Facebook Twitter

№ას-526-500-2013 29 ოქტომბერი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს „ს. ნ. და გ. კ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე _ ს. ჟ-ი

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - შპს „ს. გ. ტ. კ-ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – შენობა-ნაგებობების ექსპლოატაციის აკრძალვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს. ნ. და გ. კ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ჟ-ის მიმართ და უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით: სადავო შენობები აგებულია უკანონოდ, რადგან მათი მშენებელობის დაწყების დროისათვის მშენებლობის ნებართვა გაცემული არ იყო. შენობები აშენებულია მილსადენის დაცვის 300 მეტრიან ზონაში, რაზეც საჭირო იყო მილსადენის ოპერატორი კომპანიის თანხმობა. მეორე შენობა აშენებულია მცხეთის გამგეობის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ. მოპასუხე მშენებლობის დროს არაერთხელ იქნა გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ შეეწყვიტა გაზსადენის დაცვის ზონაში უნებართვო მშენებლობა, თუმცა გააგრძელა და დაასრულა მშენებლობა. ექსპერტიზის დასკვნამ დაადასტურა, რომ მილსადენი შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს შენობაში მყოფი ადამიანებისათვის, ხოლო რაიმე ავარიის შემთხვევაში მოსარჩელეს დაეკისრება ზიანის ანაზღაურება.

მოპასუხე ს. ჟ-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მის მიერ მიწის ნაკვეთის შეძენის დროს მასზე რაიმე შეზღუდვა რეგისტრირებული არ იყო, სერვიტუტი ამჟამადაც რეგისტრირებული არ არის. ორივე სადავო შენობა აშენებულია უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, რაც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია და გაუქმებული არ არის. სადავო შენობებზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ზემოაღნიშნული შენობების მეზობლად მდებარეობს სხვა მესაკუთრეთა ნაგებობები, რომლებიც აშენებულია მილსადენის დაცვის იმ ზონაში, სადაც მშენებლობა აკრძალულია, თუმცა მოსარჩელე მათ დემონტაჟს არ მოითხოვს. შესაბამისად, გაუგებარია სადავო შენობები რა საფრთხეს უქმნის მილსადენს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ს.ს ნ. და გ. კ-ას“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 დეკემბრისა და ამავე სასამართლოს 2012 წლის 12 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, 2011 წლის 7 აპრილიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ხაზოვანი ობიექტი მაგისტრალური გაზსადენი საკადასტრო კოდით 71.00.058, რომლის სიგრძეა 129428,43 მეტრი, დაფარვის ზონა მცხეთა-მთიანეთი. ხაზოვანი ნაგებობის მესაკუთრედ რეგისტრირებულია შპს „ს. ნ. და გ. კ-ა“, რომლის უფლებამონაცვლეა მოსარჩელე სს „ს. ნ. და გ. კ-ა“. მაგისტრალური გაზსადენის ნაწილი მდებარეობს მცხეთის რაიონის სოფელ მ-ის ტერიტორიაზე. 31.08.2011წ. სს „ს. ნ. და გ. კ-სა“ და შპს „ს. გ. ტ. კ-ას“ შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ს. გ. ტ. კ-ას“ დროებით სარგებლობაში გადაეცა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მაგისტრალური გაზსადენები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. მცხეთის რაიონის სოფელ მ-ი მდებარე 1265 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) და მასზე მდებარე №1 244,9 კვ.მ შენობა-ნაგენობა და №2 142 კვ.მ შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება ს. ჟ-ის სახელზე.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 19 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მცხეთის რაიონის სოფელ მ-ი მდებარე ს. ჟ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) მდებარე №1 შენობა გაზსადენის ღერძიდან დაშორებულია 57,6 მეტრით, ხოლო №2 შენობა - 79,55 მეტრით. აღნიშნული შენობები მოქცეულია ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის 1200 მმ-იანი მაგისტრალური მილსადენის დაცვის III ზონაში.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მცხეთის რაიონის სოფელ მ-ი მდებარე 550 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 72.03.21.333 მესაკუთრეა ს. ჟ-ი. საკადასტრო რუკის თანახმად, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს შენობა №1. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, აღნიშნული დამხმარე ნაგებობა გაზსადენის ცენტრალური ღერძიდან დაშორებულია 43,3 მეტრით, შესაბამისად, მილსადენის დაცვის მე-3 ზონაში მდებარეობს. ამ ნაგებობის ექსპლოატაციის მართლზომიერება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, ასევე, მცხეთის რაიონის სოფელ მ-ი მდებარე 1408 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ს. ჟ-ი, ხოლო ნაკვეთზე შენობა არ მდებარეობს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გაზსადენზე რაიმე ავარიის შემთხვევაში წარმოიშობა აღნიშნული ნაკვეთის გამოყენების აუცილებლობა, ვინაიდან, გაზსადენი გადის ამ მიწის ნაკვეთზე.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, სადავო შენობა-ნაგებობების უნებართვოდ აშენების თაობაზე და დადგენილად მიიჩნია გარემოება, რომ მცხეთის რაიონის სოფელ მ-ი მდებარე ს. ჟ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობები აშენებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 17 აგვისტოს №686 ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე. შპს „მცხეთის რაიონის საპროექტო ორგანიზაციის“ მიერ 2009 წელს შედგენილია მცხეთის რაიონის სოფელ მ-ი ასაშენებელი ს. ჟ-ის ორი მაღაზიის პროექტი, რომლითაც გათვალისწინებულია ერთსართულიანი ორი შენობის მშენებლობა. მაღაზია №1 244,59 კვ.მ-ია, მათ შორის, დამხმარე ფართი 17,87 კვ.მ-ია, გაშენების ფართი 280 კვ.მ, შენობის მოცულობა კი, 180 კვ.მ; მაღაზია №2-ის საერთო ფართია 142 კვ.მ, მათ შორის, დამხმარე ფართი 17,66 კვ.მ, გაშენების ფართი 168 კვ.მ, სამშენებლო მოცულობა 636 კვ.მ. (იხ.: საქმეზე თანდართული პროექტის დედანი). მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 11.08.2009წ. №666 ბრძანებით დადგინდა მცხეთის რაიონის სოფელ მ-ის ტერიტორიაზე ს. ჟ-ის სავაჭრო ობიექტის მშენებლობისათვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების პირობები. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 13.08.2009 №678 ბრძანებით შეთანხმებულად ჩაითვალა სოფელ მ-ის ტერიტორიაზე ს. ჟ-ის სავაჭრო ობიექტის მშენებლობისათვის წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია (მიწის საკადასტრო კოდი №..., მაღაზია №1 ნაკვეთის ფართობი 200კვ.მ, საერთო ფართი 244,59 კვ.მ, განაშენიანების ფართი 280 კვ.მ, მოცულობა 1080 კვ.მ, მაღაზია №2 ნაკვეთის ფართობი 200 კვ.მ, საერთო ფართი 142 კვ.მ, განაშენიანების ფართი 168 კვ.მ, მოცულობა 636 კვ.მ). მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 17.08.2009წ. №686 ბრძანებით გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს დაევალა ს. ჟ-ის მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემა სოფელ მ-ი მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი ... სავაჭრო ობიექტის მშენებლობისათვის. 18.08.2009 წლის ს. ჟ-ს გადაეცა ს. გ. ტ. კ-ის ქვეშეთის სახაზო-საექსპლოატაციო ფილიალის წერილობითი გაფრთხილება-მიწერილობა №2. მიწერილობაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების უხეში დარღვევით უკანონოდ (უპროექტოდ, უნებართვოდ, ჩვენგან მალულად ყოველგვარი შეთანხმების გარეშე) სოფელ მ-ი შენდება მაღაზია, რომელიც განლაგებულია 1200 მმ-იანი დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენიდან 85 მეტრში ნაცვლად 300 მეტრისა. მიწერილობით ს. ჟ-ს კატეგორიულად მოსთხოვეს მაგისტრალური გაზსადენის დაცვის ზონიდან უკანონო ნაგებობის გატანა.

26.08.2009 წლის მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემულია მშენებლობის სანებართვო მოწმობა №0384 მცხეთის რაიონის სოფელ მ-ი ს. ჟ-ის სავაჭრო ობიექტის მშენებლობის შესახებ. სანებართვო მოწმობის თანახმად, პროექტი შეთანხმებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 13 აგვისტოს №678 ბრძანებით. მშენებლობის სანებართვო მოწმობით მშენებლობის ვადად განსაზღვრულია 1 წელი. მშენებლობის ნებართვაში მითითებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით ...) საკადასტრო კოდი საჯარო რეესტრში ამჟამად არის .... შესაბამისად, აღნიშნული მშენებლობის ნებართვა გაცემულია სადავო შენობების შესახებ. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 22.02.2012 წლის №883 წერილის თანახმად, სადავო შენობების პროექტთან დაკავშირებით გამგეობის მიერ მიღებული ბრძანებები და მშენებლობის სანებართვო მოწმობა ძალაშია და არ არის გაუქმებული.

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტში მშენებლობის ნებართვა განმარტებულია, როგორც განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნული ნორმის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა სამი იერარქიული საფეხურისგან შემდგარი წარმოების შედეგად გაიცემა, რომლის საბოლოო საფეხურსაც წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა. განსახილველ შემთხვევაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 11 აგვისტოს №666 ბრძანების გამოცემით შესრულდა მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები), მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 13 აგვისტოს №678 ბრძანების გამოცემით შესრულდა მშენებლობის ნებართვის გაცემის II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება. ხოლო მცხეთის მუნციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 17 აგვისტოს №626 ბრძანებით გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს დაევალა ს. ჟ-ის მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემა. შესაბამისად, აღნიშნული ინდივიდუალურიადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით ს. ჟ-ის სახელზე 2009 წლის 17 აგვისტოს გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის სანებართვო მოწმობა გაიცემა მშენებლობის ნებართვის შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა გაცემულად მიიჩნევა ამ ადმინისტრაციული სამართლებივი აქტის გამოცემიდან და არა მის საფუძველზე მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის დღიდან. მშენებლობის სანებართვო მოწმობა მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტისგან დამოუკიდებლად მშენებლობის ნებართვის გაცემას არ ადასტურებს, რადგან გაიცემა მშენებლობის ნებართვის საფუძველზე. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ 2009 წლის 18 აგვისტოს გაზის ტრასპორტირების კომპანიის წერილობითი გაფრთხილების მიღების დროს ს. ჟ-ის მიმართ 2009 წლის 17 აგვისტოს უკვე გამოცემული იყო მცხეთის გამგებლის ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, რის გამოც მოპასუხემ ამ დროისათვის დამტკიცებული პროექტისა და მშენებლობის ნებართვის საფუძველზე დაიწყო მშენებლობა. 23.02.2010 წელს ს. ჟ-ის შვილს, ვ. ჟ-ს, გადაეცა ს. გ. ტ. კ-ის ქვეშეთის სახაზო-საექსპლოატაციო ფილიალის წერილობითი გაფრთხილება-მიწერილობა №9. მიწერილობაში აღნიშნულია, რომ ს. ჟ-ის მიერ სოფელ მ-ი შენდება მაღაზია, რომლითაც დარღვეულია საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №963 ბრძანებულებით დადგენილი დაცვის წესები. მაღაზია შენდება 1200 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის დაცვის ზონაში გაზსადენიდან 85 მეტრში უსაფრთხოების ნორმებით გათვალისწინებული 300 მეტრის ნაცვლად. მიწერილობით ს. ჟ-ს კატეგორიულად მოსთხოვეს მაგისტრალური გაზსადენის დაცვის ზონიდან უკანონო ნაგებობის გატანა.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ 2010 წლის 26 ნოემბერს წერილით მიმართა ს. ჟ-ს, რომელშიც მითითებულია, რომ გაზსადენიდან 85 მეტრის მოშორებით უკანონოდ აშენებულია მაღაზია, ასევე წარმოებს მეორე ნაგებობის მშენებლობა, რომელიც იმყოფება გაზსადენიდან 30 მეტრის დაშორებით. გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მსგავსი შინაარსის განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა მცხეთის რაიონულ სამმართველოს, რომლის წინაშე ს. ჟ-მა 2010 წლის 10 დეკემბერს დადო ხელწერილი იმის შესახებ, რომ შეაჩერებს მშენებლობას საბუთების შეგროვებამდე. 2010 წლის 16 დეკემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ს. ჟ-ს გაუგზავნა წერილობითი მითითება მშენებლობის დროს დარღვევის გამოსწორების შესახებ და მოსთხოვა საპროექტო დოკუმენტაციისა და გაზის კომპანიიდან ტექნიკური პირობის წარმოდგენა. 2012 წლის 1 აგვისტოს №456 ბრძანებით ს. ჟ-ს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის.

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ნებართვის არარსებობაზე არ მიუთითებს სამშენებლო სამართალდარღვევისათვის ს. ჟ-ის დაჯარიმების ფაქტი, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილია გამგეობის მიერ დამტკიცებული პროექტის დედანი, ამასთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 22 თებერვლის №883 და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2012 წლის 1 ივნისის №2899 წერილებით დგინდება, რომ ს. ჟ-ის მშენებლობის პროექტის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები გაუქმებული არ არის. მშენებლობის უნებართვოდ მიჩნევის საფუძველს ასევე არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს გაზის კ-ა არ იყო მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაში. 2009 წლის აგვისტოში, სადავო ნაგებობების მშენებლობის დაწყების დროს, მაგისტრალური გაზსადენის დაცვისა და უსაფრთხოების ნორმები დადგენილი იყო ე.წ სნიპებით. „საქართველოს ტერიტორიაზე 1992 წლამდე მოქმედი ნორმატიული აქტების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრის, ურბანიზაციისა დ მშენებლობის მინისტრის, ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1998 წლის 27 აპრილის №95 ერთობლივი ბრძანებით ახალი ნორმატიული აქტების მიღებამდე ან მათ გაუქმებამდე ვადა გაუგრძელდათ ყოფილი სსრკ დროს მოქმედ ნორმტიულ აქტებს უსაფრთხოების დარგში, მათ შორის, სსრ მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით დამტკიცებულ „მაგისტრალური მილსადენების დაცვის წესებს“ და „სამშენებლო ნორმებსა და წესებს“. „მაგისტრალური მილსადენების დაცვის წესების“ 23-ე მუხლის თანახმად, შესაბამისი ორგანოების მიერ მიწის ნაკვეთების მითითებული მიზნებისათვის გამოყოფის შესახებ შუამდგომლობათა განხილვისას მშენებლობის ობიექტის განლაგების ადგილები წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული იმ საწარმოებთან (ორგანიზაციებთან), რომლებიც ექსპლოატაციას უწევენ მილსადენებს. ამავე ნორმის თანახმად, საცხოვრებელი მასივების, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო საწრმოების, ცალკეული (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი) შენობებისა და ნაგებობის მშენებლობა შეიძლება, წარმოებდეს მილსადების ღერძიდან 300 მეტრის მანძილზე.

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები დადგენილია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“. ამ დადგენილებაში 2009 წლის 9 დეკემბრიდან დამატებულია 321-ე მუხლი, რომლის თანახმად, მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტებისათვის დაცვის III და IV ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, ამ დადგენილების შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის I სტადიაზე მონაწილეობას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის ან ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მაგისტრალური მილსადენის ოპერირებას (ექსპლუატაციას), ხოლო ასეთი პირის არარსებობის შემთხვევაში – მაგისტრალური მილსადენის მესაკუთრე. ამდენად, მთავრობის დადგენილებაში აღნიშნული ნორმა შევიდა 2009 წლის 17 აგვისტოს მშენებლობის ნებართვის ს. ჟ-ის სახელზე გაცემის შემდეგ.

მთავრობის ხსენებული დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ, რადგან მთავრობის ხსენებული დადგენილების მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემა განეკუთვნება საჯაროსამართლებრივი ურთიერთობის სფეროს, შესაბამისად, იმ საკითხის დადგენა, უნდა ყოფილიყო თუ არა მიწვეული გაზის კ-ა მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს, არის ადმინისტრაციული დავის საგანი და ეს საკითხი წინამდებარე დავის ფარგლებში ვერ გადაწყდება. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ასევე მართებულად მიიჩნია დადგენილად, რომ მცხეთის რაიონის სოფელ მ-ი მდებარე ს. ჟ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) შენობების მშენებლობით არ არის დარღვეული მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხოების წესები და მათი ექსპლოატაცია არ უქმნის საფრთხეს გაზსადენის ფუნქციონირებას. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 19 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მცხეთის რაიონის სოფელ მ-ი მდებარე ს. ჟ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე კოდი ... №1 და №2 შენობები ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის 1200 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არ ქმნიან საფრთხეს გაზსადენის ექსპლოატაციისას მის მიმდებარედ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად დაცული უნდა იქნას საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის ბრძანება 1-1/525 ”გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები“. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ს. ჟ-ის საკუთრებად სოფელ მ-ი რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ... განთავსებული დამხმარე ნაგებობა მილსადენის ცენტრალური ღერძიდან დაშორებულია 43,3 მეტრით. მიწის ნაკვეთზე კოდი ... მდებარე შენობა მილსადენის ცენტრალური ღერძიდან დაშორებულია 4,75 მეტრით. მიწის ნაკვეთზე კოდი ... მდებარე შენობა მილსადენის ცენტრალური ღერძიდან დაშორებულია 16,1 მეტრით. მცხეთის რაიონის სოფელ მ-ი საკადასტრო კოდებით ... და ... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე მდებარე შენობების მშენებლობით დარღვეულია საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №963 ბრძანებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის მოთხოვნები. ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის 1200 მმ-იანი მაგისტრალურ მილსადენზე რაიმე სახის ავარიის შემთხვევაში წარმოიშობა ს. ჟ-ის მიწის ნაკვეთის გამოყენების აუცილებლობა, ვინაიდან აღნიშნული გაზსადენი გადის ს. ჟ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...).

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ს. ჟ-ის მიერ აშენებული ორი სადავო ნაგებობის ექსპლოატაციით არ დაირღვევა მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხოების მოთხოვნები, რადგან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამ ნაგებობების არსებობა საფრთხეს არ უქმნის მილსადენის ნორმალურ ფუნქციონირებას. ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელეს წარმოდგენილი არა აქვს, შესაბამისად, დასკვნის დაუსაბუთებლობა მან ვერ დაადასტურა. ექსპერტიზის დასკვნის დაუსაბუთებლობაზე არ მიუთითებს დასკვნაში „გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები“ ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №1-1/525 ბრძანების მითითება. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გაზსადენის ექსპლოატაციისას მის მიმდებარედ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად დაცული უნდა იქნეს ხსენებული ბრძანების მოთხოვნები. სასამართლო არ იზიარებს აპელანტის მითითებას იმის შესახებ, რომ ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება მაგისტრალური გაზსადენის ექსპლოატაციაზე. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №963 ბრძნებულებით არ არის განსაზღვრული მაგისტრალური გაზსადენის მიმდებარედ არსებულ ნაგებობებზე გაზსადენიდან მომდინარე შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით კონკრეტული პროფილაქტიკური ღონისძიებები. ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის №1-1/525 ბრძანების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, "მოთხოვნების“ გავრცელების სფეროში შედის: ა) დაბალი, საშუალო და მაღალი წნევის გამანაწილებელი გაზსადენები, აგრეთვე, ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი (სკოლები, საბავშვო ბაღები, კინო-თეატრები, სანახაობრივი დაწესებულებები) და სამრეწველო ობიექტების გაზის სისტემები; აღნიშნული ბრძანების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ყველა გაზის მიმწოდებელი საწარმო და სამრეწველო ობიექტი უფლებამოსილია, აწარმოოს ამ „მოთხოვნების“ შესაბამისი საქმიანობა ისეთი უსაფრთხოების სტანდარტების გამოყენებით, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ „მოთხოვნებს“. შესაბამისად, მაგისტრალური გაზსადების ექსპლოატაციისას მიმდებარე ნაგებობების უსაფრთხოების ნორმები გაზის გაჟონვის ან სხვა სახის ავარიისას გათვალისწინებულია ხსენებული ბრძანებით. მოსარჩელემ, ვერც საქმის პირველი ინსტანციისა და ვერც სააპელაციო სასამართლოში განხილვისას ვერ მიუთითა უსაფრთხოების ნორმების რა მოთხოვნა დაირღვევა მოპასუხის კუთვნილი სადავო შენობების ექსპლოატაციით.

„მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესების და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №963 ბრძანებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესის მიზანია მაგისტრალური მილსადენებისა და მაგისტრალურ მილსადენებთან დაკავშირებული ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, ექსპლუატაციის უსაფრთხო პირობების შექმნა, სანიტარული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ამ წესების მიზანი მილსადენის შეუფერხებელ ფუნქციონირებასთან ერთად არის უბედური შემთხვევების აცილება, რაშიც იგულისხმება არა მარტო მილსადენის ან მასთან დაკავშირებული ობიქტებისათვის, არამედ მის მიმდებარედ არსებული სხვა პირთა საკუთრებისათვის ან ადამიანებისათვის უბედური შემთხვევების არიდება, რაც შეიძლება გაზსადენის ფუნქციონირებამ გამოიწვიოს. ასეთი საფრთხის შემცველი კონკრეტული გარემოების შესახებ მოსარჩელე (აპელანტი) არ მიუთითებს. ასეთ საფრთხეზე არ მიუთითებს მხოლოდ სადავო შენობების მილსადენის დაცვის ზონაში მშენებლობის ფაქტი, რადგან მილსადენის დაცვის მე-3 ზონაში მშენებლობა აკრძალული არ არის, იგი დასაშვებია მილსადენის მესაკუთრის ან ოპერატორის ტექნიკური პირობების შესაბამისად. სს „. ნ. და გ. კ-ას“ არ მიუთითებია და, შესაბამისად, არც მტკიცებულებებით დასტურდება, თუ რა ტექნიკური პირობა ირღვევა სადავო შენობების ექსპლოატაციით. დამტკიცებული პროექტის მიხედვით, სადავო შენობა მაღაზიაა, იგი სამრეწველო დანიშნულების ობიექტი არ არის და მასში რაიმე საშიში საწარმოო პროცესი არ მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №963 ბრძანებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მილსადენის ოპერატორი კომპანია დაცვის მე-3 ზონაში მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს უფლებამოსილია, წარადგინოს რეკომენდაცია ან ტექნიკური პირობა. დავის განხილვის ვერც ერთ ეტაპზე, მოსარჩელემ ვერ მიუთითა, რა ტექნიკური პირობა წაეყენება ისეთი სახის მშენებლობას, რაც განხორციელებულია ს. ჟ-ის მიერ. შესაბამისად, ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ევალება, დაასაბუთოს რა ტექნიკური პირობაა დარღვეული ს. ჟ-ის მიერ, რაც მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა.

სამეზობლო ურთიერთთმენის ვალდებულებას ადგენს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლი, რომლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობისა, ვალდებული არიან, პატივი სცენ ერთმანეთს. აღნიშნული ნორმა არ არის დეკლარაციული ხასიათის და გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ვალდებულებას, პატივი სცენ სხვისი საკუთრებისა თუ სხვა სამოქალაქო უფლებას და თავიანთი უფლებები გამოიყენონ ისე, რომ ამით ზიანი არ მიაყენონ სხვის უფლებას. კანონი უშვებს მეზობელი უძრავი ქონებიდან მომდინარე ზემოქმედების არსებობას კანონით დასაშვებ ფარგლებში (სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლი) და ამ ზემოქმედებათა თმენა სამეზობლო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც ეთანხმება მეზობლების ურთიერთპატივისცემის მოვალეობას. სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლი არეგულირებს დაუშვებელი ხელყოფასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ნაგებობების მშენებლობის წარმოებისათვის გათვალისწინებულ წესები, რომლითაც, სხვა აუცილებელ საკითხებთან ერთად, რეგულირდება ამ ნაგებობათა განთავსების წესები სამეზობლო საზღვარზე. მაგისტრალური გაზსადენის განსაკუთრებული სამეურნეო დანიშნულებისა და მომეტებული საფრთხის გამო მილსადენის მიმდებარე მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესების და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №963 ბრძანებულებით დადგენილი შეზღუდვები. დადგენილია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით დამტკიცებულია ამ არასაცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობის პროექტი, გაცემულია მათი მშენებლობის ნებართვა, რომლებიც გასაჩივრებული და გაუქმებული არ არის.

„მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესების და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №963 ბრძანებულების მე-2 მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დაცვის ზონა არის მაგისტრალური მილსადენის ცენტრალური ღერძიდან დაან მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტის პერიმეტრიდან გარკვეულ მანძილზე გავრცელებული განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია.

ბრძანებულებით დადგენილია მაგისტრალური გაზსადების დაცვის 4 ზონა, საიდანაც თითოეულისათვის დადგენილია რეგულირების სხვადასხვა პირობები. ს. ჟ-ის საკუთრებაში არსებული სადავო შენობა-ნაგებობები მდებარეობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მაგისტრალური გაზსადენის დაცვის მე-3 ზონაში. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №963 ბრძანებულების მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილია მე-3 და მე-4 ზონებში მოქმედი რეგულირების პირობები. მე-6 პუნქტის თანახმად, III და IV ზონაში ოპერატორის რეკომენდაციის და ან ტექნიკური პირობის გარეშე იკრძალება: ა) ადამიანთა მასობრივი თავშეყრა; ბ) მასობრივი თავშეყრისათვის განკუთვნილი ნაგებობების მშენებლობა; გ) მსხვილმუხტიანი აფეთქებები; დ) წიაღისეულის მოპოვება; ე) მდინარეების, არხების, წყალსაცავების, ტბების კალაპოტის შეცვლა ან ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობა. მე-7 პუნქტის თანახმად, III და IV ზონებში ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას იღებს ოპერატორი, რომელიც უფლებამოსილია, ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინოს რეკომენდაცია და ან ტექნიკური პირობები, მაგისტრალური მილსადენის პროექტირებისა და მშენებლობის შესაბამისი ნორმების და ამ წესის მოთხოვნების გათვალისწინებით. ამდენად, დგინდება, რომ ზემოაღნიშნული ნორმით გაზსადენის დაცვის მე-3 ზონაში მშენებლობა აკრძალული არ არის და მშენებლობა დასაშვებია ოპერატორის რეკომენდაციით და ან ტექნიკური პირობის წარდგენით.

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ ოპერატორის რეკომენდაციის ან და ტენიკური პირობის წარდგენის დაწესება არ ნიშნავს მილსადენის მესაკუთრის და ოპერატორი კომპანიის თანხმობას, ნებართვას დაცვის მე-3 ზონაში მშენებლობის დაწყებისათვის. პრეზიდენტის ბრძანებულების მე-6 მუხლის მე-2 და და მე-5 პუნქტებით მილსადენის დაცვის პირველ და მე-2 ზონებში ოპერატორის წერილობითი თანხმობის გარეშე იკრძალება ამავე ნორმებში მითითებული საქმიანობა, შესაბამისად, მაგისტრალური გაზსადენის დაცვის პირველ და მეორე ზონებში ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ოპერატორის წინასწარი წერილობითი თანხმობით, მისი ნებართვით. მე-3 და მე-4 ზონებთან დაკავშირებით ოპერატორის წინასწარი წერილობითი თანხმობა - ნებართვა გათვალისწინებული არ არის, რადგან დადგენილია ოპერატორის მიერ რეკომენდაციის ან ტექნიკური პირობის წარდგენა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ზონებში სამშენებლო საქმიანობა აკრძალული არ არის და მშენებლობას გაზსადენის ოპერატორი კომპანიის ნებართვა არ სჭირდება. მშენებლობა უნდა განხორციელდეს მილსადენის ოპერატორი კომპანიის ტექნიკური პირობის დაცვით.

შესაბამისად, დგინდება, რომ მხოლოდ სადავო შენობების მილსადენის დაცვის მე-3 ზონაში აშენების ფაქტი არ წარმოადგენს მილსადენისათვის საფრთხის შემცველს. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შენობების ექსპლოატაცია საფრთხეს არ შეუქმნის მილსადენს, ხოლო მოსარჩელემ ვერ მიუთითა ამ კონკრეტული შენობებისათვის რა ტექნიკური პირობები აქვს დაწესებული, შესაბამისად, ვერ დაასაბუთა რა ტექნიკური მოთხოვნები აქვს დარღვეული მოპასუხეს მათი მშენებლობით.

რაც შეეხება, აპელანტის მსჯელობას სადავო ნაგებობის მშენებლობის მშენებლობის ნებართვის ვადის ამოწურვის შემდგომ დასრულებასთან დაკავშირებით, პალატას მიაჩნია, რომ სადავო შენობების დემონტაჟის საფუძველი ვერ გახდება ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და შენობები ექსპლოატაციაში მიღებული არ არის. ისეთ პირობებში, როცა სადავო ნაგებობის ექსპლოატაცია არ უქმნის საფრთხეს მაგისტრალურ გაზსადენის ნორმალურ ფუნქციონირებას, სანებართვო მოწმობის ვადის გასვლის შემდეგ მისი მშენებლობის დასრულება მისი ექსპლოატაციის აკრძალვის საფუძველი ვერ გახდება, რადგან, სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლის მიხედვით, ნაგებობის ექსპლოატაციის აკრძალვის საფუძველი სწორედ მისგან მომდინარე საფრთხეა, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევა არ განეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხთა წრეს.

სადავო ნაგებობების დემონტაჟის საფუძველი ასევე ვერ გახდება ის გარემოება, რომ გაზსადენი მომეტებული საფრთხის წყაროა და რაიმე ავარიის შემთხვევაში დაეკისრება შენობებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც მართებულად იქნა აღნიშნული, ვინაიდან, გაზსადენი მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტია, შესაბამისი ნორმატიული აქტითაა დადგენილი მისი დაცვის წესები და დაცვის ზონების რეგულირების პირობები. ამ ნორმების მიზანი სწორედ გაზსადენიდან მომდინარე, ასევე მის წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების თავიდან აცილებაა და ამ მიზანს ემსახურება დაცვის ზონების განსაზღვრა და რეგულირების განსხვავებული პირობების დადგენა. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ გაზსადენი მომეტებული საფრთხის ობიექტია, მის მიმდებარედ მშენებლობის ან შენობის ექსპლოატაციის აკრძალვის საკმარისი საფუძველი არ არის. დაცვის მესამე ზონაში, სადაც სადავო შენობებია აშენებული, მშენებლობა დასაშვებია გარკვეული ტექნიკური პირობების დაცვით, რომელთა დარღვევა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად ასაჩივრებდა ასევე მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.12.2012 წლის დამატებითი გადაწყვეტილებას, რომლითაც სს „ს. ნ. და გ. კ-ას“ ს. ჟ-ის სასარგებლოდ ექსპერტიზის ხარჯების ასანაზღაურებლად დაეკისრა 250 ლარის გადახდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც, მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, საქმე დასრულდა ს. ჟ-ის სასარგებლოდ, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.12.2012წ. დამატებითი გადაწყვეტილებით სს „ს. ნ. და გ. კ-ას“ ს. ჟ-ის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა ექსპერტიზის ხარჯების ასანაზღაურებლად 250 ლარის გადახდა. დამატებითი გადაწყვეტილება კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურსამართლებრივ საფუძვლებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განჩინება, რომლითაც მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 დეკემბრისა და ამავე სასამართლოს 2012 წლის 12 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი სს „ს. ნ. და გ. კ-ამ“ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით: განჩინებაში სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას. აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა, ვინაიდან, როგორც პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, ასევე, გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორადაა განმარტებული 2009 წლის 24 მარტის №57 „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტი. კერძოდ, ხსენებულ პუნქტში მშენებლობის ნებართვის მიღება იყოფა 3 სტადიად და, შესაბამისად, მხოლოდ სამივე სტადიის წარმატებულად დასტურების შემდგომ მშენებლობის ნებართვა ითვლება მიღებულად. სასამართლომ მესამე სტადია (ნებართვის გაცემა) გააიგივა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 17 აგვისტოს №686 ბრძანებასთან, რომელშიც აღნიშნულია მხოლოდ მცხეთის მუნიციპალიტეტის დადებითი პოზიცია ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოება, თავის მხრივ, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მშენებლობის ნებართვად, რადგანაც, მშენებლობის ნებართვის გაცემა მოხდა მხოლოდ აღნიშნული ბრძანების, გამოცემის შემდგომ, კერძოდ, 2009 წლის 26 აგვისტოს (მშენებლობის სანებართვო მოწმობა №0384).

პალატამ, ასევე, უსაფუძვლოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №963 ბრძანებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ „III-IV ზონებში სამშენებლო საქმიანობა აკრძალული არ არის და მშენებლობას გაზსადენის ოპერატორი კომპანიის ნებართვა არ სჭირდება“, მაშინ, როდესაც ბრძანებულებით III-IV ზონებში ოპერატორის რეკომენდაციის და ან ტექნიკური პირობის გარეშე იკრძალება ბ) მასობრივი თავშეყრისათვის განკუთვნილი ნაგებობების მშენებლობა. შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მოქმედ ნორმებს არასწორად განმარტავს.

როგორც საქმეში არსებული გარემოებებიდან იკვეთება, მშენებლობის ნებართვის ვადა ამოიწურა 2010 წლის 26 აგვისტოს, ხოლო შენობა №2-ის მშენებლობა დასრულებულია 2010 წლის 26 აგვისტოს შემდეგ. 2010 წლის 26 აგვისტოს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხეს არ აუღია ახალი, (როგორც ამას მოითხოვს მთავრობის დადგენილების 57-ე მუხლის მე-4 პუნქტი) ნებართვა, თუმცა ს.ჟ-ი მშენებლობას მაინც აგრძელებდა. აღსანიშნავია, რომ, ამავე დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობად მიიჩნევა მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლი არასწორად გამოიყენა სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებითაც, კერძოდ, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001 წლის 5 თებერვლის №3/26 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე, სხვა ნორმატიული აქტების დამუშავება დამტკიცებამდე ძალაში დარჩა 1992 წლამდე მოქმედი სამშენებლო ნორმები და წესები, აგრეთვე, სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომლის მონაწილეც არის საქართველო. 1992 წელს მოქმედებდა სსრ-ს მინისტრთა საბჭოს 1979 წლის 12 აპრილის №341-ე დადგენილებით დამტკიცებული „მაგისტრალური მილსადენების დაცვის წესები“ (ს.ჟ-ის მიერ მიწის ნაკვეთის შეძენის და მშენებლობის დაწყების დროს ძალაში იყო), რომლის 23-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელი მასივების (დასახლებული პუნქტების), სამრეწველო და სასოფლო სამეურნეო საწარმოების, ცალკეული შენობების, ნაგებობების (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი) მშენებლობა შეიძლება, განხორციელდეს მილსადენის ღერძიდან ნაგებობამდე მინიმალური მანძილების მკაცრი დაცვის პირობებში, რომელიც გათვალისწინებულია მაგისტრალური გაზსადენების დაპროექტების წესებითა და სამშენებლო ნორმებით. „მაგისტრალური გაზსადენის სამშენებლო ნორმების და წესების“ 3.16 მუხლის თანახმად, 1200 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის ღერძიდან მინიმალური დასაშვები მანძილები საცხოვრებელ მასივამდე, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტებამდე, ცალკეულ შენობა-ნაგებობამდე გათვალისწინებული იყო 300 მეტრით (უპირობო შეზღუდვა).

სასამართლოს მოსაზრება, იმის შესახებ, რომ ს.ჟ-ის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული შენობები საფრთხეს არ უქმნიან მაგისტრალური გაზსადენის ნორმალურ ფუნქციონირებას და საფრთხის თავიდან ასაცილებლად დაცული უნდა იქნას საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის ბრძანება 1-1/525 (გაზის სისტემების უსაფრთხოების მოთხოვნები) მოკლებულია ყოველგვარ საფუძვლებს. ცალსახაა, რომ აღნიშნული ბრძანება არ ვრცელდება მაგისტრალურ მილსადენებზე, რაზეც მიუთითებს მოცემული ბრძანების მოქმედების სფერო. აღნიშნული საკითხი, ამჯამად, რეგულიდება „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსოფრმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №963 ბრძანებულებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. ნ. და გ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „ს. ნ. და გ. კ-ას“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 8 მაისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% - 210 ლარი (2013 წლის 8 მაისი, საგადასახადო დავალება #045) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს „ს. ნ. და გ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სს „ს. ნ. და გ. კ-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 8 მაისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ.თოდრია

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

ბ. ალავიძე