Facebook Twitter

№ ას-497-473-2013 21 ოქტომბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. ფ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ზ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ფ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ზ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხის მხრიდან ხეივნის რეკონსტრუქციის დემონტაჟი შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაში არსებული სახლის სახურავზე მეზობელ გ. ზ-ს გაკეთებული აქვს რკინის კონსტრუქციის ხეივანი, ვაზის ცრემლი, მტვერი და ნაგავი ცვივა და აზიანებს მისი სახლის სახურავს, რომელზეც მოსარჩელეს სურს გარკვეული სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, თუმცა აღნიშნული ხეივანი ხელს უშლის. მოპასუხის საცხოვრებელი სახლის ფანჯრები ემიჯნება მოსარჩელის სახლის კედელს, რის გამოც ეს უკანასკნელი თავისუფლად ვერ გრძნობს თავს. მოპასუხე ხშირად არის ალკოჰოლური სასმელების ზემოქმედების ქვეშ, ხმარობს სალანძღავ სიტყვებს, მაღალ ხმაზე უსმენს მუსიკას, რითაც მოსარჩელეს ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში

მოპასუხე გ. ზ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო საგნის ½ წილის მესაკუთრეა დედა ნ. ო-ე, ½ წილი კი დედამ აჩუქა. ხეივანი 30 სმ-ით არის გადასული მხოლოდ ჰაერში, მოსარჩელის ,,თუნუქის სახურავზე” ფეხი არავის დაუდგამს, ვაზის შესაწამლად არ იყენებს ისეთ ნივთიერებას, რომელმაც შეიძლება მოსარჩელის სახლის სახურავი დააზიანოს. რაც შეეხება ღიობის ამოშენებას, ის კანონიერად არის გაკეთებული. ალკოჰოლური სასმელების მიღებას და მის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის შესახებ კი, მოპასუხე აღნიშნავს, რომ ყოველგვარი კონფლიქტი პროვოცირდება სწორედ მოსარჩელის მიერ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მარტის განჩინებით ა. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ა. ფ-ი არის ქ. თბილისში, წ-ოს ქ. N18-ში მდებარე სახლის ½ ნაწილის მესაკუთრე. საკადასტრო კოდი N ... (მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 15).

თბილისში, წ-ოს ქ. N18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილის მესაკუთრეს წარმოადგენს გ. ზ-ი, საკადასტრო კოდით N ... (მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 60).

საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად, ორივე საცხოვრებელი სახლის მისამართად მითითებულია წ-ოს ქ. N18.

გ. ზ-ს სამეზობლო საზღვართან მოწყობილი აქვს ვაზის ხეივანი, რაც მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა. ამასთან, ვაზის ტოტები ა. ფ-ის მიერ ამავე საზღვარზე აღმართული დამხმარე ნაგებობების სახურავიდან, დაახლოებით 0,6 მეტრის დონეზე, 30-50 სმ-ით არის გადასული ამ უკანასკნელის მხარეს, თუმცა აღნიშნული რით უშლის ხელს მოსარჩელეს მისი უძრავი ნივთით სრულფასოვან სარგებლობაში და რა ზიანს აყენებს მას, საქმის მასალებით დადასტურებული არ არის.

მოპასუხის მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით – ტექნიკური პასპორტითა და საინვენტარიზაციო გეგმით დადგენილია, რომ ღიობი, რომლის ამოშენებასაც ითხოვს მოსარჩელე, არსებობს 1950 წლიდან, შენობას არავითარი რეკონსტრუქცია არ განუცდია, ხოლო მოსარჩელის სახლი სამეზობლო საზღვრიდან დგას 15-20 მეტრის დაშორებით.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172.2-ე, 174-ე, 175-ე, და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ა. ფ-ი უთითებდა, რომ მის საკუთრებაში არსებული სახლის სახურავზე მეზობელ გ. ზ-ს გაკეთებული ჰქონდა რკინის კონსტრუქციის ხეივანი, ვაზის ცრემლი, მტვერი და ნაგავი ცვიოდა სახლის სახურავზე და აზიანებდა მას. ამასთან, მას სურდა გარკვეული სამშენებლო სამუშაოების ჩატარება სახლის სახურავზე, თუმცა აღნიშნული ხეივანი ხელს უშლიდა.

პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხის ხეივანი დაუშვებლად ხელყოფდა მის უფლებას და ზიანს აყენებდა მას. რაც შეეხება ა. ფ-ის მეორე სასარჩელო მოთხოვნას - ღიობის ამოშენებას, პალატამ მიუთითა იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ღიობი არსებობს 1950 წლიდან, შენობას არავითარი რეკონსტრუქცია არ განუცდია, ხოლო მოსარჩელის სახლი საზღვრიდან დგას 15-20 მეტრის დაშორებით, რაც დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით – ტექნიკური პასპორტით და საინვენტარიზაციო გეგმით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, ამ ურთიერთობაზე საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 18 სექტემბრის №57 ბრძანებით დამტკიცებული „ნაკვეთების საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესის“ და მით უფრო დღეს მოქმედი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1–1/1254 ბრძანებით დამტკიცებული „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ აკრძალვები ვერ გავრცელდებოდა. მოსარჩელე კი, სწორედ ამ უკანასკნელი ნორმატიული აქტის საფუძველზე ითხოვდა მისი მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრაა. ფ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტლების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა მის მიერ წარდგენილ ახალ მტკიცებულებებზე, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი.

კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლები, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლოს საქმის მასალებიდან და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, მითითებული ნორმების საფუძველზე, უნდა დაესკვნა, რომ სამეზობლო თმენის ვალდებულება ამ შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს, რადგან სახლის სახურავზე გადმოსული ხეივანი მას არსებით ზიანს აყენებს და ხელს უშლის საკუთრებით სარგებლობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მაისის განჩინებით ა. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ფ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

კასატორი ა. ფ-ი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმქიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე