Facebook Twitter
№ას-104-99-2013 11 თებერვალი, 2013 წელი

№ას-712-675-2013 7 ოქტომბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 10 სექტემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ. მ-მა მოპასუხე შპს „რ-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა შპს „რ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2012 წლის 18 ივლისის №18/07/12 სხდომის ოქმის ბთილად ცნობა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:

ბათილად იქნა ცნობილი შპს „რ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2012 წლის 18 ივლისის №18/07/12 სხდომის ოქმი;

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 120 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „რ-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით შპს „რ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ზ. მ-ს შპს „რ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები;

შპს „რ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს 2012 წლის 18 ივლისის კრების ოქმით დამტკიცდა კომპანიის 2012 წლის ფინანსურ გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წარდგენილი სახით და კომპანიის ხელმძღვანელს დაევალა მისი შესრულების მონიტორინგი. კრებაზე ასევე განიხილეს შპს „რ-ის“ წესდებაში ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით პარტნიორთა კრების მოწვევის საკითხი.

შპს „რ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს 2012 წლის 18 ივლისის სხდომას ესწრებოდნენ: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მ. მ-ი, საბჭოს წევრი თ. მ-ი, ასევე, აღმასრულებელი კომიტეტის წევრები.

შპს „რ-ის” წესდების 6.1 მუხლის შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 3 წევრით. წესდების 6.7 მუხლით, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც. მოწვევა უნდა გაკეთდეს წერილობით, სულ ცოტა ხუთი დღით ადრე და სავარაუდო დღის წესრიგით.

წესდების 6.8 და 6.9 მუხლების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება სხდომაზე გამოცხადებული ან წარმოდგენილი წევრების ხმების უმრავლესობით.

ზ. მ-ი წარმოდგენს შპს „რ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრს და ამავდროულად საწარმოს 39% წილის მფლობელ პარტნიორს.

მოსარჩელე ზ. მ-ი ინფორმირებული იყო შპს „რ-ის” 2012 წლის 18 ივლისის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის თაობაზე. 2012 წლის 18 ივლისის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დასრულდა საკითხის განხილვა, რომელიც აქტიურად იხილებოდა თავად მოსარჩელის მონაწილეობით და ზ. მ-ს საკმარისი დრო და შესაძლებლობა გააჩნდა სადავო საკითხზე მისი მოსაზრებების და წინადადებების წარსადგენად.

შპს „რ-ის” სამეთვალყურეო საბჭომ 2012 წლის 18 ივლისს გადაწყვეტილება მიიღო სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითზე. მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლოს განხილვის საგანს ასევე არ წარმოადგენდა, თუ რამდენად საზიანო, ან პირიქით, კომპანიისათვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული სამეთვალყურეო საბჭოს 2012 წლის 18 ივლისის სხდომაზე. სარჩელი აღძრული იყო სამეთვალყურეო საბჭოს 2012 წლის 18 ივლისის კრებაზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის – ზ. მ-ის მიწვევის პროცედურის დარღვევის საფუძვლით სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა იმ გარემოებას, რომ იგი შპს „რ-ის” 2012 წლის 18 ივლისის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე მიწვეული არ იყო წესდებით გათვალისწინებული წესების დაცვით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის დასადგენად შეფასება უნდა მისცემოდა თავად მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილ ელექტრონულ მიმოწერას შპს „რ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მ. მ-ან, საბჭოს წევრთან – თ. მ-ან და დირექტორთან, წარმოების დარგში – ბ. მ-ან. ელექტრონული წერილების გამგზავნი თუ ადრესატი (მიმღები) პირების, ასევე მიმოწერის ფაქტი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის მე-11 მუხლის საფუძველზე მათ გააჩნდათ მტკიცებულებითი ძალა.

ჯერ კიდევ 2012 წლის 27 ივნისს (5:57) თ. მ-მა (სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, საზოგადოების გენერალური დირექტორი), ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმართა მ. მ-სა და ზ. მ-ს შემდეგი წინადადებით: „გთავაზობთ სამშაბათს, 3 ივლისს 1 საათზე შევიკრიბოთ და განვიხილოთ ბიუჯეტში ცვლილებები. ხოლო 6 თვის ანგარიში კი განვიხილოთ 9 ივლისს, შესაბამისი ფაილები გადმოგზავნილი იქნება მანამდე. მისაღები თუ არის, იქნებ დამიდასტუროთ“. ამის შემდგომ, ზ. მ-მა 2 ივლისს გაგზავნილი ელექტრონული წერილით მიმართა თ. მ-სა და მ. მ-ს (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე): „თ., მ-ა, იქნებ 9–ში განვიხილოთ ბიუჯეტიც და 6 თვეც“. 3 და 5 ივლისს განხორცილებული მიმოწერებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ 9 ივლისი, 12 საათი მისაღები დრო იყო.

2012 წლის 9 ივლისს (10:06 AM) ზ. მ-მა ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმართა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მ. მ-ს და საბჭოს წევრს – თ. მ-ს. ზ. მ-მა განმარტა, რომ მას მიღებული არ ჰქონდა ბიუჯეტის ცვლილებები და დაინტერესდა, აპირებდნენ თუ არა აღნიშნული საკითხის განხილვას. აღნიშნული წერილის პასუხად, 2012 წლის 9 ივლისს (10:12 AM), ზ. მ-ს ელექტრონულ ფოსტაზე გადაეგზავნა ბიუჯეტის საბოლოოო ვერსია, ამასთან განემარტა, რომ ამ საკითხს განიხილავდნენ ანგარიშთან ერთად იმ დღეს, 12 საათზე.

2012 წლის 9 ივლისს (11:15:17 CMT +04:00), ზ. მ-ის ელექტრონული წერილით დგინდებოდა, რომ მან მიიღო გადაგზავნილი დოკუმენტები. ზ. მ-მა განმარტა, რომ დრო სჭირდებოდა, რათა გარკვეულიყო, თუ რა ცვლილებების განხორცილება იგეგმებოდა, რის შემდეგადაც იგი შეძლებდა საგნობრივ საუბარს. რაც შეეხებოდა ანგარიშს, ზ. მ-მა მიუთითა, რომ უმჯობესი იქნებოდა ამ საკითხების განხილვა ერთ დღეს, თუმცა თუ მათ სურდათ ცალ-ცალკე განხილვა, შეეძლოთ ანგარიშის საკითხი განეხილათ ამავე დღეს.

2012 წლის 10 ივლისს (16:04:20 CMT +04:00) ზ. მ-მა ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმართა სამეთვალყურეო საბჭოს წევრს (გენერალურ დირექტორს) – თ. მ-ს. ზ. მ-მა სურვილი გამოთქვა, რომ მიეღო მეტი ინფორმაცია, რათა უკეთ გარკვეულიყო სამეთვალყურეო საბჭო რა ცვლილებების განხორციელებას გეგმავდა და რატომ. ზ. მ-მა მოითხოვა, რომ თ. მ-ს გადაეგზავნა მისთვის „მენეჯმენტის რეკომენდაცია – ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ“, რომელიც შეიცავდა მიმოხილვას შეთავაზებული ცვლილებების შესახებ, რის შემდგომაც ზ. მ-ის მოსაზრებით, უფრო ეფექტური იქნებოდა შეხვედრის დანიშვნა.

2012 წლის 12 ივლისს (6:16 PM), ზ. მ-მა ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმართა სამეთვალყურეო საბჭოს წევრს (გენერალურ დირექტორს) – თ. მ-ს და მოსთხოვა განმარტება ბიუჯეტის ორ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საჩამოსხმო უბნის შენობის აღდგენის და პერლიტის ვალდებულებების თაობაზე. აღნიშნული წერილის პასუხად, მასში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით, ზ. მ-ს წერილობით განემარტა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის (გენერალურ დირექტორის) – თ. მ-ის 2012 წლის 13 ივლისის (6:33 PM) ელექტრონული წერილით. ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოითქვა მ. მ-ის (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) მიერაც 2012 წლის 16 ივლისს, რაც ელექტრონული საშუალებით გაეგზავნა თ. მ-სა და ზ. მ-ს.

2012 წლის 16 ივლისს (11:15:17 CMT +04:00), ზ. მ-ის ელექტრონული წერილით დგინდებოდა, რომ მან მიიღო სამეთვალყურეო საბჭოს წევრის (გენერალურ დირექტორის) – თ. მ-ის წერილობითი განმარტებები ბიუჯეტის სადავო საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ზ. მ-მა უკმაყოფილება გამოთქვა მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მ. მ-ს და ზ. მ-ს შორის 2012 წლის 16 ივლისის ელექტრონული მიმოწერით დგინდებოდა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს შორის განხილვის საკითხს წარმოადგენდა პერლიტის აქტივების შეძენით გამოწვეული ვალდებულებების ბიუჯეტში ასახვის საკითხი. კერძოდ, საბჭოს წევრი პრეტენზიას გამოთქვამდა, რომ მასთან საწარმოს გენერალურ დირექტორს არ შეუთანხმებია ეს საკითხი. ელექტრონული წერილით დგინდებოდა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ წინადადებით მიმართა საბჭოს წევრს ოთხშაბათს, პირველ საათზე დამთავრებულიყო ბიუჯეტის განხილვა, ვინაიდან დროში იყვნენ შეზღუდულები. რაც შეეხებოდა პერლიტს, მ. მ-მა განმარტა, რომ მას ამ საკითხზე ჰქონდა საკუთარი მოსაზრება, რომელსაც განაცხადებდა ოთხშაბათს, მენეჯმენტთან ერთად. აღნიშნულის პასუხად ზ. მ-მა მ. მ-ს განუმარტა, რომ მან მიმართა გენერალურ დირექტორს შეკითხვებით და ბიუჯეტზე საგნობრივი საუბარს შეძლებდა პასუხის მიღების შემდგომ. რაც შეეხებოდა პერლიტს, ზ. მ-მა მიუთითა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მოსაზრებასთან დაკავშირებით გენერალური დირექტორს უნდა მიემართა რეკომენდაციით თანხმობის მოსაპოვებლად და ამისთვის არ იყო საჭირო შეხვედრა.

2012 წლის 17 ივლისს (16:03:00 CMT +04:00), სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მ. მ-მა ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმართა სამეთვალყურეო საბჭოს წევრ ზ. მ-ს და მიუთითა, რომ პერლიტთან დაკავშირებით მას უკვე მიღებული ჰქონდა განმარტებები გენერალური დირექტორისგან. მ. მ-მა ზ. მ-ს განუმარტა, რომ ბიუჯეტს სამეთვალყურეო საბჭო იხილავდა მეორე დღეს, პირველ საათზე.

ამდენად, ზემოაღნიშნული ელექტრონული მიმოწერით დგინდებოდა, რომ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვის თარიღად თავდაპირველად შეთავაზებულ იქნა 3 ივლისი, აღნიშნული თარიღი საბჭოს წევრებს შორის შეიცვალა და შეთანხმდა 9 ივლისს 12 საათზე. თუმცა იმის გამო, რომ 9 ივლისამდე ზ. მ-ს მიღებული არ ჰქონდა ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი, საკითხის გადაწყვეტა გადაიდო, მისი განხილვა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შორის მოსაზრებების აქტიური გაცვლა გაგრძელდა ელექტრონული მიმოწერის საშუალებით. 2012 წლის 9 ივლისიდან, ზ. მ-ს გადაეგზავნა ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი აქტიურად აწარმოებდნენ აღნიშნული ცვლილებების პროექტის განხილვას. განხილვის პროცესში წამოიჭრა რამოდენიმე სადავო საკითხი, რომელთა ირგვლივაც ხდებოდა საბჭოს წევრს, საბჭოს თავმჯდომარეს და გენერალურ დირექტორს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა. საბოლოოდ, საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოს წევრს აცნობა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის გამართვის თარიღი – 2012 წლის 18 ივლისი, რა დროსაც უნდა მომხდარიყო სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ჩამოყალიბება. როგორც საქმის მასალებით დგინდებოდა, სხდომის გამართვის დღესაც, 2012 წლის 18 ივლისს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ელექტრონულ მიმოწერას აწარმოებდა კომპანიის გენერალურ დირექტორთან ბიუჯეტით გათვალისწინებულ ღობის მშენებლობის დასრულების საკითხზე და განმარტავდა, რომ ამ ეტაპზე უკვე იზიარებდა გენერალური დირექტორის პოზიციას, რომ არ ღირდა ღობის მშენებლობის დაუსრულებლობა.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ 2012 წლის 18 ივლისს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დასრულდა საკითხის განხილვა, რომელიც აქტიურად იხილებოდა თავად მოსარჩელის მონაწილეობით და მას საკმარისი დრო გააჩნდა სადავო საკითხზე მისი მოსაზრებების და წინადადებების წარსადგენად. აღნიშნულიდან გამომიმდინარე, მოსარჩელე ზ. მ-ი ინფორმირებული იყო შპს „რ-ის” 2012 წლის 18 ივლისის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის თაობაზე. ამასთან, ის ფაქტი, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი უკმაყოფილებას გამოთქვამდა განსახილველად შეთავაზებული საკითხების დამტკიცებასთან დაკავშირებით, სამართლებრივად უმნიშვნელოვანესი იყო შპს „რ-ის” 2012 წლის 18 ივლისის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის თაობაზე ზ. მ-ის ინფორმირებულობის საკითხის დადგენისას.

სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 91, 9.7 მუხლებით. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შპს „რ-ის“ წესდების შესაბამისად, საწარმოს ხელმძღვანელი ორგანოებია პარტნიორთა კრება, სამეთვალყურეო საბჭო და აღმასრულებელი კომიტეტი. შპს „რ-ის“ წესდება არეგულირებს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მოწვევის და მასზე გადაწყვეტილებების მიღების წესს. კერძოდ, შპს „რ-ის“ წესდების 6.1 მუხლის შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 3 წევრით. წესდების 6.7 მუხლით, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც. მოწვევა უნდა გაკეთდეს წერილობით, სულ ცოტა ხუთი დღით ადრე და სავარაუდო დღის წესრიგით. წესდების 6.8 და 6.9 მუხლების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება სხდომაზე გამოცხადებული ან წარმოდგენილი წევრების ხმების უმრავლესობით.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების მოწვევის პროცედურის მოწესრიგება ნაკარნახევია იმ აუცილებლობით, რომ მოხდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ თავიანთი უფლების სხდომაზე რეალიზების უზრუნველყოფა და ისეთნაირად იქნეს განხორციელებული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების მოწვევის ორგანიზაცია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არ წაერთვას სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს წინასწარ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოემზადოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე.

განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები თავდაპირველად შეთანხმდნენ 2012 წლის 9 ივლისს 12 საათზე განხილულიყო ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხი, თუმცა ამ დღეს გადაწყვეტილების მიღება არ მოხდა და მას შემდეგ, რაც 9 ივლისიდან, ზ. მ-ს გადაეგზავნა ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი (საბჭოს წევრი) აქტიურად აწარმოებდნენ აღნიშნული ცვლილებების პროექტის განხილვას. განხილვის პროცესში წამოიჭრა რამდენიმე სადავო საკითხი, რომელთა ირგვლივაც ხდებოდა საბჭოს წევრებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლა, დამატებითი მასალებისა და ინფორმაციების მიწოდება. საბოლოდ, საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოს წევრს აცნობა სამეთვალყურეო საჭოს სხდომის გამართვის თარიღი -– 2012 წლის 18 ივლისი, რა დროსაც უნდა მომხდარიყო სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ჩამოყალიბება.

ზემოაღნიშნულიდან გამომიმდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში იმგვარად იქნა განხორციელებული შპს „რ-ის“ 2012 წლის 18 ივლისის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ჩატარების ორგანიზება, რომ აპელანტს, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, არ შეზღუდვია სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მოსარჩელე ზ. მ-ი ინფორმირებული იყო განსახილველი საკითხის თაობაზე და მონაწილეობდა კიდეც მის განხილვაში, რაც გამოიხატებოდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიმართ გაგზავნილი ელექტრონული მიმოწერის საშუალებით მისი მოსაზრებების წარდგენაში. საბოლოოდ საკითხი დადებითად გადაწყდა სამეთვალყურეო საბჭოს 2 წევრის (წესდების 6.8 და 6.9 მუხლით გათვალისწინებული უმრავლესობის) მხარდაჭერით. ამდენად, არ არსებობდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიწვევის პროცედურის დარღვევის საფუძვლით შპს „რ-ის“ 2012 წლის 18 ივლისის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივარი არგუმენტირებულია შემდეგნაირად:

„მეწარმეთა შესახებ“ კანონით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მართვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამავე კანონის მე-9(1) მუხლის მიხედვით, თუ წესდება არ ითვალისწინებს განსხვავებულ პირობებს. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თავმჯდომარე (მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე) იწვევს სხდომებს, განსაზღვრავს დღის წესრიგს. ოქმს ადგენს თავმჯდომარე ან სხდომის მდივანი. შპს „რ-ის“ წესდების მე-6 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარესა და მოადგილეს. თავმჯდომარე (მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე) იწვევს სხდომებს, განსაზღვრავს დღის წესრიგს. ოქმს ადგენს თავმჯდომარე ან სხდომის მდივანი. წესდების მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა 1/3-ის წერილობითი მოთხოვნით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოიწვიოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მოწვევა ხდება ასევე პარნიორის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ შეთავაზებული დღის წესრიგის გათვალისწინებით;

მოცემულ შემთხვევაში, მ. მ-ი არის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 52% წილის მფლობელი. ზ. მ-ი წარმოადგენდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს (2012 წლის 10 აგვისტომდე) და საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 39% წილის მფლობელს. რაც შეეხება თ. მ-ს, ზემომითითებულ პერიოდში იგი იყო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და საზოგადოების გენერალური დირექტორი;

ამდენად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-4 ნაწილის, ასევე, მოპასუხე საზოგადოების წესდების მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების დანაწესიდან გამომდინარე, თ. მ-ი არ წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, რომელმაც შეიძლება თავისი სურვილითა დანიშნოს ან მოიწვიოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა. ამ მიზნით მას უნდა მიემართა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისათვის, რომელსაც უნდა დაენიშნა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის თარიღი სავარაუდო დღის წესრიგით და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ჩატარებამდე სულ მცირე 5 დღით ადრე წერილობითი ფორმით, სავარაუდო დღის წესრიგით, უნდა ეცნობებინა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის;

წერილებში, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში იმსჯელა, საუბარია საზოგადოების ყოველდღიურ საქმიანობაზე – მუშა შეხვედრაზე და არა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ჩატარებაზე. სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, ელექტრონული წერილის შინაარსი;

ზ. მ-ი წესდებით გათვალისწინებული წესით – 5 დღით ადრე, არ გაუფრთხილებიათ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ. ამასთან, მინდია მინდელი 16 ივლისს წინადადების სახით სთავაზობს ზ. მ-ს ბიუჯეტის საკითხის განხილვას 18 ივლისისათვის, რასაც ეს უკანასკნელი არ ეთანხმება დოკუმენტების სრულად არქონის გამო. 17 ივლისს მას ისევ მ. მ-მა მისწერა, რომ მეორე დღეს აპირებდა ბიუჯეტის დამტკიცებას. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ზ. მ-ი არ ეთანხმება შეთავაზებული საკითხების დამტკიცებას. წარმოდგენილ დოკუმენტებში არსად არ არის დაფიქსირებული, რომ 18 ივლისს დანიშნული იყო სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა და ზ. მ-ი გააფრთხილეს წესდებით გათვალისწინებული წესით. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს პროცედურულ დარღვევას, რაც, თავის მხრივ, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გდაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ზ. მ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 28 ივნისი, საგადახდო დავალება №1) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე