Facebook Twitter

№ას-279-266-2013 10 ოქტომბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ე. ქ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – ე. გ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 21 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ზ. გ-მა მოპასუხე სს „ე. ქ-ის“ მიმართ და მოითხოვა, რომ მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა მიუღებელი სარჩოს - 18246 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელის მეუღლე (ვ. გ-ი) მუშაობდა სს ,,ე. ქ-ი“ 1951 წლიდან და იყო მე-3 თანრიგის ზეინკალი. 1979 წელს მან მიიღო ტრავმა ქარხანაში შრომითი მოვალეობის შესრულების დროს, დაკარგა შრომის უნარი 60%-ით და აღნიშნულის საფუძველზე იღებდა პენსიას 1979 წლიდან. 2005 წლის 21 დეკემბერს ვ. გ-ი გარდაიცვალა და სარჩო დაენიშნა მის მეუღლეს (ზ. გ-ს), როგორც მარჩენალდაკარგულ პირს. ის გარემოება, რომ ვ. გ-ის გარდაცვალების შემდეგ საწარმომ 2005 წელს სარჩო დაუნიშნა მის მეუღლეს, არის აღიარება და მტკიცებულება იმისა, რომ ვ. გ-ი გარდაიცვალა საწარმოო ტრავმით მიყენებული დაზიანებისაგან. 2005 წელს ზეინკლის ხელფასი შეადგენდა 500 ლარს, ვ. გ-ს 2005 წლის 30 მაისიდან გარდაცვალებამდე – 2005 წლის 21 დეკემბრამდე, ე.ი. 6 თვის განმავლობაში პენსია არ მიუღია. 500 ლარის 60% შეადგენდა ყოველთვიურად 300 ლარს. ამდენად, ვ. გ-ის მიუღებელი თანხა შეადგენდა 2006 წლის 1 იანვრისათვის 1800 ლარს. 2006 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 1 აგვისტომდე ვ. გ-ის მეუღლე ზ. გ-ი იღებდა პენსიას თვეში 66 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარისა, ე.ი. ის იღებდა 234 ლარით ნაკლებს და მითითებული პერიოდისათის მიუღებელმა თანხამ შეადგინა 4446 ლარი. 2007 წლის 1 აგვისტოდან გარდაცვალებამდე – 2009 წლის 29 სექტემბრამდე ზ. გ-ს მოპასუხისაგან რაიმე თანხა არ მიუღია. ზეინკლის ხელფასი ამ პერიოდისათვის შეადგენდა 800 ლარს, ხოლო 60% – 480 ლარს, შესაბამისად, ზ. გ-ს ეკუთვნოდა კიდევ 12000 ლარი, მთლიანობაში, 18246 ლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვ. გ-ის გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენდა სიმსივნით ინტოქსიკაცია და არა საწარმოო ტრავმა, ამიტომ ზ. გ-ის სარჩოს დანიშვნის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 დეკემბრის საოქმო განჩინებით აღნიშნულ საქმეში ზ. გ-ის უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა ე. გ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ე. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით;

1. ე. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო;

2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. ე. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

4. მოპასუხე სს „ე. ქ-ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს სახით დაეკისრა 18246 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამ ნორმის მიხედვით, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს – სს „ე. ქ-ას“ ეცნობა სხდომის დღისა და ადგილის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა საზოგადოების წარმომადგენელს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია. ამასთან, სააპელაციო საჩივარში და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მათი დამტკიცებულად მიჩნევის პირობებში, იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. ამ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა სს „ე. ქ-ამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით სს „ე. ქ-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2012 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სს „ე. ქ-ის“ დირექტორის მიერ საჩივარში გამოუცხადებლობის მიზეზად მითითებულ გარემოებაზე, კერძოდ იმაზე, რომ სასამართლო განხილვის დღეს მისი წარმომადგენელი გახდა შეუძლოდ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იძულებული გახდა დაუყოვნებლივ მიემართა სამედიცინო დაწესებულებისათვის. აღნიშნულის დასტურად საჩივრის ავტორმა მიუთითა საჩივარზე თანდართულ სტომატოლოგიური კლინიკა შპს „D-ის“ დირექტორის მიერ გაცემულ 2012 წლის 27 სექტემბრის ცნობაზე, საიდანაც ირკვევა, რომ პ. ლ-ე 2012 წლის 18 სექტემბერს 12 საათიდან 13 საათამდე იმყოფებოდა ექიმ-სტომატოლოგთან მიღებაზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი იმპერატიულად ადგენს, რომ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ უნდა მიუთითებდეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოცხადების შეუძლებლობაზე, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა, ვინაიდან წარდგენილ ცნობაში არ იყო მითითებული მხარის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ თავად მხარის წარმომადგენელს არ უცნობებია სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის შესახებ თუნდაც სატელეფონო ზარის განხორციელების გზით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2012 წლის 18 სექტემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა არ ყოფილა განპირობებული საპატიო მიზეზით, რაც გამორიცხავდა საჩივრის დაკმაყოფილებას და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მსჯელობა იმის შესახებ, რომ მხარის მიერ სააპელაციო საჩივარზე შეტანილ იქნა შესაგებელი სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლების უარყოფით და შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთებით, რაც გამორიცხავდა ასეთი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლო ამოწმებს მხოლოდ სააპელაციო საჩივრის (სარჩელის) სამართლებრივ საფუძვლიანობას. კონკრეტულ შემთხვევაში, საჩივარში მითითებული მოთხოვნის ხანდაზმულობა იყო შესაგებლის პოზიცია, რაზეც სასამართლო არ მსჯელობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში. ვ. გ-ის გარდაცვალების მიზეზი უკავშირდებოდა ფაქტობრივი გარემოების დადგენას, რასაც სასამართლო ასევე არ ამოწმებდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის საფუძველზე სასამართლო ამოწმებს თუ რამდენად ამართლებს მითითებული გარემოებები იურიდიულად მოთხოვნას, რაც წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარის საფუძველს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი უსაფუძვლო იყო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

ზემომითითებული განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ე. ქ-ამ“, რომელმაც მოითხოვა მათი გაუქმება.

საკასაციო საჩივრის მოტივები:

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე სს „ე. ქ-ის“ წარმომადგენელ პ. ლ-ის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო დამოუკიდებელი ობიექტური გარემოებებით, კერძოდ, სასამართლო განხილვის დღეს ის გახდა შეუძლოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იძულებული შეიქმნა დაუყოვნებლივ მიემართა სამედიცინო დაწესებულებისათვის, რამაც განაპირობა სასამართლო პროცესზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა. ამასთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა გასცა ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პ. ლ-ეს გაუარესებული ჰქონდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის გამო იგი იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში და დროის მოცემულ მონაკვეთში შეუძლებელი იყო როგორც სასამართლო პროცესზე მისი გამოცხადება, ასევე აღნიშნულის თაობაზე სასამართლოსათვის შეტყობინება;

სს „ე. ქ-ამ“ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეიტანა შესაგებელი სააპელაციო საჩივარზე საჩივარში მითითებული საფუძვლების უარყოფით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი ცდილობდა სრულად განეხორციელებინა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებები და დაეცვა თავისი ინტერესები. ასეთ პირობებში, გამოირიცხებოდა ამ უკანასკნელის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესასძლებლობა;

არასწორია სასამართლოს მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე. ის გარემოება, რომ მოსარჩელე სარჩოს იღებდა 2012 წლის 1 აგვისტომდე, ხოლო სარჩელი შეტანილ იქნა 2009 წლის 21 ივლისს, ვერ ჩაითვლება წარდგენილი მოთხოვნის ნაწილობრივ ხანდაზმულად არცნობის საფუძვლად. იმის გათვალისწინებით, რომ საქმე შეეხება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ხანდაზმულობის ვადის დენა წარმოებს ყოველი ცალკეული ვალდებულების შესრულების ვადის წარმოშობის მომენტიდან. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს 2005-2006 წლებში წარმოშობილი მოთხოვნები ხანდაზმულად უნდა ჩაეთვალა;

მოცემულ საქმეში, ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს გარდაცვლილი ვ. გ-ის გარდაცვალების მიზეზის სამართლებრივი კავშირი წარდგენილ მოთხოვნასთან. საქმეში არსებული გარდაცვალების მოწმობით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ვ. გ-ის გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენდა სიმსივნით ინტოქსიკაცია და არა საწარმოო ტრავმა. მითითებული გარემოება დასტურდება სათანადო მტკიცებულებით. აქედან გამომდინარე, არ შეიძლებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველ ნაწილზე აპელირებით, სასამართლოს დადგენილად არ მიეჩნია დასახელებული გარემოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ე. ქ-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, რის გამოც სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დადგენილია, ისიც, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

ამდენად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

მოცემულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მისი წარმომადგენლის ავადმყოფობით. აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია სტომატოლოგიური კლინიკა შპს „D-ის“ დირექტორის 2012 წლის 27 სექტემბრის ორი ცნობა, რომელთა თანახმად, პ. ლ-ე 2012 წლის 18 სექტემბერს 12 საათიდან 13 საათამდე იმყოფებოდა ექიმ-სტომატოლოგთან მიღებაზე და ჩატარებული მკურნალობისათვის გადაიხადა 50 ლარი (ს.ფ. 44-45).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ცნობები არ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოობას. კერძოდ, საპატიო მიზეზის დეფინიციას განამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ავადმყოფობა წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს. ამასთან, ასეთი გარემოების არსებობა უნდა დასტურდებოდეს სათანადო მტკიცებულებით.

განსახილველ შემთხვევაში, სს „ე. ქ-ის“ წარმომადგენლის ავადმყოფობის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი ცნობა არ პასუხობს 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნას. კერძოდ, მასში არაა მითითებული სასამართლო პროცესზე მხარის წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობაზე. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომა დანიშნული იყო 2012 წლის 18 სექტემბერს 13-00 საათზე, აპელანტის წარმომადგენელი კი 12-00 საათიდან იმყოფებოდა კბილის ექიმთან მიღებაზე, შესაბამისად, კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი სარწმუნო დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ შეძლო მისმა წარმომადგენელმა სხდომის დაწყებამდე ეცნობებინა სასამართლოსათვის მისი ავადმყოფობის შესახებ და მოეთხოვა საქმის განხილვის გადადება.

კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ასევე უთითებს იმ გარემოებებზე, რომ: 1. სს „ე. ქ-ამ“ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეიტანა შესაგებელი სააპელაციო საჩივარზე, რომლითაც უარყო საჩივარში მითითებული საფუძვლები და რომლის გამოც გამოირიცხებოდა მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ ვ. გ-ის გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენდა სიმსივნით ინტოქსიკაცია და არა საწარმოო ტრავმა, რაც გამორიცხავდა მისი მეუღლისათვის სარჩოს დანიშვნის შესაძლებლობას; 2. სასამართლოს 2005-2006 წლებში წარმოშობილი მოთხოვნები ხანდაზმულად უნდა ჩაეთვალა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოთ მოყვანილ არგუმენტებს და განმარტავს შემდეგს:

სასამართლო სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (სააპელაციო მოპასუხის) გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ სააპელაციო მოსარჩელის (აპელანტის) მიერ მითითებული გარემოებების იურიდიულ შესაბამისობაზე სააპელაციო საჩივრის მოთხოვნასთან მიმართებით, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230.2 და 387.2 მუხლებისა. სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას არა მარტო სამართლებრივი, არამედ ფაქტობრივი თვალსაზრისითაც. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პრეზუმფციასაც ეფუძნება. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები მიიჩნევა დამტკიცებულად და, თუ ისინი იურიდიულად ასაბუთებენ აპელანტის მოთხოვნას, სასამართლო დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო.

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა სააპელაციო საჩივარსა და სარჩელში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

1. ვ. გ-ი სს „ე. ქ-ი“ მუშაობდა მე-3 თანრიგის ზეინკლად. 1979 წლიდან საწარმოში მიღებული ტრავმის შედეგად დაკარგა შრომის უნარი 60%-ით, რის გამოც დანიშნული ჰქონდა და იღებდა სარჩოს მოპასუხე ორგანიზაციიდან. 2005 წლის 25 მაისიდან 21 დეკემბრამდე ვ. გ-ის მიმართ გაუცემელი სარჩოს სახით დავალიანება შეადგენდა 1800 ლარს;

2. ვ. გ-ის გარდაცვალების შემდგომ, 2006 წლიდან სარჩო დაენიშნა მის მეუღლეს ზ. გ-ს, როგორც მარჩენალდაკარგულ პირს. 2006 წლის იანვრიდან 2007 წლის აგვისტომდე, ზ. გ-ი სარჩოს სახით იღებდა 66 ლარს, ნაცვლად 300 ლარისა (ზეინკლის ხელფასის 60%), რის გამოც ამ პერიოდში მიუღებელმა თანხამ შეადგინა 4446 ლარი;

3. 2007 წლის 1 აგვისტოდან გარდაცვალებამდე, 2009 წლის 29 სექტემბრამდე ზ. გ-ს სარჩო არ მიუღია, რის გამოც მის მიმართ არსებულმა დავალიანებამ შეადგინა 12000 ლარი (ზეინკლის ხელფასი 800 ლარი, 60% - 480 ლარი, 25 თვეზე - 12000 ლარი);

4. სულ მიუღებელმა სარჩომ შეადგინა 18246 ლარი.

ზემოაღნიშნული გარემოებების გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა სააპელაციო მოპასუხეს (სს „ე. ქ-ას“), მაგრამ, ვინაიდან იგი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, ამიტომ ასეთ შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს პრეზუმფცია, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო. ასეთ ვითარებაში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად (დამტკიცებულად) ე. გ-ის სააპელაციო საჩივარსა და სარჩელში მითითებული გარემოებები, რომლებიც, სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 1006-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებენ აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნას.

დაუსაბუთებელია ასევე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს სარჩელი ხანდაზმულად უნდა მიეჩნია, ვინაიდან მოპასუხე თავის შესაგებელში მიუთითებდა სარჩელის ხანდაზმულობაზე. როგორც აღინიშნა, სააპელაციო სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს არ ამოწმებს შესაგებელში მითითებული პოზიციის სისწორეს, არამედ ხელმძღვანელობს მხოლოდ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და არკვევს, ეს გარემოებები, მათი დამტკიცებულად მიჩნევის შემთხვევაში, იურიდიულად ამართლებენ თუ არა აპელანტის მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, სააპელაციო საჩივარსა და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმის, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ე. ქ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე