Facebook Twitter

№ას-184-177-2013 1 ოქტომბერი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ხ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - მომსახურების საფასურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ (ექსპერტიზის ბიურომ) ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გ. ხ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის ჩატარებული ექსპერტიზის ღირებულების, 5854 ლარის, ანაზღაურება.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მოთხოვნით, 2012 წლის 24 სექტემბრის განცხადებისა და N2-002887-2012 ხელშეკრულების საფუძველზე, ბიურომ ჩაატარა სასაქონლო-საინჟინრო ექსპერტიზა. გაწეული მომსახურებისათვის მოპასუხეს შესაბამისი ტარიფით განსაზღვრული საფასური არ გადაუხდია.

გ. ხ-ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით ექსპერტიზის ობიექტი განსაზღვრული არ იყო, ამდენად, მისთვის უცნობია, რას ჩაუტარდა ექსპერტიზა, ასევე, ხელშეკრულებას არ ერთვის N215 ბრძანება, შესაბამისად, მოპასუხისათვის ექსპერტიზის ბიუროს სატარიფო პოლიტიკა უცნობი იყო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ექსპერტიზის ბიუროს სარჩელი დაკმაყოფილდა: გ. ხ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5854,66 ლარის, ასევე სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 175,64 ლარის ანაზღაურება.

გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. გ. ხ-ემ 2012 წლის 24 აპრილს ბიუროს წარუდგინა განცხადება ,,ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ”, რომლითაც ითხოვა დასკვნის გაცემა მის მიერ წარდგენილი ობიექტების ვარგისიანობაზე და მათი დემონტაჟის შედეგად მასალების რაოდენობასა და ღირებულებაზე, ,,ნახაზზე აღნიშნული ლიტელების შესახებ” (იხ: განცხადება - ს.ფ.18);

2. 2012 წლის 24 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება №2-002887-2012 ,,სასამართლო-საექსპერტო მომსახურების შესახებ”, რომელსაც ხელი მოაწერეს გ. ხ-ემ და ბიუროს წარმომადგენელმა კ. ა-მა (იხ: ს.ფ.18-19). ხელშეკრულების თანახმად, „შემსრულებელი” (ბიურო) ასრულებს ,,საინჟინრო ექსპერტიზას”, ხოლო „დამკვეთი“ (გ. ხ-ე) უხდის ,,შემსრულებელს”სამუშაოს საფასურს (ხელშეკრულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი). მომსახურება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლებოდა ექსპერტიზის დასკვნის ,,დამკვეთისათვის” გადაცემის მომენტიდან, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე (ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი);

3. ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის №215 დადგენილებით დამტკიცებული ტარიფების და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. ,,დამკვეთი“ გაეცნო ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულებას (რასაც ადასტურებდა ხელის მოწერით ხელშეკრულებაზე), რომელსაც გადაიხდიდა სამუშაოს შესრულებამდე ან სამუშაოს შესრულებიდან დასკვნის მიღებამდე (ხელშეკრულების მე-3 მუხლი);

4. ხელშეკრულებით განისაზღვრა შემსრულებლის ვალდებულება - გადაეცა დამკვეთისათვის დასკვნა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საექსპერტო მომსახურების საფასურის სრულად გადახდის შემდეგ (ხელშეკრულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი);

5. ბიუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ექსპერტის დასკვნა გ. ხ-ის არ გადაუცია; მითითებული დასკვნა არც საქმეშია წარმოდგენილი;

6. გ. ხ-ეს ბიუროსათვის არ გადაუხდია მოთხოვნილი თანხა - 5854,66 ლარი. აღნიშნული თანხა გაანგარიშებულია 2012 წლის 22 მაისს შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში, რომელსაც ხელს აწერენ მხოლოდ ბიუროს წარმომადგენლები.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოდავე მხარეებს შორის 2012 წლის 24 აპრილს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რადგან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ბიურომ (მენარდემ) იკისრა ვალდებულება - შეესრულებინა სამუშაო: მოემზადებინა ექსპერტის დასკვნა და გადაეცა გ. ხ-იის (შემკვეთისათვის); ამ უკანასკნელმა კი იკისრა ვალდებულება - გადაეხადა მენარდისთვის შეთანხმებული საზღაური. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. მოცემულ შემთხვევაში, 2012 წლის 24 აპრილის ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა საზღაურის ნაწილ-ნაწილ გადახდას, ამდენად - საზღაური უნდა გადახდილიყო სამუშაოს შესრულების შემდეგ. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ეს ნორმა იმპერატიულია და არ ითვალისწინებს მხარეთა უფლებას - შეცვალონ გადახდის მომენტი ურთიერთშეთანხმებით, შესაბამისად, გ. ხ-ის ვალდებულება, გადაეხადა შეთანხმებული საზღაური, წარმოიშვება მხოლოდ მაშინ, როდესაც დადასტურდება სამუშაოს შესრულების გარემოება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ (აპელანტმა) სადავო გახადა არა მხოლოდ საზღაურის ოდენობა, არამედ - სამუშაოს შესრულების გარემოებაც. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებული იყო - შესაბამისი და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით, დაემტკიცებინა, რომ სამუშაო შესრულდა, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ განხორციელებულა: საქმეში არ არის ექსპერტის დასკვნა. მხოლოდ მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) წარმომადგენლის განმარტება, რომ დასკვნა არსებობს, არ არის საკმარისი, რადგან, მითითებული კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წერილობითი მტკიცებულების არსებობის გარემოება უნდა დადასტურდეს თვითონ ამ წერილობითი დოკუმენტის წარმოდგენით და არა ახსნა-განმარტებით.

სააპელაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში. ექსპერტის დასკვნა გ. ხ-ეს არ გადასცემია; ასევე საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მენარდემ (ბიურომ) დაადგინა ვადა, რომლის განმავლობაშიც შემკვეთს (გ. ხ-ეს) უნდა მიეღო შესრულებული სამუშაო. ამდენად, რომც არსებობდეს ხელშეკრულებით შეთანხმებული ექსპერტის დასკვნა, ბიუროს არ დაუდგენია ვადა მისი მიღებისათვის, რომლის გასვლის შემდგომაც მას წარმოეშობოდა უფლება - მოეთხოვა შეთანხმებული საზღაური. გარდა ამისა, კანონი ითვალისწინებს შემკვეთის გარკვეულ შესაგებლებს მენარდის მიმართ, რაც აბრკოლებს საზღაურის მოთხოვნის უფლებას, კერძოდ, შემკვეთს უფლება აქვს, მიიღოს შესრულებული სამუშაო და შეამოწმოს, ხომ არ არის იგი ნაკლის მქონე, რის შემდგომაც მას შეუძლია, მოსთხოვოს მენარდეს შესაბამისი ქმედებების განხორციელება. შემკვეთის მიერ ამ უფლების გამოყენებისას საზღაურის გადახდა არ მოხდება მანამ, სანამ ნაკლი არ აღმოიფხვრება. უფრო მეტიც, 644-ე მუხლის თანახმად ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამდენად, ამ შემთხვევაში შემკვეთი არათუ საზღაურს არ იხდის, არამედ უფლებამოსილია, მოსთხოვოს მენარდეს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში, რეალურად რომც არსებობდეს ხელშეკრულებით შეთანხმებული ექსპერტის დასკვნა, მისი გ. ხ-ის გადაუცემლობის, ასევე, დასკვნის მიღებისათვის ვადის არ დანიშვნით, ამ უკანასკნელს შეეზღუდა უფლება, გასცნობოდა დასკვნას და შეეფასებინა იგი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპერტიზის ბიურომ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა დასკვნის არსებობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, რადგანაც, თანხის გადახდამდე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა არ გადაეცემა დამკვეთს. დავის არსებობისას, ვალდებულების შესრულების დადასტურებისათვის, სასამართლოს წარედგინა მიღება-ჩაბარების აქტი. პირველი ინსტანციის სასამართლოში დასკვნა წარდგენილი არ ყოფილა იმ მიზეზით, რომ მისი არსებობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. არასწორია, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისათვის დასკვნის არსებობის აუცილებლობის თაობაზე. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით, მომსახურების საფასური განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის N215 დადგენილებით დამტკიცებული ტარიფების შესაბამისად. მიღება-ჩაბარების აქტი შეიცავს ინფორმაციას გამოყენებული ტარიფების კოდების შესახებ. მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ექსპერტიზის დასკვნა მომზადებული იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის ბიუროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. გ. ხ-ემ 2012 წლის 24 აპრილს ბიუროს წარუდგინა განცხადება „ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ“, რომლითაც ითხოვა დასკვნის გაცემა მის მიერ წარდგენილი ობიექტების ვარგისიანობაზე და მათი დემონტაჟის შედეგად მასალების რაოდენობასა და ღირებულებაზე, „ნახაზზე აღნიშნული ლიტელების შესახებ“ (იხ: განცხადება - ს.ფ.18);

2. 2012 წლის 24 აპრილს გაფორმდა №2-002887-2012 ხელშეკრულება ,,სასამართლო-საექსპერტო მომსახურების შესახებ”, რომელსაც ხელი მოაწერეს გ. ხ-ემ და ბიუროს წარმომადგენელმა კ. ა-მა (იხ: ს.ფ.18-19). ხელშეკრულების თანახმად, ,,შემსრულებელი” (ბიურო) ასრულებს ,,საინჟინრო ექსპერტიზას”, ხოლო ,,დამკვეთი” (გ. ხ-ე) უხდის ,,შემსრულებელს“ სამუშაოს საფასურს (ხელშეკრულების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი). მომსახურება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლებოდა ექსპერტიზის დასკვნის ,,დამკვეთისათვის“ გადაცემის მომენტიდან, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე (ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი);

3. ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის №215 დადგენილებით დამტკიცებული ტარიფების და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. ,,დამკვეთი“ გაეცნო ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულებას (რასაც ადასტურებდა ხელის მოწერით ხელშეკრულებაზე), რომელსაც გადაიხდიდა სამუშაოს შესრულებამდე ან სამუშაოს შესრულებიდან დასკვნის მიღებამდე (ხელშეკრულების მე-3 მუხლი);

4. ხელშეკრულებით განისაზღვრა შემსრულებლის ვალდებულება - გადაეცა დამკვეთისათვის დასკვნა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საექსპერტო მომსახურების საფასურის სრულად გადახდის შემდეგ (ხელშეკრულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი);

5. ბიუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ექსპერტის დასკვნა გ. ხ-ისათვის არ გადაუცია; მითითებული დასკვნა არც საქმეშია წარმოდგენილი;

6. გ. ხ-ეს ბიუროსათვის არ გადაუხდია მოთხოვნილი თანხა - 5854,66 ლარი. აღნიშნული თანხა გაანგარიშებულია 2012 წლის 22 მაისს შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში, რომელსაც ხელს აწერენ მხოლოდ ბიუროს წარმომადგენლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორს ამგვარი შედავება ზემომითითებული ფაქტების მიმართ არ წარმოუდგენია.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულება გაფორმდა.

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

იმავე კოდექსის 648-ე მუხლის მიხედვით კი, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული მუხლი სწორად განმარტა და მართებულად მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, გ. ხ-ეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ უნდა გადაეხადა. მსგავს პირობას ითვალისწინებდა, აგრეთვე, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებაც (იხ. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, პუნქტი 3).

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნა მოპასუხეს არ გადასცემია და არც საქმეშია წარმოდგენილი, სამუშაოს შესრულების ფაქტი არ დასტურდება, რის გამოც გ. ხ-ე ვალდებული არაა, აანაზღაუროს ექსპერტიზის ჩატარების საფასური.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

იმავე კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით კი, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სამუშაოს შესრულების ფაქტი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მტკიცების საგანს წარმოდგენდა. საკასაციო სასამართლო იმ მითითებასაც ეთანხმება, რომ კონკრეტული დოკუმენტის არსებობა, როგორც წესი, თავად ამ დოკუმენტის სასამართლოსათვის წარდგენის გზით უნდა დადასტურდეს, მაგრამ აღნიშნავს, რომ, თუ რომელიმე ფაქტობრივი გარემოება მხარეთა შორის სადავო არაა, სასამართლოს შეუძლია, ამგვარი გარემოება დადგენილად მიიჩნიოს.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მოპასუხე ექსპერტიზის დასკვნის არსებობას არ უარყოფდა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა. საქმეში არსებული შესაგებლის მიხედვით, მოპასუხე უარყოფდა არა სამუშაოს შესრულების (ექსპერტიზის ჩატარების) ფაქტს, არამედ მის ჯეროვნად შესრულებას, კერძოდ, სადავოდ ხდიდა, ჩაუტარდა თუ არა ექსპერტიზა მის მიერ არჩეულ ობიექტს. მოპასუხე მიუთითებს, რომ „გაუგებარია, ვის ქონებაზე ჩაატარეს ექსპერტიზა, ვისი თანხმობით და მე რატომ მთხოვენ თანხის გადახდას (ს.ფ. 32).“ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის მიხედვით კი, ექსპერტიზის ბიუროს არ უნდა ემტკიცებინა ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, არამედ სწორედ მოპასუხეს ევალებოდა წარედგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაო სათანადოდ არ შესრულებულა, ექსპერტიზა ჩაუტარდა სხვა და არა დამკვეთის არჩეულ ობიექტს.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ექსპერტიზის დასკვნა გ. ხ-ეს არ გადასცემია, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ანაზღაურების გადახდა სამუშაოს შესრულებიდან დასკვნის მიღებამდე (იხ. ზემოთ, პუნქტი 3-4). საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასმართლოს მოსაზრებას, რომ ზემოაღნიშნულ მუხლზე დაყრდნობით, ექსპერტიზის ბიუროს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება დასკვნის გადაცემის შემდეგ წარმოეშობოდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსხვავებით 648-ე მუხლისაგან, რომელიც განსაზღვრავს საზღაურის მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტს, 649-ე მუხლი არ არის იმპერატიული და არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მხარეთა შეთანხმებით საზღაური გადახდილ იქნეს სამუშაოს შესრულების შემდეგ, მაგრამ მის გადაცემამდე. მით უმეტეს, რომ, სამოქალაქო კოდექსის 634-ე მუხლის თანახმად, მენარდეს თავისი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად შეუძლია გამოიყენოს გირავნობის უფლება მის მიერ დამზადებულ ან შეკეთებულ მოძრავ ნივთზე, თუ ეს ნივთი დამზადების ან შეკეთების მიზნით მენარდის მფლობელობაში იმყოფება. მენარდის ერთ-ერთი მოთხოვნაა შესრულებული სამუშაოსათვის ანაზღაურების მიღება, რომელიც, როგორც ზემომითითებული მუხლი ცხადყოფს, ნივთის დამკვეთისათვის გადაცემამდეც შეიძლება წარმოიშვას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტი. ვინაიდან გ. ხ-ემ მხარეთა შეთანხმებული საზღაური არ გადაიხადა, მან უარი განაცხადა, მიეღო შესრულებული სამუშაო, სწორედ ამ მიზეზით არ არის მისი ხელმოწერა მიღება-ჩაბარების აქტზე.

ასევე არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ კანონი ითვალისწინებს დამკვეთის შესაგებლებს მენარდის მიმართ, რაც აბრკოლებს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 642-ე-645-ე მუხლებით გათვალისწინებული დამკვეთის დამატებითი მოთხოვნის უფლებები არ გამორიცხავს ანაზღაურების გადახდის ვალდებულებას. ბუნებრივია, თუ დამკვეთის პრეტენზიის საფუძველი საზღაურის გადახდამდე წარმოიშობა, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება შესაბამისად აისახება ანაზღაურებაზეც, მაგრამ, თუ მხარეთა შეთანხმება ითვალისწინებს საზღაურის გადახდას ნივთის გადაცემამდე, დამატებითი მოთხოვნის უფლების შესაძლო არსებობა ამ ვალდებულებაზე გავლენას არ ახდენს. მით უფრო, რომ სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება - ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან. სააპელაციო სასამართლოს მტკიცებიდან გამომდინარე, თუ მენარდეს მხოლოდ მას შემდეგ წარმოეშობა ანაზღაურების მოთხოვნა, თუ დამკვეთი პრეტენზიას არ წარუდგენს, მაშინ იგულისხმება, რომ იგი ამ საპრეტენზიო ვადების გასვლასაც უნდა დაელოდოს, რაც, ცხადია, უსამართლოა და სამართლებრივად არასწორი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ექსპერტის დასკვნის წარმოუდგენლობის პირობებში სასამართლოს არ შეეძლო, დაედგინა ის ობიექტები, რომელზეც ჩატარდა ექსპერტიზა და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის №215 დადგენილებით დამტკიცებული ტარიფების მიხედვით განესაზღვრა - მართლაც იმ ოდენობით იყო თუ არა გადასახდელი საზღაური, რასაც მოსარჩელე ითხოვდა.

ის გარემოება, თუ რამდენად სწორად მოითხოვა მოსარჩელემ მომსახურების ანაზღაურება, მოპასუხის შედავების საგანია. განსახილველ შემთხვევაში კი, გ. ხ-ე არ მიუთითებდა, რომ მოთხოვნილი ანაზღაურება შესრულებულ სამუშაოს არ შეესაბამებოდა. იგი ამტკიცებდა, რომ ბიუროს ტარიფები მისთვის ცნობილი არ იყო და არა იმას, რომ კონკრეტული სამუშაოს მიმართ სხვა ტარიფები უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

იმავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იმ მიზეზითაა მიღებული, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები, ამდენად, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს სამუშაოს შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოს შესრულება კი, მენარდის მხრიდან ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას წარმოშობს; ამდენად, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს პირველი და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სულ 475,64 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:

3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. გ. ხ-ეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ დაეკისროს 5854,66 ლარის გადახდა;

5. გ. ხ-ემ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აუნაზღაუროს პირველი და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სულ 475,64 ლარი;

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე