Facebook Twitter
№ას-104-99-2013 11 თებერვალი, 2013 წელი

№ას-564-535-2013 7 ოქტომბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ზ. ხ-ე, ნ. ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ი. დ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ქორწინების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 24 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ზ. და ნ. ხ-მა მოპასუხე ი. დ-ის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ზ. ხ-სა და ი. დ-ეს შორის 2003 წლის 29 აგვისტოს ქუთაისის №1 სარეგისტრაციო განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინების (ჩანაწერი №0000799) ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციოსამსახური.

ამავე სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. და ნ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:

ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის №1 სარეგისტრაციო განყოფილების მიერ ზ. ხ-სა და ი. დ-ეს შორის 2003 წლის 29 აგვისტოს №0000799 ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება, მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. დ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ი. დ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:

ზ. და ნ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის №1 სარეგისტრაციო განყოფილების მიერ ზ. ხ-სა და ი. დ-ეს შორის 2003 წლის 29 აგვისტოს №0000799 ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება, გადაწყვეტილების მიღებიდან (კანონიერ ძალაში შესვლიდან).

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ზ. და ნ. ხ-ი (მოსარჩელეები) არიან ზ. ხ-სა და მ. მ-ის შვილები.

ზ. ხ-ე და მ. მ-ე დაქორწინდნენ 1986 წლის 5 ივნისს. მათი ქორწინება რეგისტრირებულ იქნა ქუთაისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებაში, №805 სააქტო ჩანაწერით.

ზ. ხ-ე და ი. დ-ე დაქორწინდნენ 2003 წლის 29 აგვისტოს. მათი ქორწინება ქუთაისის №1 სარეგისტრაციო განყოფილების მიერ დარეგისტრირდა №0000799 ჩანაწერით.

ზ. ხ-ის საკუთრებად რეგისტრირებულია ქ.ქუთაისში, მ-ის ქ.№9-ის №41 ბინაში მდებარე უძრავი ქონება.

ზ. ხ-ე გარდაიცვალა 2011 წლის 9 ოქტომბერს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო

რეესტრის სამსახურის 2013 წლის 14 იანვრის მომართვითა და მასზე დართული ქორწინების სააქტო ჩანაწერებით დადგინდა, რომ 2003 წლის 29 აგვისტოს, როდესაც ზ. ხ-ემ იქორწინა ი. დ-ან, იმავდროულად ის 1986 წლის 5 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იყმყოფებოდა მ. მ-ან და მათი ქორწინება შეწყვეტილი არ იყო.

ამდენად, უდავოდ დადგინდა, რომ ზ. ხ-ე ერთდროულად იმყოფებოდა ორ ქორწინებაში: 1986 წლის 5 ივნისის №805 სააქტო ჩაანაწერით მ. მ-ან და 2003 წლის 29 აგვისტოს №0000799 სააქტო ჩანაწერით ი. დ-ან.

სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის მიხედვით, ქორწინება წყდება: ა. ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებით; ბ. კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადებით; გ. განქორწინებით. როგორც დადგინდა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში 2003 წლის 29 აგვისტოს ზ. ხ-სა და ი. დ-ის №0000799 სააქტო ჩანაწერით ქორწინების რეგისტრაციას წინ უსწრებდა 1986 წლის 5 ივნისს №805 სააქტო ჩანაწერით ზ. ხ-სა და მ. მ-ის რეგისტრირებული ქორწინება, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის არც ერთი საფუძვლით არ იყო შეწყვეტილი. იგი შეწყდა ზ. ხ-ის გარდაცვალებით, 2011 წლის 9 ოქტომბერს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება: ა. იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან; ბ. პირდაპირ აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის; გ. ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის; დ. მშვილებელსა და ნაშვილებს შორის; ე. იმ პირებს შორის,რომელთაგან თუნდაც ერთი სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ. აღნიშნული მუხლის კომენტატორი განმარტავს, რომ კანონი ზუსტად განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობაც ქორწინებისათვის ხელისშემშლელად ითვლება და ქორწინება არ დაიშვება... არ შეიძლება ქორწინების რეგისტრაციაში გატარდეს ის პირი, რომელიც უკვე იმყოფება სხვა ქორწინებაში. ახალი ქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ადრინდელ მეუღლესთან განქორწინების შემდეგ...კანონით ერთ-ერთი ან თუ ორივე მეუღლე სხვა ქორწინებაში იმყოფება და მაინც მოხდა ქორწინების რეგისტრაცია, ასეთი ქორწინება აუცილებლად უნდა გაბათილდეს... (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მე-5, ლ. ჭანტურია გვ. 49-50).

მოცემულ შემთხვევაში, 2003 წლის 29 აგვისტოს ზ. ხ-სა და ი. დ-ის №0000799 სააქტო ჩანაწერით ქორწინების რეგისტრაცისას არსებობდა მათი ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება (დაქორწინება არ დაიშვება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ქორწინება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ დარღვეულია 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით დაწესებული პირობები და, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქციური ქორწინება).

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რამდენადაც ზ. ხ-სა და ი. დ-ის ქორწინება განხორციელდა სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლით დაწესებული პირობების დარღვევით, ქორწინების სააქტო ჩანაწერი ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო იყო საკითხი იმის შესახებ, იცოდა თუ არა ი. დ-ემ დაქორწინებისას (2003 წლის 29 აგვისტოს) ის ფაქტი, რომ მისი მეუღლე ზ. ხ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ. მ-ან და რომ აღნიშნული წარმოადგენდა მათი ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებას.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ ი. დ-ემ იცოდა 2003 წლის 29 აგვისტოს ზ. ხ-ის სხვა მეუღლესთან რეგისტრირებული ქორწინების (ანუ ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების) შესახებ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოწმე მ. მ-ის ჩვენებაზე დაყრდნობით. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე და განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მ. მ-ის ჩვენება არ წარმოადგენდა სანდო სამართლებრივი ღირებულების მქონე საკმარის მტკიცებულებას, რაც შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა სარჩელის დაკმაყოფილებას. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოწმე მ. მ-ის ჩვენების საფუძველზე მოსარჩელის მიერ დამტკიცებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ი. დ-ემ იცოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების შესახებ, რის გამოც ქუთაისის №1 სარეგისტრაციო განყოფილების მიერ ზ. ხ-სა და ი. დ-ეს შორის №0000799 ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება ბათილად ცნო მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოთ დასახლებული მტკიცებულება – მოწმის სახით დაკითხული მ. მ-ის ჩვენება მართალია აკმაყოფილებდა დასაშვებობის მოთხოვნას, თუმცა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებდა ი. დ-სა და ზ. ხ-ეს შორის რეგისტრირებული ქორიწინების ბათილად ცნობის საფუძველს იმ სახით, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია დადგენილად.

შესაბამისად, დაუსაბუთებელი იყო სასამართლოს შინაგანი რწმენა და იგი არ

გამომდინარეობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული მტკიცებულებათა შეფასებიდან.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოწმის ჩვენების გამოკვლევისა და შეფასებისთვის ასევე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას საქმეში მონაწილე პირებთან. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მ. მ-ე (რომელიც მოსარჩელეთა დედა და აწ გარდაცვლილი ზ. ხ-ის მეუღლეა), მოცემულ დავაში წარმოადგენდა შედეგით დაინტერსებულ პირს და მისი, როგორც მოწმის ჩვენება სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა, რადგან იგი არ იყო დამაჯერებელი და სარწმუნო.

სამოქალაქო კოდექსის 1141-ე მუხლის თანახმად, თუ მეუღლეებმა დაქორწინებისას არ იცოდნენ ქორწინების დამაბრკოლებელი იმ გარემოების შესახებ, რომელიც მათი ქორწინების ბათილობის საფუძველია, ქორწინება წყდება სასამართლოში ამ გარემოების დადგენის მომენტიდან, მაგრამ ამ დრომდე ქორწინება წარმოშობს ყველა იმ სამართლებრივ შედეგს, რასაც ნამდვილი ქორწინება. დასახელებული მუხლის კომენტარში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მე-5, ლ.ჭანტურია, გვ. 84-85) აღნიშნულია, რომ პრაქტიკაში გვხვდება შემთხვევები, როცა მეუღლეებმა არაფერი იცოდნენ იმ გარემოების შესახებ, რომლებიც კრძალავენ ქორწინების შესაძლებლობას. მოცემულ დავაში სწორედ ასეთ გარემოებას ჰქონდა ადგილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ი. დ-ემ 2003 წლის 29 აგვისტოს ზ. ხ-ან დაქორწინების დროს არ იცოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ, კერძოდ იმის თაობაზე, რომ მისი მეუღლე ზ. ხ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ.მ-ან. აღნიშნული გარემოება, წარმოადგენდა ი. დ-სა და ზ. ხ-ეს შორის ქორწინების არა რეგისტრაციის მომენტიდან (როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა), არამედ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან) ბათილობის საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზემოხსენებული ფაქტის (რომ ი. დ-ემ არ იცოდა 2003 წლის 29 აგვისტოს მასა და ზ. ხ-ეს შორის ქორწინების რეგისტრაციის ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების შესახებ) დადგენას შემდეგი მნიშვნელობა ჰქონდა: ქორწინების ბათილად ცნობა ნიშნავდა, რომ მას თავიდანვე არ წარმოუშვია ის იურიდიული შედეგი, რაც მოსდევს ნამდვილ ქორწინებას, ხოლო იმ გარემოების დადგენას ერთ- ერთმა მეუღლემ იცოდა თუ არა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ასეთ შემთხვევაში ქორწინება წყდებოდა სასამართლოში ამ გარემოების დადგენის მომენტიდან. ამ დრომდე გასული პერიოდისათვის ქორწინება წარმოშობდა ყველა იმ სამართლებრივ შედეგს, რაც ნამდვილი ქორწინებისთვისაა დამახასიათებელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ი. დ-ის სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანი იყო და დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, უნდა გაუქმებულიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. და ნ. ხ-მა. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ბათილად იქნება ცნობილი ი. დ-სა და ზ. ხ-ეს შორის 2003 წლის 29 აგვისტოს №0000799 ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება, მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

საკასაციო საჩივრის თანახმად, მოწმე მ. მ-ის ჩვენების შეფასებისას სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 140-ე, 141-ე მუხლების მოთხოვნები. გარდა ამისა, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მოტხოვნა, გამოიყენა ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებზეც მხარეს არ მიუთითებია პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვის დროს. ი. დ-ემ თავის შესაგებელში მიუთითა, რომ ზ. ხ-ან ფაქტიური ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ქორწინების რეგისტრაცია იმიტომ მოხდა, რომ როგორც ზ. ხ-ან იცოდა, ფაქტობრივად წლების წინ მომხდარი განქორწინება იურიდიულად იყო გასაფორმებელი. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოში ი. დ-ე აღიარებდა, რომ მისთვის ცნობილი იყო ზ. ხ-ის ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი და ისიც, რომ ხსენებული გარემოება მას ხელს უშლიდა ქორწინების რეგისტრაციაში. მოპასუხის ასეთი აღიარების პირობებში, უკვე ი. დ-ის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მან არ იცოდა მანამდე რეგისტრირებული ქორწინების შესახებ.

კასატორთა მოსაზრებით, მ. მ-ე არ შეიძლება ჩაითვალოს საქმის შედეგით დაინტერესებულ პირად. უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა მისი ჩვენების არასარწმუნოობის თაობაზე. სასამართლოს არ გაურკვევია, თუ რატომ მიუთითა ი. დ-ემ ახალ ფაქტებზე სააპელაციო სასამართლოში და არც იმაზე უმსჯელია, როგორ უარყო მან მის მიერვე აღიარებული ფაქტები და გარემოებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. და ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ. და ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზ. ხ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. და ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს – ზ. ხ-სა და ნ. ხ-ეს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ზ. ხ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 10 ივნისი (გატარებულია ბანკის მიერ 2013 წლის 9 ივნისს), საგადახდო დავალება №35)) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე