საქმე №ას-528-502-2013 15 ოქტომბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ქ-ე, დ. მ-ი, მ. ს-ე, შ. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ქ-ემ, დ. მ-მა, მ. ს-ემ და შ. მ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით დ. ქ-ის, დ. მ-ის, მ. ს-სა და შ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. ქ-ის, დ. მ-ის, მ. ს-სა და შ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
სააპელაციო საამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 მაისის განჩინებით ა(ა)იპ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
დასახელებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVIII თავი არ შეიცავს ამა თუ იმ ურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმას, უფლებამოსილია გამოიყენოს ურთიერთობის მარეგულირებელი ის ნორმა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ქვემდგომი ინსტანციის მიერ საქმის გახილვა-გადაწყვეტისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო სარჩელს (საკასაციო საჩივარს) დატოვებს განუხილველად ან შეწყვეტს საქმის წარმოებას იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვისას გაირკვა, რომ არ არსებობს მისი წარმოებაში მიღების ესა თუ ის პირობა. ამასთან, მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამრთლებრივი შედეგი _ საქმის წარმოების შეწყვეტა ან საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება გამომდინარეობს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის მიღებაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველია გასაჩივრების ვადის გაშვება, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. კანონის აღნიშნული დანაწესი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის შეტანის იმპერატიულ ვადას და ამ ვადის გამოთვლის წესს. აღნიშნული წესის ზედმიწევნით დაცვა მნიშვნელოვანია, რათა კასატორს არ შეელახოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება და სწორად განისაზღვროს საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დენის დაწყების მომენტი. ამასთან, ხსენებული ნორმით გათვალისწინებული ვადის იმპერატიულობა იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლოს არ ძალუძს მისი გადახედვა.
იმისათვის, რათა სწორად იქნეს განსაზღვრული გასაჩივრების ვადის დაწყებისა და დასრულების მომენტი, საკასაციო პალატა მოიხმობს საპროცესო კოდექსის 2591 მუხლს, რომელიც ადგენს გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამდენად, თუ სახეზე არ არის ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევა (სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გაგზავნის ვალდებულება), მხარეა ვალდებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. თუმცა, მხარის ამგვარი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია დაცული იყოს შემდეგი წინაპირობები: „გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი“, ან „გასაჩივრების უფლების მქონე პირისათვის კანონით დადგენილი წესით ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი“.
საქმის მასალებით დადგენილია რომ, საკასაციო საჩივრის ავტორის ინტერესებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში იცავდა თ. მ-ი. იგი ესწრებოდა როგორც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, ასევე 2013 წლის 11 მარტის სასამართლო სხდომას, რომელზეც გაირკვა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2013 წლის 18 მარტს.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ თ. მ-ს მარწმუნებლის მიერ არ ჰქონია მინიჭებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სპეციალური უფლებამოსილება, შესაბამისად იგი სარგებლობდა მხოლოდ ზოგადი უფლებამოსილებით, მარწმუნებლის სახელით შეესრულებინა ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. აქედან გამომდინარე სახეზე არ არის საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა _ „გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი“.
რაც შეეხება მეორე პირობის არსებობის შემოწმებას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თ. მ-ი სარგებლობდა წარმომადგენლის ზოგადი უფლებამოსილებით და იგი ესწრებოდა იმ სხდომას, რომელზეც წარმომადგენელს ეცნობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი. ისმის კითხვა: წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის ცოდნა ნიშნავს თუ არა მისი მარწმუნებლისათვის, ა(ა)იპ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღის ცოდნას. დასმულ კითხვაზე პასუხი დადებითად უნდა იქნეს გაცემული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მითითებული ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იმ შემთხვევაში, როცა მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენელთან მიმართებაში შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საპროცესო მოქმედების შედეგი ვრცელდება მხარეზე, ამასთან, კანონმდებელი წარმომადგენელს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, რაც მდგომარეობს უწყების ჩაბარების შესახებ მხარის ინფორმირებაში. თუმცა, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგები მხარეს შეერაცხება. საკასაციო პალატა საპროცესო კოდექსის 70.1 და 98.1 მუხლების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება არ მოითხოვს წარმომადგენლის სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვას და ზოგადი უფლებამოსილება საკმარისია იმისათვის, რათა წარმომადგენლისათვის სასამართლო უწყებით ცნობილი ფაქტი კანონის ძალით, იმავდროულად სასამართლომ ცნობილად ჩათვალოს მისი მარწმუნებლისათვის.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებული მეორე პირობა _ „გასაჩივრების უფლების მქონე პირისათვის კანონით დადგენილი წესით ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი“. აქედან გამომდინარე, კასატორს ეკისრებოდა ვალდებულება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. ასეთი ვალდებულების შესრულების ვადას წარმოადგენდა 2013 წლის 7 აპრილიდან 2013 წლის 17 აპრილამდე პერიოდი. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ კასატორმა დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მისთვის გადასაცემად. სასამართლოსათვის მიმართვის ფაქტი დასტურდება მხოლოდ 2013 წლის 25 აპრილს და 2013 წლის 2 მაისს. მითითებული გარემოებების შეფასების შედეგად, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა იმის შესახებ, რომ კანონის ძალით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს _ 2013 წლის 17 აპრილს და არა 2013 წლის 2 მაისს, როდესაც წარმომადგენელმა ჩაიბარა გადაწყვეტილების ასლი, ხოლო ამოიწურა 2013 წლის 7 მაისს (სამუშაო დღეს). საკასაციო საჩივარი მხარემ წარადგინა 2013 წლის 10 მაისს, რაც უდავოდ წარმოადგენს საპროცესო ვადის დარღვევას.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე, როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად. მითითებული ნორმის საფუძველზე, ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2013 წლის 10 მაისს გადახდილი 1126 ლარი..
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 284-ე, 2591, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (საიდენთიფიკაციო №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2013 წლის 10 მაისს №1281 საგადახდო დავალებით გადახდილი 1126 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
თ.თოდრია