საქმე №ას-711-674-2013 1 ოქტომბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ლ. ს-ე, ა. ნ-ე, ა. დ-ე (განმცხადებლები)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 27 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ლ. ს-ემ, ა. ნ-ემ და ა. დ-ემ და მოითხოვეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №2ბ/2728-10) გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განჩინებით ლ. ს-ის, ა. ნ-სა და ა. დ-ის განცხადება დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლომ შეამოწმა განცხადების დასაშვებობის საკითხი და მიუთითა, რომ განცხადებას ერთვის ძველი თბილისის რაიონის გამგებლის მოადგილის ბესარიონ ჯიმშელაძის 2013 წლის 12 თებერვლის წერილი ა. ნ-ის მიმართ.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, არც საქმის მასალებით და არც განცხადების შინაარსიდან არ ირკვევა, რომ განცხადების ავტორებს – ლ. ს-ეს, ა. ნ-ეს და ა. დ-ეს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, დროულად მიემართათ ძველი თბილისის რაიონის გამგეობისადმი და წარედგინათ აღნიშნული მტკიცებულება საქმის განხილვის დროს. ამრიგად, ხსენებული მტკიცებულება განმცხადებლების ბრალეული მოქმედებით, დაგვიანებით იქნა წარდგენილი სასამართლოში (სხვა საკითხია, საერთოდ მოახდენდა თუ არა წარდგენილი მტკიცებულება რაიმე ზეგავლენას სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგზე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. ს-ის, ა. ნ-სა და ა. დ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. ს-ემ, ა. ნ-ემ და ა. დ-ემ შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ დაუსაბუთებლად არ მიიღო წარმოებაში წარმოდგენილი განცხადება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი არ განსაზღვრავს მტკიცებულების არსებობის სავალდებულო პერიოდს, არამედ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ცვლის აღნიშნული მტკიცებულება საქმეში უკვე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, რაც, თავის მხრივ, გადაწყვეტილების შეცვლის ტოლფასია. განცხადებასთან ერთად წარდგენილი გამგეობის გადაწყვეტილება ცხადად მიუთითებს, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნიათ არანაირი უფლება სადავო ფართზე. აღნიშნული გარემოება კი უნდა გამხდარიყო სასამართლოსათვის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ის, ა. ნ-სა და ა. დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ ლ. ს-ის, ა. ნ-სა და ა. დ-ის 2013 წლის 27 თებერვლის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით, რომლის თანახმად სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LII თავით გათვალისწინებული წარმოებისას, სასამართლო განცხადების წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტისას თავისი ინიციატივით ამოწმებს განცხადების დასაშვებობის პროცესუალური საფუძვლების ნამდვილობას, კერძოდ, სასამართლო აფასებს განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები შეესაბამება თუ არა LII თავით გათვალისწინებულ წინაპირობებს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, იგი განცხადებას დაუშვებლად ცნობს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა განცხადება ეფუძნებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მესამე ნაწილს, რომელთა მიხედვითაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების განახლებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: ფაქტი, რომელსაც მხარე მიიჩნევს ახალ გარემოებად, უნდა არსებობდეს გადაწყვეტილების გამოტანამდე; მისთვის ცნობილი არ უნდა იყოს ამ ფაქტის თაობაზე; მხარემ უნდა დაადასტუროს, რომ თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
როგორც ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2013 წლის 12 თებერვლის წერილის შინაარსიდან დგინდება, დაინტერესებულმა პირმა გამგეობას შეკითხვით მიმართა 2013 წლის იანვრის თვეში, ანუ მას შემდეგ რაც №2ბ/2728-10 საქმის განხილვა ვ. კ-ის სარჩელის გამო ლ. ს-ის, ა. ნ-სა და, ა. დ-ის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და მოპასუხეთათვის ქმედების დავალდებულების თაობაზე დასრულებული იყო. განმცხადებლებს არც 27 თებერვლის განცხადებაში და არც კერძო საჩივარში არ მიუთითებიათ იმ გარემოებათა შესახებ, რამაც შეუძლებელი გახადა ახალი მტკიცებულების მოგვიანებით მოპოვება, ამასთან, რაც ყველაზე მათავარია ძველი თბილისის გამგეობის წერილი არ არსებობდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად მიიჩნია, რომ 2013 წლის 27 თებერვლის განცხადება არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის მოთხოვნებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ს-ის, ა. ნ-სა და ა. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე