Facebook Twitter

№ას-466-442-2013 11 ოქტომბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. რ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე –შპს „ი. ჯ. გ-პ“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს. რ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი. ჯ. გ-პის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, სარკინიგზო მომსახურების საფასურის - 114 690.48 ლარის გადახდის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნია. ამასთან, წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან გაშვებულია მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტლებით სს „ს. რ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 მარტის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, ხანდაზმული იყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ აღნიშნა, რომ სს „ს. რ-ა“ სარჩელით მოითხოვდა მისი მეშვეობით, სხვადასხვა სადგურებში, მოპასუხე შპს „ი. ჯ. გ-ის“ მიერ 2006 წლის იანვრიდან 2006 წლის დეკემბრის თვეში განხორციელებული სარკინიგზო გადაზიდვებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებას.

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელისთვის თავისი უფლებების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის მომენტიდან - შპს „ი. ჯ. გ-ის“ მიერ, მისი მეშვეობით, 2006 წლის იანვრიდან 2006 წლის დეკემბრის თვეში განხორციელებული სარკინიგზო გადაზიდვებისთვის შეთანხმებული საზღაურის გადაუხდელობისთანავე - სულ მცირე, 2007 წლის იანვრიდან.

პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელისთვის თავისი უფლებების დარღვევის შესახებ ცნობილი იყო სულ მცირე, 2007 წლის იანვრიდან, შპს „ს. რ-ამ“ კი, სასამართლოს განსახილველი სარჩელით მიმართა მხოლოდ 2012 წლის 9 ოქტომბერს, კანონით განსაზღვრული სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, რაც ცხადყოფდა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, ხანდაზმული იყო.

ვინაიდან დადგინდა, რომ წინამდებარე სარჩელი 2006 წლის იანვრიდან 2007 წლის იანვარმდე არსებული დავალიანების შესრულების მოთხოვნით დაინტერესებული პირის მიერ აღძრული იყო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ და პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე მხარე მიუთითებდა სარჩელის ხანდაზმულობაზე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა რომ საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 316-ე და 317-ე მუხლებზე მითითებით, სწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავდა ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, კასატორის აზრით, ვინაიდან განსახილველი დავის საგანია ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ურთიერთობა, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 668-ე და 686-ე მუხლები, ასევე სარ-ო კოდექსის 22-ე მუხლი და დაეკმაყოფილებინა სს „ს. რ-ის“ სარჩელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მაისის განჩინებით სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5734.53 ლარის) 70% – 4014.17 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „ს. რ-ას“ დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 25 აპრილს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5734.53 ლარის) 70% – 4014.17 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე