№ას-335-319-2013 24 ოქტომბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ნ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. დ-მა მოპასუხე გ. ნ-ის მიმართ და მოითხოვა:
1. მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ მოგების სახით მიღებული 50 ლარის დაკისრება;
2. გ. ნ-ან მორალური ზიანის – 1950 ლარის ანაზღაურება;
3. სასამართლოში გაკეთებული არასწორი და არარეალური ფაქტის მოპასუხის მიერ უარყოფა.
სარჩელის თანახმად:
გ. ნ-მა სასამართლოს წინაშ. გ-ის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მიზნით. შედეგად, მოსარჩელეს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი. კერძოდ, 2011 წლის 13 სექტემბერს გ. ნ-მა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ იგი შუამდგომლობდა საქმეზე მოწმეებად დ. ნ-ის, გ. გ-ის და მ. ჩ-ის დაკითხვას. მისი მითითებით, ისინი დაადასტურებდნენ, რომ საცხოვრებელ სახლში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, დენი იყო და მათ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ, შესაბამისად, გადაბმა გ-ბის მხრიდან არ განხორციელებულა და ეს მანამდე მოხდა, სანამ გ-ი იქ შესახლდებოდა. მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის უსწორობას ადასტურებდა დასახელებულ ოქმში ასახული მ. ჩ-ის ჩვენება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიუთითა, რომ ხსენებულ სახლში მათი ჩასახლებისას დენი არ ყოფილა. მოპასუხის ამგვარი ქმედებით შეილახა მოსარჩელის ღირსება, პირადი ცხოვრება, რეპუტაცია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი, როგორც ადვოკატი, ვალდებული იყო დაეცვა თავისი კლიენტის ინტერესები და, შესაბამისად, ასრულებდა კანონიერ მოქმედებებს.
დედოფლისწყაროს მაგისტრატი სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 4 ოქტომბერს დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ გ. დ-ის სარჩელით აღძრულ სამოქალაქო საქმეზე მოპასუხე დ. გ-ის მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე, როგორც მოპასუხის წარმომადგენელი, მონაწილეობდა გ. ნ-ი.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხემ შელახა მისი ღირსება, პირადი ცხოვრება, რეპუტაცია და მისი ქმედებით განიცადა მატერიალური და მორალური ზიანი, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარუდგენია, რისი ვალდებულებაც მას გააჩნდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების თანახმად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს მის სასარგებლოდ დაეკისრებოდა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით, ამასთან, მასვე დაევალებოდა 2011 წლის 13 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე გაკეთებული არასწორი და ცილისმწამებლური ფაქტის უარყოფა და სასამართლო ხარჯების გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი:
კერძო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგელობას აწესებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი, რომლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.
მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული და არა მოპასუხე, ამტკიცოს შემდეგი: ა. მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ. სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ. სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას.
კონკრეტულ შემთვევაში, აპელანტი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას უკავშირებდა მოპასუხის ქმედებას, კერძოდ, მისი მტკიცებით, მოპასუხემ 2011 წლის 13 სექტემბერს დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოში გამართულ სხდომაზე მის მიმართ გაავრცელა ცრუ და ცილისწამებლური ინფორმაცია, როდესაც სასამართლოს განუმარტა, რომ 2007 წლის აგვისტოში, როდესაც სახლის დამქირავებლები გ. დ-ის სახლში ჩასახლდნენ, სახლში იყო დენი, მათ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ და ამდენად, გადაბმაც არ მომხდარა მათ მიერ, რითაც მან განიცადა, როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ დასახელებულ სამოქალაქო საქმეზე, მოპასუხე წარმოადგენდა დ. გ-ის ინტერესებს, იყო მისი საპროცესო წარმომადგენელი. სააპელაციო სასამართლომ შენიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს უფლება რომ საქმე აწარმოოს სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ის გარემოება, რომ მხარე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე გამოხატავს ნებას, მიანიშნებდა სწორედ მის მიერ გამოხატული ნების ფარგლებში წარმომადგენლის ვალდებულებაზე, მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესებისათვის, ეწარმოებინა საქმე სასამართლოში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2011 წლის 13 სექტემბერს დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე, როდესაც მოპასუხის წარმომადგენელმა, მარწმუნებლის სახელით, მარწმუნებლისგან მიღებული ინფორმაცია გააცნო სასამართლოს, იგი მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა, რომ მის მიერ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაცია იყო მცდარი და არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, არ შეიძლებოდა განხილულიყო მართლსაწინააღმდეგო ქმედებად. მით უფრო, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებდა მოპასუხის მხრიდან ცრუ და ცილისწამებლური ცნობების გავრცელებას, რაც, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. მოსარჩელის მტკიცება შემოიფარგლა სხვა დავაზე მოწმის სახით დაკითხული გ. ჩ-ის ჩვენებაზე მითითებით, რომელიც, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დგინდებოდა, იმ საფუძვლით, რომ არ შეიცავდა საკმარის მონაცემებს სადავო ფაქტობრივი გარემოების (დ. გ-მა განახორციელა მრიცხველის გვერდის ავლით არალეგალური ხაზის შეყვანა გ. დ-ის ბინაში) დადასტურებულად მიჩნევისათვის, არ იქნა გაზიარებული.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტობრივ გარემოებას და შესაბამისად მისთვის მორალური ზიანის მიყენების შესახებ გარემოებას. მოსარჩელემ ასევე ვერ დაადასტურა მოპასუხის ქმედებით მისთვის მატერიალური ზიანის მიყენების შესახებ ფაქტობრივი გარემოება.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, 413-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-18 მუხლით და განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება კონკრეტულ შემთხვევაში დაკავშირებულია არაქონებრივ უფლებათა დარღვევასთან. არაქონებრივი უფლებები წარმოადგენენ სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს მორალური ზიანის არსებობა. მორალური ზიანის ქვეშ იგულისხმება სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, მორალური ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი და სხვა მატერიალური გამოხატულება მას არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, პირს პასუხისმგებლობა პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობის ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის შეიძლება დაეკისროს იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ადგილი აქვს მსგავსი ცნობების შემცველი ინფორმაციის გავრცელებას. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც არ დადასტურდა მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების და ამ ქმედებით გ. დ-ის ზიანის მიყენების არსებობის შესახებ გარემოებები, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი სწორად მიიჩნია დაუსაბუთებლად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. დ-მა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს მის სასარგებლოდ დაეკისრება მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით, ამასთან, მასვე დაევალება სასამართლო სხდომაზე გაკეთებული არასწორი ფაქტის უარყოფა და სასამართლო ხარჯების (275 ლარის) გადახდა.
კასატორის მოსაზრებით, მოპასუხემ, თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და პირადი გამორჩენის მიზნით, 2011 წლის 13 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე განზრახ გაავრცელა აშკარად არასწორი ფაქტი. ამ ფაქტის გავრცელებით მოსარჩელეს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი. დედოფლისწყაროს და თბილისის სააპელაციო სასამართლოებმა საქმე განიხილეს კანონდარღვევებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის სხდომაზე მოპასუხე დ. გ-ის ადვოკატმა გ. ნ-მა იშუამდგომლა რამდენიმე პირის მოწმედ დაკითხვის თაობაზე, რომლებიც, ადვოკატის მოსაზრებით, დაადასტურებდნენ იმ გარემოებას, რომ საცხოვრებელ სახლში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, ელექტროენერგია იყო და მათ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ, შესაბამისად, ელსადენების გადაბმა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არ განუხორციელებია, ეს მოხდა მანამდე, ვიდრე ეს უკანასკნელი იქ შესახლდებოდა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადვოკატის (მოპასუხის) მიერ გავრცელებული ზმოხსენებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ე.ი. ცილისწამებაა, რაც ლახავს მის პატივსა და ღირსებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ საკითხის გარკვევამდე, წარმოადგენს თუ არა სადავო განცხადება ცილისწამებას, უპირველესად, უნდა შემოწმდეს, ხომ არ არსებობს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება. ასეთი გარემოების არსებობის შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი დააკმაყოფილოს ცილისწამების თაობაზე აღძრული სარჩელი, თუნდაც სადავო განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შეიცავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც გამორიცხავენ ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია: ა) პოლიტიკური დებატების ფარგლებში, აგრეთვე პარლამენტის ან საკრებულოს წევრის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ბ) წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე, სახალხო დამცველის წინაშე, პარლამენტის ან საკრებულოს, აგრეთვე მათი კომიტეტის სხდომაზე, პირის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში; გ) უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველი ნორმა ეხება წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე პირის მიერ გაკეთებულ არა ნებისმიერ განცხადებას, არამედ მხოლოდ ისეთ განცხადებას, რომელიც პირის მიერ გაკეთებულია თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, რაც უშუალოდ უკავშირდება მისი, როგორც პროცესუალური მხარის უფლებამოსილებას. ასეთი განცხადება ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს (საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული მსჯელობა შესაბამისობაშია მსგავსი კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან; იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 დეკემბრის განჩინება, საქმეზე #ას-268-591-09).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო განცხადება გაკეთებულია სასამართლო პროცესზე ადვოკატის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, შესაბამისად, ასეთი განცხადება ვერ გამოიწვევს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას. აქედან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სადავო განცხადების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია ასევე მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან, როგორც მართებულად მიუთითა სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელემ ვერ შეძლო მისთვის ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება, რაც მის მოვალეობას წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმის, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე