№ ას-494-470-2013 21 ოქტომბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე – კ. ლ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი –მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. ლ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურისა და გ. თ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა 2012 წლის 17 თებერვალს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაყადაღებული მოსარჩელე კ. ლ-ას კუთვნილი მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება
მოსარჩელის განმარტებით, გ. თ-ა მისი სიძეა, ( გ. თ-ა და მოსარჩელის ქალიშვილი ნ. ლ-ა იმყოფებიან ფაქტობრივ ქორწინებაში). სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ი/მ გ. თ-ას საქმე, რომელსაც გააჩნია საგადასახადო დავალიანება. აღნიშნული დავალიანების გამო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ დააყადაღა ქონება: ერთი ცალი ტელევიზორი „Panasonic“, ერთი ცალი ტელევიზორი „prima“, ერთი ცალი მაცივარი „vestele“, ნაჭრის სამეული და ორი ცალი კარადა. აღნიშნული ნივთები არ წარმოადგენს გ. თ-ას საკუთრებას, მას არ შეუძენია და იგი არ არის რეგისტრირებული მოსარჩელის კუთვნილ ბინაში.
მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მ. ბ-ემ სარცელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.. მისი განმარტებით, შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 29 სექტემბრის №007-7669 ბრძანებით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, დაყადაღდა ი/მ გ. თ-ას ქონება, რაც განხორციელდა საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე,
მოპასუხე გ. თ-ამ სარჩელი ცნო. მისი განმარტებით, ამჟამად სასჯელს იხდის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, კ. ლ-ას სახლში არ ცხოვრობს და მას არცერთი ნივთი არ შეუძენია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა 2012 წლის 17 თებერვლის ყადაღის აქტით აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაყადაღებული მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები: ტელევიზორი პრიმა, ტელევიზორი პანასონიკი, მაცივარი ვესტელი, ნაჭრის სამეული, ორი კარადა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 29 სექტემბრის N007-7669 ბრძანებით დაყადაღდა გ. თ-ას ქონება;
ზემოაღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ 2012 წლის 17 თებერვლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დააყადაღა შემდეგი მოძრავი ნივთები: ერთი ცალი ტელევიზორი „Panasonic“, ერთი ცალი ტელევიზორი „prima“, ერთი ცალი მაცივარი „vestele“, ნაჭრის სამეული, ორი ცალი კარადა;
კ. ლ-ა მეუღლესთან, ბ. ლ-ან ერთად წარმოადგენს ქ.თბილისში, ვ-ის №3 დასახლების, მე-4 მიკრორაიონის, №413 კორპუსში მდებარე 64,00 კვ.მ, №187 ბინის თანამესაკუთრეს.
გ. თ-ა ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფება კ. ლ-ას ქალიშვილთან –ნ. ლ-ან;
აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ინფორმაციით, დაყადაღებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონი არ გამოცხადებულა;
საქმეზე წარმოდგენილი შემოსავლის ორდერით, სასაქონლო ზედნადებით, საგარანტიო ფურცლებით სასამართლომ დაადგინა, რომ დაყადაღებული ნივთები არ წარმოადგენს გ. -ი’’ შეიძინა მისმა ქალიშვილმა, რომელიც აჩუქა ოჯახს.
სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებული მოწმე გ. გ-ის განმარტების თანახმად, კ. ლ-ა არის დაყადაღებული ნივთების მესაკუთრე კერძოდ, ტელევიზორი პრიმა, ტელევიზორი პანასონიკი, მაცივარი ვესტელი, ნაჭრის სამეული, ორი კარადა, არის კ. ლ-ას საკუთრება. გ. თ-ა მოსარჩელის ოჯახში არ ცხოვრობს.
ამ გარემოების გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც უტყუარად დასტურდება სადავო ნივთებზე მისი საკუთრების უფლება. ასეთ პირობებში, პალატის აზრით, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურზე, რომელმაც მათ მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტება დაუპირისპირა და იმ პოზიციის დასადასტურებლად, რომ სადავო ნივთები არ ეკუთვნოდა მოსარჩელეს, სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლზე მითითებით და იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო მოძრავი ნივთები განთავსებულია მოსარჩელე კ. ლ-ს საკუთრებაში არსებულ ბინაში, მათზე მფლობელობას კი, წლების განმავლობაში ახორციელებს მოსარჩელე, პალატამ დაასკვნა, რომ ეს ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც სადავო მოძრავი ნივთები მიჩნეულ იქნებოდა მოვალის საკუთრებად. აღნიშნულთან მიმართებით, პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155.1-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ის გარემოება, რომ მოვალე წარმოადგენს მოსარჩელის სიძეს, ვერ გამოდგება იმ მტკიცებულებად, რომ ბინაში აღწერილი და დაყადაღებული ნივთები, მოვალის საკუთრებას წარმოადგენს. კ. ლ-ას განმარტებით მისი ქალიშვილი და სიძე მასთან მუდმივად არ ცხოვრობდნენ, მათ დაქირავებული აქვთ ბინა და მასთან დროდადრო რჩებოდნენ. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისში, ვ-ის №3 დასახლების, მე- 4 მიკრორაიონის, №413 კორპუსში მდებარე 64,00 კვ.მ, №187 ბინაში არსებული დაყადაღებული მოძრავი ნივთები: ერთი ცალი ტელევიზორი panasonic, ერთი ცალი ტელევიზორი prima, ერთი მაცივარი vestel, ნაჭრის სამეული, ორი ცალი კარადა წარმოადგენს კ. ლ-ას საკუთრებას.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება დაყადაღებული მოძრავი ნივთების მოსარჩელეებისადმი კუთვნილების შესახებ და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე მითითებით, ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელი მართებულად მიიჩნია საფუძვლიანად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის2013 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ კ. ლ-ას საკუთრების უფლების დამადასტურებელი რაიმე უტყუარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და, შესაბამისად, არასწორია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კ. ლ-ას სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები შეცდომითაა დაფიქსირებული ყადაღის აქტში. კასატორის აზრით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება, რომლის მიხედვითაც. სასამართლომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით მიიჩნია დადასტურებულად, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ნივთები არ არის ი/მ „გ. თ-ას“ საკუთრება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებული სახლემწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე