-228 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სს „ხ-ს“ უნდა ეწარმოებინა ქობულეთი-ჩაქვის გადასარბენზე წყალმომცილებელი ნაგებობების და არსებული კედლის უკან დრენაჟის მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენდა 102 735,9 ლარს.
მოპასუხემ არ შეასრულა №შს/08-220 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად, სამუშაოების შესრულებას გადააცილა 66 დღე. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-8 მუხლის მიხედვით, შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.
შესრულების გარანტია შეადგენდა 8 180 ლარს, რაც სრულად ვერ ფარავდა ვადაგადაცილებული 66 დღის პირგასამტეხლოს, რომელიც შეადგენდა 10797,01 ლარს.
2006 წლის 13 თებერვალს შპს „ს. რ-სა“ და შპს „ო-ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №შს/06-016 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს „ო-ს“ უნდა ეწარმოებინა ბათუმის ხაზის მე-19 კმ-ზე პკ 4-10-ზე გზაგამტარის მოწყობა და მრუდეების გასწორება. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1 900 000 ლარს დღგ-ს გარეშე. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად განისაზღვრა უპირობო საბანკო გარანტიის გამოყენება. ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%.
მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა №შს/06-016 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რითაც შპს „ს. რ-ას“ მიაყენა 65 012 ლარის ზიანი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ორივე მხარემ, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ივლისის განჩინებით შპს „ო-ის“ სააპელაციო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო დარჩა განუხილველად.
დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით და სადავო ურთიერთობა მომსახურების (ნარდობის) ხელშეკრულებად მიიჩნია, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლისა. პალატის შეფასებით, სახელშეკრულებო ურთიერთობების არსებობა, ასევე შემსყიდველის მიერ სამუშაოს ნაწილობრივ მიღების ფაქტი მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენდა. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას სამუშაოს შესრულების დასრულებამდე როგორც შემკვეთის, ისე მენარდის მოთხოვნით. ეს საფუძვლები სპეციფიკური ხასიათისაა და გამოხატავენ ნარდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს.
მოწინააღმდეგე მხარემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, არაჯეროვნად და დაგვიანებით შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების საპატიოდ ცნობისათვის კი, შპს „ო-მა“ ვერ მიუთითა სარწმუნო მტკიცებულებებზე შესაბამისად, მან ვერ დაასაბუთა მისი არაბრალეულობა ვალდებულების დარღვევისას.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400, 401-ე, 427-ე, 394-ე, 414-ე, 417-ე,418-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა აპელანტს, მას კი არ წარუდგენია თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:
სააპელაციო პალატამ არასწორად დატოვა უცვლელად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, სასამართლომ განჩინების მიღებისას არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 644-ე, 394-ე და 412-ე მუხლები. არასწორია სასამართლოს მსჯელობა სს „ს. რ-ის“ 919 461,26 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, რადგანაც 2008 წლის 25 ივნისის Nშს/08-321 ხელშეკრულების თანახმად, შპს „ო-ს“ უნდა ეწარმოებინა ნაპირგამაგრებითი სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 2 485 000 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების თანახმად, სამუშაოების შესრულება უნდა დასრულებულიყო 2008 წლის 23 თებერვლამდე. მიუხედავად ვალდებულების შესრულების გადავადებისა, მოპასუხემ ვერც დამატებით ვადაში უზრუნველყო გარიგების შესრულება, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, სწორედ ამიტომ, 2009 წლის 31 მარტს შეწყვიტა რკინიგზამ ხელშეკრულება და იგმავე სამუშაოს შესრულებაზე ხელშეკრულება დადო შპს „ხ-ან“, რომელიც 919 461,26 ლარით აღემატებოდა შპს „ო-ან“ დადებულ გარიგებას. ხელშეკრულების ფასთა შორის სხვაობა წარმოადგენს რკინიგზის მიერ გაწეულ იმ დამატებით ხარჯს, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 644-ე, 394-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადგენს ასანაზღაურებელ ზიანს.
ზემოანიშნულ ნორმათა დარღვევის გამო არ დაკმაყოფილდა სს „ს. რ-ის“ მოთხოვნა Nშს/08-146 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 23390,05 ლარის დაკისრების თაობაზე, კერძოდ, 2008 წლის 2 აპრილის ხელშეკრულებით შპს „ო-ს“ ბათუმის წევის ქვესადგურის ფიდერის ხაზების რეკონსტრუქცია უნდა დაესრულებინა არა უგვიანეს 2008 წლის 25 სექტემბრისა. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 420 650 ლარით. „ო-მა“ ვერც დამატებით მიცემულ ვადაში უზრუნველყო ვალდებულების შესრულება, რის გამოც რკინიგზა იძულებული გახდა, 2009 წლის 31 მარტს ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება. შპს „ო-ის“ მიერ საქმეში წარმოდგენილი წერილი, რომელიც თავისი შინაარსით აღიარებას წარმოადგენს, ადასტურებს მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რაც სასამართლოს არ შეუფასებია. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჯეროვანი შესრულება შპს „ო-მა“ ვერ უზრუნველყო, სს „ს. რ-ა“ იძულებული გახდა, სამუშაოების დასრულებისა და ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, 2009 წლის 7 სექტემბერს ხელშეკრულება „ტ. ი. ჯ-ან“ გაეფორმებინა. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 93 738 ლარით, რაც წარმოადგენს დამატებით გაწეულ ხარჯს და ექვემდებარება ანაზღაურებას.
სამართლებრივად დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა Nშს/08-220 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ო-ის“ 15310,9 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ. 2008 წლის 6 მაისს გაფორმებული ამ ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ო-ს“ უნდა ეწარმოებინა წყალმოცილების სამშენებლო სამუშაოები. ხელშეკრულების ფასი 163 591 ლარს შეადგენდა. სამუშაოები უნდა შესრულებულიყო არა უგვიანეს 2008 წლის 25 ნოემბრისა. მოპასუხემ მათი შესრულება ვერც დამატებით ვადაში შეძლო, რის გამოც 2009 წლის 31 მარტს რკინიგზამ ეს ხელშეკრულებაც ცალმხრივად შეწყვიტა. საქმეში წარმოდგენილი „უძრავი ქონების ექსპეტრის“ 2009 წლის 6 აპრილის დასკვნის თანახმად, შპს „ო-ის“ მიერ შესრულებულმა სამუშაოების ღირებულებამ 108884 ლარი შეადგინა, ამასთან, არ დაასრულა წყალმოცილების დაწყებული სამუშაოები, რის გამოც ბათუმი-სამტრედიის უბნის მე-19 კილომეტრის მიწის ვაკისი უზრუნველყოფილი არ არის, დაშვებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, 2009 წლის 21 ივლისს სს „ს. რ-ამ“ ხელშეკრულება დადო „ხ-ან“ და ამ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 15 310,9 ლარს, რომელიც, მსგავსად ზემოაღნიშნული შემთხვევებისა, ექვემდებარება ანაზღაურებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 მაისის განჩინებით სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, თანახმად ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო საჩივრის შესწავლით დასტურდება, რომ სს „ს. რ-ა“ მოითხოვს 2008 წლის 25 ივნისის Nშს/08-321 ხელშეკრულების, 2008 წლის 2 აპრილის Nშს/08-146 ხელშეკრულებისა და 2008 წლის 6 მაისის Nშს/08-146 ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო შპს „ო-ის“ ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. უდავოა, რომ მოსარჩელე 2008 წლის 25 ივნისის ხელშეკრულებიდან გამოდინარე ზიანს უკავშირებს შპს „ო-ის“ მიერ დამატებით ვადაში ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას, რამაც განაპირობა სხვა კომპანიასთან ხელშეკრულების უფრო მეტი ღირებულებით გაფორმება, შესაბამისად, მხარე მიყენებული ზიანის ფაქტსა და ოდენობას უკავშირებს ხელშეკრულების ფასებს შორის სხვაობას, რაც შეეხება 2008 წლის 2 აპრილისა და 6 მაისის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნას, კასატორის განმარტებით, შპს „ო-მა“ ამ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რის გამოც რკინიგზამ სხვა კონტრაქტორებთან გაფორმებული გარიგებებით გამოასწორა ნაკეთობათა ნაკლი, თუმცა გაწია დამატებითი ხარჯი.
განსახილველ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სს „ს. რ-სა“ და შპს „ო-ს“ შორის დადებულია ნარდობის ხელშეკრულებები, რომლის ძალითაც შემკვეთი ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო (სკ 629.1).
სააპელაციო პალატამ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდგი გარემოებები:
2008 წლის 25 ივნისს შპს „ს. რ-სა“ და შპს „ო-ს“ შორის დაიდო №შს/08-321 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს „ო-ს“ მახინჯაური-ჩაქვის სარკინიგზო გადასარბენზე მწვანე კონცხის რეგიონში უნდა ეწარმოებინა ნაპირსამაგრი სამუშაოები, ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენდა 2 485 000 ლარს. სამუშაოების შესრულების ვადა შეადგენდა 2008 წლის 5 ივლისიდან 2008 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდს. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად განისაზღვრა უპირობო საბანკო გარანტიის გამოყენება. ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხემ წარადგინა საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით - 125 000 ლარზე. ამავე დროს წარდგენილ იქნა ასევე სს „ს. ბ-ის“ მიერ საავანსო გადახდის გარანტია 2 237 000 ლარზე.
2008 წლის 22 დეკემბერს მხარეებმა გააფორმეს ხელშეკრულება, რომლითაც ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №შს/08-321 ხელშეკრულებაში, კერძოდ, მოსარჩელემ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი საომარი და საგანგებო მდგომარეობა და 2008 წლის 9 აგვისტოს შემდეგ დამდგარი ვალდებულების შესრულების ვადები გააგრძელა 60 დღით.
შპს „ო-მა“ გაგრძელებულ ვადაშიც ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სს „ს. რ-ამ“ 2009 წლის 31 მარტს მოპასუხესთან შეწყვიტა ხელშეკრულება.
მოსარჩელემ შპს „ო-ის“ მიერ შესასრულებელი სამუშაოების შესრულებაზე გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც გამარჯვებულად გამოვლინდა სს „ხ-ი“ და 2009 წლის 19 ოქტომბერს შპს „ს. რ-სა“ და სს „ხ-ს“ შორის დაიდო №შს/09-323 სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სს „ხ-ს“ მახინჯაური-ჩაქვის სარკინიგზო გადასარბენზე მწვანე კონცხის რეგიონში უნდა ეწარმოებინა ნაპირდამცავი ნაგებობების მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენდა 3 399 461,26 ლარს.
2008 წლის 2 აპრილს შპს „ს. რ-სა“ და შპს „ო-ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №შს/08-146 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს „ო-ს“ უნდა ეწარმოებინა ბათუმის წევის ქვესადგურის საფიდერო ხაზების რეკონსტრუქცია. ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენდა 420 650 ლარს. სამუშაოები უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 15 დღისა და უნდა დასრულებულიყო არა უგვიანეს 2008 წლის 25 სექტემბრისა. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად განისაზღვრა უპირობო საბანკო გარანტიის გამოყენება. ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.
შპს „ო-ს“ №შს/08-146 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა არა უგვიანეს 2008 წლის 25 სექტემბრისა. მოპასუხემ სამუშაოები დაასრულა 127 დღის დაგვიანებით.
მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ვალდებულება არ შეასრულა დადგენილ დროში. პირგასამტეხლომ ვადაგადაცილებისათვის შეადგინა 53 422,55 ლარი, საბანკო გარანტიით ანაზღაურებულ იქნა პირგასამტეხლოს ნაწილი - 21 032,50 ლარი, რომელიც სრულად ვერ ფარავდა ვადაგადაცილებული 127 დღის პირგასამტეხლოს. ასანაზღაურებელი პირგასამტეხლო შეადგენს - 32 390,05 ლარს.
2009 წლის 7 სექტემბერს შპს „ს. რ-სა“ და შპს „ტ. ი. ჯ-ას“ შორის დაიდო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების შესახებ №შს/09-278 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს „ტ. ი. ჯ-ას“ უნდა ეწარმოებინა ბათუმის წევის ქვესადგურის საფიდერო ხაზის სარეკონსტრუქციო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენდა 93 738 ლარს.
2008 წლის 6 მაისს შპს „ს. რ-სა“ და შპს „ო-ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №შს/08-220 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს „ო-ს“ უნდა ეწარმოებინა წყალმოცილება ბათუმის სამტრედიის უბნის მე-19 კმ-ზე. ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენდა 163 591 ლარს. სამუშაოს შესრულების პერიოდი განისაზღვრა 2008 წლის 15 მაისიდან 2008 წლის 25 ნოემბრამდე. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად განისაზღვრა უპირობო საბანკო გარანტიის გამოყენება. ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.
მოპასუხემ არ შეასრულა №შს/08-220 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად, სამუშაოების შესრულებას გადააცილა 66 დღე. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-8 მუხლის მიხედვით, შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.
შესრულების გარანტია შეადგენდა 8 180 ლარს, რაც სრულად ვერ ფარავდა ვადაგადაცილებული 66 დღის პირგასამტეხლოს, რომელიც შეადგენდა 10797,01 ლარს.
2009 წლის 21 ივლისის შპს „ს. რ-სა“ და სს „ხ-ს“ შორის დაიდო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების შესახებ №შს/09-228 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სს „ხ-ს“ უნდა ეწარმოებინა ქობულეთი-ჩაქვის გადასარბენზე წყალმომცილებელი ნაგებობებისა და არსებული კედლის უკან დრენაჟის მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენდა 102 735,9 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის ძალით სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ამ გარემოებებს საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ, ვინაიდან საკასაციო საჩივრით სს „ს. რ-ას“ მათ მიმართ რაიმე შედავება არ წარმოუდგენია.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელემ, რომლის მტკიცების ტვირთსაც წარმოადგენდა ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება, სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენა ვერ უზრუნველყო, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართებულობას ადასტურებს.
კასატორი არ ეთანხმება პალატის ამ მსჯელობას და თვლის, რომ სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს, ერთი მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სწორი ანალიზით და, მეორე მხრივ, ემყარება კანონის არასწორ განმარტებას ემყარება.
საკასაციო პალატა მტკიცებულებათა კვლევის ნაწილში იზიარებს კასატორის პრეტენზიას და თვლის, რომ სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა და 249-ე მუხლის შესაბამისად არ გამოუკვლევია და გადაწყვეტილებაში არ აუსახავს დასკვნა იმის შესახებ, საქმეში წარმოდგენილი შპს „ო-ის“ წერილობითი მიმართვა, ასევე საექსპერტო დასკვნა ადასტურებს თუ არა 2008 წლის 2 აპრილისა და 6 მაისის ხელშეკრულებების მოპასუხის მიერ არაჯეროვან შესრულებას, რამაც სხვა პირთან ხელშეკრულების დადება და კრედიტორის მიერ დამატებითი ხარჯების გაწევა განაპირობა. აღნიშნული მნიშვნელოვანია ინდენად, რამდენადაც ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა მენარდის მიერ სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის შეუსაბამო შესრულებას ემყარება. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ასევე სამოქალაქო კოდექსის 643-ე მუხლის შემადგენლობა.
რაც შეეხება მხარეთა შორის 2008 წლის 25 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო პალატამ დაადგინა მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა, ვალდებულების შეუსრულებლობა დამატებითი ვადის დაწესების პირობებშიც. დადგენილია, რომ სს „ს. რ-ამ“, შესრულების მიუღებლობის გამო, უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე. უდავოა, რომ კრედიტორს ვალდებულების შესრულების მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს, რამაც განაპირობა ამავე ხელშეკრულების სხვა პირთან - სს „ხ-ან“ დადება. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 407-ე მუხლზე, რომელთა ძალითაც რეგლამენტირებულია კრედიტორის უფლება, მოითხოვოს ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ამასთანავე, ამავე კოდექსის 412-ე მუხლით დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში კასატორი ზიანის ოდენობას უკავშირებს რა შპს „ო-სა“ და სს „ხ-ს“ შორის დადებულ ხელშეკრულებების ფასებს შორის სხვაობას, პალატამ ზუსტად უნდა განსაზღვროს მიყენებული ზიანის ოდენობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს „ს. რ-ამ“ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავება წარმოადგინა, თუმცა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ გასაჩივრებული განჩინებით სრულყოფილად არ არის დადგენილი საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და ამ გზით გადაწყვიტოს დავა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე