Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-710-673-2013 1 ოქტომბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ს-ე, ა. ნ-ე, ა. დ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. კ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს – ლ. ს-ეს, ა. ნ-სა და ა. დ-ეს დაეკისრათ თვითნებურად გადატანილი კარის საწყის მდგომარეობაში აღდგენა და აღეკვეთათ მოსარჩელისათვის თანასაკუთრებაში არსებული საშხაპით, ტუალეტითა და მათთან მისასვლელი ფართით სარგებლობის ხელშეშლა.

2011 წლის 21 დეკემბერს ლ. ს-ემ, ა. ნ-ემ და ა. დ-ემ განცხადებით მიმართეს სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 დეკემბრის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. ს-ემ, ა. ნ-ემ და ა. დ-ემ შეიტანეს კერძო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

2012 წლის 5 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ლ. ს-ემ, ა. ნ-ემ და ა. დ-ემ, რომელთაც მოითხოვეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის განჩინებით აღნიშნული განცხადება დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლოს განმარტებით, განმცხადებლები ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებენ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის 2012 წლის 30 აგვისტოს დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც სადავო ორდერის ქართულენოვანი თარგმანის გრაფაში „დამატებითი კეთილმოწყობის პირობების“ გასწვრივ არსებული სიტყვა /საერთო/ არის არასწორად ჩაწერილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულება არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რადგან ჯერ კიდევ 2011 წლის 21 დეკემბრის განცხადებაში ლ. ს-ემ, ა. ნ-ემ და ა. დ-ემ სასამართლოში წარადგინეს ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც მთარგმნელ მ. ქ-ის მიერ ნათარგმნი თავდაპირველი ორდერის ფორმა და შინაარსი, კერძოდ, სიტყვა /საერთო/ იყო ჩამატებული. სწორედ აღნიშნულ საექსპერტო დასკვნაზეა მითითებული ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის 2012 წლის 30 აგვისტოს დადგენილებაში.

ამრიგად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სადავო ორდერის არასწორ თარგმანზე განმცხადებლებმა ჯერ კიდევ 2011 წლის 21 დეკემბერს მიუთითეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. ს-ის, ა. ნ-სა და ა. დ-ის განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. ს-ემ, ა. ნ-ემ და ა. დ-ემ შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, მათი განცხადების არგუმენტაციას წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ორდერის დანართ №000323 ქართულ თარგმანში არსებული ჩანაწერი „საერთო“, რომელსაც, თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლო ეყრდნობოდა გადაწყვეტილების გამოტანისას, რეალურად იყო ჩამატებული. აღნიშნული გარემოება დასტურდება ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის 2012 წლის 30 აგვისტოს დადგენილებით.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საქმის წარმოების განახლება და მიუთითა, რომ ხსენებულ საკითხზე მხარეს აქამდეც ჰქონდა წარდგენილი სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო პროკურატურის დადგენილება მხოლოდ იმავე ფაქტს იმეორებდა. მითითებული მსჯელობა არასწორია, რადგან პროკურატურის აღნიშნული დადგენილებით დადასტურებულ., რომ ნოტარიულად დამოწმებულ ორდერის დანართის ქართულენოვან თარგმანში სიტყვა „საერთო“ თვითნებურად იყო ჩამატებული, განსხვავებით ექსპერტიზის დასკვნისაგან, რომლიც ორდერის დანართის ასლის რუსულენოვან ბლანკს ჩაუტარდა. შესაბამისად, მოსამართლემ მცდარად ამოიკითხა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მთარგმნელ მ. ქ-ის მიერ ნათარგმნი თავდაპირველი ორდერის ფორმა და შინაარსი, კერძოდ, სიტყვა „საერთო“ იყო ჩამატებული. ასეთი შინაარსის ფაქტი ახალი მტკიცებულებით არსად არ იკითხება. მეტიც, ექსპერტიზის დასკვნას ფაქტის უტყუარად დადგენის პრეზუმფცია არ გააჩნია, სანამ ოფიციალური ორგანოს მიერ არ იქნება აღიარებული და დადასტურებული. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოება დადგინდა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე და ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ამ დადგენილების გამოცემის მომენტიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ის, ა. ნ-სა და ა. დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ ლ. ს-ის, ა. ნ-სა და ა. დ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველად.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ვ. კ-ის სახელზე გაცემული ორდერი გაყალბებულია, ორდერის დანართის თარგმანში, „დამატებითი კეთილმოწყობის პირობების“ გასწვრივ თვითნებურად ჩამატებულია სიტყვა „საერთო“, რაც გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების საფუძველი. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მხარემ წარადგინა 2012 წლის 30 აგვისტოს ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის №006200812002 დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ლ. ს-ემ, ა. ნ-ემ და ა. დ-ემ აქამდეც მიმართეს სასამართლოს განცხადებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო იმავე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, რა დროსაც განმცხადებლები ახლად აღმოჩენილ გარემოებად მაშინაც სადავო ორდერის გაყალბების ფაქტზე უთითებდნენ, თუმცა განსახილველი შემთხვევისაგან განსხვავებით, აღნიშნულის დასადასტურებლად მხარეს მოხმობილი ჰქონდა ექსპერტიზის დასკვნა.

საკასაციო სასამართლო სავსებით ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განმცხადებელთა მიერ ამჟამად წარმოდგენილი მტკიცებულება არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რადგან ჯერ კიდევ 2011 წლის 21 დეკემბრის განცხადებაში ლ. ს-ემ, ა. ნ-ემ და ა. დ-ემ სასამართლოში წარადგინეს ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც მთარგმნელ მ. ქ-ის მიერ ნათარგმნ თავდაპირველ ორდერში სიტყვა „საერთო“ იყო ჩამატებული. სწორედ აღნიშნულ საექსპერტო დასკვნაზეა მითითებული ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის 2012 წლის 30 აგვისტოს დადგენილებაში.

შესაბამისად, განსახილველი განცხადება ეხება ისეთ საკითხს, რომლის შესახებაც მხარემ სასამართლოს ადრე უკვე მიმართა და აღნიშნულს სათანადო რეაგირება მოჰყვა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება დარჩა განუხილველად მისი წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის გამო.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსობრივად ერთი და იმავე შინაარსისა და მოთხოვნის მქონე განცხადებით სასამართლოსათვის ორჯერ მიმართვა დაუშვებელია.

ასეც რომ არ იყოს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განცხადებაში დასახელებული მტკიცებულება – ქ.თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის 2012 წლის 30 აგვისტოს №006200812002 დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ საქმის წარმოების განახლების საფუძველი მაინც ვერ გახდებოდა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დოკუმენტის სიყალბე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ მაშინ, თუ სიყალბის ფაქტი დადასტურდება სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.

მოცემულ შემთხვევაში ასეთი სახის საპროცესო დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის, რაც მხარის მოთხოვნაზე უარის თქმის წინაპირობაა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ს-ის, ა. ნ-სა და ა. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე