Facebook Twitter
#as-660-619-2010

№ას-550-523-2013 3 ოქტომბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. კ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განმცხადებლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ უფლებამონაცვლეობის დადგენა, სააღსრულებო ფურცლის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

1. მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

2. გაუქმდა აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ. ი-ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

4. დ. კ-ს მ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10000 ლარის გადახდა მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.

დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 იანვრის განჩინებით.

2010 წლის 16 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, კრედიტორ მ. ი-ის წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

2012 წლის 12 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა გარდაცვლილი კრედიტორის, მ. ი-ის შვილმა ნ. კ-მა. განმცხადებელმა მოითხოვა კრედიტორის უფლებამონაცვლედ ცნობა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით ნ. კ-ის ზემომითითებული განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

ნ. კ-ი ცნობილ იქნა მ. ი-ის უფლებამონაცვლედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ½ ნაწილში და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ½ ნაწილზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა მ. ი-ის მემკვიდრის, ნ. კ-ის სახელზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ დავაში უფლებამონაცვლეობა დასაშვები იყო, რადგან საქმის მასალებით და საქმეში წარდგენილი სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე დადგინდა, რომ მოსარჩელე მ. ი-ი გარდაიცვალა 2011 წლის 27 ივლისს და მის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ მისი შვილები, პირველი რიგის მემკვიდრეები: განმცხადებელი ნ. კ-ი და მოწინააღმდეგე მხარე დ. კ-ი. აღნიშნულით ასევე დასტურდებოდა, რომ მათ მიიღეს მემკვიდრეობა კანონით დადგენილი წესით.

ნ. კ-მა განცხადებაში მიუთითა, რომ მას შეტანილი ჰქონდა სარჩელი სასამართლოში დ. კ-ის უღირს მემკვიდრედ ცნობაზე, რის გამოც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მხოლოდ იგი ყოფილიყო ცნობილი უფლებამონაცვლედ.

დასმულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელს არ წარუდგენია დ. კ-ის უღირს მემკვიდრედ ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც მოცემული უფლებამონაცვლეობის დადგენის საკითხის განხილვისას სასამართლოს მიერ შეფასდებოდა, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტი. უფრო მეტიც, განმცხადებელს არც იმის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგენია, რომ ასეთი მოთხოვნით სარჩელი იხილებოდა სასამართლოში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება ნაწილობრივ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, განმცხადებელი ნ. კ-ი ცნობილი უნდა ყოფილიყო მოსარჩელე მ. ი-ის უფლებამონაცვლედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ½ ნაწილში და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ½ ნაწილზე სააღსრულებო ფურცელი უნდა გაცემულიყო მ. ი-ის მემკვიდრის ნ. კ-ის სახელზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ი-ის უფლებამონაცვლე ნ. კ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი განცხადების სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:

სასამართლომ, ნ. კ-ი მ. ი-ის უფლებამონაცვლედ ცნო მხოლოდ ამ უკანასკნელის სახელზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების ½ ნაწილზე, რაც იმით დაასაბუთა, რომ დ. კ-ი ასევე წარმოადგენს მ. ი-ის მემკვიდრეს. ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ დ. კ-ს მ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10000 ლარის, უფრო ადრე კი – 27000 ლარის გადახდა. ამავდროულად, სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ დ. კ-ი აწარმოებდა სხვადასხვა სასამართლო დავას მ. ი-ის წინააღმდეგ. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეისათვის აღძრულია და განხილვის სტადიაზეა სარჩელი, რომლითაც ნ. კ-ი მოითხოვს დ. კ-ის უღირს მემკვიდრედ ცნობას მამკვიდრებლის – მ. ი-ის დანაშთ ქონებაზე, მის მიერ ჩადენილი ქმედებებიდან გამომდინარე. ამდენად, საქმეში მ. ი-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ უნდა იქნეს ნ. კ-ი, რომელსაც უნდა გადაეცეს უფლებები ყველა იმ ქონებასა და მოთხოვნებზე, რომლებიც მამკვიდრებელს გააჩნდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა შემდეგი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

1. მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

2. გაუქმდა აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ. ი-ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

4. დ. კ-ს მ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10000 ლარის გადახდა მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად;

ზემოხსენებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 იანვრის განჩინებით (ტომი 2, ს.ფ. 56-62, 32-35);

2010 წლის 16 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, კრედიტორ მ. ი-ის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე (ტომი 2, ს.ფ. 66-67);

2012 წლის 12 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა გარდაცვლილი კრედიტორის, მ. ი-ის შვილმა ნ. კ-მა. განმცხადებელმა მოითხოვა მისი ცნობა კრედიტორის უფლებამონაცვლედ და შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის გაცემა (ტომი 4, ს.ფ. 3-6);

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით ნ. კ-ის ზემომითითებული განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნ. კ-ი ცნობილ იქნა მ. ი-ის უფლებამონაცვლედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ½ ნაწილში და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ½ ნაწილზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა მ. ი-ის მემკვიდრის, ნ. კ-ის სახელზე (ტომი 4, ს.ფ. 82-85).

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ იგი უნდა ეცნო კრედიტორ მ. ი-ის უფლებამონაცვლედ, ვინაიდან მას შეტანილი აქვს სარჩელი კრედიტორის მეორე მემკვიდრის - დ. კ-ის უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ. ეს გარემოება სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომელიც აწესრიგებს უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის საკითხს, კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის 1-ელ ნაწილში, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცველობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დაუშვებელია, მაშინ დაუშვებელია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც.

განსახილველ შემთხვევაში, საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია, ვინაიდან უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალური სამართლის მიხედვით, კერძოდ, კრედიტორის უფლება ვალზე წარმოადგენს სამკვიდრო აქტივს, რომლის გადასვლა მემკვიდრეებზე ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით (სამოქალაქო კოდექსის 1306.1 და 1328.1 მუხლები). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ კრედიტორ მ. ი-ის სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით მიიღეს პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა შვილმა - ნ. კ-მა და შვილიშვილმა - დ. კ-მა. მითითებული პირები ითვლებიან თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად, თანახმად სამოქლაქო კოდექსის 1336-ე მუხლის 1-ელი ნაწილისა. მოთხოვნის მემკვიდრეობის საკითხი მარტივად წყდება იმ შემთხვევაში, როცა კრედიტორს (მამკვიდრებელს) ჰყავს მხოლოდ ერთი მემკვიდრე, ამ დროს ერთი კრედიტორის ადგილს იკავებს ისევ ერთი კრედიტორი. იმ შემთხვევაში კი, როცა გარდაცვლილ კრედიტორს რამდენიმე მემკვიდრე ჰყავს, მაშინ თითოეული მათგანი ხდება კრედიტორი და შესაბამისად, თითოეულზე გადადის ვალზე კრედიტორის უფლების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მის საკვიდრო წილს შეესაბამება (სამოქალქო კოდექსის 461-ე და 1336-ე მუხლები). მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მ. ი-ის სამკვიდრო თანასწორი უფლებით მიიღეს ნ. და დ. კ-მა, ამიტომ თითოეულ მათგანზე გადავიდა ვალზე კრედიტორის უფლების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მათ საკვიდრო წილს შეესაბამება. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის მოთხოვნის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მართებულად გასცა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორის მოთხოვნის მხოლოდ 1/2 ნაწილზე, ვინაიდან განმცხადებელი არ არის კრედიტორის ერთადერთი მემკვიდრე.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა დ. კ-ის უღირს მემკვიდრედ ცნობის თაობაზე სარჩელის აღძვრის ფაქტი და სააღსრულებო ფურცელი უნდა გაეცა კრედიტორის მთლიან მოთხოვნაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დ. კ-ი შეიძლება მიჩნეულ იქნეს უღირს მემკვიდრედ, შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით, მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება არ არსებობს, ხოლო ზემოხსენებული სარჩელის აღაძვრა სააღსრულებო ფურცლის გაცემის დაბრკოლებას არ ქმნის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე