№ ას-406-384-2013 3 ოქტომბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ტ-ი, ბ. დ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ტ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ბ-სა და ბ. დ-ის, მესამე პირის – ქ. თბილისის საჯარო რეესტრის სამსახურის წინააღმდეგ და მოითხოვა, აღიარებულ იქნას ყალბ დოკუმენტად და ბათილად იქნას ცნობილი: სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება რ/რ 100320801, დამოწმებული 08/04/2010 ნოტარიუს მ. ბ-ის მიერ; ბათილად იქნას ცნობილი 16.09.2010 წლის #100930338 სააღსრულებო ფურცელი გაცემული მ. ბ-ის მიერ;
მოპასუხე ნ. ბ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი ბ. დ-ს აღიქვამდა როგორც მ. ტ-ს, ანუ როგორც ბინის მესაკუთრეს. იგი მოქმედებდა კეთილსინდისიერად და მისთვის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იყო ნამდვილი, გამომდინარე იქიდან, რომ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შესახებ მან გაიგო მხოლოდ მისი დაკითხვის შემდეგ, შესაბამისად, მან სააღსრულებო ფურცელი კანონიერად აიღო.
მოპასუხე ბ. დ-მა სარჩელი ცნო და განმარტა, რომ მან იპოთეკით დატვირთა მისი დის, მ. ტ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ისე, რომ აღნიშნულის თაობაზე მ. ტ-ს ნება არ გამოუვლენია. მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას ნ. ბ-მა იცოდა, რომ აღნიშნული ბინა რეალურად ეკუთვნოდა არა ბ. დ-ს, არამედ მ. ტ-ს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2012 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით (საქმე #3316-12) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ნ.ი ბ-ის (პ.ნ ...) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე : ქ.თბილისი, ვ-ი, მე-2 ”ა” მ/რ, კორპ.23, ბინა 103, საკადასტრო კოდი #...), გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით (საქმე #2/3316-12) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეცერდა ნ. ბ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებიდან მდებარე: ქ.თბილისი, ვ-ი, მე-2 ”ა” მ/რ, კორპ 23, ბინა 103, საკადასტრო კოდი #... მ. ტ-ის გამოსახლება, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 მარტის საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით (#70759) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აიკრძალა უძრავი ქონების მდებარე: ქ.თბილისი, ვ-ი, მე-2 ”ა” მ/რ, კორპ 12, ბინა 103, საკადასტრო კოდი #... რეგისტრაცია ნ. ბ-ის საკუთრებაში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ტ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით მ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.11.2012წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 08.04.2010 წელს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 100320801; ბათილად იქნაცნობილი 16.09.2010 წელს ნოტარიუს მ. ბ-ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 100930338.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2010 წლის 8 აპრილს გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება მ. ტ-ის სახელით ნ. ბ-ან, რომლითაც მსესხებელმა ისესხა 30 000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 5% სარგებლის დარიცხვით. გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მ. ტ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისი, ვ-ი, II ა მიკრორაიონი, კორპუსი 23, ბინა 103. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა იპოთეკარის უფლებამოსილება, მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
მ. ტ-ს არ გამოუვლენია ნება 08.04.2010წ. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებაზე. მ. ტ-ის გაყალბებული პირადობის მოწმობის გამოყენებით ხელშეკრულება ხელმოწერილი იქნა ბ. დ-ის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 19.10.2011წ. განაჩენით ბ. დ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ტ. I, ს.ფ. 145-148). განაჩენის თანახმად, ბ. დ-ს მსჯავრი დაედო შემდეგ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულისთვის: „ბ. დ-მა განიზრახა ყალბი დოკუმენტების დამზადების გზით მიეღო სარგებელი. განზრახულის სისრულეში მოყვანის მიზნით მან მიმართა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის სამსახურს, შეიყვანა ეს უკანასკნელი შეცდომაში, ვითომდა იყო მ. ტ-ი, წარადგინა მ. ტ-ის კუთვნილი ვადაგასული პირადობის მოწმობა, საკუთარი ფოტოსურათი, მ. ტ-ის სახელით მოაწერა ხელი და 2009 წლის 2 მარტს აიღო პირადობის მოწმობა მ. ტ-ის სახელსა და გვარზე, ამ უკანასკნელის მონაცემებით, რაშიც ჩაკრული იყო ბ. დ-ის ფოტო და მასვე ეკუთვნოდა ხელმოწერაც... ბ. დ-მა ხ. ტ-ან ერთად განიზრახა მისი დის, მ. ტ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის საშუალებით და ყალბი დოკუმენტის გამოყენების გზით მიეღო დიდი ოდენობით ქონებრივი უფლება მოტყუებით. განზრახულის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბ. დ-მა მ. ტ-ის სახელზე თავის მიერ დამზადებული ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენებით, ხ. ტ-ის დახმარებით მ. ტ-ის სახელზე ნოტარიუს მ. ბ-ის სანოტარო ბიუროში 2010 წლის 08 აპრილს გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ნ. ბ-ან, რომლისგანაც ისესხა 30 000 აშშ დოლარი (52 500) ლარი, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დატვირთა მ. ტ-ის კუთვნილი ქ. თბილისში, ვ-ი, მე-2 ა მიკრორაიონში, N23 კორპუსში მდებარე N103 ბინა, ფართით 90კვ. მ. “ (ტ. I, ს.ფ. 145-148). ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 08.04.2010წ. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება და, შესაბამისად, მ. ტ-ის კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა, განხორციელდა მესაკუთრის ნების გამოვლენის გარეშე.
16.09.2010წ. ნოტარიუსის მიერ 08.04.2010წ. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი N100930338 მოვალე მ. ტ-ის მიმართ კრედიტორ ნ. ბ-ის სასარგებლოდ (ტ.I, ს.ფ. 114-116).
სააღსრულებო ფურცელი ნ. ბ-მა მოითხოვა და მიიღო მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ნება სადავო გარიგების დადებისას ქონების მესაკუთრეს გამოვლენილი არ ჰონდა. განაჩენის თანახმად: „ნ. ბ-მა მას შედეგ, რაც შეიტყო ზემოთაღნიშნულ სიყალბეთა შესახებ, 2010 წლის 16 სექტემბერს ნოტარიუს მ. ბ-ს გააცემინა აღსრულების ფურცელი, რაც წარადგინა აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში და განახორციელა მ. ტ-ის კუთვნილი, ბ. დ-ის მიერ თაღლითური გზით იპოთეკით დატვირთული ბინის აღსრულება თავის სასარგებლოდ" (ტ. I, ს.ფ. 146).
ნოტარიუსის N100930338 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 28.10.2010წ. ორგანიზებული იქნა იძულებითი საჯარო აუქციონი, რომელზეც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისი, ვ-ი, II ა მიკრორაიონი, კორპუსი 23, ბინა 103 შეიძინა იპოთეკარმა ნ. ბ-მა (ტ. I, ს.ფ.123,124). თბილისის სააღსრულებო ბიუროს 29.10.2010წ. განკარგულებით უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, ვ-ი, II ა მიკრორაიონი, კორპუსი 23, ბინა 103 საკუთრებაში გადაეცა ნ. ბ-ს (ტ.I, ს.ფ. 126).
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 111-ე, 170-ე, 623-ე, 286.1-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო 08.04.2010წ. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება და შესაბამისად, მ. ტ-ის კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა განხორციელდა მესაკუთრის ნამდვილი ნების გამოვლენის გარეშე. მ. ტ-ის გაყალბებული პირადობის მოწმობის გამოყენებით ხელშეკრულება ხელმოწერილი იქნა ბ. დ-ის მიერ. ამდენად, ხელშეკრულების გაფორმებისას რეალურად მოხდა არანამდვილი მესაკუთრე პირისა და იპოთეკარის ნებათა თანხვედრა. შესაბამისად, რადგან დადგენილია, რომ კონტრაჰენტად მითითებულ პირს ნება არ გამოუვლენია, სადავო გარიგება უცილოდ ბათილი გარიგებაა.
არაუფლებამოსილი პირის მიერ დანაშაულებრივი გზით (გაყალბებული პირადობის მოწმობით) სხვისი სახელით გარიგების დადება არღვევს ასევე საჯარო წესრიგს, რაც გამოიხატა სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაში. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. ვინაიდან დადგენილია სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი, პალატის მოსაზრებით, ბათილად უნდა იქნეს ასევე ცნობილი ნოტარიუსის მიერ 08.04.2010წ. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოვალე მ. ტ-ის მიმართ კრედიტორ ნ. ბ-ის სასარგებლოდ გაცემული N100930338 სააღსრულებო ფურცელიც. ის ფაქტი, რომ ამ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აუქციონი უკვე ჩატარებულია, არ გამორიცხავს ბათილი გარიგების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობას.
პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, ნ. ბ-ს მ. ტ-ის ნების არარსებობის გამო არ შეუძენია რაიმე უფლება, ხოლო ბ. დ-ი ნების გამოვლენისას წარმოადგენდა არაუფლებამოსილ პირს, ამასთან, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით ბ. დ-ი მესაკუთრედ არასოდეს ყოფილა რეგისტრირებული, სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლები ვერ დაიცავდა ნ. ბ-ის ინტერესებს. პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა მსჯელობა, თუკი ბ. დ-ი იქნებოდა სადავო ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული, მიუხედავად იმისა, რამდენად კანონიერად იქნებოდა ამგვარი ჩანაწერი შესრულებული.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.01.2012წ. განჩინება საქმეზე №ას-1244-1267-2011).
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის აღსრულების ეროვნული ბიუროს 29.10.2010წ. განკარგულებით უძრავი ქონების ნ. ბ-ის საკუთრებაში გადაცემამდე იპოთეკარის ქმედებებზე, რომლიც ასახულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 19.10.2011წ. განაჩენში. კერძოდ, განაჩენით დგინდება, რომ ნ. ბ-მა მას შემდეგ, რაც შეიტყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების სიყალბეთა შესახებ, 2010 წლის 16 სექტემბერს ნოტარიუს მ. ბ-ს გააცემინა აღსრულების ფურცელი, რაც წარადგინა აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში და განახორციელდა მ. ტ-ის კუთვნილი, ბ. დ-ის მიერ თაღლითური გზით იპოთეკით დატვირთული ბინის აღსრულება თავის სასარგებლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული ურთიერთობის კვალიფიკაციისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლით რეგლამენტირებული კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის ფარგლებში ვერ გამოიყენებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა, მოთხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის მოსაზრებით, საამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა მხოლოდ იმ არგუმენტით, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას არ არსებობდა უძრავი ნივთის მესაკუთრის ნება და ამიტომ ნ. ბ-ის, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის, ინტერესებს ვერ დაიცავს სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლები, რაც არასწორია და ცხადყოფს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა დასახელებული ნორმები.
კასატორის აზრით, არასწორია, თითქოს სააღსრულებო ფურცელი ნ. ბ-მა მოითხოვა და მიიღო 2010 წლის 16 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ნება სადავო გარიგების დადებისას ქონების მესაკუთრეს გამოვლენილი არ ჰქონდა. სასამართლო ამ გარემოების დასამტკიცებლად არასწორად იშველიებს ბ. დ-ის მიმართ გამოტანილ განაჩენს. საქმის სხვა მასალებით არ დგინდება, რომ 2010 წლის 16 სექტემბერს ნ. ბ-მა იცოდა სიყალბეთა შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. №ას-465-435-2010; ას-1107-1038-2012; ას-1244-1267-2011).
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2477.10 ლარი) 70% – 1733.97 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 8 აპრილს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2477.10 ლარი) 70% – 1733.97 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე