Facebook Twitter

№ას-229-221-2012 3 ოქტომბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ. ს. ს-ო“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს სარჩელი მოპასუხე შპს „მ. ს. ს-ოს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ტომი 4, ს.ფ. 294-295).

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ გაასაჩივრა საჩივრით. საჩივრის ავტორმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა (ტომი 5, ს.ფ. 1).

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (ტომი 5, ს.ფ. 29-31).

პირველი ინსტანციის სასამართლოს ორივე დასახელებულ გადაწყვეტილებაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 5, ს.ფ. 37-48).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

სააპელაციო სასამართლომ გზავნილის ჩაბარების შესახებ საქმეში არსებული შეტყობინების ბარათით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ჩაბარდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს კანცელარიას 2010 წლის 30 დეკემბერს (ტომი 5, ს.ფ. 26).

ზემოთ მოყვანილი საპროცესო ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტს გასაჩივრებული განჩინება ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 31 დეკემბერს და ამოიწურა 2011 წლის 13 იანვარს. საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო საჩივარი ფოსტაში შეტანილ იქნა 2012 წლის 10 იანვარს (ტომი 5, ს.ფ. 54), რომელიც ბოლნისის რაიონულ სასამართლოს წარედგინა 2012 წლის 12 იანვარს (ტომი 5, ს.ფ. 36), თითქმის ერთი წლის ვადის დარღვევით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე პირობის არარსებობის შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის დანაწესი იძლევა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით, ასევე დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა (ტომი 6, ს.ფ. 3-5).

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 იანვრის განჩინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების სტადიიდან საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას, რის საფუძვლადაც მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინების (რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება) გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყისი დროის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ხსენებული განჩინების ასლის ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს კანცელარიის მიერ ჩაბარების თარიღი – 2012 წლის 30 დეკემბერი. აღნიშნულს კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს და განმარტავს, რომ 2010 წლის 30 დეკემბრისათვის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო არ არსებობდა. „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, 2010 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო რეორგანიზებულ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და სსიპ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრთან მიერთების გზით;

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ზემომითითებულ ვითარებაში შეუძლებელი იყო სააგენტოს კანცელარიას ჩაბარებოდა სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინება. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე და არასწორად მიიჩნია, რომ აპელანტს გასაჩივრებული განჩინება 2010 წლის 30 დეკემბერს ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით;

იმის დასადასტურებლად, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს გზავნილი 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინების გადმოგზავნის შესახებ ადრესატს, ისევე როგორც, სამინისტროს კანცელარიას არ ჩაბარებია, კერძო საჩივრის ავტორმა საჩივარს თან დაურთო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის 2012 წლის 3 თებერვლის №01-1528 და სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს სპეციალისტის ნ. რ-ას 2012 წლის 6 თებერვლის №01/1627 წერილები;

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე გზავნილი მაშინ შეიძლებოდა ჩათვლილიყო აპელანტისათვის ჩაბარებულად, თუ იგი გაგზავნილი იქნებოდა რეალურად არსებულ ადრესატთან. იმის, გამო, რომ 2010 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო აღარ არსებობდა, შეუძლებელი იყო კანცელარიის მუშაკს გზავნილი ადრესატისათვის გადაეცა. ამიტომ, ამ უკანასკნელმა გზავნილი არ ჩაიბარა და ხელი მოაწერა გზავნილის შეტყობინების ბარათზე გრაფაში – „ჩაუბარებლობის მიზეზი“. ამით, მან დაადასტურა გზავნილის ჩაუბარებლობა და იგი დაუბრუნა კურიერს (ტომი 6, ს.ფ. 13-15).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს სარჩელი მოპასუხე შპს „მ. ს. ს-ოს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ტომი 4, ს.ფ. 294-295); აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საჩივრით გაასაჩივრა (ტომი 5, ს.ფ. 1); ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (ტომი 5, ს.ფ. 29-31).

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინების) ასლი 2010 წლის 30 დეკემბერს ჩაბარდა უფლებამოსილ პირს - სამინისტროს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლაც ამ თარიღიდან უნდა მომხდარიყო.

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ 2010 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო რეორგანიზებული იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სხვადასხვა დაწესებულებებთან მიერთების გზით. შესაბამისად, შექმნილ ვითარებაში შეუძლებელი იყო ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს კანცელარიას ჩაბარებოდა სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინება. კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოების გამო გზავნილი მასზე ხელმომწერ პირს არ ჩაუბარებია, მან ხელი მოაწერა გზავნილის შეტყობინების ბარათზე გრაფაში – „ჩაუბარებლობის მიზეზი“, რითაც დაადასტურა გზავნილის ჩაუბარებლობა და იგი დაუბრუნა კურიერს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს გზავნილი ჩასაბარებლად წარედგინა არაუფლებამოსილ პირს. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის №288 დადგენილებაზე. დასახელებული დადგენილების 1-ელი მუხლის თანახმად, 2010 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო რეორგანიზებულ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრთან მიერთების გზით. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის მიხედვით, სააგენტოს მიერ 2010 წლის 1 დეკემბრამდე დაგროვილი დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების ანაზღაურების ნაწილში (გარდა მიმდინარე წელს წარმოქმნილი დავალიანებებისა) მის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა სამინისტრო. აღსანიშნავია ასევე, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი წარადგინა, როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს უფლებამონაცვლემ (ტომი 5, ს.ფ. 2-5).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებული იყო 2010 წლის 1-ელი დეკემბრიდან მიეღო და განეხილა ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს სახელზე გაგზავნილი ყველა კორესპონდენცია, რაც სააგენტოს მიერ 2010 წლის 1 დეკემბრამდე დაგროვილ დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებებს შეეხებოდა. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინების ასლი გაიგზავნა სწორედ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მისამართზე (თბილისი, ა.წ-ის გამზირი №144 (ტომი 5, ს.ფ. 25). აღნიშნული გზავნილი 2010 წლის 30 დეკემბერს, ჩაბარების მიზნით, წარედგინა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს სპეციალისტს ნ. რ-ას, რაც დასტურდება გზავნილზე მისი ხელმოწერით და სამინისტროს შტამპით, ასევე ამ უკანასკნელის ახსნა-განმარტებით (ტომი 5, ს.ფ. 25, ტომი 6, ს.ფ. 18). ის გარემოება, რომ სამინისტროს თანამშრომელმა გზავნილი არ ჩაიბარა, ვინაიდან, მისი მოსაზრებით, იგი არ იყო განკუთვნილი სამინისტროსათვის, არ ნიშნავს ადრესატისათვის გზავნილის ჩაუბარებლობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილი, ასეთ შემთხვევას განიხილავს, როგორც ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარებას. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს ბარდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, წარმოადგენდა რა ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს უფლებამონაცვლეს, ვალდებული იყო მიეღო ამ უკანასკნელის სახელზე გაგზავნილი კორესპონდენცია, შესაბამისად, სამინისტროს თანამშრომლის უარი გზავნილის ჩაბარებაზე, მიჩნეულ უნდა იქნეს გაზავნილის სამინისტროსათვის ჩაბარებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ვინაიდან საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე