საქმე №ას-222-214-2013 2 ოქტომბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ს. ა-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე: 1 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
2. სსიპ სოციალური მომსახურის სააგენტოს მარტვილის განყოფილება (მოპასუხე)
მესამე პირი - მ. კ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - მზრუნველის დანიშვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ა-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტვილის რაიონული განყოფილებისა და მესამე პირის - მ. კ-ას მიმართ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 22 ნოემბრის N04/51160 გადაწყვეტილების, ამავე სააგენტოს მარტვილის რაიონული განყოფილების 2011 წლის 16 აგვისტოს N02/116 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და არასრულწლოვან დ. კ-ას მზრუნველად დეიდა ს. ა-ას დანიშვნის მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტვილის რაიონული განყოფილების 2011 წლის 16 აგვისტოს N02/116 გადაწყვეტილებით არასრულწლოვან დ. კ-ას მზრუნველად დაინიშნა მამიდა მ. კ-ა, ხოლო დეიდა ს. ა-ას უარი ეთქვა მზრუნველად დანიშვნაზე. სააგენტოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა მ.კ-ამ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 22 ნოემბრის N04/51160 გადაწყვეტილებით მ.კ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები უკანონოა და არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, კერძოდ, გადაწყვეტილებები მიღებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე, 601 მუხლების, ასევე სამოქალაქო კოდექსის 1282-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 1199-ე და 1300-ე მუხლების დარღვევით.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტვილის რაიონულმა განყოფილებამ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
არასრულწლოვანი დ. კ-ა 2009 წლის 1 სექტემბერს ჩაირიცხა მარტვილის მუნიციპალიტეტის მუხურჩის საჯარო სკოლის პირველ კლასში, ამასთან, საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია არა ის ფაქტი, დ. კ-ა 7 წლის ასაკის მიღწევამდე მშობლებთან ერთად ცხოვრობდა თუ არა დეიდის ოჯახში, არამედ ის, თუ სად ცხოვრობდა იგი მშობლების გარდაცვალების შემდეგ და ვინ ზრუნავდა მასზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინებით, განსჯადობის წესის დაცვით, მოცემული საქმე გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ა-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც ს. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. კ-ა დაიბადა ... წლის ... მარტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მარტვილის მუნიციპალიტეტის მუხურჩის საჯარო სკოლის 2012 წლის 21 თებერვლის №4-06 ცნობით, დ. კ-ა აღნიშნული სკოლის პირველ კლასში ჩაირიცხა 2009 წლის 1 სექტემბერს, დ. კ-ას დედა, ვ. ა-ა გარდაიცვალა 2009 წლის 30 ოქტომბერს, ხოლო მამა ზ. კ-ა - 2011 წლის 11 იანვარს. გარდაცვლილ მშობლებს ნოტარიალურად ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტით ნება, მათი გარდაცვალების შემდეგ მზრუნველად დასანიშნი კანდიდატურის თაობაზე, არ გამოუვლენიათ. ასეთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტვილის რაიონულ განყოფილებას 2011 წლის 10 თებერვალს მიმართა მ. კ-ამ ძმისშვილის - დ. კ-ას მზრუნველად დანიშვნის მოთხოვნით, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტვილის რაიონულ განყოფილებას 2011 წლის 3 მარტს განცხადებით მიმართა ს. ა-ამ და მოითხოვა, დანიშნულიყო მისი დისშვილის - დ. კ-ას მზრუნველად. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტვილის რაიონული განყოფილების 2011 წლის 16 აგვისტოს N02/116 გადაწყვეტილებით მოქალაქე მ. კ-ა დაინიშნა ძმისშვილის - არასრულწლოვანი დ. კ-ას მზრუნველად.
მზრუნველის არჩევისას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ შეაფასა მზრუნველობის კანდიდატთა პიროვნული თვისებები, დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარი, ურთიერთდამოკიდებულება სამზრუნველო პირთან, სამზრუნველო პირის ინტერესები. პალატის მოსაზრებით, მზრუნველობის კანდიდატთა და სამზრუნველო პირის ყოველმხრივი შეფასების შედეგად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ მიიღო მართებული გადაწყვეტილება მზრუნველად მ. კ-ას დანიშვნის თაობაზე, სასამართლომ აღნიშნული დასკვნა დაამყარა შემდეგს:
• სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტვილის რაიონულმა განყოფილებამ დ. კ-ას მზრუნველად მ. კ-ას დანიშვნამდე სრულყოფილად შეისწავლა ის გარემოებები თუ რამდენად აკმაყოფილებდა მზრუნველად დასანიშნი პირი კანონით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე შეისწავლა დეიდის - ს. ა-ას მდგომარეობა.
• სოციალურ მუშაკს მ. კ-ას ოჯახის სოციალური გარემოს შესწავლის მიზნით ვიზიტები ჰქონდა ოჯახში, სამედიცინო დაწესებულებაში, სკოლასა და თანადგომის ქსელის წარმომადგენლებთან. სოციალური მუშაკის შეფასების თანახმად, დ. კ-ა დედ-მამით ობოლია, მ. კ-ამ სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნა, რომ არის უშვილო. ვ. ა-ას გარდაცვალების შემდეგ, წელიწადნახევარი დ. კ-ას მზრუნველობას უწევდა მამიდა. მასწავლებლის ინფორმაციით, დ. კ-ას აქვს თვალსაჩინო, ხატოვანი და ლოგიკური აზროვნების უნარი, ბავშვის აკადემიური მოსწრება აღემატება მისი სწავლის საფეხურს, დ.კ-ა მოტივირებულია, იყოს ლიდერი, მოსწონს ჯგუფში მუშაობა, არის კომუნიკაბელური, მას დადებითი ურთიერთობა აქვს თანატოლებთან, არ არის კონფლიქტური და უყვარს საკუთარი შეხედულებების დაფიქსირება.
• კანკიების ოჯახი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აღენიშნებათ ფსიქო-ემოციური პრობლემები, მ. კ-ა არ არის ნასამართლევი რასაც ადასტურებს ცნობა ნასამართლეობის შესახებ. მ. კ-ას ახასიათებენ დადებითად, არ უჭირს ურთიერთობების დამყარება გარშემომყოფებთან და არის კომუნიკაბელური პიროვნება. მ. კ-ას მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, აქვს პედაგოგიური მოღვაწეობის 20-წლიანი გამოცდილება. სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული ვიზიტების შედეგად აღმოჩნდა, რომ კ-ის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ცხოვრობენ კერძო, ორსართულიან სახლში, რომელიც შედგება 7 ოთახისაგან, ოთახები საცხოვრებლად ვარგისია, აქვთ საჭირო ავეჯი, მიწის ფართი შეადგენს 0,5 ჰექტარს, სადაც გაშენებულია სიმინდის ყანა, ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი მ. კ-ას კუთვნილი პენსია - 100 ლარი და მეუღლის მიერ თბილისიდან ყოველთვიურად გამოგზავნილი 200 ლარია.
• სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, მამიდასა და ძმისშვილს შორის არსებობს განსაკუთრებული დამოკიდებულება, მ. კ-ას, თავის პროფესიიდან გამომდინარე, აქვს ბავშვებთან ურთიერთობის საკმარისი გამოცდილება, შესაბამისად, მას განვითარებული აქვს აღზრდის უნარ-ჩვევები და დ. კ-ან დამოკიდებულებაში გამოირჩევა ჰუმანურობით. აღნიშნულის გათვალისწინებით მ. კ-ას აქვს, როგორც სოციალურად, ასევე ეკონომიურად, ყველა პირობა იმისა, რომ გაუწიოს მზრუნველობა და შეუქმნას განვითარებისათვის საჭირო ყველა პირობა ძმისშვილს.
• მას შემდეგ, რაც ს. ა-ამ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტვილის რაიონულ განყოფილებას განცხადებით მზრუნველად დანიშვნის თაობაზე, მარტვილის რაიონულმა განყოფილებამ მიმართა ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს, რათა შეეფასებინათ ს. ა-ას ოჯახი აკმაყოფილებდა თუ არა დ. კ-ას მზრუნველად დასანიშნად ყველა კრიტერიუმს. სოციალური მუშაკის დასკვნის სრული შეფასების საფუძველზე, სასამართლომ ჩათვალა, რომ ს. ა-ა აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც საჭირო იყო მისი არასრულწლოვანი დისშვილის მზრუნველად დასანიშნად. ს. ა-ას გადმოცემით, დ. კ-ას დედა ვ. ა-ა, მშობლების გარდაცვალების შემდეგ, 13 წლიდან იზრდებოდა მასთან და გათხოვების შემდეგ, თავის ქმარ-შვილთან ერთად ს. ა-ას ოჯახში ცხოვრობდა. დ. კ-ა დეიდის ოჯახში იზრდებოდა 5 წლამდე, ვიდრე მათი ოჯახი არ გადავიდოდა საცხოვრებლად სოფელში. დედის გარდაცვალების შემდეგ დ. კ-ამ მამასთან ერთად ზაფხულის არდადეგები ს. ა-ას ოჯახში გაატარა. ს. ა-ა პიროვნულად მშრომელი, აქტიური ადამიანია, გააჩნია სტრესის დაძლევისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი, არის ძლიერი პიროვნება. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იგი მარტო ზრდის შვილს, რომელიც დასკვნის შედგენის მომენტში იყო მე-12 კლასის მოსწავლე. ს. ა-ა დასაქმებულია და მუშაობს ორ ადგილას, წარმატებით უძღვება მეურნეობას ოჯახშიც. მისი შემოსავალი შეადგენს თვეში დაახლოებით 500 ლარს, არის ყურადღებიანი და შეძლებისდაგვარად ეხმარება თავის და-ძმებს. სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული შეფასების დროისათვის მასთან ცხოვრებდნენ და და დისშვილი. ოჯახის წევრებს შორის არის თბილი და მზრუნველი დამოკიდებულება. ოჯახის ყველა წევრი მონდომებულია, რომ დ. კ-ა გაიზარდოს თბილისში, ს. ა-ას ოჯახში. დეიდას დ. კ-ის აქვს გამოყოფილი დასვენებისა და სამეცადინო კუთხე. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ს. ა-ას არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და სრულად შეუძლია განახორციელოს ბავშვზე ზრუნვა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ს. ა-ას საცხოვრებელი გარემო და პირობები დამაკმაყოფილებელია და მას შესწევს უნარი სათანადო მზრუნველობა გაუწიოს ობოლ დისშვილს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტვილის რაიონულმა განყოფილებამ, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი განმცხადებლები აკმაყოფილებდნენ კანონმდებლობის მოთხოვნებს და შესწევდათ უნარი გაეწიათ დ. კ-ას მიმართ მზრუნველობა. მზრუნველობის კანდიდატების თანაბარ პირობებში ყოფნის გამო, გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო ბავშვის ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით:
• მოცემული შემთხვევისათვის მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, არ მომხდარიყო ბავშვის მუდმივი ადგილსამყოფელის შეცვლა, ანუ მისი ფაქტობრივი აღმზრდელის ოჯახიდან განშორება და შეჩვეული გარემოდან მოწყვეტა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მოცემულ მომენტში ბავშვისათვის ადგილმდებარეობის შეცვლა მიჩნეულ იქნა უარყოფით ზემოქმედების მომხდენ გარემოებად, სავარაუდოდ, საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა (დასახლებული პუნქტის გამოცვლა) გამოიწვევდა ადაპტაციის დარღვევას, რასაც შესაძლებელია ნეგატიური ასახვა მოეხდინა ბავშვის შემდგომ აღზრდა-განვითარებაზე.
• დ. კ-ა განიცდიდა მშობლებთან ურთიერთობის დანაკლისს, რაც ემოციური თვალსაზრისით, უტყუარია და მისთვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლით მოსალოდნელი ფსიქოლოგიური რისკები უპირველესად გასათვალისწინებელი გარემოება იყო.
• სტაბილურობის დაკარგვას, ახალ გარემოში ადაპტაციის დაწყებას, ძველ მეგობრებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობის შეწყვეტას შესაძლებელია მოჰყოლოდა გარკვეული გართულებები. ამდენად, აშკარა იყო ბავშვისთვის მისაღებ და კომფორტულ გარემოში დარჩენის საჭიროება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულმა ორგანომ მხარი დაუჭირა სამზრუნველო პირის ჩვეულ გარემოში დარჩენას და მზრუნველად დაინიშნა დ. კ-ას მამიდა.
სააპელაციო პალატაში საქმის განხილვის დროს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა კვლავ დაუჭირა მხარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტვილის რაიონული განყოფილების 2011 წლის 16 აგვისტოს N02/116 გადაწყვეტილებას და მზრუნველად მ. კ-ას დატოვების მიზანშეწონილობას.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 22 ნოემბრის N04/51160 გადაწყვეტილებით ს. ა-ას ადმინისტრაციული საჩივარი 2011 წლის 16 აგვისტოს N02/116 გადაწყვეტილების გაუქმებისა და დ. კ-ას მზრუნველად ს. ა-ას დანიშვნის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს მითითებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ს. ა-ას ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას საქმეში ჩართო ფსიქოლოგი დ. კ-ას სოციალური გარემოსა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლის მიზნით. საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგიური კონსულტაციის გამოკვლევის შედეგებში, რომელსაც ეყრდნობოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 22 ნოემბრის N04/51160 გადაწყვეტილება, აღნიშნული იყო შემდეგი:
დ. კ-ა „გამოკვლევის პროცესში მშვიდი და კეთილგანწყობილია. შეკითხვებზე პასუხობს ღიად, თანმიმდევრულად, გააზრებულად. მამიდისადმი მისი კეთილგანწყობა გამოხატულია როგორც ვერბალურად (მიმართავს თბილად, უსვამს დამაზუსტებელ შეკითხვებს), ასევე არავერბალურად (უღიმის, ეხუმრება). ფსიქოლოგის შეთავაზებას, მამიდა გავიდეს ოთახიდან, ხვდება ნორმალურად და არ ეწინააღმდეგება. ხალისით და სერიოზულობით საუბრობს მის როლზე ოჯახში. ამბობს, რომ უყვარს საკუთარი სახლი და საოჯახო საქმეებში მამიდას ხშირად ეხმარება. კითხვაზე, ჩამომითვალოს ახლო ნათესავები, ასახელებს: მამიდას, ბიძას. ასევე ამბობს, რომ დედ-მამა გარდაცვლილი ჰყავს და მათ საფლავზე ხშირად დადის. შეინიშნება მსუბუქი დაძაბულობა, როცა ხელმეორედ ვეკითხები სხვა ახლო ნათესავების შესახებ. კითხვის გამეორების შემდეგ ასახელებს დეიდებს.
გამოკვლევის შედეგად იკვეთება, რომ კლიენტის მიკრო და მაკრო სოციალური სივრცე მისთვის კომფორტულია - ჰყავს მეგობრები, კეთილგანწყობილი მეზობლები; მამიდა და ბიძა, რომლებთანაც საკუთარი წარმატებების, ინტერესების, მიზნების გაზიარების სურვილი და მოთხოვნილება აქვს. „მამიდა მეხმარება გაკვეთილების მომზადებაში, მამიდამ იცის მე რაც მინდა და მსურს“. მისი თქმით, დადის ცეკვასა და კარატეზე, „მინდა ვიარო ფეხბურთზეც“ - ამბობს საუბარში. მამიდისა და მის ურთიერთობაზე დაკვირვებისას ჩანს ერთმანეთისადმი მეგობრული, პატივისცემაზე აგებული დამოკიდებულება; მამიდა თბილი და ყურადღებიანია ძმისშვილის მიმართ, საჭირო რჩევებს აძლევს და ამავე დროს, არ ბოჭავს მის პიროვნებას, ითვალისწინებს მის აზრებსა და სურვილებს. აგრეთვე გამოხატავს მზაობასა და მონდომებას მიღებული რეკომენდაციის გასათვალისწინებლად...... პროექციული მეთოდების - „ჩემი ოჯახის“ მიხედვით, დ. კ-ის საკუთარი ოჯახი განსაზღვრულია შემდეგნაირად: „დედა, მამა, მამიდა, ბიძა და მე. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ, ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 2011 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება შეესაბამებოდა არასრულწლოვანი დ. კ-ას ინტერესებს.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა „ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაზე, რომლითაც აღიარებულია ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელი პირობები, როგორიცაა მისი გაზრდა ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. სასამართლომ მიუთითა ამავე კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულ ბავშვის უფლებაზე, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე ნორმით განსაზღვრულ მშობლის (მშობლების) ან ბავშვის სხვა აღმზრდელების პასუხისმგებლობაზე, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იყო, რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორცილებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად კი, აღიარებული იყო კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულება, პატივი მიაგონ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც, კანონის მიხედვით, პასუხისმგებელი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით. სააპელაციო პალატის დასკვნით, ბავშვის უფლებების დაცვის იმავე სტანდარტს ადგენს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობაც, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1281-ე მუხლის პირველი ნაწილი და 1282-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ასევე ფსიქოლოგის დასკვნის შესაბამისად დადგენილი იყო არასრულწლოვანი დ. კ-ა ადაპტირება მამიდის საცხოვრებელ ადგილას, სადაც შექმნილი იყო ყველა პირობა მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედა და კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილებებიდან ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება შეარჩია. სოციალური მომსახურების სააგენტომ კანონით დადგენილ ფარგლებში სრულყოფილად შეამოწმა მზრუნველად დასანიშნი პირების პიროვნული თვისებები, დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარი, ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც არსებობს მათ და სამზრუნველო პირს შორის, სამზრუნველო პირის ინტერესები, ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სადავო საკითხის გადაწყვეტისას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება დ. კ-ას მზრუნველად მ. კ-ას დანიშვნის შესახებ. ბავშვის ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილას დ.კ-ას ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო პირობების დადგენისა და იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვი შეგუებული იყო მამიდის სახლის პირობებს, ამასთან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ ბავშვის სრულყოფილი განვითარებისათვის მიზანშეწონილად მიიჩნია მის მზრუნველად მამიდის დანიშვნა, არასრულწლოვანი დ. კ-ას მზრუნველად მ. კ-ას დანიშვნა ბავშვის ინტერესების შესაბამისად იქნა მიჩნეული. სასამართლოს განმარტებით, არასრულწლოვანის მზრუნველად მისი მამიდის დანიშვნა არ ართმევდა ბავშვს უფლებას, ურთიერთობა ჰქონოდა ასევე გარდაცვლილი დედის ნათესავებთან, მათ შორის დეიდასთან. ნათესავებს შორის ცივილურ ურთიერთობაზე და ბავშვსა და მისი გარდაცვლილი მშობლების ნათესავებს შორის ურთიერთობის აუცილებლობაზე უთითებდა ასევე ფსიქოლოგის 2012 წლის 14 ოქტომბრის დასკვნაც. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ დავის პირობებში იგი ვერ ახერხებდა დისშვილის მონახულებას, წინააღმდეგობას აწყდება მ. კ-ას მხრიდან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვის მონახულების საკითხი არ წარმოადგენდა წინამდებარე სარჩელის საგანს და მოცემული დავის ფარგლებში პალატა ვერ იმსჯელებდა დეიდის მიერ დისშვილის მონახულების წესის განსაზღვრის საკითხზე.
სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ წინამდებარე საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განიხილა ადმინისტრაციული კანონმდებლობის მიხედვით, ხოლო სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით საქმე მიჩნეულ იქნა სამოქალაქო კატეგორიის დავად, არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან დარღვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლებით დადგენილი განსჯადობის წესები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ა-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით (იხ. დაზუსტებული საკასაციო საჩივარი):
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია როგორც მატერიალური, ისე საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ვინაიდან საჭიროა მტკიცებულებათა გამოკვლევა, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოებები არ უნდა იქნას გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ, ვინაიდან მხარე მათ თაობაზე დასაშვებ პრეტენზიებს აცხადებს, სასამართლომ ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და არ გაითვალისწინა ვაკე-საბურთალოსა და მარტვილის სოციალური მომსახურების ცენტრების დასკვნები რათა დადგენილიყო ბავშვისათვის საუკეთესო საყოფაცხოვრებო პირობები. ამ კუთხით სასამართლოს არ შეუფასებია საქმეში არსებული მ. კ-ას ახსნა-განმარტებები იმის თაობაზე, რომ არ აძლევს ს. ა-ას დ. კ-ას მონახულების უფლებას, პალატამ ასევე შეფასების გარეშე დატოვა საქმეში არსებული 2011 წლის 11 აგვისტოს N04/1382 დოკუმენტი, სადაც საუბარია მ.კ-ას მიერ დ.კ-ას იზოლაციაში ყოფნის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ბავშვმა დეიდასთან ცხოვრება არ მოისურვოს. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს არ უმსჯელია მოწმე ვ. ფ-ას ჩვენებაზე, რომელიც გადმოსცემს საქმისათვის უმნიშვნელოვანეს გარემოებას - დ.კ-ას მშობლების უკანასკნელ ნებას ბავშვის სამომავლო ბედთან დაკავშირებით, ამასთანავე, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, მიიღო რა ფსიქოლოგ ნ. ჩ-ას მიერ მომზადებული დასკვნა, ვალდებული იყო, გადაწყვეტილებით შეეფასებინა ეს მტკიცებულება. კასატორი ასევე არ დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მ.კ-ას აქვს პედაგოგიური მოღვაწეობის 20-წლიანი გამოცდილება, მაშინ, როდესაც საქმის მასალებით ირკვევა მ.კ-ას 7-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის სტაჟი. პალატა სოციალური მუშაკების დასკვნებზე მსჯელობისას არ ასაბუთებს, თუ რატომ მიანიჭა მ.კ-ას უპირატესობა, მაშინ, როდესაც დადგენილია, რომ როგორც საცხოვრებელი, ისე მატერიალური კუთხით ს.ა-ას უკეთესი პირობები გააჩნია. პალატამ, მტკიცებულებათა არასათანადო გამოკვლევის გზით, არასწორად აღნიშნა, რომ ს. ა-ას პირობები დამაკმაყოფილებელია დ. კ-ას მზრუნველობისათვის, როგორც ეს მ. კ-ას მიმართაა აღნიშნული. სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, ს. ა-ას საყოფაცხოვრებო პირობები არასრულწლოვანი დ. კ-ას განვითარებისათვის არის კარგი. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ იხელმძღვანელა ბავშვის უპირატესი ინტერესებით - იცხოვროს უკეთეს პირობებში. მიუხედავად მხარის არაერთი მითითებისა, პალატამ გვერდი აუარა ფსიქოლოგ ნ. ჩ-ას დასკვნასა და პოლიციის აქტში მითითებული გარემოებების გამოკვლევას, სადაც დადასტურებულია გარემოება იმის თაობაზე, რომ მამიდა ხელს უშლის დ.კ-ას, ურთიერთობა იქონიოს დეიდასთან და დაეიდაშვილებთან, რაც თრგუნავს არასრულწლოვნის ფსიქიკას, ასევე ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ დ. კ-ა 7 წლამდე მშობლებთან ერთად ცხოვრობდა და იზრდებოდა დეიდის ოჯახში. საფუძველს მოკლებულია სასამართლოს დასკვნა დ.კ-ას ოჯახურ გარემოდ მ.კ-ას პირობების მიჩნევა, რადგანაც ის არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილ ფსიქოლოგ ნ.ჩ-ას დასკვნიდან, სადაც განმარტებულია, როგორც მშობლების დაკარგვით გამოწვეული სტრესი, ისე ოჯახური გარემოებს აღქმა. აღნიშნულით სასამართლომ არ გაითვალისწინა მსგავსი კატეგორიის საქმეთა განხილვისათვის პრინციპული საკითხი - ბავშვის უპირატესი ინტერესები. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის გათვალისწინებული თანაბარი უფლებამოსილების მქონე პირებიდან ერთ-ერთის მიერ უკანონოდ ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც ბავშვის განვითარებისათვის ხიფათის შემცველია. ამასთანავე, სამართლებრივი შეფასების გარეშეა დატოვებული მოწმე ვ.ფ-ას ჩვენება და სხვა პირთა წერილობითი, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, სადაც გადმოცემულია დ.კ-ას მშობლების სურვილი, შვილი გაზრდილიყო დედაქალაქში დეიდაშვილების გარემოცვაში და აქვე მიიღოს განათლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 მარტის განჩინებით ს. ა-ა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ს. ა-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ს. ა-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ს. ა-ა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ა-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე