Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-447-423-2013 24 ოქტომბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს. ყ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ტ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ყ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ტ-ის მიმართ და მოითხოვა მატერიალური ზიანის – 9376,5 ლარის, ასევე სასამართლო ხარჯების სულ - 9958,5 ლარის გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

ს. ყ-ი ცხოვრობს ქ. ყვარლის ტერიტორიაზე ე.წ „პირველ კარებში“ სარწყავი არხის სამხრეთით მდებარე 1 ჰა მიწის ფართობზე 2011 წლის შემოდგომაზე დარგული ჰქონდა კომბოსტო. კომბოსტოს ნაწილი მოჭრილი იყო, როდესაც დიდი თოვლი მოვიდა, რის გამოც შეფერხდა მოსავლის აღება. 2012 წლის თებერვლის პირველ რიცხვებში, როდესაც თოვლმა დაიწია წავიდა კომბოსტოს სანახავად და ნახა, რომ მისი კომბოსტოს ნაკვეთში ცხვრის ფარას აძოვებდა მწყემსი ო. მ-ი. კომბოსტოს დიდი ნაწილი ცხვრისგან შეჭმული იყო, რაზედაც შეეკამათა მწყემს, მან უთხრა, რომ ცხვარი ეკუთვნოდა ა. ტ-ს, სხვაგან საძოვარი არ იყო და მან ცხვრის ფარა შეარეკინა კომბოსტოში. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების მიერ შედგენილი აქტის თანახმად დადგინდა, რომ 0.46 ჰა ფართობზე დარგულია დაახლოებით 13160 ძირი ადგილობრივი ჯიშის კომბოსტო, აქედან მოჭრილია 50%, ხოლო დანარჩენი შეჭმულია, აუდიტის შეფასებით ზარალმა შეადგინა 9376.5 ლარი.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო შემდეგი საფუძვლებით: 2012 წლის 2 მარტს შედგენილი აქტის თანახმად, დაზიანებულია დარგული კომბოსტოს ნაწილი, კეძოდ, 0.46 ჰა, აქწედან შერჩევით მოჭრილია დაახლოებით 50%, დანარჩენი შეჭმულია. აქტიდან არ ჩანს განუვითარებელი და ზრდასრული ძირების რაოდენობა, აგრეთვე არ ჩანს რისგან ან ვისი ბრალით, ან რა მოცულობით არის დაზიანებული ს. ყ-ის კომბოსტო. შპს „ა-2002“-ის მიერ 2012 წლის 23 მაისს გაცემული დასკვნის თანახმად, 1 ჰა-ზე კომბოსტოს საშუალო წლიური მოსავლიანობა შეადგენს 6700 კგ-ს. 2012 წლის თებერვალ-მარტში 1 კგ, კომბოსტოს ღირებულება შეადგენდა 0.35 ლარს. ქ. ყვარელში ამავე ტერიტორიაზე სხვა ფერმების 1 ჰა-ზე კომბოსტოს საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა იყო საშუალოდ 6.7 ტონა. 2012 წლის 2 მარტს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის კომისიის მიერ შედგენილი აქტიდან ირკვევა, რომ ს. ყ-მა მოითხოვა სხვის მიწის ფართობზე, კერძოდ, ვ. ა-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი კომბოსტოს ზარალის ანაზღაურებას. მოსარჩელემ არ წარმოადგინა არც მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და არც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მის მიერ მოსავლის მოყვანის სამუშაოების ჩატარების ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა არის 6700 კგ, აქედან 0.46 ჰა-ზე იქნებოდა 3082 კგ კომბოსტო, საიდანაც 50% აქტის თანახმად შერჩევით მოჭრილი იყო და რჩება 1541 კგ კომბოსტო, რომლის ღირებულებაც იქნება 1541X0.0,35ლ=539. 35 ლარი.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ა. ტ-ს ს. ყ-ის სასარგებლოდ 3281,77 ლარის გადახდა დაეკისრა, ასევე ა. ტ-ს ს. ყ-ის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებიც დაეკისრა.

რაიონული სასართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ყ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ასევე ა. ტ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ა. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ს. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ა. ტ-ს ს. ყ-ის სასარგებლოდ 1494,77 ლარის გადახდა დაეკისრა, ასევე ა. ტ-ს ს. ყ-ის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის 93 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, ს. ყ-ს ა. ტ-ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 97,90 ლარის გადახდა დაეკისრა. სააპელაციო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილება დაამყარა შემდეგ გარემოებებს:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ყ-ს ქ. ყვარლის ტერიტორიაზე, ე.წ ,,პირველ კარებში“ სარწყავი არხის სამხრეთით მდებარე ქ. ყვარელში, მცხოვრებ ვ. ა-ის კუთვნილ 1ჰექტარზე 2011 წლის შემოდგომაზე დარგული ჰქონდა კომბოსტო.

საქმეში წარმოდგენილია 2012 წლის 2 მარტის აქტი, რომელიც შედგენილია ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ხუთი თანამშრომლისა და მოსარჩელე ს. ყ-ის მიერ, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. ყვარლის ტერიტორიაზე, ე.წ.,,პირველ კარებში“ სარწყავი არხის სამხრეთით მდებარე ქ.ყვარელში მცხოვრებ ვ. ა-ის კუთვნილ 1ჰა. მიწის ფართობზე 2012 წლის თებერვალში დაზიანდა ს. ყ-ის მიერ დარგული კომბოსტო 0,46 ჰექტარზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოპასუხე ა. ტ-ს სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია. საქმეში წარმოდგენილი დამოუკიდებელი აუდიტორის შპს ,,ა-2002“-ის 2012 წლის 23 მაისის დასკვნის შესაბამისად, 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერში კომბოსტოს ზრდა-განვითარებისათვის არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო (ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა და ნაადრევი თოვლი) კომბოსტოს ნარგავებმა ვერ მოასწრო სრული განვითარება, რის გამოც ყვარელში, კერძოდ, ,,პირველი კარებისა“ და ,,გაგელაანების“ ტერიტორიებზე საშემოდგომო კომბოსტოს საშუალო საჰექტარო მოსავლიანობამ შეადგინა 6700კგ. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებად სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აქტი, რომელიც შედგენილია 2012 წლის 2 მარტს, რომლის შესაბამისადაც, აქტში სადავო ფართობზე დარგული კომბოსტოს რაოდენობა აისახა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მიერ ფართობის დათვალიერების შედეგად. კომბოსტოს ძირების სავარაუდო, მიახლოებითი ოდენობის განსაზღვრის შედეგად. დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოებაც, რომ ზემოაღნიშნული აქტის მონაცემები სადავო ფართობზე დარგული კომბოსტოს რაოდენობის დადგენის ნაწილში წარმოადგენს აქტის შემდგენი პირების მიერ ფართობის დათვალიერების შედეგად გამოთქმულ ვარაუდს და ვერ იქნება მიჩნეული შესაბამის მტკიცებულებად კომბოსტოს ნარგავების საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის დასადგენად.

პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ყ-ის მიერ დარგული კომბოსტო დაზიანდა 0,46 ჰექტარზე. აქედან შერჩევით მოჭრილია 50%, დარჩენილი შეჭმულია. შესაგებლის მიხედვით, ა. ტ-ი დაეთანხმა სარჩელში მითითებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: კომბოსტოს ნარგავები დაზიანდა 0,46 ჰექტარზე. აქედან შერჩევით მოჭრილია 50%, ცხვრის ფარამ შეჭამა 50%. ერთ ჰექტარზე მოსავლიანობა შეადგენს 6700კგ.-ს, შესაბამისად, 0,46 ჰექტარზე კომბოსტოს მოსავლიანობა იქნებოდა 3082კგ (1ჰა.-ზე - 6700კგ), ხოლო ცხვრის ფარის მიერ შეჭმული კომბოსტოს 50% შეადგენს 1541კგ.-ს (3082-ის 50%-ს).

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად, საქართველოში, კერძოდ, ქ. თელავში 1კგ. კომბოსტოს საშუალო საცალო საბაზრო ფასები 2012 წლის თებერვალში ეროვნული ვალუტით შეადგენდა 0.97 თეთრს). შესაბამისად, 1541კგ. კომბოსტოს ღირებულება, ანუ ზარალი, რომელიც 0,46ჰა. დაზიანებულ ფართობზე მიადგა მოსარჩელეს 1541 კგ კომბოსტოს განადგურებით შეადგენს 1494, 77 ლარს (1541კგ. X 0,97 ლარზე).

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1003-ე მუხლის თანახმად, ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, დაკარგული თუ გაქცეული იყო. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ გამოიყენება, როცა ცხოველის მფლობელმა მიიღო აუცილებელი ზომები მესამე პირთა დასაცავად. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირს ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე შეიძლება დაეკისროს, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების აღნიშნული ნორმით დადგენილი წინაპირობები, კერძოდ: ა) ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა; ბ) არამართლზომიერ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი; გ) ზიანის მიმყენებლის ბრალი. სამივე კომპონენტი ანუ, ნორმის შემადგენლობა, კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი, რომლის ოდენობა შეადგენს 1494, 77 ლარს, გამოწვეულია მოპასუხის მიერ, მის საკუთრებაში არსებული ცხვრის საძოვრად მიშვების შედეგად, მოსარჩელის მოსავლის განადგურებით. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის. რაც შეეხება ბრალს, მოპასუხეთა ზემოთმითითებული ქმედება მათ ბრალეულ ქმედებად უნდა შეფასდეს.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ყ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, მართალია, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, მაგრამ არ გამოიყენა ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.3 პუნქტში დადგენილია, რომ შპს „ა-2002“-ის 23.05.2012წ. დასკვნის შესაბამისად, 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერში, კომბოსტოს ზრდა-განვითარებისათვის არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო (ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა და ნაადრევი თოვლი) მისი კომბოსტოს ნარგავებმა ვერ მოასწრო განვითარება, რის გამოც საშუალო საჰექტარო მოსავლიანობამ შეადგინა 6.700 კგ. ამავე პუნქტით ნამსჯელია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 და 134-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმის თაობაზე, რომ აუდიტის დასკვნა წარმოადგენს საშუალო საჰექტარო მოსავლიანობაზე წერილობით მტკიცებულებას, მაგრამ აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის 5 თანამშრომლის მიერ 2.03.2012წ. შედგენილი აქტი, რომლის თანახმად, მის მიერ 0.46 ჰ-ზე 13.160 ძირი კომბოსტო იყო დარგული. 2.03.2012წ. აქტში 13.160 ძირი კომბოსტოს თაობაზე ინფორმაცია აისახა საბუთის შემდგენთა მიერ ნაკვეთის დათვალიერებით, კომბოსტოს ძირების სავარაუდო, ოდენობის განსაზღვრის შედეგად და ამიტომ არ მიიჩნევა კომბოსტოს ნარგავების საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის დასადგენად წერილობით მტკიცებულებად. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.3 პუნქტის II აბზაცით დადგენილია, რომ საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის (6.700 კგ) მიხედვით, 0.46 ჰ-ზე დარგული კომბოსტოს ძირებიდან თუკი მოწინააღმდეგის ცხვრის ფარამ 50% შეჭამა, ეს შეადგენს 1.541 კგ-ს (3.082 ძირი კომბოსტოს 50%).

კასატორის აზრით, თუ სააპელაციო სასამართლოს ევალება 2.03.2012წ. აქტის უარსაყოფად თავის შინაგან რწმენაზე დაფუძნებული მოსაზრების ასახვა გადაწყვეტილებაში, იგივე ვალდებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გარანტირებული შეჯიბრებითობის პრინციპის განუხრელი დაცვით უნდა შესრულებულიყო 23.05.2012წ. აუდიტის დასკვნასთან მიმართებითაც. პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაუსაბუთებია 2012 წლის თებერვალ-მარტში 1 კგ. კომბოსტოს ფასად 1 ლარი რის საფუძველზე მიიჩნია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, მეორე ინსტანციაში საქმის განხილვისას აღმოჩნდა, რომ საქართველოში, კერძოდ, ქ. თელავში 2012 წლის თებერვალში 1 კგ. კომბოსტოს ფასი შეადგენდა 0.97 ლარს. სააპელაციო სასამრთლომ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი 23.05.2012წ. დასკვნის წერილობით მტკიცებულებად მოხსენების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ერთ ჰექტარზე კომბოსტოს მოსავლიანობა იყო 6.700 კგ. ხოლო მოწინააღმდეგე მხარის ცხვრის ფარამ 1.541კგ შეჭამა. გარდა ამისა, 0.46 ჰა-ზე კომბოსტოს ძირთა რაოდენობა 2.03.2012წ. აქტის საფუძველზე მეორე ინსტანციისათვის გაუმართლებელი მოსაზრებით გახდა მიუღებელი, ხოლო ამავე საბუთის ცნობა ცხვრის ფარის მიერ შეჭმული კომბოსტოს პროცენტულ ოდენობაზე კი სარწმუნო.

სააპელაციო სასამართლომ ისე დაადგინა კომბოსტოს საშუალო საჰექტარო მოსავლიანობად 6.700 კგ, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი 23.05.2012წ. დასკვნის გარდა არც ერთი არგუმენტი და მტკიცებულება არ არის მითითებული, ხოლო რამდენად რეალურია ამ დასკვნით გადმოცემული ინფორმაცია, ამაზე სასამართლომ არ იმსჯელა.

კასატორის განმარტებით, თეთრი კომბოსტოს ჯიში ძირითადად შემოდგომაზე მოდის, მაგრამ შესაძლებელია იყოს ზამთრის და ხასიათდება მაღალი მოსავლიანობით. დიდი ზომის თავი იწონის 8 კგ-მდეც. ზამთრის კომბოსტოს ახასიათებს დაბალი მოსავლიანობა მომცრო თავების გამო და იწონის 2-3 კგ-მდე. იმ ჯიშებს, რომელიც შემოდგომით ირგვება და ზამთრის განმავლობაში სავარგულზე რჩება, აუცილებელია ახასიათებდეს ყინვაგამძლეობა და ზრდა-განვითარების დაბალი ტემპი. კომბოსტოს დარგვის სქემის თანახმად: საადრეო თეთრთავიანი 5-6 მცენარე 1 კვ.მ-ზე, საშემოდგომო 2-3 ძირი 1 კვ.მ-ზე. ეკონომიკური მაჩვენებელი 1 ჰა-ზე, სახეობისა და სეზონურობის მიხედვით, კომბოსტოსათვის შეადგენს 1 კვ.-ზე მცენარის დარგვის მანძილი მწკრივებს შორის 0.50 მ-დან 0.7 მ-ს, მცენარეებს შორის - 0.45 მ-დან 0.6 - მდე, მცენარეთა ნორმატიული რაოდენობა ძირის მიხედვით 25.000 -დან 44.400-მდეა, ერთი მცენარის მხოლოდ გეგმიური მოსავლიანობა 1-დან 1.5 კგ. -მდეა, შესაბამისად მოსავლიანობა 25 -დან 44.400 კგ-ია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ იწვევს ეჭვს ის გარემოება, რომ 0.46 ჰა-ზე დარგული ჰქონდა 13160 ძირი კომბოსტო, რომლის საშუალო წონა იყო 1.5 კგ. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, თითქოს აისახა სასამართლოს მოსაზრება შინაგან რწმენასთან მიმართებით 2.03.2012წ. გამგეობის მონაცემების სანდოობაზე, რომელიც გამოყენებულია დამოუკიდებელი აუდიტორის ი. ტ-ის 23.05.2012წ. №48 დასკვნაში, იმის გარდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ განმარტა №48 დასკვნა რა მოსაზრებითაა მიჩნეული სარწმუნო და დამაჯერებელ წერილობით მტკიცებულებად, სააპელაციო სასამართლო არ ახსენებს დამოუკიდებელი აუდიტორის გ. ყ-ის 7.05.2012წ. №12/05-01 დასკვნას. რაიონულმა სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიღო 23.05.2012წ. №48 დასკვნის მითითება 1 კგ. კომბოსტოს ფასად 35 თეთრის განსაზღვრის შესახებ, სააპელაციო სასამართლო 35 თეთრის ნაცვლად 97 თეთრის დადგენის შემდეგ იგივე გაიმეორა კომბოსტოს საშუალო საჰექტარო მოსავლიანობასთან დაკავშირებით ისე, რომ არ იმსჯელა 7.05.2012წ. №12/05-01 დასკვნაზე, ეს მტკიცებულება თითქოს არ ერთვოდა საქმეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მაისის განჩინებით ს. ყ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ს. ყ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ს. ყ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 10 მაისს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 220 ლარის, 2013 წლის 17 მაისს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 203.18 ლარის, სულ 423.18 ლარის 70% – 296.226 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ყ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ს. ყ-ს (პირადი № ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 10 მაისს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 220 ლარის, 2013 წლის 17 მაისს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 203.18 ლარის, სულ 423.18 ლარის 70% – 296.226 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე