Facebook Twitter

საქმე №ას-289-275-2013 3 ოქტომბერი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ. ს-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა. კ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - უსაფუძვლო გამდიდრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ს-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. კ-ას მიმართ უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, მოგვიანებით მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოპასუხე ა. კ-ან მოითხოვა უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის 315 000 აშშ დოლარის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

ა. კ-ა არის გ. ს-ის შვილი, რომელსაც მოსარჩელემ ქ.თბილისში, ზემო ვ-ის დასახლება №116-ში საკუთარი ხარჯებით აუშენა საცხოვრებელი სახლი, აღნიშნულით კი, უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოპასუხე ა.კ-ა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოთხოვა იმ საფუძვლით, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია, საცხოვრებელი სახლის აშენების ნებართვა მიიღო ა.კ-ამ და სახლიც სწორედ მისი სახსრებითაა აშენებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი, ა. კ-ას მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის დაბრუნების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინებით გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისში, ზემო ვ-ის დასახლება N116-ის მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე ა. კ-ა. ა. კ-ა მოსარჩელე გ. ს-ის ქალიშვილია და მისი ქორწინებამდე გვარია ს-ე. გ. ს-ეს ა. კ-ის საცხოვრებელი სახლი არ გადაუცია.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და განმარტა, რომ საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ნორმით გათვალისწინებულ არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო კი აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ საცხოვრებელი სახლი ა. კ-ას გადასცა გ. ს-ემ, სასამართლოს შეფასებით, ეკისრებოდა მოსარჩელეს, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნების თაობაზე სწორედ დასახელებულ გარემოებას ეფუძნებოდა. გ. ს-ის მტკიცება კი, შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი განმარტებებით, რაც სადავო გარემოებაზე სათანადო მტკიცებულებად ვერ იქნებოდა მიჩნეული. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმეში წარდგენილი მიწის ნაკვეთის გეგმით, ქ.თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის 1993 წლის 16 აპრილის N08.22.40 დადგენილებით, კოოპერატივ გეოდეზისტის სალაროს შემოსავლის N26 ქვითრით, ქ.თბილისის მთავარი არქიტექტორის 1993 წლის 25 ივნისის N246 ბრძანებითა და ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1999 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით დგინდებოდა, რომ ახალგაზრდა მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრს - მხატვარ-ფერმწერ ა. გ.ის ასულ ს-ეს დაუმაგრდა მიწის ნაკვეთი შემოქმედებითი სახელოსნოს ასაშენებლად ზემო ვ-ის დასახლებაში N116 სახლის მიმდებარედ; ქ.თბილისში, ს. რაიონში, ზემო ვ-ის დასახლებაში გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე ა. გ. ასულ ს-ის სახელზე განხორციელდა ბინა-სახელოსნოს ინდივიდუალური პროექტის შეთანხმება; ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1999 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცდა ა. ს-ის ბინა-სახელოსნოს ექსპლუატაციაში მიღების აქტი.

დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლებით და განმარტა, რომ პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას. მოცემულ ნორმათა ძირითადი დებულება ისაა, რომ სხვა პირის ხარჯზე მიღებული სარგებლის (რაც შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზოგვაშიც) უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, მაშინ მხოლოდ ქონების დაზოგვა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის და.წესით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ერთი პირის გამდიდრება, მეორის ხარჯზე. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ობიექტურ შედეგს, კერძოდ, ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელ პირობას წარმოადგენს ისიც, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა მოხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირებით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სადავო გარემოება, რომ გ. ს-ემ გადასცა მოპასუხე ა. კ-ას საცხოვრებელი სახლი, რის გამოც, ეს უკანასკნელი უსაფუძვლოდ გამდიდრდა. შესაბამისად, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელის მოთხოვნა, უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნების თაობაზე.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი მისი არასაკმარისი დასაბუთებაა, ის გარემოება, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არ შეიძლება გახდეს წინამდებარე საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი, რადგანაც ასეთ შემთხვევაში, საკასაციო პალატა საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს ქვემდგომ სასამართლოს, რათა სწორად დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო სააპელაციო პალატა ამავე მითითებით საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს. ფაქტების არასწორი დადგენა წარმოადგენს სწორედ არასწორი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის, რომ მოსარჩელეს ა.კ-ის არ გადაუცია სახლი, გადაწყვეტილებაში კი არ არის შესაბამისი დასაბუთება, თუ რის საფუძველზე დაადგინა ეს გარემოება სასამართლომ, საქმეში ასევე არ არის სასამართლო სხდომის სათანადოდ შედგენილი ოქმი, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ მიუთითებია არც ერთი წინადადება სხდომის ოქმიდან, უფრო მეტიც, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას გ.ს-ეს არ მიეცა თავისი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება დაჯარიმებისა და დაპატიმრების შიშით, მაშინ, როდესაც გადატანილი ინფარქტის გამო მას აშინებს მკაცრი საუბარი. პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას მოსამართლემ მოპასუხის წარმომადგენელს დაავალა ა.კ-ას სასამართლო სხდომაზე სკაიპის მეშვეობით ჩართვა, რაც მან არ შეასრულა, რადგანაც მოპასუხე ვერ მიუთითებდა მშენებლობის დეტალებზე, აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის წარმომადგენლის არასწორ ინფორმაციას და მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ა.კ-ას სასარგებლოდ გამოიყენა, არ არის შეფასებული ის გარემოება, თუ როგორ შეძლებდა სტუდენტი სახლის აშენებას, მაშინ, როდესაც კასატორს თანხა შვილის სახელზე შეჰქონდა. შვილის მიმართ სარჩელის აღძვრა განაპირობა მ-სა და ბ-ას მცდელობამ, მიეტაცებინათ მოსარჩელის კუთვნილი ქონება, რაც სისხლის სამართლის წესი დასჯადი ქმედებაა.

წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, ასევე სხვადასხვა დროს შემოტანილ განცხადებებს, რომლითაც მხარე საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას მოითხოვს დაურთო მტკიცებულებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 მარტის განჩინებით გ. ს-ე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა გ. ს-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია, აღნიშნული საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე. დასაშვებობის შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლო საქმის განხილვის ფორმის გადაწყვეტაში არ არის შეზღუდული და ზეპირ მოსმენას დანიშნავს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც საქმის სირთულიდან გამომდინარე, სხვაგვარად შეუძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პირობების გამორკვევა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ არის დადასტურებული, რაც შეეხება სხვადასხვა დროს მხარის მიერ წარმოდგენილ განცხადებებს მორიგების თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ პირობებით მორიგება გ.ს-ის მიერ მოწინააღმდეგე მხარისათვის შეთავაზებული იყო საქმის ქვემდგომი წესით განხილვის დროსაც, თუმცა ა.კ-ას დავის შეთავაზებული პირობების შესაბამისად მორიგებით დამთავრების თაობაზე თანხმობა არ გამოუთქვამს, თავის მხრივ, გ.ს-ეს, გარდა საქმის ზეპირი მოსმენით დანიშვნისა, სხვა, მოპასუხისათვის მეტად მისაღები პირობებით მორიგების მცდელობის დამადასტურებელ გარემოებაზე განცხადებებში არ მიუთითებია, რაც, საკასაციო პალატის შეფასებით, ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ზეპირი მოსმენით განხილვის წინაპირობა.

რაც შეეხება საკასაციო საჩიოვრის დასაშვებობის საკითხს, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მა.მდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას გ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გ. ს-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, პალატა თვლის, რომ ეს მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს მის წარმომდგენს, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულების საქმისათვის დართვაზე უარის თქმის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ს-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულება - ა.ს-ის მიერ გ.ს-ის სახელზე გაცემული დოკუმენტი 1 (ერთი) ფურცლად, 2013 წლის 2 აპრილის Nა-1159-13 განცხადებაზე დართული კონსულ დ.ჩ-ი მიმართვა, სალარო აპარატის ჩეკი, ფაქსის ჩაბარების დასტური და წერილი 4 (ოთხი) ფურცლად, 2013 წლის 8 აპრილის Nა-1224-13 განცხადებაზე დართული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის Nა/5396-07 განაჩენის ასლი, კონსულ დ.ჩ-ი მიმართვა, სალარო აპარატის ჩეკი, ფაქსის ჩაბარების დასტური და წერილი 7 (შვიდი) ფურცლად, 2013 წლის 9 ივლისის Nა-2510-13 განცხადებაზე დართული პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარისადმი მიმართვა 1 (ერთი) ფურცლად და 2013 წლის 3 ოქტომბერს წარმოდგენილ Nა-3073-13 განცხადებაზე დართული სალარო აპარატის ჩეკი, ფაქსის ჩაბარების დასტური და წერილი 3 (სამი) ფურცლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ს-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. გ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

3. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

4. გ.ს-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულება - ა.ს-ის მიერ გ.ს-ის სახელზე გაცემული დოკუმენტი 1 (ერთი) ფურცლად, 2013 წლის 2 აპრილის Nა-1159-13 განცხადებაზე დართული კონსულ დ.ჩ-ი მიმართვა, სალარო აპარატის ჩეკი, ფაქსის ჩაბარების დასტური და წერილი 4 (ოთხი) ფურცლად, 2013 წლის 8 აპრილის Nა-1224-13 განცხადებაზე დართული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 დეკემბრის Nა/5396-07 განაჩენის ასლი, კონსულ დ.ჩ-ი მიმართვა, სალარო აპარატის ჩეკი, ფაქსის ჩაბარების დასტური და წერილი 7 (შვიდი) ფურცლად, 2013 წლის 9 ივლისის Nა-2510-13 განცხადებაზე დართული პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარისადმი მიმართვა 1 (ერთი) ფურცლად და 2013 წლის 3 ოქტომბერს წარმოდგენილ Nა-3073-13 განცხადებაზე დართული სალარო აპარატის ჩეკი, ფაქსის ჩაბარების დასტური და წერილი 3 (სამი) ფურცლად.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე