Facebook Twitter

№ ას-491-467-2013 30 ოქტომბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ.მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ნ-ი, მ. ნ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. და მ. ნ-ის წინაარმდეგ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის, მის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ზიანის – 3309.62 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. და მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. და მ. ნ-ი ცნობილ იქნენ ქ.თბილისში, ს-ის პირველი ჩიხის №3-ში მდებარე 29,75 კვ.მ ფართის თანამესაკუთრეებად, რის სანაცვლოდაც მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრათ 7975 ლარის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, რაც ცხადყოფს, რომ 2009 წლის 12 ოქტომბერს მოსარჩელეს მოპასუხეებისაგან წარმოეშვა თანხის მიღების უფლება. მოპასუხეებმა დროულად არ შეასრულეს ვალდებულება, კერძოდ, გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა, გადაიხადეს მხოლოდ 2012 წლის 27 აგვისტოს, რტაც დასტურდება დეპოზიტიდან ფულის გატანის ოქმით. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხეებს დროულად რომ შეესრულებინათ ვალდებულება, იგი შეძლებდაწ თანხის განტავსებას ბანკის ვადიან ანაბარზე, რითაც მიირებდა დამატებით შემოსავალს, სს „თ. ბ-ის“ ვადიან ანაბარზე იმ დროისთვის არსებული საპროცენტო განაკვეთით, კერძოდ, 2009 წლის 12 ოქტომბრიდან 2012 წლის 12 აგვისტომდე მიიღებდა 3309.62 ლარის სარგებელს.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში სდესვლა უპირობოდ არ ნიშნავდა იმას, რომ მათ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე უნდა გადაეხადათ დაკისრებული თანხა. მოსარჩელეს ვალდებულების შესრულება არ მოუთხოვია, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად არ მიუმართავს კანონით დადგენილი ზიმებისათვის, რაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს ნ. ნ-სა და მ. ნ-ს მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 1 788.10 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და მ. ნ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მირებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. და მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება, მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

პალატის მითითებით, მხარეთა შორის სადავოდ არ ხდება ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის და მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. ნ-ი და მ. ნ-ი ცნობილ იქნენ თბილისში, ს-ის პირველი ჩიხი №3-ში მდებარე 29.75 კვ.მ ფართის თანამესაკუთრეებად და მათ, ამის სანაცვლოდ, მოპასუხე მ. მ-ის სასარგებლოდ, დაეკისრათ 7 975 ლარის გადახდა.

მხარეთა შორის სადავოდ არ არის ასევე, ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა - 7 975 ლარი მოვალე ნ. ნ-მა ნოტარიუს – ნ. ხ-ას სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა 2012 წლის 31 ივლისს, შეასრულა ფულადი ვალდებულება მ. მ-ის მიმართ.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მასზე, რომ მოპასუხეებს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება სრულად და ჯეროვნად არ შეუსრულებიათ.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ვალდებულება წარმოიშვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებიდან. მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას უკავშირებს მოპასუხეთა მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის არაჯეროვან შესრულებას, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებს დროულად რომ შეესრულებინათ ვალდებულება, მოსარჩელე შეძლებდა თანხის განთავსებას ბანკის ვადიან ანაბარზე, რითაც იგი მიიღებდა დამატებით შემოსავალს. პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილებით დადასტურებული ვალდებულების შესრულების მომენტად მიიჩნია რა, აღსასრულებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე - 2009 წლის 12 ოქტომბერი, გაიზიარა მოსარჩელის ზემოაღნიშნული მოსაზრება და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ვალდებულების არაჯეროვნად (ვადის გადაცილება) შესრულებას.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობას და მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტი (2009 წლის 12 ოქტომბერი) დაკავშირებული იყო სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ათწლიანი ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებასთან და არ განსაზღვრავს მოპასუხე მხარისათვის ამ გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების – ფულადი ვალდებულების, შესრულების მომენტს. აქვე პალატამ აღნიშნა, რომ ვალდებულების შესრულების ვადა, კონკრეტულ შემთხვევაში, არც სასამართლოს მიერ არ ყოფილა დადგენილი და 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით სასამართლო არ მიუთითებს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადაზე. იმ შემთხვევაში კი, თუ მხარეთა შორის არ არის განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა, სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს მისი შესრულება. მოპასუხის მიერ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების მექანიზმებით.

პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მ. მ-ეს არ მიუმართავს სასამართლოსთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით და არ მოუთხოვია 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მის მიმართ შესასრულებელი ვალდებულების იძულებითი აღსრულება. საქმეში არ არის წარმოდგენილი ასევე, რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებისაგან მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით დადასტურებული ვალდებულების შესრულება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც საქმის მასალებით არ დგინდება კრედიტორის (მოსარჩელის) მიერ მოვალეების – ნ. და მ. ნ-ის მიმართ, მოთხოვნის დაყენება და შესაბამისი ნების გამოვლენა 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით მოვალისათვის დაკისრებული ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ, ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარემ 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულება კრედიტორის (მოსარჩელის) მიმართ შეასრულა ნებაყოფლობით, იძულებითი აღსრულების წარმოების დაწყების გარეშე, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეების (მოვალეების) - ნ. და მ. ნ-ის მიერ არ დარღვეულა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა. შესაბამისად არც ზიანი არ ყოფილა გამოწვეული იმით, რომ მოპასუხეებმა 2009 წლის 12 ოქტომბრიდან 2012 წლის 31 ივლისამდე არ განახორციელეს ფულადი ვალდებულების შესრულება, ვინაიდან მოპასუხეების მხრიდან არ დარღვეულა 2009 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით მათზე დაკისრებული ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317.1-ე, 361-ე, 394-ე, 411-ე მუხლებით და იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ. და მ. ნ-ს არ დაურღვევიათ 2009 წლის 17 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით მათზე დაკისრებული ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა, მიიჩნია, რომ მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლი და ვალდებუილების მოპასუხის მხრიდან შესრულება-აღსრულება დაავალდებულა მოსარჩელეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განჩინებით მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 28 მაისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე