№ას-670-637-2013 18 ოქტომბერი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - რ. შ-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ გაუქმება, სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. შ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. შ-ის მიმართ მემკვიდრედ ცნობის, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ გაუქმებისა და სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით რ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და რ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გ. შ-ის სახელზე 1999 წლის 28 ოქტომბერს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა 1/2 ნაწილში, რ. შ-ე ცნობილ იქნა ქ.თბილისში, წ-ის ქ.№14-ში მდებარე №103 ბინის 1/2-ის მესაკუთრედ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილების შეტანა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინებით გ. შ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2013 წლის 11 მარტს გ.შ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის განჩინებით წარდგენილი განცხადება დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-2 და მე–3 ნაწილების თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ამდენად, კანონი საქმის წარმოების განახლებას უკავშირებს ისეთ გარემოებებს და მტკიცებულებებს, რომლებიც, მართალია, არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო განმცხადებლისათვის და მას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა მათზე; შესაბამისად, ასეთ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული მხარის მიერ განცხადებაში დასახელებული გარემოებები, ასევე მხარის მითითება საქმეში არსებული დოკუმენტების სიყალბეზე და მოსამართლის დანაშაულებრივ მოქმედებაზე, რადგან აღნიშნულ გარემოებათა დადასტურება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, შესაძლებელია, კონკრეტულად ამ ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
პალატამ მიუთითა, რომ ახალი გარემოება ან მტკიცებულება, მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქმის წარმოების განახლების საფუძველი, თუ იგი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და მხარემ არ იცოდა მის თაობაზე, ამასთან, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის არსებითად განხილვისა და გადაწყვეტის დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. საქმის მასალებით დადგენილია და განმცხადებელიც ადასტურებს, რომ მის მიერ მითითებული მტკიცებულებები მოპოვებულია საქმის მასალებიდან, ადვოკატის მიერ საქმის გაცნობის დროს; შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები არსებობდა საქმეში და თუ მხარე მიიჩნევდა, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, მას გააჩნდა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული შესაძლებლობა აესახა აღნიშნული მოსაზრება საკასაციო საჩივარში.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.შ-ემ შემდეგი დასაბუთებით: საქმის განხილვის დროს ადგილი ჰქონდა განმხილველი მოსამართლის დანაშაულებრივ ქმედებას. ამავე დროს, დანაშაულებრივად მოქმედებდა ადვოკატი, რომელმაც საკასაციო საჩივარში სრულად არ ასახა საქმის გარემოებები. აღნიშნულის შესახებ კი, კერძო საჩივრის ავტორისათვის ცნობილი გახდა 2013 წლის 26 თებერვალს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გ.შ-ე თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 11 მარტს წარდგენილ განცხადებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა, რაც გასაჩივრებული განჩინებით დარჩა განუხილველი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას საქმის განხილვის დროს მოსამართლისა და ადვოკატის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, ასევე, იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო ყალბი მტკიცებულება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება საქმის განხილვისას საბუთის სიყალბის, მოსამართლისა და წარმომადგენლის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ უნდა დასტურდებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ დგინდება.
საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი და მიუთითებს შემდეგზე: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა ყოველგვარი საფუძვლით, რომელზეც მხარე მიუთითებს, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის პირობებში. ამ ნორმით კანონი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნია საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმებისას, ამასთანავე, კანონის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები არსებობდეს საქმის განხილვის დროს (გადაწყვეტილების გამოტანამდე) და არა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; ამ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი უნდა გახდეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას თავისი ბრალის გარეშე არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიუთითოს ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ საქმის მასალებით დადგენილია და განმცხადებელიც ადასტურებს, რომ მის მიერ მითითებული მტკიცებულებები მოპოვებულია საქმის მასალებიდან, ადვოკატის მიერ საქმის გაცნობის დროს; შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები არსებობდა საქმეში და თუ მხარე მიიჩნევდა, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, მას გააჩნდა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული შესაძლებლობა აესახა აღნიშნული მოსაზრება საკასაციო საჩივარში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. შ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 7 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ. ალავიძე