Facebook Twitter

№ ას-500-476-2013 21 ოქტომბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი –მ. ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ბ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ხ-სა და ბმა „შ. ზ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა ქ. თბილისში, ქ. წ-ის გამზირის №82-ში მდებარე, 18 მ2 №31 ბინის არსებით შემადგენელ ნაწილზე - 27,8 მ2-ზე (მათ შორის შესასველელზე ფართით 8,15 მ2, საპირფარეშოზე ფართით 1,98 მ2, სამზარეულოზე ფართით 14,12 მ2 და ღია აივანზე ფართით 3,55 მ2) მოსარჩელე მ. ბ-ას საკუთრების უფლების აღიარება (მოისმინეთ 2012 წლის 23 ოქტომბრის სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერი).

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 ოქტომბრის 2012 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით მ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, აღიარებულ იქნა მისი საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ქ. წ-ის გამზირის N82-ში მდებარე, მოპასუხე მ. ხ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ 27,8მ2 ფართზე (შესასვლელი - 8,15მ2, საპირფარეშო - 1,98მ2, სამზარეულო - 14,12მ2 და ღია აივანი - 3,55მ2).

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

დაბადების აქტის ჩანაწერის შესწორების თაობაზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტებით და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ბ-ა (პ/ნ ...) თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 13 იანვრის N01/01-21/09-12 განკარგულების საფუძველზე საჯარო რეესტრში 2009 წლის 20 იანვრიდან რეგისტრირებულია თბილისში, ქ. წ-ის N82 მისამართზე მდებარე, 18მ2 ფართის მქონე ბინა N31 (ს/კ: ...) მესაკუთრედ (მტკიცებულება: ტ.1. ს.ფ. 53, 142-145).

საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 13 იანვრის N01/01-21/09-12 განკარგულების მიღებამდე ქ. თბილისში, ქ. წ-ის N82 მისამართზე მდებარე, 18მ2 ფართის მქონე ბინა N31-ის (ს/კ: ...) მესაკუთრეს წარმოადგენდა მოპასუხე მ. ხ-ე და აღნიშნული ფართის გასხვისება იძულებითი სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განხორციელდა მ. ხ-ის შეუსრულებელი ვალდებულების აღსრულების მიზნით (მტკიცებულება: ტ.1. ს.ფ. 180, 181).

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მ. ბ-ას სარჩელი აღძრულია მ. ხ-სა და ბინათმესკუთრეთა ამხანაგობის ,,შ. ზ-ის“ (თავმჯდომარე - რ. მ-ე) მიმართ. სარჩელის საგანია მ. ბ-ას საკუთრების უფლების აღიარება ქ. თბილისში, ქ. წ-ის გამზირი N82-ში მდებარე, 18მ2 ფართის მქონე ბინა N31-ის დამხმარე 27,8მ2 ფართზე, კერძოდ, შესასვლელზე ფართით 8,15მ2, საპირფარეშოზე ფართით 1,98მ2, სამზარეულოზე ფართით 14,12მ2 და ღია აივანზე ფართით 3,55მ2. მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მან თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 13 იანვრის N01/01-21/09-12 განკარგულების საფუძველზე საჯარო აუქციონზე შეიძინა ქ. თბილისში, ქ. წ-ის N82-ში მდებარე, ბინა N31 რეგისტრირებული ფართით 18მ2, რომლის დამხმარე ფართს თავიდანვე (თავდაპირველი მესაკუთრის მფლობელობის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე) წარმოადგენდა 27,8მ2 ფართი, კერძოდ, შესასვლელი ფართით 8,15მ2, საპირფარეშო ფართით 1,98მ2, სამზარეულო ფართით 14,12მ2 და ღია აივანი ფართით 3,55მ2.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ბ-ას მიერ აღძრული სარჩელის სათანადო მოპასუხეს მოცემულ შემთხვევაში, ბინათმესკუთრეთა ამხანაგობა ,,შ. ზ-ა“ არ წარმოადგენდა.

პალატამ იხელმძღვანელა ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის პირველი (რეგულირების სფერო), მე-2 მუხლებითა და მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ქ. წ-ის გამზირი N82 მისამართზე მდებარე, 18მ2 ფართის მქონე ბინა N31-ის დამხმარე 27,8მ2 ფართზე, კერძოდ, შესასვლელზე ფართით 8,15მ2, საპირფარეშოზე ფართით 1,98მ2, სამზარეულოზე ფართით 14,12მ2 და ღია აივანზე ფართით 3,55მ2 ვრცელდებოდა ბინა N31-ის მესაკუთრეების ინდივიდუალური საკუთრების უფლება და შესაბამისად, სადავო ფართები არ წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას. აქედან გამომდინარე, ბინათმესკუთრეთა ამხანაგობა ,,შ. ზ-ა“ არ წარმოადგენს სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტს და არ გააჩნია მოცემული მატერიალური სამართალურთიერთობიდან გამომდინარე უფლება ან/და ვალდებულება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მ. ბ-ას მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი არ იყო მიმართული ბინათმესკუთრეთა ამხანაგობის მიმართ.

ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ბ-ას სარჩელი ბინათმესკუთრეთა ამხანაგობის ,,შ. ზ-ის“ (თავმჯდომარე - რ. მ-ე) მიმართ დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს აზრით, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე მ. ხ-ის მიმართ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა შემდეგ გარემოებათა გამო:

აღნიშნულთან მიმართებით პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

მ. ხ-ე ქ. თბილისში, ქ. წ-ის გამზირი N82 მისამართზე ფლობდა როგორც რეგისტრირებული 18მ2 ფართის მქონე ბინა N31-ს. ასევე არარეგისტრირებულ 27,8მ2-ის მქონე ფართს. შესასვლელს ფართით 8,15მ2, საპირფარეშოს ფართით 1,98მ2, სამზარეულოს ფართით 14,12მ2 და ღია აივანს ფართით 3,55მ2.

მ. ხ-ე სადავო ფართის მფლობელობას ახორციელებდა უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვის დროისათვისაც, კერძოდ, როდესაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 18მ2 ფართის ბინა N31 2006 წლის 24 მარტს იპოთეკით დატვირთა მ. ბ-ას სასარგებლოდ (ტ.1. ს.ფ. 137, 138).

საქმის მასალების თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 18მ2 წარმოადგენს ერთ საცხოვრებელ ოთახს სხვა დამხმარე სათავსოს გარეშე. დგინდება ისიც, რომ სადავო 27,8მ2 ფართს, კერძოდ, 8,15მ2 შესასვლელს , 1,98მ საპირფარეშოს, 14,12მ2 სამზარეულოსა და 3,55მ2 ღია აივანს მ. ხ-ე იყენებდა როგორც რეგისტრირებული 18მ2 ერთი ოთახის დამხმარე ფართებს.

საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე მ. ბ-ამ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2009 წლის 13 იანვრის N01/01-21/09-12 განკარგულების საფუძველზე საჯარო აუქციონზე შეიძინა ქ. თბილისში, ქ. წ-ის N82-ში მდებარე ბინა N31 საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 18მ2 ფართით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 1999 წლის 15 ივლისს მ. ხ-ან გაფორმდა პრივატიზაციის ხელშეკრულება და მას საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის პირველი თებერვლის N107 დადგენილებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ქ. წ-ის გამზირი N82-ში მდებარე ბინა N31. ამასთან, პრივატიზაციის ხელშეკრულებაში 18მ2 მიეთითა, როგორც ბინის საცხოვრებელი ფართი. (მტკიცებულება: პრივატიზაციის ხელშეკრულება ტ.1. ს.ფ. 115). აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე მოპასუხე მ. ხ-ის სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ქ. წ-ის გამზირი N82-ში მდებარე ბინა N31 (მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ტ.1. ს.ფ. 78).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2008 წლის 12 მაისის განკარგულების საფუძველზე ჩატარდა იძულებითი საჯარო აუქციონი იპოთეკით დატვირთული მ. ხ-ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე მდებარე, ქ. თბილისში, ქ. წ-ის გამზირი N82, ბინა N31, რომლის რეგისტრირებული ფართი შეადგენდა 18მ2-ს (მტკიცებულება: აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება ტ.1. ს.ფ. 79, 80).

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარმოდგენილ სააღსრულებო ბიუროს განცხადებაზე, რომლის მიხედვით, აუქციონზე გასატანი ქ. თბილისში, ქ. წ-ის გამზირის N82-ში მდებარე, მ. ხ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული N31 ბინის, რომლის წილობრივი მონაცემები საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით შეადგენდა 18მ2-ს, საწყისი ფასი განისაზღვრა 54 358,14 აშშ დოლარით. დადგენილია ასევე, რომ განმეორებით აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი უძრავი ნივთის ღირებულება განახევრდა და განისაზღვრა 27 179,07 აშშ დოლარით. (ტ.1. ს.ფ. 81, 82). დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. ბ-ამ ქ. თბილისში, ქ. წ-ის გამზირის N82-ში მდებარე, N31 ბინა რეგისტრირებული ფართით 18მ2 შეიძინა განმეორებით აუქციონზე ნახევარ ფასად - 27 179,07 აშშ დოლარად.

საქმეში წარმოდგენილია განცხადებები ჟურნალ ,,სიტყვა და საქმიდან“, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ მოპასუხე მ. ხ-ე სავარაუდოდ აუქციონის ჩატარებამდე თავისი ინიციატივით ყიდდა უძრავ ქონებას, კერძოდ, ბინა N31-ს, მის მფლობელობაში არსებულ სადავო 27,8მ2 ფართთან ერთად 60 000 აშშ დოლარად (ტ.1. ს.ფ. 42, 43).

ამდენად, პალატის მოსაზრებით, უძრავი ქონების პირველი აუქციონისათვის აღმასრულებლის მიერ დადგენილი (54 358,13 აშშ დოლარი) მ. ხ-ის (მესაკუთრის) მიერ ბინის გასაყიდ ფასთან - 60 000 აშშ დოლართან მიახლოებული სარეალიზაციო ფასი იძლეოდა ვარაუდის საფუძველს, რომ აღმასრულებლის მიერ შეფასებული უძრავი ქონება არ მოიცავდა მხოლოდ რეგისტრირებულ 18მ2 ფართს, არამედ მოიცავდა ბინა N31-ს, სადავო 27,8მ2-თან ერთობლიობაში.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ აღმასრულებლის მიერ მხოლოდ 18მ2 ფართის მქონე ერთი ოთახის (ყოველგვარი დამხმარე სათავსოს გარეშე), 54 358,14 აშშ დოლარად შეფასების შემთხვევაში, 1მ2 ფართის ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო 3019 აშშ დოლარით, რაც არ ასახავს რეალურ ვითრებას გამომდინარე იქიდან, რომ თავად მ. ხ-ე ბინის რეალიზაციისას 1მ2-ის ფასს განსაზღვრავდა 1090 აშშ დოლარით (60 000:55მ2). ამასთან, სხვა საპირისპირო მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ქ. წ-ის გამზირზე 1მ2-ის (დამხმარე ფართის გარეშე) საბაზრო ფასი შეადგენს 3019 აშშ დოლარს, მოპასუხეს არ წარმოუდგენია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი რეგულაციის შესაბამისად, მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა.

ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, პალატამ დაადგინა,რომ მ. ბ-ამ საჯარო აუქციონზე შეიძინა ქ. თბილისში, ქ. წ-ის გამზირი N82, ბინა N31 სადავო დამხმარე ფართთან ერთად.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ“ პუნქტზე მითითებით, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო 27,8მ2 ფართი (შესასვლელი ფართით 8,15მ2, საპირფარეშო ფართით 1,98მ2, სამზარეულო ფართით 14,12მ2 და ღია აივანი ფართით 3,55მ2) წარმოადგენდა ქ. თბილისში, ქ. წ-ის გამზირი N82, ბინა N31-ის შემადგენელ ნაწილს (სათავსების ერთობლიობა).

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მ. ხ-ის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო 27,8მ2 ფართი წარმოადგენდა არა N31 ბინის დამხმარე, არამედ ცალკე უფლების ობიექტის ფართს.

პალატამ მიიჩნია, რომ მ. ხ-ის, როგორც ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი ბინის მესაკუთრისა და ამავდროულად, ამხანაგობის წევრის უფლება სადავო 27,8მ2 დამხმარე ფართზე საკუთრების რეგისტრაციისა ბინა N31-ის აუქციონზე რეალიზაციის შემდეგ გადავიდა ახალ მესაკუთრეზე მ. ბ-აე ამხანაგობის წევრობიდან გამომდინარე სხვა ყველა უფლებასთან ერთად.

რაც შეეხება საქმის მასალებში წარმოდგენილ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ სადავო მისამართზე ა. ნ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ბინა N31გ-ის 31,25მ2 ფართიდან 2მ2 საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მ. ხ-ის თანამესაკუთრების უფლება 2012 წლის 03 აპრილს (ტ.1. ს.ფ. 139), პალატის მოსაზრებით, გავლენას ვერ მოახდენდა (ვერ შეცვლის) სადავო ფართზე მ. ბ-ას, როგორც ბინა N31-ის მესაკუთრის უფლებებზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მ. ხ-ის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ფართზე მისი საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია 1996 წლის 26 ივნისის თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ისნის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილება. აღნიშნული დოკუმენტით ქ. თბილისში, ქ. წ-ის გამზირი N82 მდებარე ბინის მესაკუთრეებს, მათ შორის, მ. ხ-ეს მიეცა რაიონის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით ავარიული ხის ლოჯიების კონსტრუქციების ლითონის კონსტრუქციებით შეცვლის უფლება და ღია აივნების მოწყობის უფლება (ტ.1. ს.ფ. 38, 39), რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით არ წარმოადგენს მ. ხ-ის სადავო ფართზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

ამასთან, პალატის მოსაზრებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონეს არ წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა კონკრეტული დანიშნულებით იყენებდა მოპასუხე სადავო ფართის (27,8მ2) ამა თუ იმ შემადგენელ ნაწილს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მართალია სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლი, თუმცა არასწორად განმარტა იგი, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ეხება ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილს, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სადავო ფაქტი სასამართლოს არ უნდა განეხილა როგორც ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი.

კასატორის აზრით, სასამართლომ არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ასახავდა, თუ რა გზითა და მეთოდით დაისაკუთრა მ. ბ-ამ სადავო ფართი.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ არაჯეროვნად გაამახვილა ყურადრება ამხანაგობის პოზიციაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, თუ რა უფლება გააჩნდა ამხანაგობას სადავო ფართის მიმართ. ამასთან, სასამართლო საფუძვლიანად ვერ გაერკვა სადავო ფარტის დანიშნულებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განჩინებით მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (695 ლარი) 70% 486.5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 29 აპრილს №9 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (695 ლარის), 70% – 486.5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე